რუსეთი ლიდერობაზე ოცნებობს, მის ბიუჯეტს ნავთობის სუნი უდის

თეა შველიძე

-პოსტსაბჭოური ქვეყნების უმეტესობისთვის გეგმური ეკონომიკიდან საბაზრო პრინციპებზე გადასვლა მეტად მტკივნეული აღმოჩნდა. ამ პროცესებთან ადაპტირება ისეთ მძლავრ “დერჟავასაც” კი გაუჭირდა, როგორიც რუსეთია. დღესდღეობით რესურსების 40% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს (საქართველოში ეს მაჩვენებელი 60% აღწევს). რუსეთმა ძველი პოზიციების აღსადგენად ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივები დასახა.

მესამე ათასწლეულის მიჯნაზე რუსეთმა ზესახელმწიფოს იმიჯი დაკარგა და საქმიანი სამყაროს “პერიფერიაში” გადანაცვლების საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. ექსპერტები რუსეთის ეკონომიკურ ვითარებას ასე ახასიათებენ: ქვეყანაში შეიქმნა საქმიანობისთვის არახელსაყრელი გარემო. სახელმწიფო უუნარო აღმოჩნდა აღებული ვალდებულებების შესრულების წინაშე. თუმცა, წინა წლებისგან განსხვავებით, ბოლო დროს ეკონომიკის გამოცოცხლება შეინიშნება, რაც კერძო სექტორის მომძლავრებამ განაპირობა.

რუსეთის ეკონომიკურ წრეებში მიიჩნევენ, რომ ქვეყნის ეკონომიკას არსებულზე გაცილებით მეტი პოტენციალი გააჩნია. ძირითადად, უზარმაზარ ინტელექტუალურ კაპიტალსა და მდიდარ ბუნებრივ რესურსებს ასახელებენ. მთავარი ამოცანა კი, ამ ეტაპზე განვითარების პროცესის დაჩქარებაა. რუსეთი საშუალოვადიან პერსპექტივაში განვითარებულ ქვეყნებთან ურთიერთობების დარეგულირებას გეგმავს, ხოლო გრძელვადიანი პერსპექტივა მეტად ამბიციურია და საბჭოურ – “დავეწიოთ და გავუსწროთ” – პრინციპს ძალიან ჰგავს. კერძოდ, რუსეთი მსოფლიოს ქვეყნებს შორის ლიდერობაზე ოცნებობს. თუ როგორი სცენარით განვითარდება მოვლენები, ჯერჯერობით გაურკვეველია. მაგრამ რუსეთს კარგად აქვს გაცნობიერებული ის ჭეშმარიტება, რომ პრობლემები მარტო “ზევიდან” ვერ გადაწყდება და ქვეყანას არც “გვერდითი” ძალების იმედად ყოფნა უშველის. არსებული პრობლემები ქვეყანამ ერთიანი ძალებით უნდა მოაგვაროს.

გასული წელი რუსეთისთვის მეტად წარმატებული იყო, ვინაიდან იგი ეკონომიკური ზრდის რეკორდული მაჩვენებლებით ხასიათდებოდა. ამავე დროს ხელისუფლება ეკონომიკურ პოლიტიკაში პასიურად ერეოდა. რუსეთის გარკვეული წრეები ეკონომიკის ტემპების ზრდის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ამას ასახელებენ. ეს, ერთი შეხედვით, ადასტურებს რადიკალური ლიბერალიზმის მითოლოგიას, ეკონომიკაზე სახელმწიფოს ჩარევის ნეგატიური გავლენის შესახებ. როგორც ჩანს, ნაწილი ეკონომიკის გამოცოცხლებაში ხელისუფლების დამსახურებას ნაკლებად ხედავს. მეტიც, გარკვეული ძალები ხელისუფლების ეკონომიკურ “მოღვაწეობას” არაკომპეტენტურად და უსუსურად მიიჩნევენ. ამგვარი შეფასება რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ და ცენტრალურმა ბანკმა წლევანდელი შედეგებით დაიმსახურეს. კერძოდ, მათ შარშანდელი ზრდის ტემპები ვერ შეინარჩუნეს.

წარმოებისა და ინვესტიციების თითქმის სამჯერ შემცირება ხელისუფლებისა და ცენტრობანკის “უაზრო პოლიტიკას” დაბრალდა. სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას გარკვეული საშიშროება შეექმნა, რასაც ხელისუფლების “გამჭრიახი” პოლიტიკაც დაერთო. ამ გარემოებების შედეგად რუსეთის საგადასახადო ბაზა მნიშვნელოვნად, დაახლოებით 200 მილიარდი რუბლით, შემცირდა.

რუსეთის ხელისუფლების არაკომპეტენტურობის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად “პარიზის კლუბის” კრედიტორების ვალების დაფარვას ასახელებენ. რუსეთის ფინანსთა მინისტრის, ალექსანდრე კუდრინის განცხადებით, თებერვალში ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტმა 20 მილიარდი მანეთი შეადგინა. ამ პერიოდში ნავთობზე ფასების მკვეთრი დაცემის გამო, რუსეთში ეკონომიკურ კრიზისს გარდაუვალ მოვლენად მიიჩნევდნენ. საბიუჯეტო დეფიციტი თებერვალში “პარიზის კლუბის” გადაწყვეტილებამ გამოიწვია. რუსეთის ბიუჯეტში ეს ხარჯი გათვალისწინებული არ იყო. თუმცა, რუსეთის ეკონომიკური წრეებისთვის დღესაც გაუგებარია ხელისუფლებამ რა გზით დააფინანსა კლუბისთვის გადასარიცხი 1,2 მილიარდი დოლარი, როდესაც ოპტიმისტური გათვლებით თებერვალში მიღებული შემოსავლები მხოლოდ 6 მილიარდი მანეთის დონეზე განისაზღვრა.

ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის შიდა ბაზარზე კომერციული ბანკების დაკრედიტების გზით 4,8 მილიარდი მანეთის მობილიზება მოხერხდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა რუსეთის ხელისუფლება მხოლოდ ბანკების იმედად არ ყოფილა – მას ფული ჰქონდა. თეთრი სახლის ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ წლევანდელ ბიუჯეტში შარშანდელი 64 მილიარდი მანეთი გადმოვიდა. ხელისუფლება მხოლოდ 35 მილიარდი მანეთის ქონას აღიარებდა, რაც ფინანსთა მინისტრის თქმით, მთლიანად მხარჯველებზე იყო გათვლილი. აქედან, თანხების მოკლება “ბიუჯეტნიკების” დაუფინანსებლობას გამოიწვევდა, რაც, ფაქტობრივად, არ მომხდარა. ხელისუფლებამ “პარიზის კლუბის” ხარჯები “ზედმეტი” ფულით გაისტუმრა, რაც ფინანსთა სამინისტროს ბოლო რეზერვი იყო. დღესდღეობით რუსეთი კრიზისის აცილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუკი ნავთობზე ფასები სტაბილური იქნება.

როგორც დღეს რუსეთში აცხადებენ, ქვეყანას ასე ძვირად “ცუდად განსწავლული რეფორმატორების არაკომპეტენტურობა” დაუჯდა.