ვინ გვარჩენს, ანუ ამბავი იმიგრირებულ საქართველოზე და დარჩენილ ქართველებზე

თსუ პროფესორი ემზარ ჯგერენაია 

საშინელმა სიცხემ და ლარის კურსი დაცემის ტალღამ შეარყია საქართველო ამ   ზაფხულს! ეკონომიკური თეორიის რევალვაციის ბუმია! კლიმატის ცვლილებაზე და ეკონომიკურ პრობლემებზე უამრავი კითხვა დაგროვდა! ვერ გაარკვია მსოფლიომ, კლიმატის დათბობაა თუ გაციება?! იმატებს ეს ტემპერატურა თუ ეცემა?! ვიღაცამ ისიც თქვა, კლიმატის ცვლილების პრობლემა იმიტომ გამოიგონეს, რომ ფული გააკეთონ საერთაშორისო მასშტაბითო. ბოროტი ხმები ასევე ამბობენ, ეს ფინანსური ბუშტი და კრიზისი იმიტომ მოაწყევეს, რომ ომის გარეშე მსოფლიო ხელახლა გადაინაწილონო! მოკლედ, რას არ გაიგებს კაცი ამ გაგანია სიცხეში, რა ფერის ჭორებს არ ჰყვებიან, მაგრამ მთავარი ერთია – პასუხები კითხვაზე. მეცნიერებას ძალუძს ახსნას მოვლენები ობიექტური კანონებით, მაგრამ ისინი მაინც პასუხგაუცემელია! მაგალითად, რა ამყარებს ლარის გაცვლით კურსს დოლართან მიმართებაში და სად არის გარანტია, რომ ხვალ ან ზეგ ივნისის მოვლენები არ განმეორდება და ლარი არ დაეცემა, საიდან მოდის სავალუტო ნაკადები ლარის გასამყარებელად და ა.შ.
 
      საოცარია, მაგრამ ანალიზმა ცხადჰყო, რომ საქართველოს სავალუტო ნაკდების გოლპსტრიმის დინება ემიგრანტებისგან მოდის – იმიგრირებული ქართველები საქართველოში ყოველწლიურად თითქმის მილიარდამდე დოლარს აგზავნიან. საოცარია, მაგრამ ეს ბევრად მეტია, ვიდრე მთლიანად ექსპორტით მიღებული სავალუტო ამონაგები ქვეყანაში, რადგან საექსპორტო დარგების მეტი ნაწილი საინვესტიცო უცხოური კაპიტალით არის შექმნილი და ექსპორტის სავალუტო ამოანგების მნიშვნელოვანი ნაწილი იმ ქვეყანაში მიდის, საიდანაც ეს კომპანიებია. მაგლითად, მადნეულის ამონაგების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთში მიდის და ლარს არ ამყარებს! ალბათ, ეს სპეციალურად ხდება, რისი საფუძველიც მრავალმხრივი მეცნიერული გამოკვლევებია. შედეგად, ცხადი გახდა, რომ საექსპორტო საწარმოებს ხელს არ აძლევთ ეს ამაყი და მყარად ფეხზე მდგარი ლარი. 
      თეორიის თანახმად, ალბათ, კომერციულ ბანკებსაც არ აძლევთ ხელს, რომელთა სესხების უდიდესი ნაწილი დოლარშია გაცემული და ბალანსი ლარში აქვთ, ბალანსს და დინამიკას აუმჯობესებენ და სესხებს ნაკლებს გასცემენ, შესაბამისად, ნაკლები რისკია! აბსურდია? გეგონოთ! ეს არის, ახალი, მოდერნისტული თეორია ეკონომიკაში, რასაც ჰქვია ჯადოსნური ციფრები – ანუ არის და თან, არ არის! ასე მაგალითად, თუ საბიუჯეტო შემოსავლების 60 პროცენტზე მეტი იმპორტის დაბეგვრით ივსება და ინვოიოსების ძირითადი ნაწილი დოლარშია, წარმოიდგინეთ, 20%-ით კურსის დაცემა ბიუჯეტში უცებ შემოსავლის რამხელა ზრდას იწვევს! კი მაგრამ, ფასებსაც ხომ გაზრდის და ინფლაციას გამოიწვევს? – მით უკეთესი, სტატისტიკას ვეტყვით და დასწევს ინფლაციის ციფრულ ჩვენებას! ესე იგი, ინფლაციაც სასარგებლო ყოფილა – გააჩნია, რა შემთხვევაში! 
      სულ აირია ეს ეკონომიკური თეორია! აბა, ვინ ამყარებს ლარს? – ლტოლვილი, იმიგრანტი ქართველები! საქართველოდან ხალხის წასვლა სულ არაა ცუდი მოვლენა – უფრო მეტიც, პატრიოტულია. წარმოიდგინეთ, ახლა, ერთი მილიონი ქართველია ქვეყნიდან წასული და ერთ მილიარდს აგზავნიან და თუ უცხოეთში კიდევ ერთ მილიონს გავგზავნით, მაშინ ისინი საშუალოდ ორ მილიარდს მაინც გამოაგზავნიან და… ხალხიც დასაქმდება თან, კვალიფიკაციას აიმაღლებენ. აქედან გამომდინარე, უნდა შევიმუშაოვთ ახალი ეკონომიკური დოქტრინა – ყველანი უცხოეთში! 
      მაგარია რა! ქვეყანას არც ინვესტიცია სჭირდება და რც საინვესტიციო კლიმატი! ერთადერთი ინვესტიცია იქნება ქართველების გამრავლება! სექსუალური აქტი კი – ყველაზე დიდი საწარმოო პროცესი. ასე ქვეყანაც აყვავდება, აი, რა შეუძლია ახალ, თამამ მოდერნისტულ ეკონომიკურ თეორიას! ერთი დეტალი, ქართველებს ძალინ უყვართ თავიანთი ქვეყანა და მიჯაჭულები არიან სამშობლოს, ამიტომ ისინი უნდა ვაიძულოთ გადაადგილდნენ… და რით ვაიძულოთ?  – ცხოვრების ცუდი პირობებით და უმუშევრობით – გადასახადები შვეიცარიის დონეზე და შემოსავალი განის პირობებით. მაგარია! ამ პირობების მიხედვით, უმუშევრობა მინიმუმ 20%-იანი უნდა იყოს და თვითდასაქმება 60%-იანი! ასეთი ძირითადი თარგეიტები არც თუ ისე ძნელად მისაღწევია. საქართველოში დარჩენილ ადამიანებს ტურიზმში დავასაქმებთ, ქარხნები და საწარმოები საერთოდ არ გვექნება, კლიმატის ცვლილება და ჰაერის დაბინძურებაც არ შეგვაწუხებს! მსოფლიოში, სადაც სამუშაო იქნება, იქ ჩვენც ვიქნებით და ქვეყანას ავაყვავებთ. ამ დოქტრინასთან დაკავშირებით ერთი ძველი ანეკდოტი გამახსენდა: ერთი რუსი ეუბნება მეორეს – თეორიულად წარმოიდგინე, რომ რუსეთში არაყი გაქრა, რა მოხდებაო? დიდი თეორიული განსჯის შემდეგ მეორემ მიუგო – ბუნებაში არაფერი ქრება უკვალოდ, თუ აქ გაქრა, სხვაგან გამოჩნდება და, სადაც გამოჩნდება, რუსეთიც იქ იქნებაო (მიხვდით, რატომ დაიპყრეს ჭაჭით სავსე კავკასია რუსებმა?). ჰოდა, ასე ვიქნებით ჩვენც, სადაც იაფი სამუშაო ადგილი იქნება, იქ გავჩნდებით ქართველებიც, მაგრამ ის, საქართველო იქნება თუ არა, ამაზე ნამდვილად ვერაფერს მოგახსენებთ! 
      ამ ბუღში ვიღაც ენაკვიმატს შეიძლება უადგილო კითხვა დაებადოს – მაშინ რად გვინდა ეს აყვავებული საქართველო, თუ იქ 2 მილიონი ქართველი არ იცხოვრებს? რად გვინდა და, მსოფლიოს თვალს გაახარებს! რა უფრო მნიშვენელოვანია, ჩვენ თუ საქართველო მყარი ლარით? ჰოო… ამაზე ღირს დაფიქრება. ეს ეკონომიკური თეორია შეიძლება ერთი შეხედვით რთული და სასტიკი იყოს, მაგრამ მიზანი კეთილშობილური და გლობალურია. ჩვენი სამშობლო იქნება აყვავებული ოაზისი და ჩვენ ტურისტებად ჩამოვალთ თბილი ქვეყნებიდან ჩაქვში წვიმით გასაგრილებლად, ხედებითა და მყარი ლარით დასატკბობად. ასე რომ, ლარს არაფერი ემუქრება. ჩვენ? ჩვენ არ ვიცი! იქნებ, თქვენ იცით ან სხვა ეკონომიკურმა დოქტრინამ? 

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial