წინასაარჩევნოდ ოფიციალური ბაქო თავაზიანობით შემოიფარგლება

რედაქციისაგან

აგვისტოს ცნობილი მოვლენების შემდეგ მსოფლიოში კიდევ უფრო გააქტიურდა ენერგომატარებლებით მდიდარი ყველა ქვეყანა, მათ შორის, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანიც.

მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს საერთაშორისო დამკვირვებლების მონიტორინგის თანხლებით აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება, ეს რიგით მეექვსე საპრეზიდენტო არჩევნებია.
2003 წლიდან აზერბაიჯანის ეკონომიკა შესამჩნევ ზრდას იწყებს, რაც ყველაზე მეტად 1994 წელს “საუკუნის კონტრაქტის” გაფორმების შედეგად აზერბაიჯანის ნავთობის მსოფლიო ბაზარზე გატანა განაპირობა. პოლიტიკური მდგომარეობის სტაბილიზაციასა და ეროვნული ეკონომიკის დივერსიფიკაციას ქვეყნის ეკონომიკისთვის წარმატებები მოაქვს, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ერთ სულ მოსახლეზე მშპ 880 დოლარიდან 5 000 დოლარს აჭარბებს. ამ პერიოდში აზერბაიჯანმა მონაწილეობა მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ პროექტში – ბაქო-თბილისი-თეირანისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის ნათობსადენების პროექტებში. ოთხი ნავთობსადენი და 3 გაზის მილსადენი ჰიდროკარბონატს მსოფლიოს ბაზრებს აწვდის, ამიტომ აზერბაიჯანი მსოფლიო ენერგეტიკის უსაფრთხოების ჯაჭვში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ კი აზერბაიჯანის მნიშვნელობა მსოფლიო მასშტაბით იზრდება. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აქტუალური ხდება “ნაბუქო”-ს პროექტი, რომლის მეშვეობითაც აზერბაიჯანის ბუნებრივი აირი საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპას მიეწოდება. ბაქო-თბილისი-თეირანის ნავთობსადენი დღიურად 850 000 ბარელ აზერბაიჯანის მაღალხარისხიან ნავთობს კასპიიდან ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ქაჩავს, ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენი კი აზერბაიჯანიდან თურქეთში საქართველოს გავლით გადის. ერთი შეხედვითაც ნათელია, თუ რა მოსაზრება უნდა ჰქონდეს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, ამიტომ აზერბაიჯანულ პრესაში რუსული წყაროების მიერ ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების საწინააღმდეგო შინაარსის ინფორმაციას ამოიკითხავთ.
16 სექტემბერს პოდმოსკოვიეს რეზიდენციაში რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები შეხვდნენ. დიმიტრი მედვედევმა შეხვედრა ქართული აგრესიის შედეგად კავკასიაში წარმოქმნილ პრობლემებზე საუბრით დაიწყო, შემდეგ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთბრუნვაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მალე ტვირთბრუნვა 2 მლრდ დოლარს მიაღწევს. “რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები ძალზე დინამიურად ვითარდება, ჩვენ ამ პარტნიორობით კმაყოფილები ვართ” – განაცხადა მედვედევმა. ილჰამ ალიევმა დაადასტურა, რომ ტვირთბრუნვა სწრაფი ტემპებით იზრდება და სტრუქტურის გაუმჯობესება სასიამოვნო მოვლენაა. შეხვედრის დასასრულს დიმიტრი მედვედევმა აღნიშნა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობებს დიდი მნიშვნელობა აქვს კავკასიაში სტაბილურობის დასამყარებლად, ილჰამ ალიევმა კი პასუხად განაცხადა, რომ რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები სხვა ქვეყნებისთვის სამაგალითოა, ხოლო ამჟამად რეგიონში დაძაბულობის განსამუხტად აზერბაიჯანი მზად არის ძალები არ დაზოგოს.
ერთი სიტყვით, შეიძლება ითქვას, რომ მხარეებმა ერთმანეთს თავაზიანი ფრაზები გაუცვალეს და არაფერი მასზე მეტი.
ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ორი პრეზიდენტი შეხვედრის დროს გვერდს ვერ აუვლიდა როგორც სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე, ისე ენერგო მარშრუტების დივერსიფიკაციის საკითხებზე საუბარს, ყარაბახის კონფლიქტის დარეგულირების, საქართველოსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებულ საკითხებს.
სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების საკითხი პრობლემებს არ ქმნის, მაგრამ სხვა საკითხებში რუსეთის პოზიცია აზერბაიჯანის პოლიტიკისგან მკვეთრად განსხვავებულია. რუსეთი ენერგომატარებლების მარშრუტებს, რომლებიც მათ დივერსიფიკაციას გულისხმობს, მკვეთრად უარყოფს, ასევე ეწინააღმდეგება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გაფართოებას და რაც ყველაზე მთავარია, დიამეტრალურად განსხვავებულია რუსეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფალთა შეხედულება ტერიტორიული მთლიანობის საკითხში – რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის აღიარება შეუქცევადი პროცესი გახდა, რაც აზერბაიჯანს ყარაბახის კონფლიქტს ახსენებს. რუსეთმა ყველა ამ საკითხზე ვერ შეძლო აზერბაიჯანის მხრიდან საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვება.
რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ აზერბაიჯანს ბევრის წინასწარ განჭვრეტის საშუალებას აძლევს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა დაბრკოლებებს უქმნის აზერბაიჯანის ენერგომატარებლების მარშრუტებს ევროპაში. აზერბაიჯანულ პრესაში წერენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე აზერბაიჯანმა ტაიმ-აუტი აიღო. გარე ფაქტორების გარდა, აზერბაიჯანი ყურადღებას აქცევს რუსეთის შიდა პრობლემებს – რუსეთის საფონდო ბირჟების კრახს, გაიაფებულ ნავთობს. მედვედევი კი აცხადებს, რომ რუსეთის ეკონომიკურ იზოლაციას დადებითი შედეგების მოტანაც შეუძლია, მაგალითად, შიდა მრეწველობის განვითარება.
ამ ფაქტების გათვალისწინებით აზერბაიჯანელი ჟურნალისტები იმედს იტოვებენ, რომ ოფიციალური ბაქო გაითვალისწინებს ყველა მნიშვნელოვან პრობლემას და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
აზერბაიჯანის ეკონომიკის მოკლე მიმოხილვა
2007 წელს ნავთობის სექტორზე აზერბაიჯანის მშპ-ის 52.8% მოდიოდა. 2008 წლის ბიუჯეტში, 2007 წელთან შედარებით, 80%-ით გაიზარდა მთავრობის ხარჯვითი ნაწილი სამხედრო, სოციალურ დახმარეაბზე, ხელფასებზე და კაპიტალურ დანახარჯებზე. დანახარჯების ნაწილი ნავთობის ფონდიდან ფინანსდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდი აზერბაიჯანს ინფლაციის შესახებ აფრთხილებს და აცხადებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს უკეთესი მართვა სჭირდება. სახელმწიფო ნავთობის ფონდი (SOFAZ) ჩამოყალიბდა, როგორც დამატებითი საბიუჯეტო ფონდი მაკროეკონომიკური სტაბილურობის გასამყარებლად და ნავთობის შემოსავლების გამჭვირვალეობის ხარისხის ასამაღლებლად.
ევროპული საბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალან ადამსი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის საინვესტიციო კლიმატი ინდივიდუალური ინვესტიციებისათვის საკმაოდ რთულია, რადგან არსებობს მრავალი ბიუროკრატიული დაბრკოლება, მაგრამ აზერბაიჯანის ეკონომიკური განვითარების მინისტრი ამ მიმართულებით მუშაობს. თუ გაგრძელდება საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების ტენდენცია, ევროპელები აზერბაიჯანის ეკონომიკაში მეტ ინვესტიციებს განახორციელებენ, გამოიყენებენ ადამიანურ, ბუნებრივ და სხვა რესურსებს ორმხრივი მოგების მისაღწევად. ევროპის კავშირის ბაზარი აზერბაიჯანისთვის ღიაა, მთავარია ქვეყანამ შექმნას მიმზიდველი პირობები უცხოური ინვესტიციებისათვის – აცხადებს ადამსი.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial