ევრო 10 წლისაა

რედაქციისაგან

10 წლის წინ ევროს მიმოქცევაში ჩართვას ბევრი სკეპტიკოსი გამოუჩნდა, მაგრამ 10 წლის შემდეგ კი მისმა შემქმნელებმა შეიძლება თამამად იამაყონ, თუმცა დასაწყისი წარმატებული არ ყოფილა, რადგან თავდაპირველად ევროს გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში რეკორდულად დაბალი იყო. 2009 წლის 1 იანვარს ევრო ზუსტად 10 წლის გახდება.

ევრო ასპარეზზე აზიისა და რუსეთის ფინანსური ბაზრების კრიზისისა და ინვესტორების მერყევი ნდობის პირობებში გამოჩნდა, რაც თავიდანვე ეჭვქვეშ აყენებდა 1998-1999 წლებში ვალუტის გაცვლითი კურსის ზრდას, თუმცა მომდევნო წლებში ევროს გაცვლითი კურსის ზრდა ვალუტას წარმატებულ მომავალს უქადდა. მაგრამ ამერიკის რეცესიამ მსოფლიოს ბედის ბორბალი საწინააღმდეგო მიმართულებით დაატრიალა, ახლა ევროპის ეკონომიკაც, ამერიკის მსგავსად, მუხლებზე დაცემას აპირებს.
ევროზონის ცაზე ღრუბლები მუქდება, ახლა მხოლოდ ერთი საკითხია გასარკვევი – როგორი იქნება ეს შტორმი. ექსპერტები აცხადებენ, რომ მოკლევადიან პერიოდში ევროპის ეკონომიკა შესუსტდება და შესაძლოა მეორე და მესამე მეოთხედი ტექნიკური რეცესიით დაასრულოს. პროგნოზების მიხედვით, მიმდინარე წლის ეკონომიკის ზრდა 1.3% იქნება, მომდევნო წლისა კი – 1.1%. ცხადია, რომ ევროპული ეკონომიკა საუკეთესო ფორმაში არ არის, ევროპის ზოგიერთი ქვეყანა კი ისტორიულად დაბალ ეკონომიკურ მაჩვენებლებს აქვეყნებს, თუ ყველაფერს დაუმატებთ ფინანსურ არეულობას, საკრედიტო ბაზრის გართულებულ კრიზისს და საპროცენტო განაკვეთების კლების ტენდენციის შეჩერებას, სურათი მიმზიდველი ნამდვილად არ იქნება. ბოლო პერიოდი ევროზონის ეკონომიკისთვის რთული აღმოჩნდა. ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი ზეწოლას სამომხმარებლო დანახარჯებზე ახდენს, კრიზისული პერიოდი აქვს უძრავი ქონების ბაზარს, იზრდება უმუშევრობის მაჩვენებელი, ერთი ნათელი წერტილი კი ხელფასების ზრდა და ენერგომატარებლებზე ფასის ზრდის ტენდენციის შეჩერებაა.
მაღალი საპროცენტო განაკვეთები, ფასების კლება უძრავ ქონებაზე, გამკაცრებული საკრედიტო პირობები, საინვესტიციო გარემოზე უარყოფითად აისახება. გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელება, აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში ექსპორტის მოცულობის მაღალ მაჩვენებლებს ემუქრება.
მიმოქცევაში ჩართვის პირველ პერიოდში ევროს გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 0.82 იყო, შემდეგ კი ცენტრალური ბანკის დახმარებით, რომელიც ღია ბაზარზე ვალუტას ყიდულობდა, ევრომ გამყარება დაიწყო და გარკვეულ ხანებში დოლარიც “დააკნინა”, თუმცა ფინანსური კრიზისის მიუხედავად, დოლარი კვლავ მსოფლიო ვალუტად რჩება.
განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, ევრო მშვენიერ გედად გადაიქცა, ეკონომიკის ბუმმა ევროზონის წევრი ქვეყნების თავდაპირველი შიშები გაფანტა და ევრო საკმაოდ ხანგრძლივად მიიჩნეოდა დოლარის ალტერნატივად, მაგრამ ის დროც წარსულს ჩაბარდა.
ფინანსური და ეკონომიკური კრიზისების ვირუსი, რომელიც ერთი წელია გრძელდება, ევროზონაშიც გავრცელდა და დაუნდობლად გამოამჟღავნა ევროზონის ჩრდილოეთისა და სამხრეთის ეკონომიკური განსხვავებები. სწორედ ეს ეკონომიკური სხვაობები აძლევს სკეპტიკოსებს ეჭვის საფუძველს და ამიტომ ეწინააღმდეგებოდნენ ისინი ევროს ერთიან ვალუტად გამოცხადების იდეას. მას შემდეგ, რაც ევროზონის ინფლაციის მაჩვენებელმა “შემცირებაზე უარი განაცხადა”, ორ ნაწილს შორის ეკონომიკური განსხვავებები უფრო გამოიკვეთა, იგივე ტენდენციის გაგრძელება კი ევროს მიმართ ინვესტორების ნდობის გაქარწყლებას გამოიწვევს.
სამწუხაროდ, მშვენიერ გედს ბუმბულები სცვივა, მისი გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში საპროცენტო განაკვეთების შემცირების პირობებშიც კი კლების ტენდენციას განაგრძობს, ფაქტია, რომ ფინანსურმა ბაზრებმა სისხლის სუნი იგრძნეს.
10 წელმა აჩვენა, რომ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა პორტუგალია, ირლანდია, იტალია, საბერძნეთი და ესპანეთი, ევრომ ინვესტორთა ნდობა ვერ მოიპოვა.
შეიძლება დავასკვნათ, რომ ერთიანი ვალუტის შემოღებამდე არსებული პრობლემები ევროზონაში კვლავ გადაუწყვეტელი დარჩა, რაც ევროს მთლიანი პროექტისათვის შეიძლება ავისმომასწავებელ ნიშნად იქცეს. თუ ინვესტორები ევროს მიმართ ნდობას თუნდაც დროებით დაკარგავენ, ეს ერთიან ვალუტას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.
ჯერ-ჯერობით ევროს შემქმნელებს ისღა დარჩენიათ, რომ იმ დროით იამაყონ, როდესაც ევრომ დოლარი “ბეჭებზე დადო”.