საქართველოს საბანკო სექტორი დღეს

მოამზადებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალების მიხედვით

2008 წლის აგვისტოში სადეპოზიტო ვალდებულებები 389 მლნ ლარით (12.8 პროცენტი) შემცირდა და 2641.4 მლნ ლარი შეადგინა. დეპოზიტების შემცირება თანაბრად გამოიწვია როგორც ეროვნული, ისე უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების კლებამ. შესაბამისად, ეროვნული ვალუტით დეპოზიტები 192.4 მლნ ლარით (-15.8 პროცენტი) შემცირდა და 1024 მლნ ლარი შეადგინა, უცხოური ვალუტით განთავსებულმა დეპოზიტებმა კი 141.2 მლნ დოლარით (-11 პროცენტი) მოიკლო და 1147 მლნ დოლარს გაუტოლდა. ამასთან, უცხოური ვალუტით დეპოზიტების კლება მეტწილად ფიზიკური პირების ვადიან დეპოზიტებზე მოდის, რომელიც 182 მლნ ლარით შემცირდა და 1002 მლნ ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტით დენომინირებული დეპოზიტების კლება კი იურდიული პირების ვადიან დეპოზიტებზე მოდის, რომელიც 114.4 მლნ ლარით შემცირდა და 769.8 მლნ ლარი გახდა. აგვისტოში დეპოზიტების ზრდის წლიურმა ტემპმა 1.0 პროცენტი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში, სავალუტო და სალარე დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე, დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და თვის ბოლოსთვის 61.2 პროცენტს გაუტოლდა. ივლისში დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა. ეროვნული ვალუტით მიღებულ დეპოზიტებზე ბანკების მიერ გადახდილი სარგებლის წლიურმა საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 12.5 პროცენტი შეადგინა და, ივნისთან შედარებით, 1.0 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. უცხოური ვალუტით მოზიდულ დეპოზიტებზე წლიური განაკვეთი კი 8.0 პროცენტის დონეზეა – წინა თვესთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით მოიკლო. 2007 წლის დეკემბერში არსებულ მდგომარეობასთან შედარებით, ეროვნული ვალუტით იურიდიული პირების დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთები 1.0 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო იურდიული პირების მიერ უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა. 2008 წლის აგვისტოში კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 175.3 მლნ ლარით შემცირდა და 5566 მლნ ლარი შეადგინა. მათ შორის, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 103.6 მლნ ლარით, ხოლო უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხები 71.6 მლნ ლარით შემცირდა. შესაბამისად, ეროვნული ვალუტით დაკრედიტების მოცულობამ 5.2 პროცენტით მოიკლო და 1879.9 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხები 1.9 პროცენტით შემცირდა და 3686.1 მლნ ლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების 49.1 პროცენტი იურიდიულ პირებზე მოდის. ამასთან, 39.2 პროცენტი (735.9 მლნ ლარი) მოკლევადიანი სესხებია. ეროვნული ვალუტით სესხების კლება ძირითადად იურიდიული პირების მოკლევადიანი სესხების კლებამ გამოიწვია. უცხოური ვალუტით გაცემული კრედიტები აგვისტოში 54.6 მლნ აშშ დოლარით (2.1 პროცენტი) შემცირდა და საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის 2614.3 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. ამ კატეგორიის სესხების 63.0 პროცენტი იურიდიული პირებისათვის გაცემული რესურსებია, ხოლო 77.4 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებაზე მოდის. დარგების მიხედვით კლება თითქმის მთლიანად ვაჭრობისა და მომსახურების და დანარჩენ სფეროთა ანგარიშებზე მოდის. საბანკო სისტემაში სადეპოზიტო ვალდებულებებისა და დაკრედიტების კლება ქვეყანაში შექმნილმა საომარმა სიტუაციამ გამოიწვია.
2008 წლის აგვისტოში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 13.4 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო დარიცხული პროცენტები 12.6 მლნ ლარით გაიზარდა. საბანკო სისტემაში საპროცენტო განაკვეთები სესხებზე 2008 წლის ივლისში ზრდის მიმართულებით შეიცვალა და 22.2 პროცენტი შეადგინა. კერძოდ, ეროვნული ვალუტით სესხების საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთები 22.6 პროცენტია. ამავე პერიოდის განმავლობაში 1.1 პროცენტული პუნქტით, 21.8 პროცენტამდე გაიზარდა უცხოური ვალუტით დაკრედიტების განაკვეთები. იურიდიული პირებისთვის უცხოური ვალუტით სესხები წლიური 18.0 პროცენტის ფარგლებში გაიცემოდა. 2007 წლის დეკემბერთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთები უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე 3.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო ფიზიკური პირების ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთები 1.7 პროცენტული პუნქტით და 27.4 პროცენტი შეადგინა. დეპოზიტებისა და სესხების მოცულობის ცვლილებების ფონზე, საანგარიშო პერიოდში კომერციული ბანკების შემოსავლიანობა აქტივებზე (ROA) 0.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაპიტალზე (ღOE) 3.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
2008 წლის აგვისტოს მონაცემებით, შემოსავლების შეფარდებამ აქტივებთან 1.2 პროცენტი, ხოლო შემოსავლების შეფარდებამ კაპიტალთან 5.8 პროცენტი შეადგინა. 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე საერთო ჯამში 1.6 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა და 188.888 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე 2008 წლის დასაწყისიდან აგვისტოს ბოლომდე ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 1.5916-დან თანდათანობით 1.41-მდე შეიცვალა, ანუ გამყარდა 11.4 პროცენტით. პირველი რვა თვის განმავლობაში ლარის გამყარება დაფიქსირდა აგრეთვე ნომინალური (11.4 პროცენტი) ეფექტური გაცვლითი კურსისა და რეალური (10.1 პროცენტი) ეფექტური გაცვლითი კურსის მიხედვით. აგვისტოში აშშ დოლარის მიმართ ლარის გაცვლითი კურსი 0.1 პროცენტით გაუფასურდა.
აგვისტოს დასაწყისში ლარის გაცვლითი კურსი გაუფასურების ტენდენციით ხასიათდებოდა და ბირჟაზე ვაჭრობა ძირითადად საქართველოს ეროვნული ბანკის მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობდა. თუმცა შემდგომ პერიოდში საქართველოში განვითარებული საომარი მოქმედებების შედეგად, ლარის მკვეთრი გაუფასურების და მოსახლეობაში პანიკის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო ბირჟაზე ინტერვენციები აშშ დოლართან ლარის გაცვლითი კურსის უცვლელად დატოვებას ემსახურებოდა. ამ პერიოდში ქვეყანაში შეინიშნებოდა უცხოურ ვალუტაზე მზარდი მოთხოვნა, რისი დაბალანსებაც ეროვნულ ბანკს მიწოდების გაზრდის გზით უხდებოდა. ამის შედეგად აგვისტოში გამართული 20 ვაჭრობიდან ხუთ ვაჭრობაში საქართველოს ეროვნულ ბანკს მონაწილეობა არ მიუღია, ერთ ვაჭრობაში გამოვიდა, როგორც მყიდველი, ხოლო 14 ვაჭრობაში მონაწილეობდა, როგორც უცხოური ვალუტის გამყიდველი. ამ ვაჭრობებში ეროვნულმა ბანკმა 1.6 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა და 189 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. 2008 წლის აგვისტოში, 2007 წლის აგვისტოსთან შედარებით, რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 9.8 პროცენტით გამყარდა. ბოლო ერთი წლის მანძილზე (აგვისტოდან აგვისტომდე) ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 10.2 პროცენტით გამყარდა. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის რეალურ ეფექტურ გაცვლით კურსზე უფრო მეტად გამყარება იმის მანიშნებელია, რომ საქართველოს ძირითად 17 სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში საკმაოდ მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა. კერძოდ, აგვისტოში წლიური ინფლაცია საქართველოში დაფიქსირებულ 12.8 პროცენტზე მაღალი იყო, რუსეთში – 15, აზერბაიჯანში – 23.8, უკრაინაში – 25.9. ასევე, მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა თურქეთში – 11.7, სომხეთში – 12.8 პროცენტი. ინფლაცია დაახლოებით 3-4 პროცენტის ფარგლებში მერყეობს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და 5.4 პროცენტს შეადგენს აშშ-ში.
2008 წლის აგვისტოში, 2006 წლის დეკემბერთან შედარებით, რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 10.5 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 10.6 პროცენტით გამყარდა.
2008 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი წარმოდგენილია 21 კომერციული ბანკით, მათ შორის ორი უცხოური ბანკის ფილიალით და ასევე 14 ბანკი საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. წლის დასაწყისთან შედარებით საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი წმინდა აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1690.7 მლნ ლარით, ანუ 23,5 პროცენტით გაიზარდა და 8898,8 მლნ ლარი შეადგინა.
წლის დასაწყისიდან საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები (სააქციო კაპიტალი) 380,7 მლნ ლარით (25,9 პროცენტი) გაიზარდა და 1851,2 მლნ ლარი შეადგინა, რაც კომერციული ბანკების მთლიანი წმინდა აქტივების 20,8 პროცენტს შეადგენს (ნაცვლად 20,4 პროცენტისა წლის დასაწისისთვის). განაღდებული საწესდებო კაპიტალის ზრდამ 137.2 მლნ ლარი, ანუ 30,2 პროცენტი შეადგინა. ბანკების რაოდენობა საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით, წლის დასაწყისთან შედარებით, 12-დან 14 ერთეულამდე გაიზარდა და მათმა წილმა ბანკების საერთო საწესდებო კაპიტალში 63,9 პროცენტი შეადგინა.
მიმდინარე წლის შვიდი თვის განმავლობაში კომერციული ბანკების წმინდა მოგების საერთო თანხამ 89 მლნ ლარი შეადგინა, რაც 20,0 მლნ ლარით, ანუ 28,9 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
ეკონომიკის რეალური სექტორის დაკრედიტების ზრდამ ხელი შეუწყო შემოსავლების ზრდას. წინა წელთან შედარებით, ამ მაჩვენებელმა 62,2 პროცენტით მოიმატა და მთლიანი შემოსავლების 59,6 პროცენტი შეადგინა.
კომერციული ბანკების ხარჯების მთლიანმა მოცულობამ იანვარ-ივლისში 848,7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2,2-ჯერ მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ხარჯების ზრდის უდიდესი ნაწილი როგორც არარეზიდენტი ბანკებისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებულ სესხებზე გადახდილ პროცენტებზე, ასევე რეკლამის, კომუნალურ და საფოსტო ხარჯებზე მოდის.
უმსხვილესი აქტივების მქონე ხუთი ბანკის წილი საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში წლის დასაწყისიდან 80,4-დან 78,6 პროცენტამდე შემცირდა.
საბანკო სექტორის აქტივების რენტაბელობამ ივლისის ბოლოს 1,9 პროცენტი, ხოლო კაპიტალის რენტაბელობამ 8,8 პროცენტი შეადგინა, ნაცვლად 2,3 და 11,9 პროცენტისა. შესაბამისად გასული წლის ანალოგიური პერიოდისთვის.