გლობალურ ფინანსურ კრიზისში თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის თეორიაა დამნაშავე?

მაკა ღანიაშვილი

მსოფლიოში არსებული ფინანსური კრიზისის შეფასების დროს ცნობილი ფინანსისტი ჯორჯ სოროსი მთავრობებს მოუწოდებს მიხვდნენ, რომ ბაზრები საკუთარ თავს ვერ მოაწესრიგებენ და აუცილებელია სახელმწიფო რეგულირების გაზრდა. აშშ-ს ფედერალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი ალან გრინსპენი კი მიიჩნევს, რომ “ბაზრის თვითრეგულირების პრინციპის მოშლა დაუშვებელია. ბაზარი უნდა გადარჩეს ისევ და ისევ თვითრეგულირების წესით და საჭირო არ არის სახელმწიფოსგან დამატებითი რეგულირების ზომების მიღება”. სხვათა შორის დიდი დეპრესია 1929 წელს საბირჟო კრიზისით დაიწყო და იმიტომ გადაიქცა კატასტროფად, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა მოინდომა ჩარევა და სიტუაცის დარეგულირება. ეს მაშინ კატასტროფით დამთავრდა. დღეს?

მსოფლიოში ეკონომიკური ხედვა რადიკალურად იცვლება და როგორც წესი, ეს დიდი და სერიოზული კრიზისების დროს ხდება. მაგალითად, წინა საუკუნის 70-იან წლებამდე მსოფლიოში პოპულარული იყო ეკონომიკის მართვის ჯონ კეინზისეული მიდგომა, რაც ითვალისწინებდა ეკონომიკური პროცესების სახელმწიფოს მხრიდან მართვის დარეგულირებას. 70-იანი წლების შემდგომ, როდესაც რეგულირება არაეფექტიანად მიიჩნიეს, პოპულარული გახდა თავისუფალი ბაზრების თეორია და დაიწყო ევროპაში სახელმწიფო ქონების მასობრივი პრივატიზება. მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელები და ექსპერტები უპირატესობას ყოველთვის თავისუფალ ბაზარს ანიჭებდნენ, მათ რეკომენდაციებში პირდაპირ იყო მითითებული სახელმწიფო ქონების პრივატიზებისა და ბაზრების რეგულირების შემსუბუქების შესახებ. მსგავსი რეკომენდაციები საქართველოსთვისაც არ იყო უცხო. მაგრამ რა ხდება ახლა? იქნებ ახალ მოვლენასთან გვაქვს საქმე და თანამედროვე ბაზარი თავისუფალი, მაგრამ მაინც რეგულირებადია? შეიძლება ნონსენია, მაგრამ ასეა. ახლა მსოფლიო ეკონომიკას და, რა თქმა უნდა, საქართველოს ბაზარსაც თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ “თავისუფალ-რეგულირებული ბაზარი”.
მსოფლიო მასშტაბით დაწყებულმა ფინანსურმა კრიზისმა მთავრობებს მათი უფლება-მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის გაზრდისაკენ უბიძგა. პროცესები ისე ვითარდება, რომ სახელმწიფო ფინანსურ ბაზრებზე კვლავ მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება – ევროპის რამდენიმე უმსხვილესი ფინანსური კომპანიების აქტივები სახელმწიფომ შეიძინა, შეერთებული შტატების 700-მილიარდიანი გეგმაც ამას ითვალისწინებს. გამოდის, რომ სახელმწიფო აქტიურად ერევა ფინანსურ ბაზრებში და კვლავ რეგულირების წესს მიმართავს. ამას უკვე მასობრივი ხასიათი აქვს, რაც მსოფლიო ეკონომიკის სურათს ცვლის. თუ სახელმწიფო უწყებებს ფინანსური ინსტიტუტების ამგვარი გზით გადარჩენა გამოუვათ და საბანკო კრიზისი გადაილახება. ლოგიკურია, რომ მსოფლიო ეკონომიკაში კვლავ რეგულირებადი ეკონომიკის თეორია გახდეს პოპულარული, ხოლო თუ საბანკო კრიზისის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა, ალბათ, უფრო კომპრომისული ვარიანტი გაიმარჯვებს, რადგან არც თავისუფალი ეკონომიკის თეორიას შერჩა პოპულარობა. ამ საკითხების ფუნდამენტალურად გარკვევა მნიშვნელოვანია ისეთი განვითარებადი ქვეყნისათვის როგორიც საქართველოა. საქართველო ბოლო 15 წელი საბაზრო ეკონომიკის აშენებას ცდილობს – ცუდად თუ კარგად და თანაც დასავლეთის მსგავს ინსტიტუციონალურ მოწყობას და დარეგულირების სამსახურის შექმნას ცდილობს. უფრო მეტიც, საქართველოს მთავრობამ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო და საფინანსო ზედამხედველობის საბჭოს თავმჯდომარედ უცხო ქვეყნის მოქალაქე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი წარმომადგენელი რობერტ კრისტიანსენი დანიშნა. ახალი კანონმდებლობის მიხედვით, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო პასუხისმგებელია კომერციული ბანკებისა და ფინანსური სექტორის სხვა მონაწილეებისათვის ლიცენზიების გაცემაზე. ლიცენზიის მიღების შემდეგ ყველა კომპანია ექვემდებარება საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მონიტორინგს. მონიტორინგის პროცესში ფინანსური კომპანიები ვალდებულები არიან დაიცვან სააგენტოს მიერ დაწესებული წესები და მოთხოვნები.
კიდევ ერთი სიახლე, რომელიც საქართველოს საბანკო სისტემაში სულ მალე დაინერგება “ბაზელ II”-ის მართვის სქემაზე გადასვლაა. 2009 წლიდან ევროპის ბანკები რისკების მართვის ახალ სისტემაზე უნდა გადავიდნენ, რომლის მოთხოვნები ე.წ. “ბაზელი II”-ის შეთანხმებაშია ჩამოყალიბებული. “ბაზელი II”, რომელიც წარმოადგენს საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის რეკომენდაციებს, 2004 წლის ივნისში გამოქვეყნდა და მას შემდეგ ბევრმა ქვეყანამ დაიწყო საკუთარი საბანკო ზედამხედველობის რეგულირების ამ ახალ პრინციპებზე გადასვლა. ბაზელის კომიტეტის მიზანია განახორციელოს საბანკო სექტორის ზედამხედველობა მისი მთავარი დანიშნულებაა დაახლოოს ქვეყნების საბანკო კანონმდებლობა, რათა სხავდასხვა სახელმწიფოების ბანკებს ერთმანეთთან თანამშრომლობა არ გაუჭირდეთ. “ბაზელ II” მოიცავს თანამედროვე და გაუმჯობესებულ მიდგომებს როგორც საფინანსო, ასევე რეგულირებისა და ზედამხედველობის თვალსაზრისით. ფინანსური სტაბილურობის ინსტიტუტის მონაცემებით, 2015 წლამდე დაახლოებით 95 ქვეყნის რეგულატორი ამა თუ იმ ფორმით განახორციელებს “ბაზელი II”-ის რეკომენდაციებს. საუბარია კაპიტალის ღირებულების შეფასების, პრაქტიკული საკრედიტო ციკლის მართვის, ბანკების საქმიანობაში რისკ-ოფიცრების როლის შესახებ და სხვა საკითხებზე. ექსპერტების შეფასებით, ამჟამად არსებულ “ბაზელ I”-თან შედარებით “ბაზელ II” უფრო ხელსაყრელი სისტემაა საბანკო სფეროს ზედამხედველობისა და მართვისათვის, მით უმეტეს თანამედროვე გლობალური ფინანსური კირიზისებისა და საფრთხეების პირობებში. ევროვნული ბანკის შეფასებით, საქართველოს საბანკო სისტემის “ბაზელ II”-ზე გადასვლა, რომელიც 2011 წლისათვის განხორციელდება, აუცილებელია საბანკო სისტემის მენეჯმენტის გაუმჯობესებისა და შესაბამისად მისი სტაბილურობისათვის.
გარდა ამისა, საგარეო სექტორის სტატისტიკის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღრიცხვის მიზნით, ეროვნული ბანკი 2009 წლის იანვრიდან გეგმავს ინფორმაციის შეგროვების სისტემა ITRS-ის (საერთაშორისო ტრანზაქციების ანგარიშგების სისტემა) დანერგვას. აღნიშნული სისტემა გულისხმობს საგადამხდელო ბალანსის ოპერაციების ჭრილში მონაცემების შეგროვებას საბანკო სისტემის მეშვეობით. ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულ ბანკში გაიმართა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დავით ამაღლობელი, ეროვნული ბანკის რამდენიმე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონალური მრჩეველი (საქართველო, აზერბაიჯანი, უზბეკეთი) ნატალია ივანიკი და კომერციული ბანკების წარმომადგენლები. შეხვედრაზე განხილული იქნა ITRS-ის სისტემის გამოყენების უპირატესობები და მისი დანერგვის ტექნიკური საკითხები. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების წარმომადგენლების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის ამოცანა იქნება ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვების სისტემის დიზაინის განხილვა და სრულყოფა, რათა გაითვალისწინონ კომერციული ბანკების მოთხოვნები როგორც მონაცემების, ასევე ტექნიკური მახასიათებლების თვალსაზრისით. ჯგუფის მუშაობა გაგრძელდება ოთხი კვირის განმავლობაში. ახალი სისტემით პირველი ერთკვირიანი საცდელი კვლევის ჩატარება დაგეგმილია 2009 წლის ივლისში.
საქართველოს საბანკო სისტემაზე საუბრამდე მოკლედ მიმოვიხილოთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები.

საბანკო კრიზისი აშშ-ში
აშშ-ში საბანკო კრიზისმა ფინანსური ბაზრების რამდენიმე სეგმენტი მოიცვა. საბანკო კრიზისს ყველაზე დიდი ზეგავლენა ფულად ბაზრებზე ქონდა. რეკორდულად გაიზარდა LIBOR (საპროცენტო განაკვეთი დოლარში გამოხატულ ბანკთაშორისო კრედიტებზე) და EURLIBOR (საპროცენტო განაკვეთი ევროში გამოხატულ ბანკთაშორის კრედიტებზე) საპროცენტო განაკვეთები. სხვაობამ ამერიკის ფედერალური ბანკის საბაზისო საპროცენტო განაკვეთსა და ლიბორს შორის 2001 წლის შემდგომ ყველაზე დიდ ნიშნულს – 160 პუნქტს მიაღწია. ეს იმის სიგნალი იყო, რომ მსოფლიოში საკრედიტო რესურსების შიმშილია და ბანკები ცდილობენ თავი დაიცვან ლიკვიდობის გაუარესებისაგან. ამის დასტური იყო ისიც, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ ჩატარებულ საკრედიტო აუქციონზე კომერციული ბანკების მოთხოვნა 150 მილიარდ ევროს ფინანსურ რესურსზე არსებობდა, როცა შეთავაზებული მხოლოდ 50 მილიარდი იყო. დაეცა კრედიტის დეფოლტ სვოპების განაკვეთი (Credit Default Swap – გარიგება, რომლის დროსაც საკრედიტო ვალდებულება დეფოლტის შემთხვევაში გადადის ერთი პირიდან მეორეზე), რადგან მასზე მოთხოვნა მაღალი საკრედიტო რისკების გამო ძალიან შემცირდა. ფედერალური ბანკი აპირებს კვლავ შეამციროს ქვეყნის ძირითადი საპროცენტო განაკვეთი, რათა ბანკებისთვის იაფი კრედიტების მიწოდება უზრუნველყოს. დღეს ეს საპროცენტო განაკვეთი 2%-ია და სავარაუდოდ ეს მაჩვენებელი კიდევ შემცირდება. 700 მილიარდი დოლარის რესურსის გამოყოფა შესაძლოა დამტკიცდეს.

საბანკო კრიზისი ევროპაში
აშშ-ს საბანკო კრიზისმა მსოფლიო საბანკო კრიზისის სახე შეიძინა. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებმა 14-15 ოქტომბრის სამიტზე მხარი დაუჭირეს მსოფლიო კრიზისის საკითხზე საერთაშორისო სამიტის მოწვევას. ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზუმ განაცხადა, რომ ამ სამიტზე ყველა წამყვანი ქვეყანა და არა მარტო ევროკავშირი და აშშ უნდა იყოს წარმოდგენილი, რადგან მიმდინარე კრიზისი მსოფლიოს ყველა სახემწიფოს შეეხო. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში, რომელიც ევროკავშირის წინაშე არსებულ პრობლემებს და მათი დაძლევის გზებს შეისწავლის, 9 ადამიანი შევა. კომისიას სათავეში ესპანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფილიპე გონსალესი ჩაუდგება. ეს იდეა საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლაზ სარკოზიმ გაამხილა: “ეგრეთწოდებულმა ბრძენთა საბჭომ უნდა შექმნას ევროპის მომავალი განვითარების გეგმა, რომელიც ამჟამად იდეოლოგიურ კრიზისს განიცდის. დადგა დრო ახალი “ბრეტონ-ვუდსის” შეთანხმების მიღებისა.”
ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა საერთო ზომების გარდა, საკუთარი ფინანსური დახმარების პროგრამასაც ახორციელებს ეკონომიკის გადასარჩენად – ბელგიის უმსხვილეს ფინანსურ კომპანია Fortis-ს მას შემდეგ შეექმნა ლიკვიდურობის პრობლემები, როცა მისი აქციები ბირჟაზე 35%-ით დაეცა. ბელგიის, ნიდერლანდების და ლუქსემბურგის მთავრობებმა 11.2 მილიარდი ევრო გამოყვეს, რათა კომპანია გაკოტრებისგან ეხსნათ. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა, რადგან პრობლემები მეორე მსხვილ საკრედიტო კომპანიას Dეხია შA-საც შეექმნა, რომლის აქციები 30%-ით გაუფასურდა. მის გადასარჩენად ბელგიის მთავრობამ 6.4 მილიარდი ევრო გამოყო. დიდი ბრიტანეთი ეკონომიკის მხარდასაჭერად 500 მილიარდ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს. ბრიტანეთში მთავრობას ასევე მოუხდა გადაერჩინა Bradford & Bingley Plc-ი ბანკი, ხოლო გერმანიაში უძრავი ქონების სექტორში მომუშავე კომპანია Hypo Real Estate Holding AG-ს შეექმნა ფინანსური პრობლემები. გარდა ამისა, გერმანიის მთავრობა უახლოეს ხანებში ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენის გეგმას დაამტკიცებს, რომლის მიხედვითაც გერმანიის ფინანსურმა სექტორმა 470 მილიარდი ევრო უნდა მიიღოს, საიდანაც 70 მილიარდი ევრო ლიკვიდურობის გაუმჯობესებას მოხმარდება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ბანკებში, 400 მილიარდი ევრო კი სახელმწიფო ინვესტიციევბის სახით გამოიყოფა. ისლანდიაში კი ხელისუფლება იძულებული გახდა ყველა ბანკის ნაციონალიზაცია მოეხდინა.

რუსეთი
რუსეთში სრული კოლაფსია. აქ დანაკარგებმა საერთო ბაზრის ღირებულების 74% შეადგინა და როგორც bbc-ი იუწყება, რუსეთის ოცდახუთმა ოლიგარქმა დაკარგა 200 მილიარდი დოლარი, მათ შორის მხოლოდ დერპასკამ წააგო 17 მილიარდი, აბრამოვიჩმა კი – 20 მილიარდი. ამბობენ, პუტინმაც სერიოზული ზარალი განიცადა. სავარაუდოა, რომ ამას ვერ პატიობს რუსეთის ბიზნეს ელიტა პუტინს, რადგან ქვეყანამ საერთო ჯამში 400 მილიარდზე მეტი დაკარგა. ეს ყველაფერი ერთად გახდება ალბათ რუსეთის ფინასურ-პოლიტიკური რღვევის საფუძველი გარკვეულ ეტაპამდე; ინგუშეთში მიმდინარე ომი ამის დასტურია. ექსპერტების შეფასებით, რუსეთს კოლაფსიდან გამოსვლის შანსი ჯერ არა აქვს.
გაღრმავებული გლობალური ფინანსური კრიზისი ამჟამად უკვე პირდაპირ გავლენას ახდენს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებზე. საქართველო ამ ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლია, მით უმეტეს, რომ გლობალურ ფინანსურ კრიზისს ჩვენს ქვეყანაში აგვისტოს თვეში განვითარებული მოვლენებიც ემატება.
რა ხდება საქართველოს საბანკო სისტემაში?
საქართველოში სულ 22 ბანკია, აქედან – 16 უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ბოლო თვეებში საქართველოს 2 დიდი ბანკი შეემატა და მალე მესამე ბანკიც ამოქმედდება, სამივე შემთხვევაში წამყვანი უცხოური კაპიტალია. საქართველოს საბანკო სისტემის ახალი მოთამაშეები არიან:
KOR Bank-ი, რომელსაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უკვე მისცა ლიცენზია საქართველოში საბანკო საქმიანობის განხორციელებისათვის. აღნიშნული ბანკი გაერთიანებული არაბულ საინვესტიციო ჯგუფ “აბუ დაფს” წარმოადგენს. “აბუ დაფმა” “სტანდარტ ბანკი” კერძო საინვესტიციო ჯგუფისგან (Salford Capital) 2008 წლის მარტში იყიდა. Salford Capital-ის წარმომადგენელთა განცხადებით, მათ “სტანდარტ ბანკის” 100%-იანი წილი მიყიდეს არაბ ინვესტორს. მყიდველი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არის KOR ბანკი. მოლაპარაკებების დეტალები არ გახმაურებულა, მაგრამ ზოგიერთი ცნობით, არაბმა ინვესტორმა “სტანდარტ ბანკში” 70 მილიონი ლარი გადაიხადა.
HSBC – საქართველო 85-ე ქვეყანაა, სადაც ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და უძველესი ბანკი HSBCთავის წარმომადგენლობას ხსნის. HSBC-ს აქვს 10 ათასამდე ფილიალი ევროპის, აზია-წყნარი ოკეანის აუზის, ამერიკის, ახლო აღმოსავლეთისა თუ აფრიკის ქვეყნებში. 2008 წლის ივნისის მონაცემებით, ბანკი ფლობს 2,547 მილიარდი აშშ დოლარის კაპიტალს. რაც შეეხება საქართველოს, ბანკმა ფუნქციონირება 2008 წლის ზაფხულში 23,9 მლნ ლარიანი კაპიტალით დაიწყო. უცხოურ გამოცდილებასა და მომსახურების ხარისხთან ერთად, ბანკის ქართველ კლიენტებს ყველა არსებულ სერვიზს სთავაზობს როგორც ფიზიკური, ასევე კომერციული პირებისათვის. საპროცენტო განაკვეთებს კი HSBC აწესებს საქართველოს ფინანსურ ბაზარზე არსებული პირობებისა და მოთხოვნების მიხედვით. მთავარი, რასაც HSBC საკუთარ მომხმარებელს სთავაზობს, ნდობის მაღალი ხარისხი, დაცულობის გარანტია და საერთაშორისო საბანკო სისტემაზე ხელმისაწვდომობაა.
Khalyk Bank Georgia, რომელიც ფუნქციონირებას სულ მალე დაიწყებს, მოიცავს 22 კომერციულ ბანკს საქართველოში. ბანკის მფლობელია ერთ-ერთი ყველაზე დიდი ყაზახური ბანკი Khalyk Bank. Khalyk Bank-ი დაარსდა 1923 წელს, როგორც საშემნახველო ბანკი, შემდეგ ის ფუნქციონირებდა, როგორც საბჭოთა კავშირის საშემნახველო ბანკის ფილიალი ყაზახეთში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი მოხდა მისი რეორგანიზაცია და დაერქვა ყაზახეთის საშემნახველო ბანკი. 1996-2001 წლებში მოხდა ბანკის პრივატიზება. აქტივების მიხედვით ის ყაზახეთის მესამე ბანკია და აქვს წარმომადგენლობები მოსკოვში, ბეიჯინგსა და ლონდონში.
რაც შეეხება სხვა ბანკებს, საქართველოს საბანკო სექტორის ლიდერი სამეულია “საქართველოს ბანკი”, “თიბისი ბანკი” და “ბანკი რესპუბლიკა.” აგვისტოს მოვლენების შემდეგ საქართველოს საბანკო სისტემა რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. რუსეთ-საქართველოს ომამდე საბანკო კაპიტალის აქტივები ძირითადად უძრავ ქონებაზე და იპოთეკურ კრედიტებზე მოდიოდა. მოზიდული სახსრების დიდ ნაწილს შეადგენდა მოსახლეობის ანაბრები და დასავლეთიდან შემოსული თანხები. გარდა ამისა, საბანკო სფეროში განსაკუთრებული ადგილი რუსულ და ყაზახურ კაპიტალს ეკავა. ყაზახური აქტივების დიდი ნაწილი, ისევე როგრც რუსულის, აგვისტოს ომის შემდეგ გავიდა საქართველოდან. ამას მოყვა ის, რომ მოსახლეობის ანაბრების დიდი ნაწილი ფიზიკურმა პირებმა გაიტანეს. საომარი მოქმედებების შემდგომ აგვისტოს თვის მონაცემებით, კომერციული ბანკებიდან მოსახლეობამ და იურიდიულმა პირებმა ჯამში 400 მილიონი ლარი გაიტანეს, მთლიანობაში კი კომერციული ბანკების აქტივები აგვისტოს თვეში 700 მილიონი ლარით შემცირდა. რაც შეეხება სექტემბრის თვეს, ფიზიკურ პირთა დეპოზიტებმა 2 მილიონი ლარით დაიკლო. 2008 წლის იანვრიდან სექტემბრამდე მთლიანად საბანკო სექტორმა 37 მილიონი ლარის ზარალი განიცადა. ზარალი გამოიწვია სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვში თანხების გადარიცხვამ, ამგვარ ქმედებას ბანკი მიმართავს საკრედიტო რისკისგან თავდასაცავად, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს პირდაპირ ფულად ზარალს არ ნიშნავს და როგორც კი მოცემული კრედიტი დაბრუნდება, დარეზერვებული თანხა კვლავ ბანკს დაუბრუნდება.
ცხრილებში მოცემულია ომამდე და ომის შემდგომ საბანკო სფეროს სტატისტიკა (ნაჩვენებია 4 უმსხვილესი ბანკი და მთლიანი საბანკო სექტორი).
როგორც ვხედავთ, ყველაზე მეტად ბანკებში დეპოზიტები შემცირდა. თუ ომამდე ბანკებში ფიზიკური პირები 1.8 მილიარდ ლარს ინახავდნენ, ომის შემდგომ ეს ციფრი 1.5 მილიარდამდე შემცირდა. შემდგომი ყველაზე მეტი დანაკლისი საკრედიტო დაბანდებამ განიცადა, რაც ბუნებრივია, რადგან ამ დროის მონაკვეთში სესხების დაფარვა მიმდინარეობდა, ხოლო გაცემა შეჩერებული იყო. მთლიანად საკრედიტო დაბანდება დაახლოებით 150 მილიონი ლარით შემცირდა. რაც შეეხება დეპოზიტების თანხას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მთლიანი დეპოზიტები შემცირებულია 400 მილიონ ლარზე მეტით, აქედან 300 მილიონი ფიზიკური პირების დეპოზიტების შემცირების შედეგია, ხოლო ნასესხები სახსრები, რაც ძირითადად საფინანსო კომპანიებიდან და უცხოური ბანკებიდან მოზიდულ ფულს წარმოადგენს უმნიშვნელოდ არის შემცირებული, დანარჩენი 100 მილიონი იურიდიული პირების დეპოზიტების შემცირების შედეგია. ცხრილებიდან ჩანს, თუ როგორ შეუმცირდა საქართველოს ბანკს აქტივები, ასევე “თიბისი ბანკს”, რომელმაც რამდენიმე თვეა რაც 2 მილიარდიან ნიშნულს გადააბიჯა, ომის შემდგომ კი ისევ ჩამოცდა ამ ნიშნულს.
მიუხედავად საბანკო სექტორიდან 700 მილიონის გასვლისა, ბანკების ლიკვიდობის პრობლემები სააშკარაოზე არ გამომზეურებულა, ისე როგორც ეს აშშ-ში მოხდა. ექსპერტები ამას იმით ხსნიან, რომ თავად ბანკები აღმოჩნდნენ საკმაოდ ეფექტურად მომზადებულნი: სალაროში ფულადი სახსრების ნაკლებობის პრობლემას არ უჩიოდნენ; მიმდინარე აქტივების ფარდობა მიმდინარე ვალდებულებებთან დამაკმაყოფილებელ ნიშნულზე იყო; ეროვნული ბანკი მზად იყო ესესხებინა ფული ბანკებისთვის, თუ რაიმე სერიოზული პრობლემა წარმოიშობოდა. რეალურად ასეც მოხდა, ეროვნულმა ბანკმა ასესხა რამდენიმე კომერციულ ბანკს თანხა, მაგრამ ეს არ ყოფილა მაშტაბური მოვლენა. გარდა ამისა, საქართველოში დახმარების სახით მილიარდობით უცხოური ვალუტა შემოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ფული ბანკების მეშვეობით მოხვდება დანიშნულების ადგილამდე, რაც, რა თქმა უნდა, ბანკებს ფულად რესურსს გაუჩენს და დროებით ლიკვიდობის პრობლემას მოუხსნის.
22 ოქტომბერს დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე დონორებმა საქართველოს 4.5 მილიარდი დოლარი გამოუყვეს.
თუმცა პრობლემები, რა თქმა უნდა, არსებობს, ეს პირველ რიგში საკრედიტო დაბანდებებს ეხება, რომლებიც ისე აქტიურად აღარ ხორციელდება, როგორც ომამდე პერიოდში. ამის შედეგად ბანკების შემოსავალი მცირდება, აღარც კლიენტები ჩქარობენ ჯერ-ჯერობით დეპოზიტებზე ფულის დადებას და რაც ყველაზე მთავარარია, მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამო არა მარტო ძვირდება, არამედ იშვიათიც ხდება საკრედიტო რესურსები, რაც ქართულ ბანკებს უძვირებს უცხოური ბანკებიდან მოზიდულ ფულს. მიუხედავად ამისა, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი აქტიურად ეხმარება ქართულ ბანკებს ლიკვიდურობასთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევაში. ევრობანკმა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაზარდა ინვესტიციებისა და პროექტების განხორციელება საქართველოში. აგვისტოდან მოყოლებული დღემდე ხელი მოეწერა 6 ახალ პროექტს 53 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით. უკვე დაწყებულია მათ ფარგლებში გამოყოფილი ფინანსური რესურსების ათვისება. “ევრობანკი კიდევ უფრო გააქტიურდება და აქცენტს გააკეთებს ძლიერი სამომავლო პროექტების განხორციელებაზე. ჩვენ ამგვარად შევუწყობთ ხელს ქვეყნის საბანკო სისტემის სტაბილურობას და განვითარების პროცესის განახლებას, სტრატეგიული სატრანზიტო ინფრასტრუქტურის სფეროში ინვესტიციების გააქტიურებას. ჩვენ ვვარაუდობთ საქართველოში 325 მილიონი აშშ დოლარის დაბანდებას 2008 წლის განმავლობაში (აქედან 225 მილიონი აშშ დოლარი დღეიდან წლის ბოლომდე გამოიყოფა) და ჩვენი მთავარი სამიზნე იქნება საბანკო სექტორი და ძირითადი უცხოური პირდაპირი ინვესტიციების დონის შენარჩუნება, 2009 წელს ინვესტიციების მოცულობა კრედიტებისა და კომპანიათა სააქციო კაპიტალში წილობრივი მონაწილეობის სახით დაახლოებით 350 მილიონი აშშ დოლარი იქნება. ფინანსური სექტორის გარდა ევრობანკი უფრო მეტ ძალისხმევას მოახმარს ენერგეტიკისა და ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის სფეროებს. ჩვენი გეგმები 2010 წლისთვის სავარაუდოდ 300 მილიონი აშშ დოლარის დაბანდება იქნება მთელი წლის განმავლობაში” – განაცხადა ევრობანკის წარმომადგენელმა საქართველოს მხარდასაჭერად გამართულ დონორთა კონფერენციაზე.
საქართველოს ეროვნული ბანკისა და ევრობანკის გარდა, საბანკო სისტემას დახმარება აღმოუჩინა საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაცია OPIC-მაც, რომელმაც საქართველოს საბანკო სისტემას 80 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო. OPIC-ის პრეზიდენტი და მთავარი აღმასრულებელი პირი რობერტ მოსბახერი თბილისში აშშ-ს სავაჭრო დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. ამ დელეგაციას საქართველოში 25-28 ოქტომბერს აშშ-ს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ჯონ სალივანი ხელმძღვანელობდა. ვიზიტის ფარგლებში გამართულ ბიზნესსამიტზე ოფიციალურად გამოცხადდა OPIC-ის შვიდი ახალი პროექტის შესახებ, რომელიც ჯამში საქართველოსათვის 176 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. OPIC-ის ახალი პროექტი საქართველოში მოიცავს 4 სექტორს – ფინანსებს, მშენებლობას, ტურიზმს და მრეწველობას. ფორუმზე გამართულ ცერემონიაზე მოსბახერმა ხელი მოაწერა რამდენიმე პროექტთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს. მათ შორის ხელშეკრულებებს საქართველოს 2 უმსხვილესი ბანკის “საქართველოს ბანკისა” და “თიბისი ბანკისათვის” გამოყოფილი ფულადი სახსრების თაობაზეც: TBC ბანკს OPIC-ი გადასცემს 40 მილიონ აშშ დოლარს. ამით ბანკს საშუალება ექნება გაზარდოს იპოთეკური სესხების გაცემა ბინათმშენებლობისათვის. თანხა ძირითადად დაბალ და საშუალო შემოსავლიან იპოთეკურ სესხებს მოხმარდება. როგორც “თიბისი ბანკის” მიერ გაკეთებულ განცხადებაშია ნათქვამი, “ამ ტრანზაქციის ჩათვლით, 2008 წლის განმავლობაში “თიბისი ბანკის” მიერ უცხოური საფინანსო ინსტიტუტებიდან უკვე მოზიდულია დაახლოებით 250 მილიონი აშშ დოლარი ფინანსური რესურსი. ახალი საკრედიტო ხაზი საშუალებას მისცემს “თიბისი ბანკს” კიდევ უფრო გააძლიეროს როგორც ფიზიკური, ასევე კორპორატიული კლიენტების დაფინანსება”.
40 მილიონის საკრედიტო ხაზს მიიღებს OPIC-ისაგან “საქართველოს ბანკიც” ასევე იპოთეკური სესხებისათვის. ეს მოხდება WorldBusiness Capital-თან ერთად, რომელიც აშშ-ს მცირე ბიზნეს კრედიტორია.