მსოფლიო ეკონომიკა 11 სექტემბრის შემდეგ

მოამზადა ლინა ეპიშევამ

2001 წლის 11 სექტემბრის დრამატული მოვლენები, რომლის შედეგად სიტუაცია საერთაშორისო არენაზე მკვეთრად შეიცვალა, ამ ბოლო ათი წლის განმავლობაში მსოფლიო ეკონომიკის დაცემას ემთხვევა. 11 სექტემბრის ტერაქტამდე, ამერიკელი ექსპერტები ერთ აზრს იზიარებდნენ – ამერიკული ეკონომიკის განვითარება ნულოვან წერტილზე გაჩერდა.

განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს ის, რომ ყველა “ლოკომოტივმა”, რომელიც 1990-იან წლებში ეკონომიკურ განვითარებას განსაზღვრავდა, თავისი რესურსები პრაქტიკულად ამოწურა: მსოფლიოს ეკონომიკური კავშირების გლობალიზაცია, ამერიკული კორპორაციების და ფირმების საგარეო ეკონომიკური აქტიურობის სწრაფი ზრდა, “ინტერნეტ-ეკონომიკა”, სწრაფად მზარდი საფონდო ბაზრები, დაბოლოს, მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებზე გაურკვეველი სიტუაცია, რომელმაც ენერგოგადამტარებზე ფასების ზრდის შემდგომ აშშ-ის ეკონომიკის რეალური სექტორის ჩახშობა გამოიწვია.

11 სექტემბრის ტერორისტული აქტი ძვირად დაუჯდა ამერიკას და მთელ მსოფლიოს. სხვადასხვა შეფასებები მიუთითებენ ამ ტერორისტული აქტით გამოწვეულ მნიშვნელოვან ეკონომიკურ დანაკარგებზე – დაზარალდა რამდენიმე გლობალური ფინანსური ბაზარი და დარგები, რომლებიც ახლა პესიმიზმს და სტაგნაციას განიცდიან.

11 სექტემბრის ტერაქტმა ამერიკის ეკონომიკის ვარდნა უფრო გააღრმავა და ნეგატიური იმპულსი მთელ მსოფლიოში საგრძნობლად გაავრცელა. ეკონომიკის განვითარების ტემპების ასეთი შენელება რამდენიმე ფაქტორთან არის დაკავშირებული: იაპონიაში ზრდის ტემპების 4-4,5%-დან 1,3%-მდე დაცემით, გეგმიანი ეკონომიკის ქვეყნებში 1997-1998 წლებში ხანგრძლივი “გარდამავალი” კრიზისით, 1997-1998 წლებში – აზიის “კრიზისით”.

90-იან წლებში აშშ-ში ეკონომიკური ზრდა უფრო დიდი იყო, ვიდრე სხვა განვითარებად ქვეყნებში. ამ ათი წლის განმავლობაში სამრეწველო წარმოება გაიზარდა. მშპ-ის ზრდა 2001-2002 წლებში 1,6%-2,9%-ს შეადგენდა. ამ დროს ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში მოხდა ტერორისტული აქტები, რომლებმაც სერიოზულად დააზარალეს ამერიკის ეკონომიკა. ზოგიერთების შეფასებით, ამერიკაში ზარალმა 100 მილიარდს მიაღწია.

ამ ტერაქტის შედეგად, აშშ-სა და სხვა განვითარებად ქვეყნებში ის დარგები დაზარალდნენ, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ უსაფრთხოებასთან, გასართობ საშუალებებთან, გადაადგილებასთან და ა.შ. რა თქმა უნდა, სადაზღვევო კომპანიები და ავიაცია აშშ-ისგან და ევროპისაგან ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ. მსოფლიომ არ უნდა დაუშვას მსხვილი კომპანიების გაკოტრება. მოსალოდნელია ბიუჯეტის და კომპანიების ხარჯების ზრდა უსაფრთხოებაზე და კონტროლზე. საომარი მოქმედებების შემთხვევაში გაიზრდება როგორც მოთხოვნა იარაღზე და საბრძოლო მასალაზე, ასევე აშშ-ის ანტიტერორისტულ მოქმედებებთან დაკავშირებული ხარჯებიც.

რაც შეეხება გლობალური ეკონომიკის ზრდას, ის ფუნდამენტურ ფაქტებზეა დამოკიდებული. აშშ-ში მოთხოვნის მოკლევადიანი დაცემა კატასტროფას არ გამოიწვევს. ჩვენი ვარაუდით, აშშ-ში ეკონომიკის ვარდნა გაგრძელდება, ხოლო ინვესტიციების სფეროში გაურკვევლობა გაძლიერდება. ანალიტიკოსების აზრით, მშპ-ის ზრდის ტემპი დაახლოებით 1%-მდე დაეცემა.

უახლოესი თვეების განმავლობაში (და შეიძლება მომავალშიც კი) მთავარ საკითხად დარჩება ტერორისტული აქტით გამოწვეული ცვლილებები ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში. მთელ მსოფლიოში სამგზავრო თვითმფრინავების რიცხვის მკვეთრმა შემცირებამ უკვე მიაყენა ზიანი ტურიზმს, სასტუმროებს, გასართობ ინდუსტრიას. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ აშშ-ში გაგრძელდება 2001 წლის ნეგატიური ტენდენციები, რომლებიც ხანგრძლივი მოხმარების საქონლის შესყიდვის შემცირებასთან არის დაკავშირებული. ბოლო წლების განმავლობაში ამერიკელები შემოსავალს პირად მოხმარებაზე ხარჯავდნენ. ესე იგი, პირადი დანაზოგების ნორმა აშშ-ში ნულს უტოლდებოდა – იშვიათი ისტორიული ფენომენი. ეს იმასთან იყო დაკავშირებული, რომ საპენსიო ფონდებში კლიენტთა დანაზოგი აქციებში ინახებოდა. ეკონომიკის და საფონდო ინდექსების ათწლიანი ზრდის მანძილზე ამერიკელებს დიდი (საფონდო) სიმდიდრის შეგრძნება გაუჩნდათ: არ იყო საჭირო მოხმარების შეზღუდვა, რადგანაც აქციის კურსის ზრდის ხარჯზე დანაზოგი მაინც იზრდებოდა. შემდგომში აქციების კურსი ორჯერ შემცირდა: 2000 წელს კრიზისი ინფორმაციულ ტექნოლოგიებს შეეხო, ამას მოჰყვა აშშ-ში ტერორისტულ აქტზე რეაქცია და დაზარალებული დარგების აქციის კურსის ვარდნა, რამაც მოსახლეობის საფონდო სიმდიდრე მნიშვნელოვნად შეამცირა.

მოვლენების შემდგომი განვითარება ნათელია – მოსახლეობის დანაზოგის ნორმის გაზრდა 1%-ით გულისხმობს მიმდინარე მოხმარების და მოთხოვნის შემცირებას, რადგან პირად მოხმარებაზე მშპ-ის 65% მოდის. ამის შედეგად, პირველად 1991 წლიდან შემცირდა საქონლისა და მომსახურების პირადი მოხმარება. წარმოიდგინეთ ის ატმოსფერო, როცა ხალხი ციმბირის წყლულით ინფიცირებულ წერილებს ელოდება და როდესაც მიმდინარეობს ომი მალულ და დაუნდობელ მტერთან. შესყიდვების და მგზავრობის მოცულობის შემცირება თავის თავად გულისხმობს ქვეყანაში მოთხოვნის შემცირებას.

მსოფლიო ეკონომიკაზე ტერაქტის და ავღანეთში საომარი კამპანიის ზეგავლენა აშკარაა: გაურკვეველი სიტუაციის გამო ინვესტიციები და აშშ-ში იმპორტზე მოთხოვნა შემცირდა. იაპონიაში მშპ-მ იკლო, ხოლო სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიაში ზრდის ტემპი შენელდა.

დღესდღეობით, საფონდო ბაზრებზე მდგომარეობა ნელ-ნელა გამოსწორდა. აშშ-ის მთავრობა თავისი ეკონომიკის სტიმულირებას ხარჯების ზრდის და გადასახადების შემცირებით ახდენს. მაგრამ ბაზარზე სიტუაციის ანალიზს ოპტიმისტურ დასკვნებამდე არ მივყავართ. რეიტინგის სააგენტო Moody-ის ცნობით, მაღალრისკიან ობლიგაციებზე დეფოლტების მოცულობა 9,6%-მდე გაიზარდა. ამის გარდა, მომავალი წლის მეორე კვარტალში მოსალოდნელია ბაზარზე მდგომარეობის გაუარესება. Standard&Poor-ის მონაცემებით, აშშ-ში კორპორაციულ ობლიგაციებზე დეფოლტების რიცხვი 100 მილიარდ დოლარს მიაღწევს. დაზარალებული კომპანიების თვალსაზრისით, კორპორაციული ობლიგაციების საიმედოობის ასეთი შემცირება უდიდესია ამერიკის ისტორიაში.

დღესდღეობით, ინვესტორები ობლიგაციებს დიდი სიფრთხილით არჩევენ. ობლიგაციებზე მოთხოვნა იმდენად შემცირდა, რომ მეორად ბაზარზეც კი ლიკვიდობა არასაკმარისია. კორპორაციული ობლიგაციების ბევრი მფლობელი, უბრალოდ, ვერ ახერხებს მათ გასაღებას.

ეჭვის ქვეშ დადგა ტელესაკომუნიკაციო და ავტომობილური კომპანიების აქციების საიმედოობა. ანალიტიკოსთა აზრით, ზოგი მაღალტექნოლოგიური კომპანია საქონელზე მოთხოვნის შემცირების ვალის მომსახურებას ვერ ახერხებს. ამის გარდა, სატელეკომუნიკაციო კომპანიები დაზარალდნენ ფიჭურ მომსახურებაზე ლიცენზიის შეძენის შემდეგ. მათ შორის არიან ისეთი განთქმული კომპანიები, როგორიცაა: Actel, Sonera, KPN და Ericsson. თავის მხრივ, ინვესტორთა მკაცრი დამოკიდებულება ავტომობილური წარმოების მიმართ დაკავშირებულია იმაზე, რომ ავტომობილზე მოთხოვნის შემცირების პირობებში მისი გადაჭარბებული სიმძლავრეები დიდ ტვირთად აწვება მწარმოებლებს.

იმ დროს, როცა ობლიგაციების ბაზარზე ტრეიდერები აღიარებენ, რომ მრავალ კომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს, აქციათა ბაზარზე ოპტიმიზმი კვლავ სუფევს. მიუხედავად იმისა, რომ 11 სექტემბრის შემდეგ ანალიტიკოსებმა შეცვალეს თავიანთი პროგნოზები, ისინი მაინც იმედოვნებენ, რომ მომავალ წელს მოგება გაიზრდება. ანალიტიკოსები პროგნოზირებენ S&P-ის ინდექსის 14%-იან, Nasdaq-ის ინდექსის – 27%-იან და იაპონური Nikkei-ის ინდექსის 28%-იან ზრდას. მაგრამ ასეთი ოპტიმისტური პროგნოზი არ არის გამართლებული, მოგების ფაქტიური დინამიკის მონაცემების ფონზე. ამასთან, თვით კორპორაციული ამერიკის წარმომადგენლებიც თვლიან, რომ მომავალში მათი კომპანიების ბიზნესი გაუარესდება. ამა წლის მესამე კვარტალში აშშ-ის საქმიან წრეებში კვლავ დაეცა რწმენის პროცენტი. 11 სექტემბრის შემდეგ, ამერიკული კომპანიების ზოგიერთი დირექტორი გამოვიდა განცხადებით მოგების შემცირების შესახებ, ხოლო კომპანიების დირექტორათა 3% ვარაუდობს, რომ მოგება გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელს სჯერა წარმატებული ბიზნესის, კადრების ახალმა შემცირებებმა შეიძლება საფრთხის ქვეშ დააყენოს ამ მაჩვენებლის ბედი.

“ან აქციის ან ობლიგაციის ბაზარი ცდება კომპანიების შეფასებაში მოგების მომავალი დინამიკის შესახებ”, – ამტკიცებენ სპეციალისტები. ბოლო დროს ამ ბაზრებს შორის შეფასებებში მნიშვნელოვანი განსხვავება 1991 წელს აღინიშნებოდა. მაშინ წინააღმდეგობრივმა მოსაზრებამ დიდხანს ვერ გაძლო. როდესაც ბაზარზე მდგომარეობა გაირკვა, აღმოჩნდა, რომ ობლიგაციის ბაზრის პესიმისტები მართალნი იყვნენ.