სად დაიწყება მსოფლიო კრიზისი

მოამზადა სოფიკო სიჭინავამ

ანალიტიკოსების შეფასებით, ისეთი ძლიერი საფინანსო კრიზისი, რომელიც ამჟამად მსოფლიოს თავს დაატყდა, 100 წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ხდება. ამის მიზეზად წამყვან სახელმწიფოებში მთავრობების უმოქმედობა, შეცდომები, საფინანსო რეგულირების მოძველებული ფორმა და საფინანსო ინსტიტუტების რისკების შემცველი დაფინანსება სახელდება.

საფინანსო კრიზისმა, რომელიც აშშ-ში წარმოიშვა, ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ მსოფლიოს ყველა რეგიონი მოიცვა. უფრო მეტიც, ამ კრიზისმა მიაღწია მსოფლიო ეკონომიკის რეალურ სექტორებამდე. ეკონომისტები ცდილობენ განსაზღვრონ რამდენად ღრმაა ეს კრიზისი და მიაღწია თუ არა მან ზღვარს; რომელი ქვეყნები უფრო მეტად დაზარალდებიან ამ გამყინვარებისა და დაღმასვლის პერიოდში; რამდენი თვე ან წელი გაგრძელდება და როგორი შედეგებით გამოვა მსოფლიო ამ არც თუ მარტივი მდგომარეობიდან. ეს არის კითხვები, რომელიც დღეს ყველას აწუხებს.
კრიზისი სასაქონლო ბაზარს მნიშვნელოვნად შეეხო. შემოდგომაზე ბარელი ნავთობის ფასი თითქმის განახევრდა, მაგრამ მაინც ისეთ ნიშნულზე რჩება, რაც წლების წინ წარმოუდგენელი იყო. ნავთობმომპოვებელი ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ფასებმა ამ პროდუქტზე აიწიოს, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. ფერადი ლითონების ბაზარს წარმატებული სექტემბრის შემდეგ შავი ოქტომბერი დაუდგა, თუმცა არც ნოემბერი ყოფილა შესაშური. ძვირფასი ლითონების ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვნად მოქმედებს დოლარის კურსის გამყარება. მსოფლიოში ხორბლის უხვ მოსავალს ელოდებიან და ფასები ალბათ დაბალ ნიშნულზე შეჩერდება. თითქმის გაჩერდა სამშენებლო ბიზნესი და ბინები უბრალოდ აღარ იყიდება. პრობლემები აქვთ მსოფლიო ავტომანქანების მწარმოებელ გიგანტებს. როგორია პროგნოზი მომავალი წლისთვის, როგორი ფასები იქნება ძირითად სასაქონლო ნედლეულებზე და როგორ აისახება ყოველივე ეს საქართველოს ცხოვრებაზე, ამ კითხვებს შევეცდებით ანალიტიკოსების პროგნოზებზე დაყრდნობით ვუპასუხოთ.

შავ ოქროს შავ მომავალს უწინასწარმეტყველებენ – ბარელზე 60-65 დოლარი?
შავი ოქროს ფასის განსაზღვრა ადვილი არ არის და ის სულაც არ არის დამოკიდებული მხოლოდ მოხმარების დინამიკაზე. მსოფლიო ენერგეტიკული სააგენტოს გათვლებით, 2008 წელს უნდა მოხმარებულიყო დღეში 86,5 მილიონი ბარელი, რაც 400 ათასი ბარელით მეტია გასულ წელთან შედარებით. ბაზარზე ნავთობი საკმარისი იყო. რამ გამოიწვია ზაფხულში მისი ფასის ასეთი აწევა? როგორც ექსპერტები ხსნიან, ფასის ზრდის მიზეზი არა მარტო ნავთობის მოხმარების გაზრდაა, არამედ მსოფლიოში უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში – აშშ-ში ნეგატიური პროცესების განვითარება. კერძოდ: აშშ-ში სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად, როგორც ცნობილია, ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ბუშის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით არაერთი მილიარდი დოლარის ემიტირება მოახდინა. მაღალი ინფლაციის პირობებში კაპიტალი გაუფასურდა და საფინანსო რესურსების მფლობელები იძულებულები გახდნენ ფული დაეხარჯათ ისეთ საქონელში, რომელიც უახლოეს თვეებში არ გაუფასურდებოდა, ასეთი ლიკვიდური საქონელი აღმოჩნდა ნავთობის ფიუჩერსები, სურსათი, პირველ რიგში ხორბალი და ოქრო.
მაგრამ მიმდინარე წლის შემოდგომაზე, კრიზისის გამძაფრების პირობებში უმსხვილესი სპეკულატიური საინვესტიციო და ხეჯ-ფონდებიდან (ხეჯერი – სასწრაფო გარიგება, რომელიც იდება ფასების სავარაუდო დაცემის დასაზღვევად) ინვესტორების მხრიდან მასიურად მოხდა რესურსების გამოთხოვა. ინვესტორები ახლა იძულებულებულნი არიან გაყიდონ თავიანთი საინვესტიციო პორტფელები, რათა ფული მეანაბრეებს დაუბრუნონ. სწორედ ამ პროცესმა განაპირობა ნავთობსა და ლითონზე ფასების ვარდნა, რადგან ხეჯ-ფონდები მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე უმსხვილესი მოთამაშეები არიან.
სწორედ ასეთ პირობებში 1 ნოემბერს ფასების შესანარჩუნებლად “ოპეკმა” მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოპოვება შეემცირებინათ დღე-ღამეში 1,5 მლნ ბარელით. ნავთობზე ფასები ივლისის მაქსიმუმის შემდეგ განახევრდა. ასეთი გადაწყვეტილებით “ოპეკმა”, რომელზედაც მოდის ნავთობის მსოფლიო მოპოვების 40%, ვერ შეძლო ფასების ძველ ნიშნულზე დაბრუნება. თუმცა უნდა ითქვას, რომ ნავთობის მწარმოებელმა ყველა სახელმწიფომ მოპოვების შემცირებას არ დაუჭირა მხარი. მაგალითად ნორვეგია დღე-ღამეში 2,4 მლნ ბარელს მოიპოვებდა, დღემდე ასე აგრძელებს და ევროკავშირის ქვეყნებს ამარაგებს. სწორედ ამიტომ ვენესუელის ენერგეტიკის მინისტრმა რაფაელ რამირესმა “ოპეკს” მოუწოდა, დეკემბრიდან მოპოვება კიდევ ერთი მილიონი ბარელით შეემცირებინათ, რასაც რამირესი ნავთობზე არასამართლიანი ფასებით ხნის. მისი აზრით, ფასი უნდა მერყეობდეს ბარელზე 80-100 დოლარის ფარგლებში.
ნავთობმომპოვებელი ქვეყნების ფორიაქი ფასებთან დაკავშირებით სავსებით გასაგებია. მათი 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტები და ამბიციური პერსპექტიული გეგმები დაკავშირებულია ნავთობდოლარებთან და ახლა კი ირკვევა, რომ “ქამრების შემოჭერა” მოუწევთ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ამ ქვეყნებმა საბიუჯეტო დეფიციტი რომ აიცილონ თავიდან, ბარელზე ნავთობის ფასი უნდა იყოს: ბახრეინისთვის – 75 დოლარი; ომანისთვის – 77; ირანისთვის – 90; ვენესუელისთვის – 95; საუდის არაბეთისთვის – 60. “ოპეკის” მორიგი შეხვედრა 17 დეკემბერს ალჟირშია დაგეგმილი და როგორც ვარაუდობენ, ამ შეხვედრას რუსეთის დელეგაციაც დაესწრება.
ანალიტიკოსების მოსაზრებით, თუკი “ოპეკი” გადაწყვეტს, რომ მოპოვება კიდევ შეამციროს, რუსეთი შეიძლება მათ შეუერთდეს და მოპოვება თვითონაც დღე-ღამეში 300-400 ბარელამდე შეამციროს. რუსეთის ნავთობკომპანიები მოპოვების შემცირების მოწოდებას დადებითად აფასებენ. რუსეთის სახელმწიფოც მომხრეა ფასების აწევის, რადგან 2009 წლის ბიუჯეტში ჩადებულია ნავთობის ფასი ბარელზე 95 დოლარის ოდენობით. პროფიციტი, როგორც რუსი ჩინოვნიკები აცხადებენ, ბიუჯეტს სტაბილურობის მარაგს აძლევს, ხოლო 70 დოლარის პირობებში კი ბიუჯეტი უკვე დეფიციტური ხდება.
ცუდი პროგნოზია “დოიჩე ბანკის” მოხსენებაში, სადაც ნათქვამია, რომ მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპი 2009 წლისთვის 1,2%-მდე შემცირდება და ნავთობის ფასი ბარელზე 50 დოლარამდე დაიწევს.
როგორც ვარაუდობენ, 2009 წლისთვის ბარელი ნავთობი 60-65 დოლარი ეღირება. ამასთან დაკავშირებით აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრმაც გააკეთა პროგნოზი. ამასვე აცხადებენ ექსპერტები. “ოპეკის” ქვეყნების მხრიდან მოპოვების შემცირების გადაწყვეტილებამ შესაძლოა ოდნავ გამოასწოროს ამასწინანდელი ფასების მკვეთრი დაცემის ტენდენცია. ექსპერტების გათვლებით, წლის ბოლომდე გასულ წელთან შედარებით, ნავთობის მოხმარება დღე-ღამეში 100 ათასი ბარელით გაიზრდება, მაგრამ ახალი წლისთვის ამ მაჩვენებლის გაზრდა მოსალოდნელი არ არის.
ექსპერტთა მოსაზრებებით, “ოპეკის” არაწევრი ნავთობმწარმოებელი ქვეყნების მოპოვება 2009 წელს გაიზრდება 500 ათას ბარელამდე დღე-ღამეში. ამ ზრდის ყველაზე მსხვილი მონაწილეები იქნებიან: აშშ, აზერბაიჯანი და ბრაზილია. “ოპეკის” ქვეყნების ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში 32,3 მლნ ბარელიდან 31,3 მილიონ ბარელამდე შემცირდება და წლის ბოლომდე ამ მაჩვენებელზე შეჩერდება.
ძვირფასი და ფერადი ლითონები
დოლარის კურსი ისევ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ძვირფასი ლითონების ბაზარზე. აშშ-ის ეკონომიკის დაბალი მაჩვენებლები, მისი ასტრონომიული სიდიდით მზარდი სახელმწიფო ვალი დოლარზე თითქოს არ მოქმედებს და მის მიმართ ნდობა მსოფლიოში ჯერ არ არის ამოწურული. COMEX ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე ვერცხლის მიწოდებაზე დეკემბრის კონტრაქტი ცოტათი გაიაფდა და უნციაზე 9,785 დოლარი შეადგინა, ხოლო პალადიუმისა კი – 197,70. იანვრის კონტრაქტი პლატინის მიწოდებაზე 1,7%-ით გაძვირდა და უნციაზე 860,60 დოლარს მიაღწია. აშშ-ის III კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემების გამოქვეყნებისთანავე დოლარმა ბაზარზე ევროს შეუტია და ნედლეულისა და ძვირფასი ლითონების ბაზარზე ფასების კორექტირება მოახდინა. რამდენაც ოქროსა და სხვა ძვირფას ლითონებში დაბანდებები განიხილება, როგორც ანგარიშსწორების ვალუტის შესუსტების დაცვის მექანიზმი, მისი გამყარება ფასების დაწევას იწვევს. დოლარმა თავისი ძალის დემონსტრირება მოახდინა. შვეიცარიის უდიდესი ბანკის UBS AG ანალიტიკოსები ძვირფასი მეტალებისთვის არასახარბიელო პროგნოზს აკეთებენ და ვარაუდობენ, რომ საინვესტიციო მიმზიდველობის შემცირება და დეფლაციური ზეწოლა 2009 წლისთვის ოქროს დასუსტების მთავარი მიზეზი გახდება და აცხადებენ, რომ უნცია ოქრო ეღირება 700 დოლარი, უნცია პლატინა მისი სამრეწველო მოთხოვნის შესუსტების გამო 1100 დოლარიდან 900-მდე დაიწევს. ბაზარზე მთლიანობაში ამ ლითონის ფასმა 65%-ით დაიწია, მაქსიმალურ ნიშნულს მან 2008 წლის მარტში მიაღწია – უნციაზე 2300 დოლარი.
ყოველივე ამას ის ცნობაც დაემატა, რომ რუსეთში ოქროს მოპოვება იზრდება. ეს ქვეყანა ოქროს მწარმოებელ ლიდერ ქვეყანათა რიცხვში შედის. 2008 წლის 8 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ოქროს წარმოება რუსეთში 10,2%-ით გაიზარდა და 132 ტონას მიაღწია.
რუსი ექსპერტები თავიანთ პროგნოზში უფრო ოპტიმისტები არიან, მათი გათვლებით ძვირფასი ლითონები ბევრად ძვირი ეღირება იხ. ცხრილი #1 (წყარო www.rbc.ru).
ფერადი ლითონების სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მიუხედავად საყოველთაო პესიმიზმისა, 10 ნოემბერს, მას შემდეგ რაც გაცხადდა, რომ ჩინეთი თავისი ეკონომიკის მხარდასაჭერად 586 მლრდ გამოყოფას აპირებს, ფერადი ლითონების ბირჟაზე გამოცოცხლება დაიწყო და ფასებმაც აიწია. სპილენძზე ფასმა 8%-ით მოიმატა, ნიკელეზე – 11%-ით. ფასები ფერადი ლითონების მსოფლიო ბაზარზე ასე გამოიყურება:
LME (ლონდონის ბირჟა): ალუმინი – 1983; სპილენძი – 3993; ტყვია – 1417; ნიკელი – 1712; კალა – 15690; თუთია – 1130 (აშშ დოლარი ტონაზე).
LME (სამთვიანი კონტრაქტი): ალუმინი – 2035; სპილენძი – 4045; ტყვია – 1425; ნიკელი – 11850; კალა – 15300; თუთია – 1160 (აშშ დოლარი ტონაზე).
ShFE (შანხაის ფიუჩერსული ბირჟა, 2008 წლის ნოემბრის მიწოდება): ალუმინი – 2017; სპილენძი – 4695; თუთია – 1368.5 (აშშ დოლარი ტონაზე; 17% დღგ-ს და საექსპორტო გადასახადის ჩათვლით).
ShFE (2009 წლის თებერვლის მიწოდება): ალუმინი – 2035.5; სპილენძი – 4537.5; თუთია – 1382.5 (აშშ დოლარი ტონაზე; 17% დღგ-ს და საექსპორტო გადასახადის ჩათვლით).
NYMEX (ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟა, 2008 წლის ნოემბრის მიწოდება): ალუმინი – 1992; სპილენძი – 3731.5 (აშშ დოლარი ტონაზე).
NYMEX (2009 წლის თებერვლის მიწოდება): ალუმინი – 2041.5; სპილენძი – 3752 (აშშ დოლარი ტონაზე).
2008 წლის 8 თვის მონაცემებით, მსოფლიო ბაზარზე ნიკელის სიჭარბემ 34,2 ათასი ტონა შეადგინა. ლითონზე მოთხოვნა იყო 903,5 ათასი ტონა, რაც წინა წელთან შედარებით 3%-ით ნაკლებია, აგვისტოში წარმოებულ იქნა 118,6 ათასი ტონა, ხოლო მოთხოვნამ შეადგინა 97,2 ათასი ტონა.
მსოფლიო ბაზარზე თუთიის სიჭარბემ 12 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით ცოტათი ნაკლებია. მსოფლიო მოთხოვნა 367 ათასი ტონით მეტი იყო, ვიდრე 2007 წელს. მოთხოვნის ყველაზე შესამჩნევი ზრდა ჩინეთში აღინიშნა და 2,66 მლნ ტონა შეადგინა, ანუ მსოფლიო მოთხოვნის 35%.
მსოფლიო ბაზარზე ალუმინის სიჭარბემ 781 ათასი ტონა შეადგინა, ეს მაჩვენებელი 15 ათასი ტონით მეტია 2007 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ალუმინზე მოთხოვნამ შეადგინა 25,81 მლნ ტონა, ანუ 926 ათასი ტონით მეტი, ვიდრე გასულ წელს. ალუმინის მსოფლიო წარმოება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6,8%-ით გაიზარდა, ჩინეთში – 903 ათასი ტონით და დღეს მსოფლიო წარმოების 33%-ზე მეტს შეადგენს. ჩინეთმა აგვისტოში 73 ათასი ტონის ექსპორტი განახორციელა, წლის დასაწყისიდან ექსპორტმა 738 ათასი ტონა შეადგინა.
ბაზარზე კალას დეფიციტი 3,9 ათასი ტონით განისაზღვრა. მისი წარმოება ჩინეთში დაეცა 16,5%-ით. 8 თვის მონაცემებით, მოხმარებამ 227,1 ათასი ტონა შეადგინა, რაც 10%-ით დაბალია 2007 წელთან შედარებით.
რაც შეეხება ტყვიას, ბაზარზე მისმა დეფიციტმა 30 ათას ტონაზე მეტი შეადგინა. მისი წარმოება იყო 2,6 მლნ ტონა. გლობალური მოთხოვნა გაიზარდა 4%-ით და მიაღწია 5,69 მლნ ტონას.
სპილენძის ბაზარზე დეფიციტი 22,6 ათასი ტონა იყო. მარაგები შემცირდა 59 ათასი ტონით, მისმა წარმოებამ შეადგინა 10,05 მლნ ტონა, რაც 1,6%-ით ნაკლებია გასულ წელთან შედარებით.
ნიკელზე მაღალი ფასები წარსულს ჩაბარდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მომავალ წლებში რეალისტური ფასი იქნება ტონაზე 15 ათასიდან 17 ათას დოლარამდე. ნიკელის საბადოების ამოწურვის გამო თანდათანობით უფრო რთულდება მისი მისაღებ ფასად ყიდვა, ამიტომ ნიკელი უახლოეს წლებში ძვირი ეღირება, მაგრამ ის არ გადააჭარბებს 2007 წლის ფასს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩინეთში, ინდოეთში და სხვა აზიურ ქვეყნებში მოხმარება გაზრდილია. მსოფლიო ბაზარზე პლატინის დეფიციტმა 2008 წლის ბოლომდე შესაძლოა 7,5 ტონას მიაღწიოს და მიწოდება 4,2%-ით შემცირდეს.
სააგენტო “ბლუმბერგის” ინფორმაციით, 2009 წელს პირველად 1999 წლიდან მოყოლებული, დაბალი მოთხოვნის გამო ჩინეთში რკინის მადნის იმპორტი შესაძლოა მკვეთრად შემცირდეს. მომავალ წელს იმპორტმა შეიძლება მხოლოდ 400 მლნ შეადგინოს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რკინის მადანსა და კოკსზე მოთხოვნა 2009 წელს შემცირდება და ამ ტიპის ნედლეულზე ფასები დაიკლებს.
ექსპერტთა ნაწილის აზრით, 2009 წელს მთლიანობაში რკინის მადანზე ფასის ზრდა ზომიერი იქნება, სავარაუდოდ 10%-ის ფარგლებში. მაგრამ ფასების პროგნოზი მომავალი წლისთვის ჯერ გაურკვეველია. როგორც ამბობენ, ამ ბაზარზე 2010 წლამდე დაძაბული სიტუაციაა მოსალოდნელი.
პური ჩვენი არსობისა
2008-2009 მარკეტინგულ წელს ხორბლის მსოფლიო წარმოება მიაღწევს 676,3 მილიონ ტონას. გასული წლის დაბალმოსავლიანობის გამო, ხორბლის მწარმოებელმა ბევრმა ქვეყანამ გააფართოვა ხორბლის ნათესები და შედეგად ეს იქნება ყველაზე უხვმოსავლიანი წელი ბოლო 4 წლის მანძილზე. ხორბლის მსოფლიო მარაგები წინა წელთან შედარებით 21,4 მილიონი ტონით გაიზრდება. მომავალ წელს, როგორც ვარაუდობენ, უხვი მოსავალი იქნება კანადაში, ევროკავშირის ქვეყნებში, რუსეთსა და უკრაინაში. განსაკუთრებული ზრდაა მოსალოდნელი ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც ზრდა იქნება 143,7 მილიონი ტონიდან 147,19 მილიონამდე. ორწლიანი გვალვის შემდეგ ავსტრალია მნიშვნელოვნად გაზრდის თავის ექსპორტს 14 მილიონ ტონამდე, მხოლოდ ახალი წლიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, როცა ბაზარზე ავსტრალიური ხორბლის ახალი მოსავალი შემოვა. უახლოეს თვეებში ხორბლის ბაზარზე დიდ გავლენას იქონიებს აშშ-ში ხორბლის ნათესების მდგომარეობა. როგორც ვარაუდობენ, აშშ-ში წარმოება 67 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც წინა მარკეტინგულ წელთან შედარებით 10,8 ტონით მეტია. წარმოების ასეთმა ზრდამ ხორბლის ფასზე ნეგატიური გავლენა იქონია, რომელიც მნიშვნელოვნად შემცირდა ფიუჩერსულ ბაზრებზე ნავთობისა და ოქროს ფასების შემცირების ფონზე.
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პურ-პროდუქტებზე ფასი სავარაუდოდ არ მოიმატებს. გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO-ს პროგნოზით, უხვმოსავლიანობის გამო ხორბალზე ფასების ცვალებადობა მოსალოდნელი არ არის. მაგალითად, თუ შარშან ამ პერიოდისთვის ხორბლის ფასი 400-460 დოლარამდე იყო, ახლა 300-370 დოლარის ფარგლებში მერყეობს. დღეს საქართველოში საწყობებში 1 ტომარა ფქვილის ფასი 40-41 ლარამდეა შემცირებული. შესაბამისად, ჩვენთან ფასები ფქვილსა და ხორბალზე სტაბილურია და მისი გაძვირება მოსალოდნელი არ არის.
ამის მიუხედავად, გარკვეული კატეგორიის პურ-პროდუქტებზე ფასები მაინც გაიზარდა. მაგალითად, ქართული შოთის პური 5 თეთრით გაძვირდა და 65 თეთრი ღირს. ამის მიზეზი კი, როგორც მწარმოებლები განმარტავენ, აგვისტოდან ენერგომატარებლების 35%-ით გაძვირებაა.
დანარჩენ პროდუქტებზე წამყვანი მსოფლიო ბანკების პროგნოზით, მომავალ წლებში შემდეგნაირი ფასები იქნება: იხილეთ ცხრილები #5,6,7,8,9,10.

მანქანა, ბინა და კარგი ცხოვრება წარსულში დარჩა?
აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მონაცემებით, კრიზისის დაწყებამდე ამერიკული ოჯახების 40% უფრო მეტ ფულს ხარჯავდა, ვიდრე გამოიმუშავებდა, საშუალოდ ყოველი ამერიკელი გამომუშავებულ 1 დოლარზე 1,2 დოლარს ხარჯავდა. დღეს აშშ-ს მოქალაქეს საშუალოდ 13 საკრედიტო ვალდებულება აქვს, რაც პირველ რიგში არის: იპოთეკური, ავტომანქანის და განათლების. 2008 წლის დასაწყისისთვის თითო ამერიკელის ვალი საშუალოდ 16,5 ათას დოლარს შეადგენს.
აშშ-ის იპოთეკური ბაზრის კრიზისი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაიწყო. მშენებლობის ინდუსტრიაში რამდენიმეწლიანი გაძვირების შემდეგ ჭარბმა წარმოებამ ჯერ კიდევ 2007 წლის ზაფხულის პერიოდში საცხოვრებელი ფართების ფასების უმნიშვნელო დაცემა გამოწვია. აღმოჩნდა, რომ სუბპრიმე ტიპის (მსესხებლების მკაცრი შერჩევის გარეშე) იპოთეკური კრედიტების წილმა ამერიკული იპოთეკის მთლიანი მოცულობის (12 ტრილიონი დოლარი) 10%-ს მიაღწია. აღმოჩნდა, რომ იპოთეკური კრედიტების ბანკებისთვის დაბრუნება უფრო მომგებიანი გახდა არა ფულის, არამედ გირაოში ჩადებული უძრავი ქონების სახით. ამან დამატებითი ბიძგი მისცა აშშ-ში უძრავ ქონებაზე ფასების დაწევას. დაღმასვლის საშუალო მაჩვენებელმა ერთი წლის განმავლობაში 15%-ს მიაღწია.
ადრე რუსეთში იპოთეკური სესხით ბინის ყიდვა სავსებით შესაძლებელი იყო, მაგრამ დღეს ბანკები უკვე შეუძლებელს ითხოვენ – 30% წლიური, თანაც საპროცენტო განაკვეთი შემდეგშიც გადასინჯვას ექვემდებარება.
მოსკოვში ბოლო თვეების განმავლობაში უძრავ ქონებაზე ფასები 3-4%-ით დაეცა. ეს ეხება ძირითადად ძვირადღირებულ ბინებს და რადგანაც ბოლო წლების მანძილზე პირველად გაიაფდა ცემენტი – სამშენებლო ბიზნესის ძირითადი საშუალება, არ არის გამორიცხული, რომ საცხოვრებელი სახლების ფასებმა კვლავ იკლოს. შესაძლოა მოვლენები სხვა სცენარითაც განვითარდეს: იმ მოტივით, რომ სამშენებლო ბაზარი არ ჩამოიშალოს, შეიძლება მშენებლებმა შეაჩერონ აშენებული ფართების რეალიზაცია. თუმცა მათ ბოლო წლების მანძილზე იმხელა მოგება ნახეს, რომ შესაძლოა 6-12 თვე ბაზრის გაყინვა უფრო გონივრული და ნაკლებმტკივნეული იყოს.
საქართველოში 2008 წლის აგვისტოს თვიდან მსხვილი და საშუალო დეველოპერების გაყიდვების რაოდენობა სულ მცირე 70-75%-ით დაეცა, ხოლო წლის დასაწყისიდან მოყოლებული – 30-35%-ით. იპოთეკური სესხების გაცემა წლების განმავლობაში საკმაოდ იოლი და იაფი პროცედურა იყო, დღეს კი გართულდა. ექსპერტები აცხადებენ, რომ ბანკების მხრიდან პირობების გართულება სწორი გადაწყვეტილება იყო, რამაც სისტემის სტაბილიზაციასა და განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი. როგორც ამბობენ, დღეს სამშენებლო ბიზნესში გაბერილი ფასებია და მათი დაწევა აუცილებლად უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამორიცხული არ არის, რომ ისინი გაკოტრდნენ. ამიტომ გადარჩენის მიზნით მათ უნდა დაწიონ ფასები. მშენებლები აცხადებდნენ, რომ სამშენებლო მასალების სიძვირის გამო ისინი ამას ვერ გააკეთებდნენ, მაგრამ ფასებმა ამ პერიოდისთვის მაინც დაიწია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ფასების კლების ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ბაზარი ჯერ გაჯერებული არ არის. თითქმის ყველა მოქალაქეს დღეს საბინაო პირობების გაუმჯობესება სურს და როგორც ამ საქმის მცოდნენი ამბობენ, ახლანდელი ფასების შემცირება მხოლოდ საბაზრო პროცესების მექანიკური შეფერხების შედეგი და დროებითი მოვლენაა.
მსოფლიო საავტომობილო ბაზარიც სირთულეებს წააწყდა. კრიზისმა მტკივნეულად შეუტია ავტომწარომოებლებს ამერიკაში, ევროპაში, იაპონიაში. ზრდის ტემპი ყველგან მცირდება.
იმის გამო, რომ კრედიტი მალე შეიძლება ხელმიუწვდომელი გახდეს, 2009 წლისთვის მოსალოდნელია, რომ მსოფლიო საავტომობილო ბაზარმა კრახი განიცადოს. ანალიტიკოსების პროგნოზით, ყველგან მკვეთრად შემცირდება ავტომობილების გაყიდვები, ხოლო ამერიკაში ლიზინგისა და ავტოკრედიტების მიღების პირობების ცვლილებების გამო ამ ბაზრის კრიზისი გარდაუვალია. გარდა ამისა, მკვეთრად დაეცა ავტომწარმოებელთა აქციების ფასი. როგორც ვარაუდობენ, აშშ-ში 2009 წელს გაყიდვები შემცირდება 13,6 მილიონიდან 13,2 მილიონამდე. ჩინეთში გაყიდვები გაიზრდება მხოლოდ 9,7%-ით, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 24,1% იყო. ევროპაში გაყიდვები შემცირდება 3,1%-ით, დასავლეთ ევროპისთვის ეს მაჩვენებელი უფრო დიდი იქნება – 7,5%. უკრაინაში, რუსეთსა და ყაზახეთში ყოველი მეორე მსურველი ავტომობილს კრედიტით ყიდულობდა, ამიტომ კრიზისი აქაც აისახება. მოსკოვის ავტოსალონებში თუკი ჯერ კიდევ ზაფხულში დილერები ნახევარი წლით ადრე რიგში წერდნენ მოსკოვში საკმაოდ პოპულარული ავტომობილის “ფორდ ფოკუსის” ყიდვის მსურველებს, ახლა ეს უკვე საჭირო აღარ არის. შემდეგი ნაბიჯი სავარაუდოდ, დეკემბერ-იანვარში მსუბუქი ავტომობილების ფასის მასიური კლება იქნება.
ისეთ ავტოგიგანტებს, როგორიცაა Chrysler, General Motors და Ford უკვე პრობლემები შეექმნათ და 25-მილიარდიანი დახმარებისთვის სენატს მიმართეს. მათი თქმით, დაკრედიტებაში შეფერხებებისა და საქონელზე მოთხოვნის მკვეთრი შემცირების გამო ისინი ფაქტიურად საბრუნავი ფულის გარეშე დარჩნენ და გაკოტრების პირას არიან. სენატი თხოვნის განხილვას იმ პირობით დათანხმდა, თუ 2 დეკემბერს დიდი სამეული სენატს თანხების გახარჯვის გეგმას წარუდგენს.