აზიას უმუშევრობა ემუქრება

თინათინ ბაზერაშვილი

მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები 2012 წელს მსოფლიოში ეკონომიკურ რეცესიას პროგნოზირებენ. ბრიტანელი ეკონომისტების ვარაუდით, რეცესია გარდაუვალია, მათი შეფასებით, მომავალ წელს ევროპაში მოსალოდნელია წარმოების ვარდნა და ზრდის ტემპების შემცირება. 2011 წლის შედეგებიდან გამომდინარე, მსგავსი პროგნოზი გასაკვირი არ არის. სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, გასული წლის განმავლობაში ინვესტორებმა მსოფლიო საფონდო ბირჟებზე 6,3 ტრილიონი დოლარი დაკარგეს, მსოფლიო ბიზნესის კაპიტალიზაცია კი 12,1%-ით შემცირდა და 45,7 ტრილიონ დოლარამდე დაეცა. ევროპის ცენტრალური ბანკის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ევალდ ნოვოტნის განცხადებით, ევროზონა “რბილი რეცესიის” რისკის ქვეშაა.

ეკონომიკური კრიზისმა ევროზონა ევროს გაუქმების საფრთხის წინაშე დააყენა. სერიოზული საშიშროება ემუქრება გერმანიასაც.TNS Emnid-ის მიერ ჯერ კიდევ სექტემბერში ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, გერმანელთა ნახევარზე მეტს ევროს გაუქმება და ეროვნულ ვალუტაზე დაბრუნება სურდა. ევროპის ერთიანი ვალუტის გაუქმების საფრთხემ ევროპის ლიდერები სერიოზულად დააფიქრა.
გერმანიის კანცლერის განცხადებით, გერმანია არ დაუშვებს ევროს გაუქმებას, მისი თქმით, თუ რომელიმე ქვეყანა ევროს ბრუნვიდან ამოიღებს, ამით ევროზონას სერიოზულ საფრთხეს მიაყენებს. გერმანელი ექსპერტთა ნაწილი ევროს გაუქმებას მხარს უჭერს, ნაწილის განცხადებით კი ევროს გადასარჩენად ევროპულ ბანკს პრობლემური ობლიგაციების ყიდვა უნდა დაევალოს, შემდეგ ევროზონის პრობლემური ქვეყნების ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ევროკომისიის კონტროლი დაწესდეს და ცვლილებები შევიდეს ევროკავშირის კანონმდებლობაშიც. გერმანელი პოლიტიკოსისა და ბუნდესთაგის წევრის, თეო ვაიგელის თქმით კი, ევროს სერიოზული საფრთხე, პირველ რიგში, საბერძნეთში ელის.
მართალია, ევროზონამ 2011 წლის ივლისსა და სექტემბერში 0,2%-იანი ზრდა განიცადა, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვეა ევროპაში ეკონომიკური ზრდა არ შეინიშნება, რაც მსოფლიო წამყვან ეკონომისტებს საიმედო პროგნოზების გაკეთების საშუალებას არ აძლევს. სარეიტინგო სააგენტომ 9 ევროპულ ქვეყანას შეუმცირა რეიტინგები. Standard & Poor’s-მა საფრანგეთის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით, ААА-დან АА+-მდე შეამცირა. ასევე შემცირდა ავსტრიის რეიტინგი, იტალიის რეიტინგმა А-დან ВВВ+ მდე დაიწია, ესპანეთისამ კი AA- დან А-მდე ნეგატიური პროგნოზით, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ამ ქვეყნების მაჩვენებლები კიდევ გადაიხედება. ერთი საფეხურით გაუუარესდათ რეიტინგი მალტას, სლოვენიას და სლოვაკეთს, ორი პუნქტით კვიპროსს და პორტუგალიას. იგივე დარჩა გერმანიის, ნიდერლანდების, ფინეთის, ლუქსემბურგის, ბელგიის და ირლანდიის რეიტინგები, თუმცა ნეგატიური პროგნოზით.
სააგენტოს ექსპერტთა შეფასებით, ევროზონის ქვეყნები არასაკმარის ნაბიჯებს დგამენ რეგიონში კრიზისის მოსაგვარებლად. ევროპელი ლიდერები ამერიკულ სააგენტოს შეფასებებს არც ამჟამად იზიარებენ (ისევე როგორც ევროპის სტაბილურობის ფონდის რეიტინგის განსაზღვრს შემთხვევაში) და აცხადებენ, რომ ევროპამ დამოუკიდებელი სარეიტინგო სააგენტოები უნდა შექმნას და არ უნდა დაეყრდნოს ამერიკულ სააგენტოებს. Standard Poor’s-ის გადაწყვეტილებას ევროზონის 15 ქვეყნიდან 9-სთვის რეიტინგის შემცირების შესახებ მცდარი უწოდა ევროკომისიამაც. საპასუხოდ, S&P-ის პრეს-მდივანმა მარტინ უინმა უარყო მოსაზრება, იმის შესახებ, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება, შესაძლოა, პოლიტიკური მოტივებით იყოს ნაკარნახევი და საკუთარი ორგანიზაციის საერთაშორისო რეპუტაციას გაუსვა ხაზი. მის თქმით, სააგენტოს გადაწყვეტილება გამოხატავს მისი ექსპერტების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ევროზონის ქვეყნების ხელმძღვანელთა ინიციატივები არ არის საკმარისი კრიზისის ნეგატიური შედეგების კომპენსაციისთვის. რეიტინგების შემცირების ძირითადი ფაქტორები დაკრედიტების პირობების გაუარესება, ევროზონის სულ უფრო ბევრი ქვეყნისთვის რისკების გაზრდა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირება და ევროკავშირის ლიდერებს შორის კრიზისის გადალახვის საერთო ხედვის არარსებობაა.
მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ ევროზონის ლიდერების საპასუხო გამოსვლებმა თავის შედეგი გამოიღო. Standard & Poor’s-ის მიერ ევროზონის ქვეყნებისთვის რეიტინგების შემცირება ბაზრებისთვის თითქმის შეუმჩნეველი დარჩა. ინვესტორები, რომლებიც ამ მოვლენას უკვე რამდენიმე კვირაა ელოდებოდნენ, კმაყოფილნი დარჩნენ პოლიტიკოსების განცხადებით იმის შესახებ, რომ სიტუაცია მათი კონტროლის ქვეშაა. რეიტინგების შოკისმომგვრელ შემცირებებს საფონდო ბაზრებზე პანიკა არ გამოუწვევია. პირიქით – ძირითადმა ევროპულმა ინდექსებმა ვაჭრობა მწვანე ზონაში დაასრულეს და საშუალოდ 0,5-0,6%-ით მოიმატეს. ინვესტორები დაამშვიდა ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებმა იმის შესახებ, რომ ქვეყნების რეიტინგების ეს შემცირება არანაირად არ აისახება ფინანსური სტაბილიზაციის ევროპული ფონდის EFSF-ის პოზიციებზე.
პარიზმა ინვესტორებს საკუთარი პოზიციების სიმყარე საქმით დაუმტკიცა: ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ რეიტინგების შემცირებიდან რამდენიმე დღეში მოკლევადიანი სახელმწიფო ვალდებულებები გაყიდა. 8,6 მილიარდი დოლარის საერთო მოცულობის ინსტრუმენტები ვაჭრობის მონაწილეებმა რამდენიმე წუთის განმავლობაში შეიძინეს. შედეგად, წლიურმა განაკვეთმა 0,406% შეადგინა, რაც წინა ემისიაზე მცირე მაჩვენებელია, როდესაც საფრანგეთი უმაღლეს რეიტინგს ფლობდა. საფრანგეთისა და ავსტრიის მიერ რეიტინგის დაკარგვა არ ასახულა მათი ობლიგაციების დინამიკაზე მეორად ბაზარზე. საფრანგეთის ათწლიანმა ქაღალდებმა საპროცენტო განაკვეთი რეიტინგის შემცირებამდე პერიოდის დონეზე (3,07%) შეინარჩუნეს. ავსტრიის ობლიგაციების მომგებიანობა კი მხოლოდ ერთი საბაზისო პუნქტით, 3,17%-მდე გაიზარდა.
მიუხედავად ამისა, ბებერი კონტინენტის ფინანსური მდგომარეობა კვლავ ძალიან სახიფათოა. რთული ეკონომიკური სიტუაციის გამო ევროპული ქვეყნების ხელისუფლებები მკაცრად გააკრიტიკა ამერიკელმა ფინანსისტმა ჯორჯ სოროსმაც. ევროზონაში არსებული კრიზისის გაღრმავებაში ბრალი მან პირადად გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელსაც დასდო. ამერიკელი ფინანსისტი ევროს კრახს პროგნოზირებს. სოროსი მიიჩნევს, რომ ეს მსოფლიო ფინანსური სისტემისთვის კატასტროფა იქნება. მისივე შეფასებით, ევროს კრიზისი მსოფლიოსთვის უფრო სერიოზულია, ვიდრე 2008 წლის ეკონომიკური კრიზისი იყო, რადგან არსებობს ძალიან დიდი ალბათობა იმისა, რომ ევროს კრიზისი ჯაჭვური რეაქციით გავრცელდება მთელ მსოფლიოში.
მაგალითად, აზიის რეგინოსათვის უმთავრეს რისკად დღეს ევროზონის კრიზისი მიიჩნევა, რომელიც ბანკებსა და ევროპის მონეტარული სისტემის ერთიანობას საფრთხეს უქმნის. მიმდინარე კრიზისი არის მთავარი დაბრკოლება აზიაში წარმოების განვითარებისთვის. გლობალურ ბაზრებზე მსგავსი სისტემური შოკი იწვევს შიდა ზრდის მექანიზმების მოშლას ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ინდოეთი და ჩინეთი.
გარდა ამისა, ფინანსურ ორგანიზაციებში პერსონალის შემცირების გლობალური ტენდენცია აზიასაც მისწვდა, რომელიც ჯერ კიდევ ახლახანს ბევრი ბანკისთვის განვითარების პრიორიტეტული მიმართულება იყო. საქმიანი აქტივობის შემცირება და კომპანიების მოგების კლება ბანკების ხელმძღვანელობებს აიძულებს, არა მხოლოდ ხარჯები შეამცირონ, არამედ მთელი განყოფილებები დახურონ და ახლახანს აყვანილი თანამშრომლები გაათავისუფლონ. უმსხვილესი ევროპული და ამერიკული ბანკები აზიაში ხარჯების შემცირების გზებს ეძებენ. საუბარია როგორც წარმომადგენლობითი ხარჯების შეკვეცაზე, ისე თანამშრომლების მასშტაბურ შემცირებაზე, რასაც აქამდე დასავლური კომპანიები წარმატებით არიდებდნენ თავს. Bank of America, Merrill Lynch-ი მიმდინარე კვარტალში რეგიონში მმართველი დირექტორების 20%-ით შემცირებას აპირებენ.
მანამდე ერთ-ერთი აზიური განყოფილების დახურვის შესახებ ჩრედიტ შუისსე-მა განაცხადა. გამონაკლისი არც ავსტრალიური Macquarie Group-ი გახდა, რომელმაც თანამშრომლების ნაწილი დაითხოვა. ანალოგიურ ზომებს მიმართა Morgan Stanley-მ და ესპანურმა BBVA-მ, რომლებიც გასული წლის შუა ხანებამდე რეგიონში საკუთარ რესურსს აქტიურად ზრდიდნენ.Dealogic-ის მონაცემებით, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში აქციების პირველადი განთავსების მოცულობა გასულ წელს 169 მილიარდი დოლარიდან 84 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
Standard & Poor’s-ის მიერ ევროზონის 9 ქვეყნისთვის რეიტინგების შემცირების ფონზე, აზიის საბირჟო ინდექსებიც დაეცა. კერძოდ, იაპონური Nikkei 1,6%-ით გაუფასურდა. ტაივანური ინდექსი კი 0,8%-ით შემცირდა, მიუხედავად მოქმედი პრეზიდენტის მეორე ვადით არჩევისა, რაც, ანალიტიკოსების აზრით, დადებითად უნდა ასახულიყო ეკონომიკის მდგომარეობაზე.
გამომდინარე იქიდან, რომ ევროზონის კრიზისი აზიიდან ექსპორტის შემცირებას გამოიწვევს, აზიური ვალუტები ერთმანეთის მიყოლებით უფასურდებიან. სათავეში კი ტაილანდური ბატია. იანვრის შუა რიცხვებისათვის Bloomberg-JPMorgan Asia Dollar ინდექსი დაეცა და ტაილანდური ბატი ბოლო 17 თვის მანძილზე ყველაზე მეტად გაუფასურდა. დაეცა MSCI აზია წყნარი-ოკეანის სააქციო ინდექსი.
“ევროპის ვალების კრიზისის გამო შეშფოთება ინვესტორთა შორის სულ უფრო ძლიერდება, ისინი რისკის გაწევას ერიდებიან, ეს უნდობლობა კი უარყოფითად აისახება აზიური ექსპორტისა და აზიური ვალუტების პერსპექტივაზე” – ამბობს ჰიდეკი ჰაიაში, ტოკიოში იაპონიის ეკონომიკის კვლევითი ცენტრის ექსპერტი. მიმდინარე წლის დასაწყისში ერთმანეთის მიყოლებით გაუფასურდა ტაილანდის, ბანკოგის, ფილიპინების და სამხრეთ კორეის ვალუტები.
“წინ არის მნიშვნელოვანი მოვლენები, განსაკუთრებულ ცვლილებებს ველით იტალიისა და ესპანეთისაგან, ასევე სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ქმედებებისგან, ამიტომაც ვალუტით მოვაჭრეებს არ გვსურს ზედმეტ რისკზე წასლა” – აცხადებს სეულში არსებული კორეის სამრეწველო ბანკის სავალუტო დილერი ლი იანგ ჰიუნი.
აზიური ეკონომიკა
2011-2012 წლების მიჯნაზე, აზიის ქვეყნები ეკონომიკები განვითარების სხვადასხვა ტენდენციებით ხასიათდებიან. მალაიზიის ექსპორტი და წარმოება ნოემბრის ბოლოსთვის ბოლო ოთხი თვის განმავლობაში იზრდებოდა ნელი ტემპებით, ფილიპინების ექსპორტი კი ბოლო 7 თვის განმავლობაში მცირდებოდა. სინგაპურის მთავრობის მიერ გამოთქმული ვარაუდის თანახმად, 2011 წლის 5%-იანი ზრდისა და რეცესიის შემდგომი 2010 წლის 14.5%-იანი მნიშვნელოვანი წინსვლის მიუხედავად, 2012 წელს ეკონომიკური ზრდა 1%-დან 3%-მდე შემცირდება.
იაპონიამ, შესაძლოა, ევროზონის ბედი გაიზიაროს, თუკი ფინანსური სისტემის გაჯანსაღებაზე დროულად არ იზრუნებს. ასეთი განცხადებით ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ძიუნ აძუმი გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ იაპონურ ბანკებში ევროპის ფასიანი ქაღალდების წილი შედარებით მცირეა და ევროპის რამდენიმე ქვეყნის რეიტინგის შემცირების ნეგატიური გავლენა იაპონიის ეკონომიკაზე მოსალოდნელი არ არის. ანალიტიკოსების უმრავლესობა ქვეყნის ფინანსურ მდგომარეობას კრიტიკულად არ აფასებს. თუმცა მთავრობა ამზადებს ზომებს, რომლებიც სამომხმარებლო გადასახადის გაორმაგებას და სოციალური დაზღვევისა და საპენსიო რეფორმის განხორციელებას ით-ვალისწინებს.
ინდოეთის რუპია ბოლო პერიოდში მყარდება. წარმოება ინდოეთში 2011 წლის ნოემბერში გასული წლის ნოემბერთან შედარებით 5.9%-ით გაიზრდა, მაშინ, როცა ოქტომბერში 5.1%-იანი კლება იყო დაფიქსირებული. ექსპერტთა შეფასებით, ნოემბრის წარმატებული შედეგები განაპირობა ინდოეთის სარეზერვო ბანკის ქმედებამ, რომელმაც ნოემბრის დასაწყისში 2.92 მილიარდი აშშ დოლარის უცხოური ვალუტა გაყიდა. მაშინ როცა რუპია მკვეთრად ეცემოდა. ოქტომბერში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 943 მილიონი აშშ დოლარი იყო.
ჩინეთის ვალუტა ნელ-ნელა უფასურდება. დეკემბრიდან მოყოლებული იუანი დოლარის მიმართ 0.38 პროცენტული პუნქტით გაიუფასურდა. შეგახსენებთ, რომ 1994 წლის მერე, იუანის ყველაზე დიდი თვიური გაუფასურება დაფიქსირდა 2010 წლის აგვისტოში, 0.48 პროცენტული პუნქტით. სა-მომხმარებლო ფასების ინდექსი ჩინეთში 2011 წლის დეკემბერში 2010 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.1%-ით გაიზრდა.
მიუხედავად ამ ტენდენციებისა, იუანი პოზიციების მსოფლიოში ნელ-ნელა იმყარებს. ლონდონმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა იუანით ვაჭრობის უმსხვილეს ცენტრად გადაქცევისკენ. ასეთმა ტრანსფორმაციამ ბრიტანეთის დედაქალაქი, შესაძლოა, ევროზონისგან ნაკლებად დამოკიდებული გახადოს ადგილობრივ ბანკებში ტანზაქციების გაზრდისა და ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნის გზით. სპეციალური შეთანხმება ამ თემაზე 18 იანვარს, ჰონგკონგში იქნა მიღწეული დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრ ჯორჯ ოსბორნსა და ჰონგკონგის მთავარ ფინანსურ მარეგულირებელს ნორმან ჩანს შორის. მხარეებმა მოილაპარაკეს სპეციალური ბრიტანულ-ჩინური ფორუმის შექმნაზე, რომლის მიზანიცაა საკლირინგო სისტემების შექმნის საუკეთესო გზების მოძებნა, იუანში ნომინირებული ფინანსური ინსტრუმენტების შემუშავება და ამ ბაზარზე ლიკვიდურობის გაზრდა. სავარაუდოდ, “მრგვალი მაგიდა” წელიწადში ორჯერ შეკრებს ფინანსური სექტორის ისეთ მსხვილ წარმომადგენლებს, როგორებიცაა HSBC, Standard Chartered, Bank of China, Deutsche Bank და Barclays. ჩინეთში ოსბორნის ვიზიტი პეკინსა და ლონდონს შორის სექტემბერში მიღწეული შეთანხმების გაგრძელებაა.
ჩინეთისთვის ფინანსურ პარტნიორად ლონდონის და არა, მაგალითად, ნიუ-იორკის შერჩევა, შემთხვევითი არ არის: ბრიტანული ბანკების პოზიციები აზიაში ტრადიციულად ძლიერია. 2010 წელს შტანდარდ ჩჰარტერედ-მა ისტორიაში პირველად, იუანში ნომინირებული, უცხოური კომპანიის ობლიგაციების ემისია განახორციელა. მაშინ McDonalds-მა წლიური 3%-ის განაკვეთით 30 მილიონი დოლარის მიღება შეძლო.
ლონდონის აღმოსავლურმა ორიენტაციამ, შესაძლოა, არსებითად გაამყაროს მისი პოზიციები პლანეტის უმსხვილესი ფინანსური ცენტრების სიაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის ფინანსური იზოლაციის საფრთხის ფონზე, რისი მიზეზიც არის ლონდონის უარი, შემოიღოს გადასახადი ფინანსურ ტრანზაქციებზე. “ჰონგკონგთან საქმიანი ურთიერთობები ლონდონს შესაძლებლობას მისცემს, გააფართოვოს ჰორიზონტები და ნაწილობრივ მაინც გათავისუფლდეს ევროზონაზე დამოკიდებულებისგან. ამას, შესაძლოა, თავისებური დივერსიფიკაცია ვუწოდოთ. აქ ბევრი რამ ჩინურ მხარეზეა დამოკიდებული, რომელიც, როგორც ჩანს, ძალიან პოზიტიურადაა განწყობილი ასეთი პროექტისადმი და მზადაა ამ წამოწყებაში ლონდონს მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს”, – აცხადებს Societe Generale-ის უფროსი ეკონომისტი, ბრაიან ჰილარდი.
ჩინეთის სახალხო ბანკის მონაცემებით, იუანში საერთაშორისო სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად დაახლოებით 330 მილიარდ დოლარს შეადგენს. კიდევ 17,5 მილიარდი ჩინურ ვალუტაში ნომინირებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე მოდის. Chatham House-ის შეფასებით კი, უკვე 2020 წლისთვის იუანში საერთაშორისო სავაჭრო ბრუნვა ტრილიონ დოლარს მიაღწევს.
რაც შეეხება 2012 წლის პროგნოზს, მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა. ბანკის ექსპერტთა შეაფსებით, გლობალური ეკონომიკა 2012 წელს 2,5%-ით გაიზრდება. მანამდე მსოფლიო ბანკი ვარაუდობდა, რომ მსოფლიო ეკონომიკა წელს 3,6%-ით გაიზრდებოდა. ბანკმა 2013 წლის პროგნოზიც შეამცირა – 3,6-დან 3,1%-მდე. განვითარებადი ქვეყნების მშპ 5,4%-ით გაიზრდება და არა 6,2-ით, როგორც მსოფლიო ბანკი მანამდე პროგნოზირებდა. განვითარებულ ქვეყნებში კი ეკონომიკის ზრდა მხოლოდ 2,4%-იანი იქნება.
მსოფლიო ვაჭრობის მოცულობა 2012 წელს 4,7%-ით მოიმატებს, მანამდე კი ბანკი 6,6%-იან ზრდას ვარაუდობდა. გლობალური ეკონომიკისთვის ძირითად საფრთხეებად კი ბანკი ევროზონის კრიზისსა და მსოფლიო ფინანსური სისტემის მოწყვლადობას ასახელებს. ევროპის სავალო კრიზისი პირველად 2010 წელს გამოიკვეთა, როდესაც დეფოლტის ზღვარზე საბერძნეთი აღმოჩნდა. ქვეყნის სახელმწიფო ვალი მშპ-ის 130%-ს შეადგენდა. მიუხედავად ევროკავშირის მიერ მიღებული ზომებისა, მალე დარტყმის ქვეშ სხვა ევროპული ქვეყნები აღმოჩნდნენ.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial