თანამედროვე ბიზნესის ზეგავლენა ეკოლოგიურ გარემოზე

თეიმურაზ შენგელია, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის კათედრის გამგე.

თანამედროვეობის უმნიშვნელოვანესი სოციალური პრობლემა არის ბიზნესის მავნე ზეგავლენის შესუსტება ეკოლოგიურ გარემოზე. ბიზნესის ეთიკური ნორმები უნდა აისახოს ამ უმნიშვნელოვანეს სფეროშიც. კომპანიები ხშირად ზემოგების მიღების მიზნით, არღვევენ ეკოლოგიურ წონასწორობას, რითაც ქმნიან წინაპირობებს გაკოტრებისათვის. ამის მაგალითია, აშშ-ს კომპანია – “bizfoz nobel ink”, რომელიც აწარმოებდა საღებავ ნივთიერებებს. ამასთან, საწარმოო ნარჩენები გაჰქონდა იქვე არსებულ ტყის მასივში, რომელიც ასევე მისი საკუთრება იყო. როდესაც ეს ფაქტი გამოვლინდა, კომპანიას დაევალა ამ ნარჩენებისაგან ტყის მასივის გაწმენდა, რაც მას 60 მილიონი დოლარი დაუჯდა. კომპანიის წლიური ბრუნვა შეადგენდა 30 მილიონ დოლარს, რის გამოც ის გაკოტრდა.

როგორია კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგები? ესენია: მისი საფინანსო კრახი, დამატებითი უმუშევრობა და ბიზნესის სხვა მავნე სოციალური შედეგები. ამასთან ტყის მასივი დარჩა დაბინძურებული, რადგანაც მისი გასუფთავება მთავარი დამნაშავის მიერ ვერ მოხერხდა. ამდენად ამ სიტუაციაში არ არსებობს გამარჯვებული, ერთნაირად იზარალა საზოგადოებამაც და მწარმოებელმაც.
ტოქსიკური ნარჩენები არ არის ბუნებრივი გარემოს დაბინძურების ერთადერთი წყარო. დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის აგრეთვე ატმოსფეროს ჰაერის დაბინძურება. ისეთ მაღალგანვითარებულ ქვეყნებშიც კი როგორიცაა აშშ, ინგლისი, საფრანგეთი, 3-დან 2 მოქალაქე ყოველდღიურად სუნთქავს ჰაერს, რომელიც არ შეესაბამება ეკოლოგიურ ნორმებს, ყოველივე ეს იწვევს ყოველწლიურად 50 ათასი ადამიანის ნაადრევ სიკვდილს2.
საქართველოში მდგომარეობა გაცილებით მძიმეა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელმა ცენტრალურ ქალაქებში, განსაკუთრებით კი თბილისში, კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, რაც განპირობებულია ავტომანქანებში არასტანდარტული არაეკოლოგიური საწვავის (მძიმე მეტალების მაღალი შემცველობის) რეალიზაციამ, რომელიც ადამიანებში იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს და სხვა თანდაყოლილ ანომალიებს.
უკანასკნელ წლებში მსოფლიოში, განსაკუთრებით ამერიკაში და ევროპაში, აღინიშნება შეშფოთება ატმოსფეროს დაბინძურების გამო. ჰაერის დაბინძურება ადამიანთა სიკვდილიანობის ძირითადი რისკ-ფაქტორი გახდა. ერთ ადამიანზე ევროპაში 36 კგ მყარი შეწონილი ნაწილაკები მოდის, ხოლო NO2-ის პოტენციური ზემოქმედების ქვეშ იმყოფება ევროპის მოსახლეობის 25%.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ მყარი შეწონილი ნაწილაკებით (PM) დაბინძურებული ჰაერის გამო, ყოველწლიურად მსოფლიოში ნაადრევად იღუპება 800 ათასი, ხოლო ევროპაში 290 ათასი ადამიანი. XX საუკუნის ბოლოს აშშ-ში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეულმა ზარალმა 18 მლრდ დოლარი შეადგინა, ინგლისში – 250 მლნ ფუნტი-სტერლინგი, იაპონიაში – 200 მლნ იენი. ამიტომაც ეს პრობლემა პრიორიტეტულია მსოფლიოს ქვეყნებისათვის. ის აისახა მრავალ საერთაშორისო პროგრამაში, რომელთა შორის მნიშვნელოვანია მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ევროპის რეგიონში მიმდინარე “ჯანმრთელობა – 21.” ამ პროგრამის მე-10 ამოცანის შესაბამისად, 2015 წელს რეგიონის მოსახლეობისათვის უნდა შეიქმნას უსაფრთხო ფიზიკური გარემო3.
საქართველოს რელიეფური პირობები, წინა წლებში ქვეყნის ტერიტორიაზე აშენებული საწარმოების არარაციონალური განლაგება, პარალელური ავტოსატრანსპორტო მაგისტრალები, გზის საფარის და ავტოტრანსპორტის არადამაკმაყოფილებელი ეკოლოგიური მდგომარეობა და სხვა განაპირობებდა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასა და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არასასურველ ზეგავლენას.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2007 წლის მონაცემებით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაში ლიდერობენ: სს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა (34,9%); შპს ბათუმის ნავთობტერმინალი (16,5%); სს კასპიცემენტი (11,2%); სს რუსთავცემენტი (7,7%). მთლიანობაში ეკონომიკის სხვადასხვა სექტორიდან მავნე ნივთიერებათა გამოფრქვევაში პირველ ადგილზეა ნახშირჟანგი (CO-39%); მეორეზე – მეთანი (CH4-21,6%); მესამეზე – ნახშირწყალბადი (CH- 20,5%); მეოთხეზე – მყარი ნაწილაკები (6,3%)4.
ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვები მოიცავეს 200-ზე მეტ მავნე ნივთიერებას. კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, დიზელის ძრავის გამონაბოლქვი უფრო ძლიერ კარცენოგენულია, ვიდრე ბენზინის ძრავის.
2006-2008 წლებში ჩატარებული გამოკვლევების თანახმად, თბილისის ცენტრალურ პროსპექტებზე მანქანების გამონაბოლქვში ტყვიის კონცენტრატები 1,5-1,7-ჯერ აჭარბებდა დადგენილ ჰიგიენურ სტანდარტებს, ამის გამო მოსახლეობის სისხლში ტყვიის რაოდენობა აღემატებოდა დასაშვებ ნორმას (10მ კგ/100მლ) ორჯერ (21,1 მ კგ/100მლ-ზე).
ჰაერის დაბინძურების ყველაზე მძიმე ფორმა ეს არის აირები, რომლებიც წარმოიშობა ნახშირწყალბადზე მზის სხივების ზეგავლენით (ეს არის გაზები, რომლებიც წარმოიშობა ბუნებრივი სათბობების წვის პროცესში), მეორე ფორმა ეს არის მჟავე წვიმები, როდესაც აზოტის მჟავა შედის რეაქციაში ჰაერთან და წარმოქმნის მჟავე წვიმებს, რომლებიც ანადგურებენ ეკოლოგიურ გარემოს. ეს ნივთიერებანი წრმოიქმნება იმ საწარმოებში, რომლებიც იყენებენ საწვავად ქვანახშირს5.
დღეისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის დედამიწის ირგვლივ არსებული ოზონის დამცავი შრის შეთხელება, რომელსაც იწვევს ქლორფტორნახშირწყალბადი. ეს არის ნივთიერება, რომელიც გამოიყენება სამაცივრო დანადგარებში გამაცივებელი ნივთიერების სახით, აგრეთვე მას შეიცავს დეზოდორები და სამრეწველო სპრეები. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ოზონის შრის შემდგომი შეთხელება გამოიწვევს დედამიწაზე ტოტალურ დათბობას, რისი ტენდენციაც უკვე შეინიშნება. ამის მაგალითი 2005 წლის ზაფხულის სიცხეებია, სადაც ტემპერატურა 40-43 გრადუსს აღწევდა.
მსოფლიოში მსხვილი კომპანიები ყოველწლიურად ატმოსფეროში უშვებენ 2,7 მლნ ფუნტის ოდენობის ქიმიურ ნარჩენებს, რომელსაც ემატება კომპანიების მიერ ატმოსფეროს დაბინძურება. ამ ნივთიერებათა დიდი ნაწილი კარცენოგენული თვისებების მატარებელია6.
მსოფლიოს ერთ-ერთი ურთულესი პრობლემა დღეს წყლის დაბინძურებაა. მთელ რიგ მსხვილ ქალაქებში ისეთი სასმელი წყლის უმწვავეს დეფიციტს განიცდიან, რომელიც მოხმარებისათვის ვარგისია. ასეთი პრობლემაა მოსკოვში და სხვა ქალაქებში. აშშ-ის მეცნიერთა გათვლით, ტბების და მდინარეების 10% დაბინძურებულია. ეს პრობლემა საწარმოების მიერ მდინარეებში და ტბებში ნარჩენების უსისტემო ჩაღვრის შედეგად შეიძლება გამწვავდეს. საქართველოში ბოლომდე არ არის განსაზღვრული საწარმოების მხრიდან ნარჩენების წყალში ჩაღვრის მონიტორინგის და უმკაცრესი დაცვის მექანიზმი. ეს ეხება ბაქო-სუფსის ნავთობსადენს და ტერმინალს, სადაც ნავთობის ზღვაში გაჟონვის ფაქტები დაფიქსირდა. საქართველომ, როგორც ათასწლეულის დეკლარაციის ხელმომწერმა მხარემ, ეროვნული განვითარების სტრატეგიაში ათასწლეულის განვითარების უზრუნველყოფის ვალდებულება აიღო, ეს აისახა 1991 წლის ლონდონის მესამე ევროპული კონფერენციის ოქმის – “წყალი და ჯანმრთელობა” ხელმოწერაში. ამ დოკუმენტის მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის წყლის ხარისხის და მომარაგების სტრატეგიის მთავარ მიზანს წარმოადგენს 2015 წლისათვის ყველა ოჯახის უზრუნველყოფა ხარისხიანი სასმელი წყლით.
ქვეყნის მოსახლეობისათვის ცენტრალიზებული წყალსადენის სისტემით მოწოდებული წყლის ხარისხზე ჩატარებული გამოკვლევები ცხადყოფს, რომ საქართველოს მოსახლეობისათვის მიწოდებული წყალი არ შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტებს. ქვეყნის ქალაქებისა და რაიონების 34%-ის ცენტრალური წყალმომარაგების სისტემის დამაბინძურებელ კომპონენტებს შეადგენს: ამიაკი (7,6%), ნიტრატები (6,0-7,1%), ტოქსიკური ნივთიერებები (2,5%). ამ მიზეზების გამო სხვადასხვა ინფექციებით დაავადებულ ავადმყოფთა მკურნალობა 2003-2006 წლებში სახელმწიფოს დაუჯდა: შიგელოზით – 34258-დან 310774 ლარამდე, დიარეით – 186220-დან 391368 ლარამდე, A – თი ჰეპატიტის 3410893-დან 89943770 ლარამდე7.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის ნიადაგის დაბინძურება მავნე ნივთიერებებით, რომელიც ჯანმრთელობისათვის ფარული საფრთხეების მატარებელია. საქართველოში საბჭოურ პერიოდში იქმნებოდა მავნე ნარჩენების სამარხები, რომლის მდგომარეობის და მონიტორინგის პრობლემა თანამედროვეობაში ეჭვის ქვეშ დგას. მავნე ნივთიერებები, როგორც წესი, მიწაში არსებული მიწისქვეშა წყლებში შერევის მეშვეობით იწვევს ეკოსფეროს დაბინძურებას, რაც საბოლოო ჯამში აისახება ადამიანების უმძიმეს დაავადებებში.
ეკოსისტემის დაბინძურების პრობლემები განსაკუთრებით მწვავედ დადგა XX საუკუნის 60-იანი წლებიდან, როდესაც ეკოლოგიამ ანუ მეცნიერებამ ბუნების შესახებ, მოიპოვა პოპულარობა. თანამედროვე პირობებში საქართველოში ფუნქციონირებს რამდენიმე ათეულობით ეკოლოგიური კანონი, რომლებიც არეგულირებენ ბუნებისა და ბუნებრივი რესურსების დაბინძურების ნორმებს ქვეყანაში. ამ მხრივ ეფექტურად ფუნქციონირებს ეკოსისტემაზე ზედამხედველობის პოლიციური მექანიზმიც, რომელმაც ბოლო წლებში ძირეული ცვლილება განიცადა.
ამასთან ერთად, თანამედროვე ცივილიზებური ბიზნესის სამყარო გადადის ეკოლოგიური ზედამხედველობის პირდაპირი დიქტატურის მეთოდებიდან, საბაზრო მართვის მექანიზმებზე კვოტის გაყიდვის. ამ მხრივ საინტერესოა აშშ-ს გამოცდილება, სადაც ცალკეულ კომპანიებს მიეცათ ეკოლოგიური დაბინძურების უფლება. მეთოდი მდგომარეობს შემდეგში: კომპანიებს ეკოლოგიური ზედამხედველობის ორგანოები უმტკიცებენ დასაშვები დაბინძურების კვოტებს, რომლებიც დამოკიდებულია კომპანიის წარმოების ტიპზე და მასშტაბებზე. თუ კომპანია ნებაყოფლობით ამცირებს ეკოლოგიური დაბინძურების დონეს ამ ლიმიტზე დაბლა, მას ეძლევა შესაძლებლობა კვოტის დარჩენილი ნაწილი მიყიდოს სხვა კომპანიას. დღეს უკვე სერიოზულად განიხილება დაბინძურების უფლებების ეროვნული ან მსოფლიო ბაზრის შექმნის საკითხი, რადგანაც უკანასკნელი ასტიმულირებს კომპანიებს, უფრო სწრაფად გაატარონ ეკოლოგიური რეფორმები8.
ეკოლოგიური დაბინძურებისადმი თანამედროვე მიდგომა ითვალისწინებს იმას, რომ ეკოლოგიური დაცვის საკითხებზე დანახარჯები კომპანიებმა უნდა შეუდარონ შედეგებს. ამაში მდგომარეობს ინოვაციათა სოციალურ-ეკონომიკური ეფექტიანობის დადგენის მეთოდიკაც9.
კომპანიების საქმიანობის მრავალი სახეა საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი, ამასთან ერთად, ისინი მიიღწევიან ეკოლოგიური დაბინძურების ხარჯზე. რაში მდგომარეობს გადაწყვეტილებათა ალტერნატივა? ხანგრძლივ პერსპექტივებზე ორიენტირებული პრობლემის გადაწყვეტა მდგომარეობს იმაში, რომ შევუქმნათ ბიზნესს ის მაორიენტირებელი მოტივები და შესაძლებლობანი, რომ მან დააკმაყოფილოს საზოგადოების ეს დუალისტური მიდგომები მოთხოვნის დარგში.
დღეისათვის ყველაზე პერსპექტიული მიმართულება, რომელსაც იყენებენ კომპანიები, არის არა ის, რომ არა თუ ვებრძოლოთ ეკოლოგიური დაბინძურების შედეგებს, არამედ გამოვავლინოთ ამ დაბინძურების მიზეზები და მოვახდინოთ მათი დროული ნეიტრალიზება, რაც ალტერნატიული, ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების დანერგვით მიიღწევა. ასე მაგალითად, კომპანია “M3” 1975 წლიდან ახდენს დაახლოებით 1500 პროდუქტის რეალიზებას, რომლებიც მიმართულია ეკოლოგიური დაბინძურების წინააღმდეგ. ამან კომპანიას მოუტანა დაახლოებით 1 მილიარდ დოლარამდე მოგება10.
ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტა, ამ სფეროში საზღვარგარეთ დაგროვილი გამოცდილების გაზიარება, ერთობ მნიშვნელოვანია დღეს, რადგანაც საქართველოს უნიკალური ეკოგარემოს განადგურება აუნაზღაურებელ ზარალს მიაყენებს არა მარტო დღევანდელ, არამედ მომავალ თაობებს , ჩვენს გენოფონდს.