უმაღლესი განათლება – როგორ, სად და რამდენად

მარიამ შათირიშვილი

ჩვენი შვილები, ჩვენი ნაფერები, სიმწრით ნაზარდი და არსებობის ტოლფასი არსებები ბოლო ზარის შემდეგ პირველ ნაბიჯებს გადადგამენ ცხოვრებაში. გადადგამენ, მაგრამ საით?

სანამ პარლამენტის კულტურის და განათლების კომიტეტი განათლების კანონზე მსჯელობს კარტოზიასთან ერთად და შეხლა-შემოხლაში გამარჯვებულს ავლენს (არკვევს თუ რა არის პოეზია), უკვე მთავრობას განათლების მუშაკთა 10%-ით შემცირება გადაუწყვეტია და ჩვენი შვილები განათლებიდან განათლების გარეშე გამოუშვა. და მაინც, რა ღირს განათლება საქართველოში და რამდენად ხელმისაწვდომია იგი უბრალო მოქალაქეებისათვის და რამდენად საჭიროა მათთვის?”.

საქართველოში მიმდინარე რეფორმებს შორის განათლების სისტემის რეფორმა ერთ-ერთი ყველაზე უფრო მტკივნეულია, როგორც ფინანსური, ისე ფსიქოლოგიური ფაქტორებიდან გამომდინარე. საბჭოთა კავშირის დროინდელი საყოველთაო უფასო განათლება, ალბათ, მალე ნოსტალგიურ მოგონებად დარჩება და დასავლეთში უკვე ტრადიციული ძვირი სიამოვნება ჩვენთანაც ტრადიციად იქცევა. ეს არსებულ პირობებში ქართველების უმაღლესი განათლებისადმი ძლიერი სურვილის ფონზე, შეიძლება ტრაგედიადაც იქცეს. გვესაუბრება პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ნოდარ ამაღლობელი.

– ძნელია, საბჭოთა კავშირის დროინდელ განათლებაზე ისაუბრო. ერთი მხრივ, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ძალზე დამძიმებული იყო მაშინდელი განათლების ინფორმაციული ნაწილი და მოსწავლეს შედარებით ნაკლებ ადგილს უტოვებდა შემოქმედებითი აზროვნებისათვის. მეორე მხრივ, თუ მიღწეულ შედეგებს გადავხედავთ, განათლების სისტემამ გაწეული მუშაობის შედეგად, უძლიერესი სამეცნიერო სკოლები შექმნა. რაც შეეხება ჩვენს განათლებას, ჩვენც იმ დიდი იმპერიის შთამომავალნი და ნამსხვრევები ვართ. ამიტომ, წარმოდგენებიც დღემდე ძველებურია. ახლა ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ადგილი დავუთმოთ შემოქმედებით და თვითანალიზის ნაწილს. ხანდახან ეს დილეტანტიზმში გადადის და ცოდნის მიღება აუცილებელი მინიმუმის ხარჯზე ხდება. თავს ვიტყუებთ, თითქოს შემოქმედებით ნაწილზე გადაგვაქვს გარკვეული დრო, თუმცა, მიღებული განათლება, განსაკუთრებით დღევანდელ სკოლაში, არ არის ისეთი, როგორსაც თანამედროვეობა მოითხოვს. დღეს ყველაფერს პირადი შესაძლებლობები განსაზღვრავს და სწორედ ამან უნდა აამაღლოს კონკურენტუნარიანობა. ცენტრალური ბიუჯეტი სისტემის დაფინანსებას თავის თავზე ვერ იღებს და განათლების დაფინანსების ძირითადი ნაწილი ადგილობრივ ბიუჯეტზე მოდის. განათლების კანონი, რომელიც 1997 წელს შეიქმნა, ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა საქართველოში საგანმანათლებლო სივრცის შექმნისა. არ შეიძლება ყველაფერი ადგილობრივ ბიუჯეტზე დავტოვოთ. მდგომარეობა ნაწილობრივ სწორდება ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერების სახით, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. კანონი შექმნილია, მაგრამ დასახვეწი, რაც მარტო ცარიელი სიტყვებით არ სრულდება. კანონის დახვეწას ფინანსები და რეფორმების გატარება დასჭირდება. ეს პროცესი ქვეყანაში სრულად ვითარდებოდა.

– მიუხედავად ფინანსური კრიზისისა, დღეს საქართველოში უამრავი უმაღლესი სასწავლებელია, თუმცა, მომზადების დონით ისინი ვერ დაიკვეხნიან…

– ქართველების დიდი სურვილი – მიიღონ უმაღლესი განათლება, აისახება სოკოებივით მომრავლებული უმაღლესი სასწავლებლებით. ქართველისთვის ყოველთვის კარგად იყო ცნობილი, რომ თუ ერი მსოფლიო ცივილიზაციის განვითარების პროცესში არ მონაწილეობს, დიდი დღე არ უწერია. უკეთეს შემთხვევაში, თუ გაგიმართლა, შეიძლება წითელ წიგნში მოხვდე გადაშენებულ ერთა შორის, ანდა ზოოპარკის ბინადართა ბედი გაიზიარო. ცივილიზაციის განვითარების პროცესს საფუძვლად უდევს სამეცნიერო-ფუნდამენტური კვლევები და გარკვეულ დონეზე მიღებული განათლება. აუცილებელია, უწყვეტობა, რადგან ვერც მეცნიერება და ვერც განათლების განვითარება წყვეტას ვერ იტანს. იკარგება ინფორმაცია, თაობა და შემდგომი თაობის აღმზრდელები აღარ რჩებიან. ერს ყველაფრის თავიდან დაწყება უხდება. ჩვენი ქვეყანა ხშირ შემოსევებს განიცდიდა. პოლიტიკურად სტაბილურ ქვეყნებში კი სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრები იქმნებოდა. როგორც კი ჩვენში მდგომარეობა სტაბილური ხდებოდა, იწვევდნენ მეცნიერებს და განათლების პროცესი გრძელდებოდა. ამიტომ ქართველს გენის დონეზე ჩამოუყალიბდა მოთხოვნილება განათლებისა და მეცნიერებისადმი. დღესდღეობით, განათლების სისტემა ბიზნესის წყაროდ იქცა. გაიხსნა 250-მდე უმაღლესი სასწავლებელი. განათლების კანონი ამ დაწესებულებათა აკრედიტაციას ითვალისწინებს, ანუ სახელმწიფოსაგან მათდამი ნდობის განხორციელებას. თუ ნდობის ფაქტორი არ არსებობს, იქიდან გაცემული სერტიფიკატი სახელმწიფო სამსახურში არ მიიღება. დღემდე კანონის ეს მოთხოვნა განუხორციელებელი რჩება იმის გამო, რომ ეს რეფორმების ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია და ფინანსები სჭირდება. ამ წლის ბოლოდან აკრედიტაციას გაივლიან არა მარტო კერძო, არამედ სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლებიც, რომლებიც ასევე საკმაოდაა.

– დასავლეთში, როგორც ბრძანეთ, განათლება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. რამდენად რეალურია, რომ საქართველოში გარდა უმაღლესი სასწავლებლებისა, დღევანდელი სახელმწიფო სასწავლებლები, თუნდაც უნივერსიტეტი, მთლიანად ფასიანი გახდეს?

– ჩვენ, ალბათ, ამას ვერ ავცდებით, მაგრამ ეს იქნება შემოსავლების ზრდის პარალელურად. დღეისათვის ამის განხორციელება შეუძლებელია, თუ სახელმწიფომ არ გამოყო კონტინგენტი უფასო სწავლებისთვის, თუ არ აიღო თავის თავზე პასუხისმგებლობა. ჯერჯერობით, ჩვენი მოსახლეობის შემოსავალი მიზერულია.

– და მაინც, ვერ ავცდებით ტრადიციულ დილემას – სჭირდება თუ არა საქართველოს ამდენი უმაღლესდამთავრებული და ამდენი კადრი?

– მე ამ საკითხს ასე არ ვუდგები. ჩვენ ყოველთვის გვჭირდება განათლებული მოსახლეობა. განათლებული პიროვნება ყოველთვის უფრო სრულყოფილი ადამიანია. უფრო ადვილად იშოვის სამსახურს. ჩვენ განათლების სფერო ისე უნდა შევცვალოთ, რომ საერთაშორისო შრომის ბაზარზე გამარჯვების საშუალება მოგვეცეს. ამას ახერხებენ: მათემატიკოსები, ფიზიკოსები, საბუნებისმეტყველო განათლების მქონე ადამიანები, რადგანაც ჩვენთან მიღებული განათლება მაღალი ხარისხისაა და თანაც, საფუძვლიანი. განათლება საჭიროა არა მარტო იმისათვის, რომ პური ჩვენი არსობისა მოვიპოვოთ, არამედ ჩვენი სრულყოფისთვისაა აუცილებელი. ამიტომ, ადამიანს ყოველთვის უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ სრულყოს თავისი პიროვნული თვისებები. ამის საშუალებას სახელმწიფო თავის მოქალაქეს უნდა აძლევდეს.