კრიზისის სიმფონია და კაკაფონიის მოლოდინი

ემზარ ჯგერენაია

საოცარი ქვეყანაა ეს საქართველო – აქ უნიკალური ხალხი ცხოვრობს. ერთხელ რამეს იტყვიან და ამ თეზას გამუდმებით ჯიქურ იცავენ. ერთმა ჩემმა სტუდენტმა ჩემი კოლეგა პროფესორის შესახებ მიამბო, რომელიც თურმე ლექციაზე ამტკიცებდა,რომ დამატებული ღირებულების გადასახადი პირდაპირი გადასახადიაო. ჩემი სტუდენტი, ჯვარელია პროფესორს უმტკიცებდა – “არა კაცო, არაპირდაპირი გადასახადიაო.”

პროფესორი შეუვალი იყო! – “როგორ გეკადრება, მე არ ვიცი?! პირდაპირია, ორგანიზაციაში რამე თანხა რომ შემოვა, ეგრევე დამატებული ღირებულების გადასახადს გაჭრიან!!!” – ამტკიცებდა თურმე ის. ხოო… განა არ იცოდა, რომ იდეაში ასე არაა, მაგრამ, ალბათ, ეს ჩემი კოლეგა დღგ-ზე გაბრაზებული იყო, ან ერთხელ თქვა და მერე გაჯიუტდა – პრინციპის ამბავია! მესმის მისი. ანდა, ემპირიულად ასე ჩანდა და ღრმა დედუქციის მეთოდი აღარ გამოუყენებია. მარკესისა არ იყოს, საგვარეულო ხაზს ატარებდა და ერთგულად იცავდა! პატარა იყო და სიღრმეში არ, ან ვერ ჩავიდა. ეს ნაციონალური ხასიათის შტრიხია!
ერთხელ ვთქვით, რომ ჩვენთან კრიზისი არ არის და მორჩა, ვაწვებით პირველ ჩვენებას. დიდი ხნის წინ ვწერდით ჩვენს ჟურნალში, რომ 2009 წლის გაზაფხულზე მშენებლობის ბიზნესი ჩამოგვეშლებოდა და ზაფხულში არგადახდებისა და დავალიანებების კრიზისი დაიწყებოდა, მაგრამ არა! მშენებლები ჯიუტად აცხადებდნენ, რომ “კრიზისი არ არის და არც იქნებაო, სამშენებლო ბიზნესი ყვავისო!” კაცო, მთელი მსოფლიო კრიზისიშია, განსაკუთრებით, სამშენებლო სექტორი და რაღა აქ ყვავის და დგას მყარად?
ციფრების სიბრტყეზეც ისე დაიძაბა სიტუაცია, რომ სტატისტიკა გადაიწვა და ახლა “მაზერბორდგანადგურებულ” სტატისტიკას აღსადგენად გადატვირთვას ვუპირებთ, მაგრამ მეხსიერება გადარჩა. ჰოი, საოცრებავ!!! ერთ მშვენიერ დღეს მაინც გატყდა ქართული ხასიათი და ვიღაცამ დაიყვირა – მშენებლობა ინგრევა და უშველეთ, მაგრამ ეს ბანკების ბრალიაო. ემპირიულად ასეა – ბავშვი ფულს რომ გაფლანგავს, ტოტალიზატორში დადებს, ნოზაძისა და კაპანაძის მსგავსად (ესენი ჩემი უზარმაცესი ემპირიულ-ზედაპირულ-ზერელე-ზრდილობიანი სტუდენტები არიან) და მერე მშობელს მიადგება – “ფული რომ გესესხებინა, მეტ ვარიანტს დავდებდი და სადმე გავარტყამდიო!” ისე, რას ერჩი ნოზაძეს, არის აქ ჭეშმარიტების მარცვალი. ფაქტი ისაა, რომ მშენებლობის ბუშტი სკდება! გაგიჟდები, შარდის ბუშტი გამიგონია, საფრენი ბუშტიც გამიგონია და “დედას ბუშტიც”, მაგრამ ემპირიაშიც კი ვერ წარმომიდგენია მშენებლობის ბუშტი. უცებ წარმოვიდგინე: ოცსართულიანი შენობის სიდიდის შარდის ბუშტი გასკდა, რას წალეკავდა შარდი – ქვეყანას?! საზოგადოებას სრული ტოქსიკაცია ელოდება! თანამედროვე ეკონომიკური ტერმინოლოგიით ამას ფსკერის გამოჩენა ჰქვია. მთავარია ფსკერი ჩანდეს, ახლა მთელი მსოფლიო კრიზისის ფსკერს ეძებს, მერე ის მაინც გვეცოდინება, რა გველის და როდემდე. ფსკერზე დევს რაღაც, რაც მიგვანიშნებს სადამდე და საით. ქართველი ერის ჭკვიანობა და უნიკალობა იმითაც გამოიხატება, რომ ჩვენი დიდი წინაპარი შორეულ წარსულში ფსკერის თეორიას ქმნიდა! ბაზალეთის ტბის ძირში მუდამ ვეძებდით რაღაცას! დიდი გამოცდილება გვაქვს, როგორც ემპირიაში, ასევე ფსკერის ძიებაში. სულიკოს მსგავსად, ჯერ ფსკერი ვერ ვნახეთ, მაგრამ პროცესში გაწაფულები ვართ. მთავარი ერთია, ბაზალეთის ტბა შემოფარგლულია მისი პერიმეტრებით, რაც გინდა იწვალო, მას ვერ გასცდები – ეს არის სრული რესურსი. ამას ფინანსებში ეჯუორთის ყუთი ჰქვია და მისი მთავარი თეზა ის არის, რომ ერთის ინტერესების დაკმაყოფილება მეორის დათრგუნვის ხარჯზე ხდება და ამას პარეტო ეფექტიანობა ეწოდება. ანუ ბაზალეთის ტბა იგივეა, რაც ეჯუორთის ყუთი.
დადგა დრო, რომ კრიზისის პარამეტრები ვაღიაროთ და ისიც, რომ რეალური კრიზისის პირველ აკორდს – დო-ს მშენებლობა აიღებს, ხოლო რე-ს მომწოდებლები სამწუხაროდ ბანკები იქნებიან, რომლებიც ამ აკორდს მორიდებულად და ნაზად აიღებენ, როგორც ჩვევიათ, სენსეტიურად. მი – იქნება მრეწველობა და შემდეგი – დეფიციტი ინფლაციასთან ერთად. სანამ ეს აკორდები რიგისობით, ჰარმონიულად იჟღერებს, სიმფონია ქვეყნის ეკონომიკაში ასატანი იქნება, რაც ზაფხულამდე გასტანს. შემდეგ… შემდეგ მოვა ის უნიჭო “უხილავი ხელი”, ყველა კლავიშს ერთდრულად ჩამოჰკრავს და… რა იქნება? – ემპირიულად კაკაფონია, მეცნიერულად ეჯუორთის ყუთის მოშლა, პიარი სცენაზე – ბუშტის გასკდომა, ხოლო სახალხო ენაზე იქნება იმ ხალხის ტრაგედია, რომელსაც ბანკში მისი გაკოტრებული მშენებლობის ბიზნესის ვალის გამო დაიბარებენ და სახლ-კარს გაუყიდიან. ასევე, დავალანებების კასკადი მთელ საზოგადოებაში – დეველოპერი, სამშენებლო კომპანია, ბანკი, მოსახლეობა.
დროა, გაზაფხულივით შევიცვალოთ, ბუნებასავით ფერი ვიცვალოთ და ვაღიაროთ ეჯუორთის ყუთის პრობლემები, ნუ გავჯიუტდებით. შევქმნათ მეხამრიდი სახელმწიფო პროგრამა. არა მგონია კაკაფონიის მოსმენა ადვილი ასატანი იყოს და… ემპირიაში სჯობს ხასიათის ცვლილება. ხასიათია მთავარი, თორემ განა არ ვიცით, როგორია დღგ და ეჯუორთის ყუთამდე ბაზალეთის ტბის თეორია რომ გვქონდა ქართველებს. უბრალოდ, აბსცისა და ორდინატი არ გვქონდა დაფიქსირებული; დროა დავაფიქსიროთ.
საოცარი ხალხი ვართ ქართველები. ემპირიულად კარგები, ხასიათით პოლიფონიურები ვართ და კაკაფონიისა არ გვეშინია, მაგრამ მთავარი მაინც ეჯუორთის ყუთი და პარეტო ეფექტურობაა!

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial