ნაბუკომ თავი ჩამოხრჩო

სოფო სიჭინავა

საქართველოს გეოპოლიტიკური უპირატესობა დნება – საერთაშორისო
ბაზარზე ფუნქიციას ვკარგავთ
90-იანი წლების ბოლოს, რუსეთის გააფთრებული წინააღმდეგობის მიუხედავად, დასავლეთის, განსაკუთრებით აშშ-ის დაჟინებული თხოვნით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი შედგა, რასაც სტამბულის სამიტი და რუსეთთან ხელშეკრულების დადება მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საქართველოდან ჯარებს გაიყვანდა.

საქართველოს სახელმწიფოებრიობას საფუძველი ჩაეყარა და საერთაშორისო ბაზარზე ქვეყანამ ფუნქცია შეიძინა. სახელმწიფო შედგა. ამის შემდეგ ნავთობის ფასები გაიზარდა, პუტინის რუსეთი გაძლიერდა და გამდიდრდა – იმპერიულმა გველეშაპმა გაიღვიძა, რუსეთი ისევ ის რუსეთი გახდა და ბუნებრივია, საქართველოს წინაღდეგ, მისი დამოუკიდებლობისა და დამოუკიდებელი საერთაშორისო პროექტების წინაღდეგ ომი დაიწყო. ბოლო 8 წელიწადია რუსეთი და პუტინი ამას საქმიანობენ.
ახალი მილსადენების პროექტების საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი გვაქვს, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგობის გამო, ერთიც ვერ ხორციელდება. რუსეთი საქართველოში ჯარების შემოყვანის შანსს გამალებული ეძებდა, რაც აგვისტოში წარმატებით გამოიყენა. შედეგად, საქართველოსთვის საჭირო პროექტები სულ უფრო იბლოკება. ნაქებმა და ნალოლიავებმა ნაბუკომ თავი ჩამოიხრჩო. მეხივით გავარდა ცნობა იმის შესახებ, რომ მარტის ბოლოს ავსტრიულმა კომპანია OMV-მ რუსულ “სურგუტნეფტგაზს” უნგრული კომპანია MOL-ის წილი მიჰყიდა და ჰოლდინგის უმსხვილესი აქციონერი გახდა (იხ. სქემა ერთი).

ეს ინფორმაცია საქართველოსთვის მეხივით იმიტომ გავარდა, რომ ამით სტრატეგიულ ობიექტზე კონტროლი დაიკარგა, რომელშიც – უნგრული კომპანიის წილში რუსებმა ორმაგი გადაიხადეს. MOL პროექტ ნაბუკოს ერთ-ერთი დამფუძნებელი კომპანიაა და, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, როგორი დამოკიდებულია ამ ენერგოკომპანიაზე უნგრეთის გადამდგარი თუ ახლანდელი ხელისუფლება, ერთი რამ ცხადი ხდება – ეს არის ნაბუკოს დასაბლოკად რუსეთის ხელში არსებული მნიშვნელოვანი ბერკეტი და ამიტომაც უღირს კოლოსალური თანხის გადახდა.
2006 წლის 26 ივნისის ხელშეკრულებით ავსტრიულმა OMV და უნგრულმა MOL, თურქეთთან, ბულგარეთთან და უნგრეთთან ერთად პროექტი ნაბუკო დააფუძნეს (იხ. საქართველოს ეკონომიკა 2008 #11, გვ.12). რუსეთმა პირველად გაზის მომწოდებლებზე – ყაზახეთსა და თურქემენეთზე ზეწოლით, პროექტის დაბლოკვა თავიდანვე სცადა, შემდეგ მის ძველ პარტნიორ თურქეთთან ერთად, პროექტის მონაწილეებზე გადავიდა და უნგრეთისა და ავსტრიის მოთაფვლა განიზრახა.
“სურგუნეფტგაზი”, რომელმაც მარტის ბოლოს ავსტრიული OMV-სგან MOL-ის აქციათა 21,2% 1,4 მლრდ. ევროდ შეიძინა, უნგრული ჰოლდინგის უმსხვილესი აქციონერი გახდა. “სურგუნეფტგაზმა” მრავალი წლის მანძილზე პირველად გადაწყვიტა ასეთი მსხვილი დამოუკიდებელი ინვესტიციის განხორციელება და ამით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა აღმოსავლეთი ევროპის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ მრეწველობაში შესასვლელად. აქამდე იგი ნავთობს ნავთობსადენ დრუჟბადან იღებდა და ინვესტიციები ხორციელდებოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში (უკრაინა, ბელორუსია), ან მცირე ნავთობგადადმამუშავებელ ქარხნებში (სერბეთი), ანდა იმ ქვეყნებში, რომლებიც ნავთობსადენ “დრუჟბას” ემსახურებოდნენ (რუმინეთი, ბულგარეთი). როგორც წესი, შერწყმა-შთანთქმის ფრონტზე სერიოზული გამარჯვებები დიდი ძალისხმევის შედეგად მიიღწევა. ეს გარიგებაც არ იყო გამონაკლისი. “სურგუნეფტგაზმა” თითქმის ორმაგი გადაიხადა და MOL-ის გაკონტროლების სურვილით თავი აიტკივა – სურგუნეფტგაზს აღნიშნული კომპანიის მენეჯმენტისა და ადგილობრივი მთავრობის მხრიდან დიდი წინააღმდეგობები შეხვდა.
უკვე აღვნიშნეთ, რომ გარიგებას კეთილგანწყობა არ მოჰყოლია. ჰოლდინგის წესდებაში სასწრაფო ცვლილებების შეტანას ჯიუტად ითხოვენ, რაც დირექტორთა საბჭოს უფლებებს გააფართოებს, მათი გადარჩევის პროცსს გაართულებს და ხმის დაკარგვის მუქარით, აქციების თუნდაც ორი პროცენტის მფლობელებს აიძულებს საკუთრების სტრუქტურა გახსნან. MOL-ის მენეჯერებმა ინიციატივა გამოთქვეს გადამოწმდეს “სურგუნეფტგაზსა” და OMV-ს შორის დადებული გარიგების კანონიერება. რუსეთის ელჩი ბუდაპეშტში, უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, მომავალი გეგმების წარდგენის მოთხოვნით დაიბარეს. ოპოზიციურმა მემარჯვენე კონსერვატიულმა პარტიამ (Fidesz) მმართველი სოციალისტები კოლაბორაციონიზმში დაადანაშაულა და დაიმუქრა, რომ ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემთხვევაში, ამ “ეკონომიკურ შეჭრას” შეაჩერებენ.
MOL-ის ისტორიაში ორი რამ არის მნიშვნელოვანი: უნგრელები ამ შერწყმას ასე ძლიერ რატომ ეწინააღმდეგებიან და რა დივიდენდებს უქადის რუსეთს ამ კომპანიის აქტივებისადმი ხელმისაწვდომობა.
გვაჩვენეთ რეგისტრაცია
MOL-ის (Magyar Olaj s Gazipari) ბიზნესის საფუძველი ნავთობპროდუქტების გადამუშავება და ვაჭრობაა, რასაც ჰოლდინგისთვის შემოსავლების 80% მოაქვს. ჰოლდინგის საკუთრებაა უნგრეთში მდებარე უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, სლოვაკური კომპანია შლოვნაფტ, იტალიაში არც ისე დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ბენზინგასამართი სადგურების დიდი ქსელი. კომპანიას ნავთობქიმიური აქტივებიც აქვს. MOL წელიწადში უნგრეთის საზღვრებს გარეთ 2 მლნ. ტონა ნავთობსაც მოიპოვებს. მისივე საკუთრებაა უნგრული 5 ათას კმ-იანი მაგისტრალური გაზსადენი, საიდანაც ჰოლდინგი წელიწადში 17,5 მლრდ. კბ.მ. გაზის ტრანსპორტირებას ახორციელებს. MOL-ის ბრუნვა 20,5 მლრდ დოლარია, რაც “სურგუნეფტგაზის ამონაგებს (2007 წელს 23 მლრდ. დოლარი) უპირისპირდება.
უნგრეთმა აღმოსავლეთი ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსადი საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის შემდეგ თავისი ეკონომიკა ტრანსნაციონალურ კომპანიებს, ან დასავლელ მსხვილ მოთამაშეებს ანდო, რაც სანავთობო აქტივებს არ შეხებია, თუმცა მათი პრივატიზება მოხდა. ასე რომ, უნგრეთის პოლიტიკურ წრეებთან მჭიდრო დაკავშირებულიMOL-ის ხელმძღვანელობა აქციონერული კაპიტალის ისეთი სტრუქტურისკენ მიისწრაფოდა, როგორიც კომპანიის კონტროლის შენარჩუნების საშუალებას მისცემდა. თუ რომელიმე აქციონერი ძლიერდებოდა, კომპანია ბაზარზე საკუთარ აქციებს ყიდულობდა და არალოიალურად განწყობილი აქციონერების პოზიციების შესასუსტებლად, მეგობრულად განწყობილ ინვესტორზე ყიდდა. მიზანს მხოლოდ ავსტრიული კომპანიის OMV-ის შემთხვევაში ააცდინეს, რომელმაც 2007 წლის ივნისში ჰოლდინგში წილი 20%-მდე გაზარდა და შერწყმასთან დაკავშირებით მოლაპარაკებაც დაიწყო. ავსტრიელებს გეგმით შვეხატში, OMV-ის საკუთრებაში არსებული ქარხანა და ბრატისლავის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ერთიან ნავთობგადამამუშავებელ კომპლექსად უნდა გარდაექმნათ, რაც OMV-ს საშუალებას მისცემდა აღმოსავლეთ ევროპაში უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შეექმნა და ნავთობპროდუქტების ადგილობრივ ბაზარზე წამყვან მოთამაშედ ქცეულიყო.
უნგრული ჰოლდინგის მენეჯმენტი ამ იდეას უარყოფითად შეხვდა და შეეცადა, მართვის სადავეები OMV-ს ხელში არ გადასულიყო. MOL-ის კერძო აქციონერების უფლებები შეზღუდული იყო (აქციების წილის მიუხედავად, ხმების მხოლოდ 10% ჰქონდათ), მაგრამ ეს სახელმწიფოზე არ ვრცელდებოდა. საქმე იქამდეც კი მიდიოდა, რომ აქციონერები ხმის უფლების გარეშე რჩებოდნენ, რადგან ბიუროკრატიული მექანიზმების გაძლიერების გამო, მათგან იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს ითხოვდნენ. გარდა ამისა, კომპანიის მენეჯმენტმა, ლოიალურად განწყობილი აქციონერების რიცხვის გასაზრდელად, დირექტორთა საბჭოს თანხმობის გარეშე ჰოლდინგში შემავალი სამი კომპანიის აქციები, OMV-ის აზრით, საკმაოდ დაბალ ფასად გაყიდა. როგორც OMVამტკიცებს, კონფლიქტის პიკში MOL-მა პროექტ “სამხრეთ ნაკადში” ჩართვის შესახებ განაცხადა, რომელიც OMV-ის მიერ ხელშეწყობილ პროეტ ნაბუკოს კონკურენტი იყო. ავსტრიულმა ჰოლდინგმა MOL-ის ხელმძღვანელობის ჩანაცვლება ვერ მოახერხა. მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ განაცხადა, რომ ნავთობისა და გაზის ორი ჰოლდინგის შერწყმა კონკურენციას შეზღუდავდა და საჭირო იყო აქტივების ნაწილის გაყიდვა, OMV-მ მაშინვე თავისი აქციების გამოსყიდვა გადაწყვიტა და პოტენციური მყიდველის ძიებას შეუდგა.
ხელიდან წაღლიტეს
მყიდველი ძალიან მალე გამოჩნდა. “სურგუნეფტგაზმა”, როგორც აღვნიშნეთ, აქციათა 21% 1,4 მლრდ. დოლარად იყიდა. მან თანხმობა განაცხადა MOL-ის აქციებში საბაზრო ღირებულებასთან შედარებით ორმაგი პრემია გადაეხადა. თუკი გავიანგარიშებთ რამდენი დაუჯდა “სურგუნეფტგაზს” ბარელი ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეები, მივიღებთ ციფრს, რომელიც ნავთობის ფასის პიკს უფრო შეესაბამება, ვიდრე დღევანდელ სინამდვილეს. თანაც, MOL-ის ფინანსური მაჩვენებლები თანდათან უარესდება და ძნელად წარმოსადგენია კომპანიის აქციები იმდენად გაძვირდეს, რომ მისი სარფიანი გადაყიდვა მოხერხდეს. ასეთი არამოგებიანი გარიგების კომენტარზე “სურგუნეფტგაზში” უარს აცხადებენ. ასე რომ, შესაძლოა მხოლოდ ვარაუდები გამოვთქვათ.
პირველი, რაც ადამიანმა შეიძლება იფიქროს ის არის, რომ ნავთობმომპოვებელმა “სურგუნეფტგაზმა” აღმოსავლეთი ევროპის ნავთობგადამუშავებაში ინტეგრირება მოახდინა. უცნაურია, რომ MOL-ს კომპანია ნავთობს ჯერ არც კი მიაწვდის (ამით “როსნეფტი” და “ლუკოილი” არიან დაკავებულები), თან აქტივების ინტეგრაციისა თუ მათი შესყიდვის საქმეში გამოცდილება საერთოდ არ აქვს. დღემდე “სურგუნეფტგაზს” ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობისადმი ინტერესი არ გამოუჩენია.
რაციონალურია ის აზრი, რომ “სურგუნეფტგაზის” მთავარი მიზანი MOL-ის ნავთობგადამამუშავებელი ბიზნესი კი არა, გაზის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი ქსელია, რომელიც შეიძლება “გაზპრომს” სარფიანად მიჰყიდოს.MOL-სა და “გაზპრომს” შორის გარკვეული მოლაპარაკებები მანამდეც არსებობდა და მეგობრული ურთიერთობებიც აკავშირებდათ. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ უნგრეთისთვის დამახასიათებელ ლავირების პოლიტიკას, მოლაპარაკებების შედეგად რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტის სრულყოფილად განხორციელება სათუო ხდება. თუკი “გაზპრომი” მაინც მოახერხებს MOL-ის გაზის ტრანსპორტირების ქსელი თავის კონტროლს დაუქვემდებაროს, ნაბუკოს პროექტს, უკრაინის გაზის ტრანსპორტირების ქსელის უკრაინულ-ევროპული მოდერნიზაციის გეგმასაც საბოლოოდ დაუსვამს ჯვარს.
თუკი, MOL-ის გაზის ტრანსპორტირების ქსელი ყველაზე მეტად “გაზპრომს” სჭირდება, MOL-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები “ლუკოილის” აქტივებს დაამშვენებდა, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ MOL-ს ნავთობს აწვდის და უნგრეთში ბენზინგასამართი სადგურების ქსელიც აქვს.
საჭიროა ანესთეზია
სანამ “სურგუნეფტგაზის” მიერ ნაყიდი აქციების სარფიანად გადაყიდვაზე ვმსჯელობთ, იგი შეძენილი პაკეტის სრულუფლებიანი მფლობელი უნდა გახდეს და დირექტორთა საბჭოში თავისი კანდიდატები წარადგინოს, რასაც უნგრეთის მხარე დიდ წინააღმდეგობას უწევს. იგივე პოლიტიკას იზიარებს ქვეყნის მთავრობაც. როგორც ექსპერტები ამბობენ, პოლონეთის მსგავსად, უნგრეთი თავის გეოპოლიტიკურ არასრულფასოვნების კომპლექსს ნაციონალური ნავთობკომპანიებით ივსებს. აღმოსავლეთ ევროპაში ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობა პოლიტიკური და ისტორიული სიმპათია-ანტიპათიის თემა უფროა, ვიდრე ეკონომიკური. ამიტომ, ნავთობის მთავარი მიმწოდებელი ქვეყანა – რუსეთი, აღმოსავლეთ ევროპაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების სიმძლავრეების მეოთხედს ფლობს, იყენებენ “დრუჟბას” და მასთან დაკავშირებულ მილსადენებს. რუსული კომპანიების ნიშას უნგრული MOL-ი და პოლონური Orlen-ი იკავებენ. რუსი ექსპერტები აღმოსავლეთი ევროპის ნაციონალური სანავთობე აქტივების რუსული კომპანიების ხელში გადასვლას წინასწარმეტყველებენ და ამ ქვეყნების წინააღმდეგობას იმ ჭირვეული ბავშვის რეაქციას ადარებენ, რომელსაც ხელიდან საყვარელ სათამაშოს ართმევენ.
“სურგუნეფტგაზი” ალბათ ჯერ MOL-ის მენეჯმეტის გავლენისგან თავისუფალ აქციონერებს დაარწმუნებს, რომ ჰოლდინგის მმართველობაში მათი მოსვლა ბიზნესის შემოსავლიანობას გაზრდის, შემდეგ კი ამას პრაქტიკულად განახორციელებს. როგორც ამბობენ, ნაციონალური ნავთობკომპანია MOL-ის არაეფექტურობის დამტკიცებას ბევრი არაფერი უნდა. შემთხვევითი არ არის, რომ აღმოსავლეთი ევროპის სხვა ქვეყნებმა ნავთობის ბიზნესის მსგავს მოდელზე უარი განაცხადეს: პატარა ბაზრისა და იაფი ნედლეულის არარსებობის გამო ეს ბიზნესი არა ნაციონალური მიღწევა, არამედ ადგილობრივი მონოპოლიისა და კორუფციის კერა ხდება.
თურქმენთსა და ბულგარეთში გამართული აპრილის ენერგო-სამიტები გაზის ისევ რუსეთის გვერდის ავლით ტრანსპორტირების მცდელობაა. მაგრამ, გაჩნდა ახლი კონკურენტი: 23 აპრილს თურქმენეთმა, ირანისა და რუსეთის პარალელურად, ჩინეთისა და ინდოეთისთვის გაზის ტრანსპორტირების ახალი პროექტი წარმოადგინა. პროექტი რუსეთის მიმართულებით გაზსადენის აფეთქებას უკავშირდება, როცა თურქმენეთმა გაზპრომს მილსადენის აფეთქებაში ბრალი დასდო. ამით რუსეთმა თურქმენეთს ნათლად დაანახა, თუ როგორ იოლად შეუძლია მისი გაკოტრება, თუ რუსეთის სრულ მორჩილებაში არ იქნება. ნაბუკოს შესახებ თურქმენეთს სიტყვაც კი არ დაუძრავს, ისევე როგორც ახალგამომცხვარ პროექტ თეთრ ნაკადზე”.
ნაბუკოს რუსეთის სახით ტრადიციული მტერი ჰყავს, რომელსაც მეგობრობა ახლა აზერბაიჯანმა შეჰფიცა. ალიევმა მედვედევს გაზის ჩრდილოეთ კავკასიაზე გატარების შესახებ თანხმობა მისცა, აზერბაიჯანი უკვე ბიზნესპარტნიორად მოიაზრება. ასევეა თურქეთი, რომელმაც პროექტში არა ტრანზიტად, არამედ ბიზნეს-პარტნიორად მონაწილეობის პრეტენზია წამოაყენა.
თვით პროექტის ინიციატორებს: ავსტრიასა და უნგრეთს მასში მონაწილეობა აღარ სურთ. გამოდის, რომ პროექტმა რუსეთის ზეწოლით თავი ჩამოიხრჩო და ახლა მხოლოდ შეერთებული შტატები ცდილობს გარდაცვლილი ნაბუკოს ლაზარესავით მკვდრეთით აღდგენას. ყოველ შემთხვევაში, ბულგარეთის ენერგო-სამიტი ამის მცდელობა იყო. თუმცა, აშშ-ს ევროპული ქვეყნები სულ უფრო ნაკლებად ემორჩილებიან, და აქედან გამომდინარე, გაზისა და ნავთობის უდიდეს პროექტებს საქართველო სულ უფრო შორდება. ერთი რამ ცხადია, სამეზობლო და სამოკავშირეო პოლიტიკაში გარღვევა გვჭირდება.