მსოფლიო საბრძოლველად ემზადება, საქართველოში უკვე ზეიმობენ

ალექსანდრა ლალიაშვილი

2009 წლის ნოემბრის დასაწყისში ფინანსისტთა ორი თავყრილობა ჩატარდა. “დიდი ოცეულის” ფინანსთა მინისტრების სამიტი სენტ-ენდრიუსში (შოტლანდია) და საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლების პრეზენტაცია ჟურნალისტებისთვის. ორივე შეხვედრაზე მთავარი განსასჯელი გლობალური ფინანსური რეცესია და მისი შედეგები იყო. თუმცა ამ ორ ყრილობას ერთმანეთისგან მაინც განარჩევდა შეკრების მიზანი. თუ “დიდი ოცეულის” ფინანსთა მინისტრებს თავ-პირი ჩამოსტირით და დღედაღამ რეცესიიდან თავის დაღწევის გზების ძიებაში არიან, ქართველი ბანკირები უკვე ზეიმობენ – აქ ხომ დიდი ხანია, გლობალური ფინანსური კრიზისი და მისი დამანგრეველი შედეგები დავიწყებას მიეცა.
შვიდ ნოემბერს შოტლანდიის ქალაქ სენტ-ენდრიუსში “დიდი ოცეულის”” ფინანსთა მინისტრები, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, შეჯერდნენ ერთ პოზიციაზე: სამიტის წევრები შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფოები იძულებულნი არიან, გარკვეული დროის განმავლობაში ეკონომიკის კერძო სექტორის დახმარება გააგრძელონ. სამიტის მონაწილეების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფინანსური და ეკონომიკური პირობები გაუმჯობესდა, თუმცა აღდგენა არათანაბრად მიმდინარეობს. დოკუმენტში ასევე გამოთქმულია შეშფოთება უმუშევრობის მაღალი დონის გამო. სამიტზე ისიც აღინიშნა, რომ აუცილებელია ეკონომიკური “თამაშის”” საერთო წესების შემუშავება და ბანკებსა და საზოგადოებას შორის შეთანხმების გაფორმება.
აშშ-ს ფინანსთა მინისტრ ტიმოთი გეიტნერის განცხადებით, რომელიც მან სამიტის მსვლეობისას გააკეთა, “ჯერ კიდევ ძალიან ადრეა, კრიზისის დასასრულის იმედი გვქონდეს. განვლილი კრიზისებიდან გამოსვლის დროს დაშვებული კლასიკური შეცდომა იყო კრიზისიდან თავის ჩქარა დაღწევის მოლოდინი და დახმარების ნაადრევად შეწყვეტა”.
აშშ-ს ფინანსთა მინისტრის სიტყვებს თუ დავუჯერებთ, საქართველოს მთავრობამ “კლასიკური შეცდომების” კასკადი მოაწყო. ხელისუფლებისთვის დღეს დამახასიათებელია სასურველის რეალობად გასაღება, სტატისტიკის დეპარტამენტისა და სხვა არასაიმედო მონაცემებით მანიპულირება. ამის გათვალისწინებით, ალბათ გასაკვრი აღარ უნდა იყოს გიორგი ქადაგიძის განცხადება საქართველოში ეკონომიკური კრიზისის დასრულების შესახებ.
ნოემბრის დასაწყისში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, წამყვანი ქართული ბანკების მენეჯერებთან ერთად, ჟურნალისტებს შეხვდა და “კრედიტინფოს”” “შავი სიის”” 290 ათასამდე წარმომადგენელს, ასიათასობით უმუშევარს, სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებ 900 ათას და მსგავსი სტატუსის მისაღებად რიგში მყოფ 600 ათას ადამიანს ახარა, რომ ეკონომიკური კრიზისი დამთავრდა და დაფიქსირებული ტენდენციები დამაიმედებელია. ცოტა უფრო ადრე კრიზისის შეჩერების შესახებ განცხადებები მთავრობის წარმომადგენლებმაც გააკეთეს. საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ქვეყანა 2009 წელს იმაზე უკეთესი მაჩვენებლებით დაასრულებს, ვიდრე ბევრი ექსპერტი თუ საერთაშორისო ინსტიტუტი ვარაუდობს.
სებ-ის პრეზიდენტმა თავისი დასკვნის დასადასტურებლად არგუმენტებიც მოიყვანა და ბანკების წარმომადგენლებიც დაიმოწმა. საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან ჩვენ გავიარეთ მთავარი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები. სექტემბრის თვე კომერციული ბანკების კონსოლიდირებული მოგებით დასრულდა. ეს არის პირველი თვე ბოლო ცამეტი თვის განმავლობაში, როდესაც ბანკებმა მოგება აჩვენეს. ჩვენმა სავალუტო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ასევე უპრეცედენტოდ მაღალია ლიკვიდობა საბანკო სექტორში. მხოლოდ ეს სამი მაჩვენებელი ნათელი დასტურია იმისა, რომ კრიზისი დასრულებულია. დღეს ჩვენი მთავარი გამოწვევაა, რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ ზრდის ის ტემპები, რომლებიც მანამდე იყო საქართველოში, მხედველობაში მაქვს 2007 წელი და 2008 წლის პირველი ნახევარი, – აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ. – მნიშვნელოვნად დასტაბილურდა სავალუტო ბაზარი. საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერვენციები ნულთან ახლოს არის”. გიორგი ქადაგიძის განცხადებით, აგვისტოს დეფლაციის შემდეგ მოსალოდნელია წლის ბოლოს წლიური 3-პროცენტიანი ინფლაცია. მისი თქმით, მართალია, 2010 წელს გარკვეულად მცირდება საბიუჯეტო ხარჯები, თუმცა იგი კვლავ მაღალ დონეზე იქნება შენარჩუნებული, რაც მომავალ წელსაც უზრუნველყოფს ეკონომიკური აქტივობის ფისკალურ სტიმულირებას.
სებ-ის პრეზიდენტი სხვა “დამაიმედებელ” პროგნოზებსაც აქვეყნებს: 2009 წლის ბოლოსთვის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი საგრძნობლად შემცირდება და 13 პროცენტს მიაღწევს. გაუმჯობესდება ეკონომიკის ისეთ ინდიკატორები, როგორიც არის ვაჭრობა და ექსპორტი. თუკი საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მონაცემი აქამდე ყოველთვიურად კლებისკენ მიდიოდა, სექტემბერში ეს მაჩვენებელი ზრდისკენ წავიდა და წლის მანძილზე მაქსიმუმს მიაღწია. შემცირებულია ვაჭრობის კლების ტემპებიც, განსაკუთრებით გაუმჯობესდა ექსპორტი. დამაიმედებელია ტენდენციები უძრავი და მოძრავი ქონების ბაზრებზე – აღსანიშნავია, რომ აქ საგრძნობლად დასტაბილურდა მდგომარეობა. ასევე, ემისიის დროინდელ დონეს დაუბრუნდა საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ფასი, რაც უცხოელი ინვესტორების ნდობის მაღალ ხარისხზე მიუთითებს. ჩვენ ეს პროგნოზები ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ზაფხულში გავაკეთეთ, რაც შესაძლებელი გახდა სწორი და გათვლილი ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკის შედეგად,”” – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. მისი თქმით, 2010 წელს მშპ მინიმუმ 2%-ით გაიზრდება, რაც კლების ტემპის შენელებაზე მიუთითებს.
ამ მოსაზრებას მთლიანად იზიარებს საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცუცქირიძე. მისი შეფასებით, საბანკო სექტორში პოზიტიური ცვლილებები მოსალოდნელი იყო, რადგან საბანკო სექტორმა ყველაზე სახიფათო კრიზისული პერიოდი ჯერ კიდევ 2008 წლის ბოლოს და 2009 წლის დასაწყისში გადაიტანა. “ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული, თუ როდის დაიწყებდა ქვეყნის ეკონომიკა რეცესიიდან გამოსვლას. მიუხედავად ექსპერტთა ნაწილის სკეპტიკური შეფასებებისა საბანკო სექტორთან მიმართებაში, ჩვენ წლის დასაწყისიდან არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ვადაგადაცილებული საბანკო დავალიანებების ზრდა არ იყო ცალსახად პესიმისტური პროგნოზების გაკეთების საფუძველი, რადგან პრობლემური სესხების მოცულობა 4.5%-ზე მაღალი არ ყოფილა, ხოლო ბანკების დროებით ზარალზე გასვლა სესხების დარეზერვებამ და სესხების ნაწილის რესტრუქტურიზაციამ გამოიწვია”, – აღნიშნავს გიორგი ცუცქირიძე.
კრიზისის დასრულებაზე საუბარი წამყვან კომერციულ ბანკებშიც გააქტიურდა. საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური ქვეყნის მაკროეკონომიკურ სურათს პოზიტიურად აფასებს და აცხადებს, რომ ეკონომიკის ზრდის ტენდენციის გამოვლენა გამოიწვევს საპროცენტო განაკვეთის შემცირებას როგორც სესხებზე, ისე დეპოზიტებზე. მისი თქმით, სესხებზე საპროცენტო განაკვეთები მკვეთრად დაიწევს და იგივე მოხდება დეპოზიტების შემთხვევაშიც. საპროცენტო განაკვეთების შემცირება და სესხის პორტფელის გაზრდა “საქართველოს ბანკის” სტრატეგიას წარმოადგენს,” – განაცხადა გილაურმა.
პოზიტიურად აფასებს არსებულ მაკროეკონომიკურ მდგომარეობას “თი-ბი-სი ბანკის”” გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძეც. მისი განმარტებით, “თი-ბი-სი” ბანკმა ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემა გაააქტიურა და, ამასთან, საპროცენტო განაკვეთებიც საკმაოდ შეამცირა. “ასევე, ვფიქრობთ, გავააქტიუროთ კორპორატიული სესხები,”” – ამბობს ბუცხრიკიძე (www.abg.org.ge).
ხელისუფლების ოპტიმიზმს ყველა არ იზიარებს. ქართველი ექსპერტების პარალელურად, სკეპტიციზმს უცხოელებიც ამჟღავნებენ. მაგალითად, ბრიტანული ეიჩ-ეს-ბი-სი ბანკის” წარმომადგენელი საქართველოში გაი ლუისი მიიჩნევს, რომ ჯერ კიდევ არსებობს რეცესიაში მეორედ ჩავარდნის რისკი. ქართველ ექსპერტებს მსგავსი ვარაუდის საფუძველს ისიც აძლევს, რომ კვლავ მცირდება ბაზრობებზე მოვაჭრე ინდმეწარმეთა რაოდენობა. დაეცა დიდი ბიზნესის სარეკლამო კომპანიების რენტაბელობაც. რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, მიუხედავად განცხადებებისა, მათი საკრედიტო აქტივობა საგრძნობლად არ გაზრდილა, დაბალია აქტივობა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მხრივაც. მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკური ექსპერტების პროგნოზით კი, მოსალოდნელია კრიზისის მეორე ეტაპის დაწყება, რომელიც შეეხება საქართველოსაც – როგორც განვითარებად, ტრანსფორმაციული ეკონომიკის ქვეყანას. სხვათა შორის, კრიზისის დაძლევის შესახებ გაკეთებული განცხადებების პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა კვლავ იზრდება. 16 ოქტომბრის შემდეგ ჩანაწერები კიდევ 81 055 ერთეულით გაიზარდა და თვის ბოლოსთვის 286 900 ჩანაწერი შეადგინა, რაც პრობლემების არსებობის კიდევ ერთი დასტურია.
ფიცი გვწამს, მაგრამ შედეგები გვაკვირვებსო
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, 1 დეკემბრიდან ფინანსური პოლიცია აღდგება. ახალი კანონის მიხედვით, შემოსავლების სამსახურს საგამოძიებო დეპარტამენტი გამოეყოფა და იგი, გაძლიერებული უფლებებით, ცალკე სამსახურად ჩამოყალიბდება. სამსახურის უფროსს პრეზიდენტი დანიშნავს. შედარებისთვის უნდა ითქვას, რომ ადრე ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი ნიშნავდა. შემოსავლების სამსახური სამოქალაქო სტრუქტურად ჩამოყალიბდება და ის გადასახადების ადმინისტრირებასა და გადამხდელებზე იქნება ორიენტირებული. პოლიციური ფუნქცია კი საგამოძიებო სამსახურს დაეკისრება, რადგან მთავრობამ ამ ეტაპზე მიზანშეწონილად მიიჩნია ამ სამსახურების ცალ-ცალკე სტრუქტურებად ჩამოყალიბება.
ექსპერტების ვარაუდით, საგამოძიებო სამსახურისთვის უფლებების გაზრდა საბიუჯეტო კრიზისმა განაპირობა. არც მთავრობაში მალავენ მოლოდინს, რომ გამკაცრებული ადმინისტრირება ბიუჯეტში უფრო მეტი შემოსავლების მობილიზებას უზრუნველყოფს. შესაბამისად, ეს არის წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების გაზრდის ხელშეწყობისთვის. ხელისუფლებას საკმაოდ ბევრი სოციალური ვალდებულებები აქვს დასაფინანსებელი, ამიტომ ბიუჯეტში დიდი რაოდენობით საგადასახადო შემოსავლების მობილიზება სჭირდება. თუმცა სხვა საკითხია, რამდენად გამართლებულია ამისთვის ახალი პოლიციური მექანიზმის შექმნა, მით უმეტეს, ფინანსური კრიზისის პირობებში, როცა საგადასახადო ადმინისტრირებას ყველა სახელმწიფო არათუ ამკაცრებს, არამედ ამარტივებს.
ეროვნული ბანკის პირველ პირს არც ქვეყნის პირველი პირი ჩამორჩება და “გეიტნერისეულ” კლასიკურ შეცდომას შეცდომაზე უშვებს. “საქართველომ ეკონომიკური კრიზისის ყველაზე მწვავე პერიოდი გადალახა,” – ასეთი განცხადება პრეზიდენტმა მიმდინარე წლის 11 ნოემბერს კახეთში მთავრობის გასვლით სხდომაზე გააკეთა. “ეკონომიკა ქვეყანაში დასტაბილურდა და მთელ რიგ სექტორებში ბევრად მეტი აქტიურობა და გამოცოცხლება იგრძნობა,” – აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ამის შედეგად, პირველ რიგში, ინვესტორების ნდობა ბრუნდება. “მაგალითად, ჩვენი ევროფონდის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც 23 პროცენტზე იყო ასული, თითქმის 7 პროცენტზე ჩამოვიდა”. მისივე თქმით, თითქმის ყოველდღე იხსნება ქარხნები, გაზრდილია ავტომობილების გაყიდვა და აქტიურობა უძრავი ქონების ბაზარზე, ფიქსირდება ბინების ფასების ზრდა ბათუმსა და თბილისში. ამასთან, პრეზიდენტის განცხადებით, საფინანსო სექტორი სრულიად ჯანსაღია, ეროვნული ბანკის რეზერვები ორჯერ მეტია, ვიდრე ერთი წლის წინათ იყო; ბანკებში მობილიზებულია ყველაზე მეტი დეპოზიტები, რაც უახლესი ისტორიის მანძილზე ყოფილა. “ახლა მთავარია, კერძო სექტორი გამოვიდეს საღათას ძილიდან და დაიწყოს ინტენსიური ინვესტირება,” – მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტი.
P.S. “საღათას ძილიდან” გამოსვლა ეგებ საქართველოს მთავრობისთვისაც უპრიანი იყოს?!