საქართველოში ტურიზმი ჩიხშია

მაკა ღანიაშვილი

აგვისტოს მოვლენების შემდეგ საქართველოში ტურისტთა რაოდენობა 80%-ით შემცირდა და სამწუხაროდ საიმედო პროგნოზის გაკეთება ამ მიმართულებით არც მომავალი სეზონისათვის შეიძლება. მიუხედავად ტურიზმის განუზომელი მნიშვნელობისა, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ დღეს საყოველთაო დისკუსია და პიარია ამ სფეროში, მაინც სერიოზული საფრთხეებისა და პრობლემბის წინაშე ვდგავართ.

ამამად შეგვიძლია მოვნათლოთ 21-ე საუკუნე, ტურიზმის სფეროსთვის გამოწვევების საუკუნედ. რასაც ბევრი მიზეზი აქვს – ტერორიზმის გაზრდილი საფრთხე 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებიდან მოყოლებული, ბუნებრივი კატასტროფები, 2008 წლის ზაფხულში კატასტროფულად გაზრდილი ნავთობის ფასები. მართალია, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მთავარი დარტყმა ტურიზმისათვის გლობალური ეკონომიკური კრიზისია, მაგრამ იგი იზრდება და შემოსავლების ზრდის უმნიშვნელოვანეს წყაროდაც გვევლინება, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა.
ყველასათვის ნათელია, რომ ეკონომიკური ზრდის პირობებში მოსახლეობის შემოსავალიც იზრდება და შესაბამისად მაღალია ტურისტული სეგმენტის ზრდის ტემპი. ექსპერტების გათვლებით, თუ მსოფლიო ეკონომიკა წლის განმავლობაში 4%-ით იზრდება, მაშინ ეს ტურიზმის სფეროს 6.5%-იან ზრდას იწვევს. და პირიქით – ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელება, ანალოგიურ ჯაჭვურ რეაქციას იწვევს ტურიზმის სეგმენტისთვისაც. მითუმეტეს, ტურიზმის მნიშვნელობა განუზომელია მსოფლიო ეკონომიკაში. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) მონაცემების მიხედვით, 2008 წელს საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობამ 924 მილიონს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ტურისტთა ნაკადმა 2008 წლის მეორე ნახევარში საგრძნობლად იკოლო, ეს მაჩვენებელი 2007 წლის მაჩვენებელზე 2%-ით მეტია. მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიოს საბჭოს (WTTC) მონაცემების მიხედვით, ტურიზმისა და მოგზაურობის სეგმენტი გლობალური GDP-ის 9.9%-ს, მსოფლიო ექსპორტის – 10.9%-ს და მსოფლიო ინვესტიციების 9.4%-ს შეადგენს.
UNWTO-მ გამოაქვეყნა ყოველწლიური კვლევა “The Travel and Tourism Competitiveness Report” (TTCR), სადაც ექსპერტები ტურიზმის სეგმენტში არსებული ზოგადი ტენდენციების შესახებ მსჯელობენ და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ქვეყნების მთავრობებს სფეროს განვითარებისათვის რეკომენდაციებს აძლევენ.
ნავთობის ფასი და საერთაშორისო ტურიზმი
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ტურიზმის განვითარებაზე არის ნავთობი და მისი ფასი. 2008 წლის ზაფხულში ბარელი ნავთობის ფასმა 147 აშშ დოლარს მიაღწია. ნავთობის მაღალი ფასი კი ტურისტული მომსახურების მთელ სერვისზე ფასს ჯაჭვური რეაქციით ზრდის. მართალია, გლობალური ფინანსური კრიზისის გავლენით ნავთობის ფასიც თანდათან დაეცა და 2008 წლის მეოთხე კვარტალში 45 აშშ დოლარი შეადგინა, მაგრამ მიუხედავად ამისა, პროგნოზები არცთუ ოპტიმისტურია, ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ, როგორც კი მსოფლიო ეკონომიკა რეცესიიდან გამოსვლას დაიწყებს ნავთობის ფასიც გაიზრდება და 100 დოლარიან ნიშნულს გაუტოლდება. ასეთ პროგნოზსს ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოშიც (IEA) ეთანხმებიან, რისი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, ჩინეთისა და ინდოეთის განვითარებადი ეკონომიკების მხრიდან ნავთობის სტაბილურად მზარდი მოთხოვნა იქნება. ბარელზე 100 აშშ დოლარი კი დიდი გამოწვევაა ავიაკომპანიებისათვის. რამაც შესაძლოა, ავიასფეროს განვითარება სერიოზულად შეაფერხოს.
1950-2007 წლებში ავიამგზავრების რაოდენობა, ყოველწლიურად, საშუალოდ, 7.8%-ით იზრდებოდა. 70-იანი წლების დასასრულსა და 80-იანი წლების დასაწყისის ნავთობის მაღალმა ფასმა საერთაშორისო ავიარეისები ოდნავ შეაფერხა, მაგრამ 80-იანი წლების შემდეგ 2004 წლამდე, როცა მსოფლიო ეკონომიკა შედარებით სტაბილური მდგომარეობით ხასიათდებოდა, ზრდა თვალშისაცემი იყო. 90-იანი წლების შემდეგ კი ეკონომკლასის, შედარებით იაფფასიანი რეისების გაჩენამ, მგზავრთა რაოდენობა გაზარდა. ავიასფეროს სტაბილური განვითარება ტურიზმის სფეროზეც დადებითად აისახებოდა. მაგრამ დღევანდელი ვითარება სხვაგვარია. მსოფლიოს წამყვანი ავიაკომპანიები უკვე აკეთებენ პროგნოზს, რომ მგზავრთა ნაკადის კლება დიდხანს გაგრძელდება, ავიაბილეთების სიძვირის გამო, რისი მთავარი მიზეზი, თავის მხრივ, ნავთობის მაღალი ფასებია. მართალია, 2008 წლის ზაფხულის შემდეგ, მისი ფასები საგრძნობლად დაეცა, მაგრამ ნავთობის საშუალო ისტორიულ ფასთან შედარებით მაინც მაღალია.
2000-2007 წლებში, როცა საწვავის ფასი სტაბილური იყო, ნავთობის ფასი ავიაბილეთის ღირებულების მხოლოდ 18%-ს შეადგენდა. მას შემდეგ კი, რაც ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა, ავიაბილეთის ღირებულების 1/3-დი გახდა. დაბალფასიანი ბილეთებისათვის ნავთობის ფასი მისი ღირებულების 50%-ს – შეადგენს. ავიაბილეთების ფასების 10%-ით ზრდა ტურისტულ სერვისზე მოთხოვნის 17%-ით შემცირებას გამოიწვევს. ავიაბილეთების ფასი აშშ-დან ევროპის უმეტესი ქვეყნის მიმართულებით, გასულ ზაფხულში, 150-დან 350 აშშ დოლარამდე გაიზარდა. ბილეთების მაღალი ფასების გამო, სართაშორისო კურორტებზე დასვენებისგან ბევრმა ტურისტმა თავი შეიკავა. აშშ-ს მოგზაურობის ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტურისტულ დანახარჯთა 80% აშშ-ში შიდა ტურიზმზე მოდის. ასევეა ევროკავშირის ქვეყნებშიც, სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობა ან თავის ქვეყანაში ან მეზობელ სახელმწიფოში ეკონომიურ დასვენებას ირჩევს, რადგან მცირე მანძილის გამო ავიაბილეთების ფასი უფრო დაბალია. გარდა ამისა, იმისათვის რომ მგზავრებისათვის სერვისის საერთო ღირებულება საგრძნობლად არ გაიზარდოს, ავიაკომპანიებს სხვა მომსახურებებზე ფასების დაწევა უხდებათ. რაც დიდ ზარალთს უკავშირდება. შედეგად, 2008 წელს ზარალმა ავიაინდუსტრიაში 5.2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. 2009 წლისათვის კი ექსპერტები 4.1 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალს ელიან.
ავიაბილეთების ფასები საქართველოშიც აქტუალური თემაა. ბევრი ტუროპერატორი და ტურისტი აღნიშნავს, რომ საქართველოს ტურიზმის განვითარებას, მგზავრობასთან დაკავშირებული მაღალი ხარჯები საგრძნობლად აფერხებს. ზემოთ, აშშ-დან ევროპის მიმართულებით 350 აშშ დოლარამდე გაზრდილი ფასი ვახსენეთ, მაგრამ ეს არაფერია იმ ფასთან შედარებით რაც საქართველოს ავიაბაზარზე იმავე პერიოდში არსებობდა.
როგორც ჩვენთან საუბრისას ტურისტული სააგენტო “ჯორჯიან ექსპრეს ტრეველის” დირექტორმა ნინო მჟავანაძემ აღნიშნა: “მოთხოვნა ტურისტულ პროდუქტზე საქართველოში ძალიან დაეცა. ხალხი თავშეკავებულია, მათ ცოტა აქვთ დანაზოგი იმისათვის, რომ დაისვენონ და კრიზისის პირობებში ეს უფრო შესამჩნევი გახდა. კრიზისის გარდა არის ავიაბილეთების ფასის პრობლემაც. ჩვენ ტურისტების გარეთ გამყვანი კომპანია ვართ და, რა თქმა უნდა, ავიაკომპანიებთან ვთანამშრომლობთ. მაგალითად, თურქეთში გადაფრენა ძალიან ძვირია. მართალია, ავტობუსის ბილეთი დაახლოებით 160-170 აშშ დოლარი ღირს, მაგრამ ავტობუსით მგზავრობას დიდი დრო მიაქვს და დიდ მანძილზე მგავრობა ყველას არ შეუძლია. რაც შეეხება ავიაბილეთებს, ძალიან ძვირია, მაგალითად “ცხელ სეზონზე” ბილეთი თურქეთის მიმართულებით თბილისიდან 500-600 დოლარიც ღირდა. “ჩარტერები” კი 700 დოლარამდე.”
როგორც ვხედავთ, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც ავიაბილეთების მაღალი ფასები ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. თუმცა, სქართველოს ტუროპერატორები, ნავთობის მაღალი ფასების გარდა, ავიაბილეთების ფასების ხელოვნურ გაზრდაზე საუბრობენ და ამ ფაქტს ავიაკომპანიებს აბრალებენ. კომენტარისათვის საქართველოში მოქმედ ერთ-ერთ მსხვილ ავიაკომპანიას დავუკავშირდით.
“ავსტრიის ავიახაზების” (“Austrian”) მენეჯერის ასისტენტის თამრიკო ვარდიაშვილის განცხადებით, “ტურისტული კომპანიები ამას, რა თქმა უნდა, პირადი გადასახედიდან ამბობენ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ფასს ყველგან ბაზარი ქმნის, ეს აქსიომაა და მტკიცება არ ჭირდება. ფასი გამომდინარეობს ბაზრის სიტუაციიდან. რა თქმა უნდა, მოქმედი რეგულარული ფასები, რომლებიც სისტმაშია ცოტა ძვირია, მაგრამ არის სპეციალური ფასდაკლებები სხვადასხვა რეისებზე, ტურისტული ჯგუფებისათვის და ა.შ.D მგონია საქართველოში უფრო მეტად, სხვა რაღაც არის ძვირი და არა ბილეთები, თუნდაც, ის ტურისტული მომსახურების სერვისი. ყველაფერს თავისი ფასი აქვს და ტურისტულ სააგენტოებს რატომღაც გონიათ, რომ სრული მომსახურებით ავიაკომპანიის ბილეთის ფასი იმ ე.წ. დაბალბიუჯეტიანი (Low Budget) ავიაკომპანიების ბილეთის ფასს უნდა უთანაბრდებოდეს, რომელთაც რეისზე საკვები ან სხვა დამატებითი მომსახურება არ აქვთ.”
ავიაბილეთების ფასი არ არის ერთადერთი პრობლემა, რომელიც ტურიზმის განვითარებას აფერხებს, მით უმეტეს, საქართველოში. როგორც, ზემოთ დასახელებული გლობალური კვლევის (TTCR) ავტორები და ექსპერტები მიუთითებენ, მრავალი სირთულე ტურიზმის სფეროს განვითარებას ადგილობრივ დონეზე ექმნება, ამ გამოწვევებთან გამკლავება კი მთავრობების ვალია. ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელსაც კვლევის ავტორები მსოფლიოს მთავრობებს აძლევენ, შემდეგია: იმისათვის რომ ნავთობის მერყევმა ფასებმა ტურიზმის განვითარებაზე ნაკლები გავლენა მოახდინონ, ტურისტული მომსახურების სხვადასხვა სერვისზე ფასები უნდა დაბალანსდეს (სასტუმროები, რესტორნები).
საქართველოს კურორტებზე კი სასტუმროების სიძვირეს და მომსახურების დაბალ დონეს ბევრი უჩივის. ამ პრობლემას საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრიც განსაკუთრებით უსვამს ხაზს. ლაშა ჟვანიამ “ექსპო ჯორჯიაში” საერთაშორისო ტურისტული გამოფენის გახსნისას, სფეროს განვითარების ერთ-ერთ ხელის შემშლელ ფაქტორად ტურისტული პაკეტის სიძვირე დაასახელა. მინისტრის განცხადებით, საქართველოში სასტუმროები, მეზობელი ქვეყნების სასტუმროებთან შედარებით, საკმაოდ ძვირია.
სასტუმროების მაღალ ფასს უსვამს ხაზს “ჯორჯიან ექსპრეს “ტრეველის” დირექტორი ნინო მჟავანაძეც: “ბევრ ქართველ დამსვენებელს სურს, წავიდეს დასასვენებლად იმავე თურქეთში იმიტომ, რომ იქ სასტუმროები ძალიან იაფი ღირს, სადაც შედის მთელი დღე საკვები, მომსახურების კარგი სერვისი. საქართველოში კი სასტუმროებს, ძირითადად, მხოლოდ დილის საუზმე აქვთ სერვისში, ისეთი სასტუმრო, რომ მთელი დღის კვებას უზრუნველყოფდეს იშვიათია. ასეთ პირობებში დამსვენებელს ქართულ სასტუმროში მთელი დღე სამმაგი და ოთხმაგი ეხარჯება. საზღვარგარეთ შეიძლება 10 დღის მანძილზე სასტუმროში დაისვენო 300 დოლარად და ზედმეტი კაპიკი არ დაგეხარჯოს, მაგრამ საქართველოში 300 დოლარად რომ წახვიდე ბათუმში ან ქობულეთში, რომელიმე სასტუმროში, დანახარჯებს წინასწარ უბრალოდ ვერ განსაზღვრავ, იმიტომ რომ სხვა რაღაცეებში ორმაგი გეხარჯება. მაშინ როცა ქართულ სასტუმროებში მომსახურების სერვისი გაცილებით დაბალია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი” – განაგრძობს ნინო მჟავანაძე – “საბანკო განვადებებზე გაზრდილი საპროცენტო განაკვეთია. ჩვეულებრივი მუშა-მოსამსახურე ხალხის დიდი ნაწილი ბანკის საშუალებით ისვენებდა, მათ ბანკიდან გამოქონდათ კრედიტი და შემდეგ განვადების თანხას ნელ-ნელა ფარავდნენ,ახლა კი ბანკებმა ისე გაზარდეს საკრედიტო პროცენტი, რომ ტურისტს დასვენება ორმაგი უჯდება და მისთვის კრედიტის გამოტანას აზრი აღარ აქვს. თუ ადრე იყო 10-დან 20%-მდე საპროცენტო განაკვეთები, გასულ ზაფხულს 39-40%-მდე გაიზარდა. შარშან ამ ფაქტმაც შეუწყო ხელი ქართველ დამსვენებელთა ნაკადის შემცირებასDდა ეს ომამდე ხდებოდა.” (სტილი დაცულია).
გარდა ამისა, ტურისტული კომპანიების ნაწილი საქართველოში არასტაბილური პოლიტიკური ვითარების გამო წელს სეზონის ჩაშლას არ გამორიცხავს. აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე საკმაოდ შესუსტდა და თუ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია არ დარეგულირდა, მომავალ ტურისტულ სეზონზე დამღუპველად იმოქმედებს. ამის გამო, აჭარაში წელს უცხოელი ტურისტების ნაკადის სერიოზულ ზრდას არ ელიან. როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, 2009 წელს მაქსიმუმი 2007 წლის მაჩვენებელზე გასვლა იქნება. რაც დაახლოებით 350 ათასი ტურისტია. სეზონის პიკზე კი 200 ათას დამსვენებელს ელოდებიან. თუ გასულ წლებში ტურისტები აჭარაში საშუალოდ ერთი კვირით ჩერდებოდნენ, მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, წელს მათი ნაწილი ალბათ მხოლოდ 2-3 დღით დარჩება, რაც, ბუნებრივია, შემოსავლების შემცირებასაც გამოიწვევს. ამ საკითხებზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მარკეტინგისა და რეკლამის განყოფილების უფროსს მალხაზ მალაყმაძეს ვესაუბრეთ:
– აგვისტოს მოვლენების შემდეგ ჩვენთან ფაქტობრივად შეწყდა ტურისტთა ჩამოსვლა. აჭარაში 2007 წელს დაახლოებით 350000 ტურისტი ჩამოვიდა. 2008 წელს კი დაახლოებით 450000 ტურისტის ჩამოსვლას ველოდით. აგვისტომდე ჩამოვიდა დაახლოებით 247000-მდე ტურისტი და მერე გავჩერდით. იმიტომ რომ ნებისმიერი საომარი მოქმედება და არასტაბილური მდგომარება, პირველ რიგში, ტურიზმზე მოქმედებს. წელს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ჩვენ მაინც ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. თუ იქნება რეგიონში სტაბილური მდგომარეობა გაცილებით მეტი ტურისტი ჩამოვა ვიდრე 2007 წელს.
– რა გაძლევთ ამგვარი ოპტიმიზმის საფუძველს?
– ეს ფინანსური კრიზისი ჯერჯერობით მეტ-ნაკლებად შეგვეხო. მაშინ როცა კრიზისი მთელი ძალით იგრძნობა ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რუსეთში, უკრაინაში, ხორვატიაში, სლოვენიაში და ასე შემდეგ. რომლებიც, ჩვენი ძირითადი კონკურენტები არიან ტურიზმის სფეროში. ასევე თურქეთიც, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მათ ტურისტულ ინფრასტრუქტურამდე ბევრი გვიკლია. თუმცა, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ფინანსურ კრიზისამდე ტურისტები ძირითადად 2 კვირით ისვენებდნენ და შედარებით ძვირადღირებულ კურორტებზე, ახლა ისინი იძულებულები არიან ეკონომიურ დასვენებას მიმართონ, რისთვისაც მოსახერხებელია საქართველოს კურორტები.
თურქეთი და სომხეთი, ტურისტების აჭარაში შემოსვლის მხრივ, ლიდერობენ. წინა წლებთან შედარებით ტურისტების ნაკადი თურქეთიდან დაახლოებით 7-ჯერ გაიზარდა. ისინი, ძირითადად, პარასკევსა და შაბათ-კვირას ჩამოდიან და ბათუმში რჩებიან, რადგან ტრანსპორტირება არის ძალიან მოსახერხებელი. ბათუმი-სტამბულის მიმართულებით ყოველდღე ავიარეისი სრულდება დაDამ ავიაბილეთების ფასი გაცილებით ნაკლებია ვიდრე თბილისი-სტამბულის. ბევრ თურქს ქალაქში გახსნილი სამორინეები იზიდავს, რაც მათ ქვეყანაში აკრძალულია. გარდა ამისა თურქეთიდან საქართველოში ბევრი, მათ შორის, ტურისტული ინვესტიციაა შემოსული.
შარშანდელი ომის გამო, ფაქტობრივად არ გვყავდა დამსვენებელი სომხეთიდან. ახლა კი მათი ინტერესი ძალიან დიდია, რაც “ექსპო ჯორჯიას” საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მონაწილე სომხურმა კომპანიებმაც დაგვიდასტურეს.
გარდა ამისა, ბათუმში 8-10 მაისს გამოფენას ვატარებთ, სადაც სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო ტურისტული კომპანიები წარმოდგებიან. უკვე მივიღეთ თანხმობა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, თურქეთიდან, ჩვენც ბოლო სამი წლის მანძილზე რეგულარულად ვმონაწილეობთ ბალტიისპირეთის დიდ სამ საერთაშორისო გამოფენაზე, ესენია: რიგის, ვილნიუსის და ტალინის. ვაწყობთ შემეცნებით-სარეკლამო ტურებს უცხოელი ჟურნალისტებისათვის და ასე შემდეგ. ვთვლით, რომ კომპლექსში ყველა ღონისძიება გარკვეულ შედეგს გამოიღებს. მთავარია იყოს მშვიდობა და სტაბილურობა.
ავიაბილეთებისა და სასტუმროების ფასზე რას იტყვით? მათ სიძვირეზე საქართველოში მრავალი ტუროპერატორი მიუთითებს.
– ლოგიკურია, თუ ნავთობი გაიაფდა ავიაბილეთების ფასებიც უნდა შემცირდეს. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური კრიზისის გამო ავიაბილეთებსა და ფრენებზე მოთხოვნამ იკლო, ავიაბილეთების ფასი მაინც იმ დონეზე რჩება. ეს სახელმწიფომ უნდა დააბალანსოს. რა თქმა უნდა, ავიაბილეთების ფასები ძვირია და ძალიან ზრდის მთლიანი ტურისტული პაკეტის ფასს. ასევე ძვირია სასტუმროების ფასები, ასე თუ ისე სასტუმროების ფასების დაბალანსება შეიძლება, ჯერჯერობით კი ისინი მაღალია, მომსახურების სერვისი კი დაბალი. ჩვენი ძირითადი მიზანი უნდა იყოს, ის რომ მომსახურების სერვისის დონე ფასს შეესაბამებოდეს.
ტურისტების ნაკადის ზრდას არც საქართვრელოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში ელიან. როგორც იქ აცხადებენ, აგვისტოს ომის შემდეგ ტურისტების რაოდენობა საქართველოში 80%-ით შემცირდა და, ამჟამად, მთავარი მიზანია ქვეყანაში უცხოელი ტურისტების რაოდენობა 2007 წლის მაჩვენებელს გაუთანაბრდეს. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ საერთაშორისო ტუროპერატორებს საქართველო საკუთარ განაცხადებში 2010 წლიდან ჰყავთ შეტანილი.
ტურისტულ სექტორში შექმნილი მძიმე ვითარების მიუხედავად, თბილისში საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” 3-5 აპრილს მე-11 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა მოეწყო, სადაც ტურისტული პროდუქტი 90-მდე კომპანიამ წარადგინა. გამოფენაზე ქართული კომპანიების გარდა, აზერბაიჯანული, სომხური, თურქული და ავსტრიული კომპანიები წარმოდგნენ.
ეს გამოფენა ადასტურებს, რომ სფეროში მართლაც სერიოზული და ღრმა კრიზისია. ტურისტულ გამოფენაზე, რომელიც ტუროპერატორებისათვის საქმიანი ურთიერთობების დამყარების ერთ-ერთი მთავარი ასპარეზი უნდა იყოს, ძალიან ცოტა ტუროპერატორი წარმოდგა. საგამოფენო სტენდებს კი, ძირითადად, სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოების დეპარტამენტები და რეგიონალური განყოფილებები ავსებდნენ. როგორც საქართველოდან, ასევე აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. ალბათ ამის გამოც, გამოფენაზე განსაკუთრებული აქცენტი შიდა-ტურიზმსა და რეგიონებზე გაკეთდა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხე არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურით – სანატორიუმებით, პანსიონატებით, დასასვენებელი სახლებითა და სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ცენტრებით.
გამოფენაზე ასევე მრავლად იყო წარმოდგენილი ნაციონალური სტილით შესრულებული სხვადასხვა სახის პროდუქციაც. საქმიანი ურთიერთობისა და საუბრის ნაცვლად, მცირერიცხოვანი დამთვალიერებელი ეროვნულ ტანისამოსში გამოწყობილი სათამაშოებისა და სხვადასხვა აქსესუარების თვალიერებით ერთობოდა.
ასეთია არცთუ სახარბიელო სურათი, რომელიც დღეს საქართველოს ტურიზმის სფეროშია შექმნილი და ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება ამ ეტაპზე ალბათ შეუძლებელია. მსოფლიო გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს რომ თავი დავანებოთ, საქართველოში ტურიზმის განვითარებას ამის გარეშეც ბევრი ფაქტორი უშლის ხელს. რაშიც ეკონომიკის განვითარების სამინისტრო მთავარ დამნაშავედ ტურისტული სერვისის სიძვირეს მიიჩნევს და ამაში ბრალს ტურისტულ სააგენტოებსა და სასტუმროებს სდებს; ტურისტული სააგენტოები ხელს ავიაკომპანიებისაკენ იშვერენ და ავიაბილეთების მაღალ ფასზე მიუთითებენ. ამასთანავე, ქვეყანაში არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარებისა და მუდმივი საომარი რიტორიკის გავითვალისწინებით, საქართველოში ჩამოსვლის სურვილი მალე მხოლოდ თავგადასავლების მოყვარე ექსტრემალ ტურისტებსღა თუ ექნებათ.