უმუშევრობის ტენდენციები და შრომითი მიგრანტების გადარჩენილი ქვეყანა

მაკა ღანიაშვილი

გლობალურმა რეცესიამ მსოფლიოში მილიონობით სამუშაო ადგილი შეიწირა. უცხოელ უმუშევართა მრავალრიცხოვან არმიას საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობაც უერთდება. როგორია სამომავლო პროგნოზები, რას უნდა ველოდეთ მომავალში – სამუშაო ადგილების ზრდას თუ პირიქით – კლებას? შეუძლიათ თუ არა ქართველ მიგრანტებს სამშობლოში უმუშევრად დარჩენილი ოჯახის წევრების რჩენა, მაშინ როცა ეკონომიკურმა კრიზისმა ყველაზე მეტად ახალგაზრდობა, მიგრანტები და დროებითი ან არასრული სამსახურის მქონე ადამიანები დააზარალა?

სოფლიო ბანკის მოხსენებაში, რომელიც ბერლინის კედლის დანგრევის 20 წლისთავის აღნიშვნამდე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ევროპის რეგიონის, ცენტრალური აზიისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები საკმარისად არიან ინტეგრირებულნი გლობალურ ბაზართან. მართალია, ინტეგრაციამ ბევრი სარგებელი მოიტანა და 90-იანი წლების კრიზისის შემდგომ ეკონომიკის ზრდის ტემპებმა შთამბეჭდავი სახე მიიღო, თუმცა ამ რეგიონის ქვეყნები მიმდინარე გლობალური კრიზისის წინაშე დაუცველნი აღმოჩნდნენ. ეს პროცესი განსაკუთრებით მკვეთრად გამოვლინდა სამი მიმართულებით: ფინანსების, ვაჭრობისა და შრომითი რესურსების ბაზარზე. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ არსებული მიღწევების შესანარჩუნებლად აუცილებელია სტრუქტურული რეფორმების განხორციელება. მასში ასევე ნათქვამია, რომ ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ გარდამავალი ეკონომიკების მქონე ქვეყნებში მომხდარმა რეფორმებმა ამჟამინდელი კრიზისის შინაარსი განსაზღვრა. ქვეყნები, რომლებმაც ეკონომიკური ვარდნა 90-იანი წლების ბოლოს განიცადეს, მაქსიმალური ძალისხმევით შეეცადნენ, ახალ ეკონომიკურ სისტემაზე უპრეცედენტოდ სწრაფი ტემპებით გადასულიყვნენ და დასავლეთ ევროპის ცხოვრების დონეს მიახლოვებოდნენ. ეს კი შესაძლებელი გახდა უჩვეულოდ მაღალი ლიკვიდურობის პირობებში საბანკო კრედიტების მოცულობის ზრდით. მაგრამ, პროცესებმა არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდა, არამედ 2008-2009 წლების გლობალური კრიზისის პირობებში მაკროეკონომიკური თანასწორობის სერიოზული დარღვევაც გამოიწვია.
ღარიბი ქვეყნები, რომლებიც ადრე საბჭოთა კავშირში შედიოდნენ და მსოფლიო ეკონომიკასთან ფინანსურად ინტეგრირება მეტ-ნაკლებად მოახდინეს, კრიზისს უმთავრესად ექსპორტის მოცულობისა და ფულადი გზავნილების შემცირების გამო განიცდიან. მსოფლიო ბანკის რეკომენდაციით, რადგან კაპიტალის შემოდინება კრიზისამდე არსებულ ვითარებასთან შედარებით შემცირდება, ქვეყნების მთავრობებმა აუცილებლად უნდა აღმოფხვრან ეკონომიკური ზრდის ხელშემშლელი წინააღმდეგობები და თავიანთი ქვეყნების კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნონ.
ფულადი გზავნილების ტენდენციები საქართველოში
2009 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებული იყო 310 882 ადამიანი, რომელთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება 512,2 ლარია. სახელმწიფო სექტორში დასაქმებულია 81 833, ხოლო კერძო სექტორში – 229 049 ადამიანი. არასახელმწიფო სექტორში ადგილობრივია 181 671 კადრი, ხოლო უცხოელი – 47 378. ყველაზე მეტი ადამიანი დასაქმებულია მრეწველობაში (78 507 ადამიანი), ჯანდაცვაში (51 804) და ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში (50 299)1 (იხ. ცხრილი #1). თუმცა არავისთვის არის ახალი, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ახლობლების მიერ საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი თანხით არსებობს. გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა კი, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ფულადი გზავნილების შემცირება საქართველოშიც გამოიწვია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტები კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში კრიზისის გავლენის შეჯამებისას აღნიშნავენ, რომ რეგიონის ენერგორესურსების იმპორტიორი ქვეყნები (სომხეთი, საქართველო, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი) ეკონომიკური ზრდის ტემპების თვალშისაცემ კლებას და ცხოვრების დონის გაუარესებას განიცდიან, ამ უკანასკნელს სავალუტო ფონდის ექსპერტები ფულადი გზავნილების შემცირებით ხსნიან, განსაკუთრებით კი – მეზობელი რუსეთიდან.
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების შემოდინება აღმავალი ტენდენციით ხასიათდებოდა. თუ 2000-2005 წლებში ასეთი გზავნილების საშუალო წლიური მოცულობა, დაახლოებით, 180 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა (თვეში საშუალოდ 15 მლნ აშშ დოლარი), 2006 წელს ამ მაჩვენებელმა 544.7 (თვეში საშუალოდ 45 მლნ აშშ დოლარი), 2007 წელს კი 866.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (თვეში საშუალოდ 72 მლნ აშშ დოლარი), რაც 60%-ით მეტია 2006 წელთან შედარებით. 2007 წლის იანვარ-დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში ფულადი გზავნილების ძირითადი ექსპორტიორები იყვნენ რუსეთი, აშშ, ესპანეთი, საბერძნეთი, უკრაინა, თურქეთი და ავსტრია, რომელთა წილად მოდის ამ პერიოდში საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილების 87.3%.
2008 წელს კი ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების საერთო მოცულობამ 1 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც 2007 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 136 მლნ აშშ დოლარით ანუ 15.7%-ით მეტია. წლის განმავლობაში შემოსული ფულადი გზავნილების ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა 2008 წლის ივლისსა და დეკემბერში, შესაბამისად 97.4 და 108.8 მლნ აშშ დოლარი, ხოლო ყველაზე დაბალი – იანვარში, 58.5 მლნ აშშ დოლარი. 2009 წელს ფულადი ნაკადების მოცულობა, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 2009 წლის 9 თვის მონაცემებია ცნობილი და ამ დროის განმავლობაში საქართველოში, დაახლოებით, 590 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა, რთული წარმოსადგენია, რომ დარჩენილ სამ თვეში ფულადი გზავნილების საერთო მოცულობა 2008 წლის მაჩვენებელს გაუტოლდეს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული რელიზების მიხედვით, ფულად გზავნილთა ძირითადი ექსპორტიორები არიან რუსეთი, აშშ და ესპანეთი. თუ გადავხედავთ ამ ქვეყნების შრომით ბაზრებზე არსებულ მდგომარეობას, უფრო ნათელი გახდება ქართველ მიგრანტთა პერსპექტივები.
მსოფლიოშიუმუშევრობა მძვინვარებს
2010 წლისთვის OECD-ის ქვეყნებში უმუშევარი იქნება, დაახლოებით, 57 მილიონი ადამიანი, 2008 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 37.2 მილიონს შეადგენდა. ექსპერტების პროგნოზით, უმუშევრობის დონე 2010 წლისთვის OECD-ის ქვეყნებში 9.9% იქნება, რაც 1970 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საერთაშორისო შრომითი ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით კი, უმუშევართა რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით 2009 წელს 210-239 მილიონს მიაღწევს.
გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა ევროკავშირის ყველა ქვეყანა დააზარალა და უმუშევრობის დონე მკვეთრად გაზარდა. ეს განსაკუთრებით იმ მუშახელზე ითქმის, რომელთაც კვალიფიკაციის შედარებით დაბალი დონე და დროებითი სამუშაო კონტრაქტები ჰქონდათ. 2009 წლის სექტემბრისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უმუშევრობის დონე 9.2% იყო. 2008 წლის სექტემბერში კი აღნიშნული მაჩვენებელი 7.1%-ს შეადგენდა. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნისთვის ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2000 წლის შემდეგ. როგორც ექსპერტები მოელიან, ევროზონაში უმუშევრობა მომავალ წელს პიკს (11%-ს) მიაღწევს, რის შემდეგაც სიტუაცია ეტაპობრივად გამოსწორებას დაიწყებს. ევროკავშირის სტატისტიკის ორგანოს მონაცემებით, 2009 წლის სექტემბრისთვის ევროკავშირის 27 ქვეყანაში უმუშევარი იყო 22 123 000 ადამიანი. 2008 წლის მაჩვენებელთან შედარებით უმუშევართა რაოდენობა, დაახლოებით, 5 მილიონი ადამიანით გაიზარდა. ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე ცოტა უმუშევარი ნიდერლანდებსა (3.6%) და ავსტრიაშია (4.8%), ყველაზე მეტი კი – ლატვიასა (19.7%) და ესპანეთში (19.3%). ესპანეთში ამჟამად 4,1 მილიონი უმუშევარია დაფიქსირებული, რაც გასულ წელთან შედარებით 1,5 მილიონით მეტია. ევროკომისიის ანალიტიკოსების დასკვნის თანახმად, თუ ესპანეთი არ შეამცირებს ხარჯებს უფასო სამედიცინო მომსახურებაზე, პენსიებსა და უმუშევრობის შემწეობებზე, 2060 წლისთვის ქვეყანას ამ ხარჯებისთვის თანხები არ ეყოფა.
2008 წლის სექტემბრიდან 2009 წლის სექტემბრამდე მამაკაცთა შორის უმუშევრობა ევროკავშირის ქვეყნებში 6.8%-დან 9.3%-მდე გაიზარდა, ქალებს შორის – 7.5%-დან 9%-მდე. ყველაზე მეტად დაზარალდნენ ახალგაზრდები, 25 წელს ქვემოთ უმუშევართა რაოდენობამ 15.8%-დან 20.2%-მდე მოიმატა. ახალგაზრდების უმუშევრობის ზრდა განსაკუთრებით თვალშისაცემია ესპანეთში – 41.7% და ლატვიაში – 33.6%3. ევროკავშირში უმუშევრობასთან ბრძოლის აპრობირებული მეთოდია ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო ადგილების შექმნა, რაც ერთ სამუშაო ადგილზე ორი და მეტი ადამიანის დასაქმების საშუალებას იძლევა. მართალია, ამ შემთხვევაში მათი ანაზღაურება ნაკლებია, სამაგიეროდ სამსახურს გაცილებით ნაკლები მუშახელი კარგავს. ზოგიერთ ქვეყანაში მთავრობები თვითონ უწყობენ ხელს მსგავსი სამუშაო ადგილების შექმნას. შესაბამისად, კრიზისის პერიოდში ევროპაში ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზარდა.
“შრომისუნარიანი მოსახლეობის გაღარიბების ტემპების ზრდა ქვეყნის სტაბილურობას ემუქრება,”” – ამის შესახებ რუსეთის შრომისა და სოციალური დაზღვევის სამსახურის ეკონომისტებმა განაცხადეს. რუსი ეკონომისტები სიღარიბესა და მოსახლეობის ცხოვრების დაბალ დონეს სხვადასხვა დარგისა და საწარმოების არაკონკურენტუნარიანობით, მრეწველობის დაბალი დონით, დაბალი ხელფასებითა და საარსებო მინიმუმის დაუკმაყოფილებლობით ხსნიან. 2009 წლის პირველ კვარტალში რუსეთში ღარიბი მოსახლეობა 17,4%-ს შეადგენდა, რაც 2008 წელთან შედარებით 4,3 პროცენტით მეტია. კრიზისის მეორე ტალღის პირობებში ეკონომისტები ამ ვითარების გამწვავებას ელოდებიან.
2009 წლის ოქტომბრის მონაცემებით, აშშ-ში უმუშევრობამ 10,2%-ს მიაღწია, რაც წინა თვესთან შედარებით 0,4%-ით მეტია. ამის შესახებ ქვეყნის შრომის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი. ეს 1983 წლის შემდეგ უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აშშ-ში. ერთ თვეში შტატებში სამუშაო ადგილების რაოდენობა 190 ათასით შემცირდა. სამრეწველო და მომსახურების სფეროებში 61 ათასი ადგილი გაუქმდა, მშენებლობაში კი – 62 ათასი. ასევე შემცირდა სამუშაო ადგილები ფინანსურ სექტორში, სადაც კომპანიებმა 8 ათასი თანამშრომელი გაათავისუფლეს. ეს მონაცემები ანალიტიკოსების მოლოდინზე უარესი აღმოჩნდა – ექსპერტები უმუშევრობის მაქსიმალურ ზრდას 9,9%-მდე ვარაუდობდნენ. უმუშევრობის ზრდამ ყველა ეთნიკური და სოციალური ჯგუფი მოიცვა. რაც შეეხება ასაკობრივ მაჩვენებელს, ყველაზე მეტად რეცესიით, ისევე როგორც ევროპაში, აშშ-იც 20 წლამდე ახალგაზრდები ზარალდებიან, რომელთა შორისაც უმუშევრობა 25,9%-დან 27,6%-მდე გაიზარდა (www.Bloomberg.com).
2007 წლის დეკემბრის შემდეგ აშშ-ში 7.3 მილიონმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. 15 მილიონამდე ამერიკელი დღეისათვის უმუშევარია. მათგან, დაახლოებით, 3.5 მილიონი ობამას გაპრეზიდენტების შემდეგ დარჩა სამსახურის გარეშე. ასეთი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ ობამამ გააკეთა განცხადება, რომ ამ ეტაპზე თეთრი სახლის ერთ-ერთი პრიორიტეტია ბიზნესსექტორისთვის გადასახადების შემცირება, რასაც მცირე ბიზნესის განვითარება უნდა მოჰყვეს, ეს კი, ლოგიკურად, სამუშაო ადგილების შექმნას გამოიწვევს. ისეთი გიგანტების დახმარების შემდეგ, როგორებიც არის General Motors და Goldman Sachs, ობამას ადმინისტრაციამ მცირე ბიზნესზეც დაიწყო ფიქრი, რომლის განვითარების ხელშეწყობა უკვე პრიორიტეტული გახდა. ამ სფეროში კი აშშ-ში მართლაც სავალალო მდგომარეობაა. 2009 წლის სექტემბერში 44%-ით მეტი მცირე ბიზნესი გაკოტრდა, 2008 წლის სექტემბერთან შედარებით (მცირე ბიზნესად ის მიიჩნევა, სადაც 500 და ნაკლები ადამიანია დასაქმებული). 2009 წლის სექტემბერ-ოქტომბერში უშევრად დარჩენილთა ერთი მესამედი მცირე ბიზნესში იყო დასაქმებული. მცირე ბიზნესის მნიშვნელობას ისიც მოწმობს, რომ უკანასკნელი ეკონომიკური ბუმის განმავლობაში, 2003-2007 წლებში აშშ-ში ახალ სამუშაოთა 40%-ს ის მცირე საწარმოები ქმნიდნენ, რომელთაც 20 დასაქმებულზე ნაკლები მუშახელი ჰყავდათ. მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ გლობალურმა რეცესიამ შეიწირა კიდევ ერთი ფინანსური გიგანტი – CIT Group-ი, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე მუშაობდა.
გარდა ამისა, პროგნოზები აშშ-ში არცთუ სახარბიელოა. ექსპერტები მოელიან, რომ მომავალ წელს, როდესაც ეკონომიკის სტიმულირებისთვის სახელმწიფო დახმარებები შეწყდება და რეზერვების შევსება დასრულდება, უმუშევრობის დონე კიდევ უფრო გაიზრდება და 10.5%-ს მიაღწევს. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეკონომიკას ვარდნის მეორე ტალღა ელოდება. სპეციალისტების აზრით, 2010 წელს აშშ-ს მთლიანი შიდა პროდუქტი წელს დაფიქსირებულ 0,7%-იან მაჩვენებელთან შედარებით 2,8%-ით გაიზრდება. თუმცა ეს უმუშევრობის სწრაფ შემცირებას არ გამოიწვევს.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 2009 წლის ეკონომიკური პროგნოზი გააუარესა, რადგან 2010 წელს მდგრად ეკონომიკურ გამოცოცხლებას არ ელის. ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამრეწველო წარმოების მკვეთრი ვარდნის გამო მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მოსალოდნელია აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ეკონომიკების 6,3%-ით შემცირება. 2009 წლის მესამე კვარტალში ეკონომიკური ზრდის პოზიტიური ნიშნები ადასტურებს, რომ ბევრ ქვეყანაში რეცესიამ უკვე ფსკერს მიაღწია. ამასთან, 2010 წელს ეკონომიკური ზრდა, როგორც ჩანს, არამდგრადი და არასაყოველთაო იქნება. ბანკის ექსპერტ ერიკ ბერგლოფის განცხადებით, აშკარაა, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგები რეალურად მომდევნო წელს დადგება, რადგან კომპანიების გაკოტრება მომავალშიც გაგრძელდება და უმუშევრობა გაიზრდება.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ გამოთვალა, რომ მის 30 წევრ ქვეყანაში რეცესიამ შესაძლოა, 25 მილიონი სამუშაო ადგილი შეიწიროს. “”აღდგენის ნიშნები უკვე შესამჩნევია, მაგრამ ეს, როგორც ჩანს, მოკრძალებული პროცესი იქნება, ყოველ შემთხვევაში – ახლო მომავალში,”” – განაცხადა ორგანიზაციის მეთაურმა ანჰელ გურიამ. ორგანიზაციის გათვლებით, 15 მილიონი სამუშაო ადგილი უკვე გაუქმდა, კიდევ 10 მილიონი კი შესაძლოა, 2010 წლის ბოლომდე გაუქმდეს. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია შიშობს, რომ ამ ქვეყნებში უმუშევრობამ შესაძლოა, 10%-ს მიაღწიოს, თუკი მომავალი წლის ბოლომდე ეკონომიკის აღდგენის პროცესი უფრო ინტენსიური არ გახდება. “უმუშევრობა ამჟამინდელი კრიზისის ბოლო ზღვარია და არ შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ეს პრობლემა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის ხარჯზე მოგვარდება,”” – ამბობს გურია.
შრომითი მიგრანტები
უმუშევრობის ზრდამ შრომით მიგრანტებს მსოფლიო მასშტაბით ორმაგი დარტყმა მიაყენა. გარდა იმისა, რომ მათ დაკარგეს სამუშაო ადგილები, ქვეყნის მთავრობები სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ ქვეყნიდან მათ გაძევებას. მაგალითად, რუსეთის ფედერაციის მიგრაციის სამსახურმა მიგრანტთა სამუშაო ადგილებზე კვოტები 2009 წლისთვის 4 მილიონიდან 2 მილიონამდე შეამცირა. რუსეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობებმა ადგილობრივ დონეზეც დაიწყეს მიგრანტების შევიწროვება, მაგალითად, მოსკოვის მთავრობამ მოუწოდა დამსაქმებლებს, სხვა ქვეყნის მუშახელი სამსახურებში აღარ მიიღონ.
რუსეთის ფედერაციის მიგრაციის სამსახურის მონაცემებით, 2009 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში მიგრანტთა რაოდენობა 13%-ით შემცირდა. აზიის ბანკის მონაცემებით კი, ცენტრალურ აზიაში, მათ შორის უკრაინაში, მოლდოვასა და კავკასიის ქვეყნებში მიგრანტთა რაოდენობა 25.5%-ით შემცირდა. თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს მხოლოდ ოფიციალური მონაცემებია, რეალურად კი არალეგალ მიგრანტთა რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით კვლავ დიდია. როგორც რუსეთის საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რუსეთში ოფიციალურად 1.8 მილიონი მიგრანტია დასაქმებული, მაგრამ არაოფიციალურად მათი რაოდენობა 4-5 მილიონს აღწევს.
საერთაშორისო შრომითი ორგანიზაციის მონაცემებით, კრიზისის დამდეგს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შრომით მიგრანტთა რაოდენობა 195 მილიონს შეადგენდა. 1960 წელს კი მათი რაოდენობა 75 მილიონს არ აღემატებოდა. ექსპერტები მოელიან, რომ 2010 წელს მათი რაოდენობა 9.6%-ით გაიზრდება და 214 მილიონს მიაღწევს. 1990-2009 წლებში საერთაშორისო მიგრანტთა რაოდენობა ჩრდილოეთ ამერიკაში – 80%-ით, ხოლო ევროპაში 41%-ით გაიზარდა5. მიგრანტები მსოფლიო მოსახლეობის 3%-ს წარმოადგენენ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, არალეგალურ მიგრანტთა რაოდენობა 20-30 მილიონს შეადგენს. აქედან, დაახლოებით, 11 მილიონი არალეგალური მიგრანტი აშშ-ში ცხოვრობს.
შრომით ბაზრებზე მიგრანტებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ. მაგალითად, აშშ-ში კრიზისამდელ პერიოდში ყოველი მეორე ახალი დასაქმებული მუშახელი მიგრანტი იყო. დიდ ბრიტანეთში კი, რომელიც ასევე გამოირჩევა მიგრანტთა რაოდენობით, ყოველი ათი ახალი მუშიდან 7 მიგრანტი იყო. შრომით მიგრანტთა დიდი ნაწილი დაბალკვალიფიციური მუშახელია, რომელთაც ისეთ დარგებში უხდებოდათ მუშაობა, როგორებიც არის საავტომობილო ბიზნესი და მშენებლობა. ეს დარგები ყველა ქვეყანაში განსაკუთრებით დაზარალდნენ, ამიტომ შრომით მიგრანტთა დიდი ნაწილი უმუშევრად დარჩა (იხ. ცხრილი #2).
მიუხედავად იმისა, რომ განვითარებულ ქვეყნებში სამუშაო ადგილები უქმდება და ეს, პირველ რიგში, მიგრანტთა დასაქმების მაჩვენებელზე აისახება, ბევრი მიგრანტი სახლში დაბრუნებას მაინც არ ჩქარობს, რადგან იქ მათ გაცილებით უარესი სურათი ელოდებათ. ამიტომ მიგრანტთა წინააღმდეგ სახელმწიფოები სხვადასხვა მეთოდებით იბრძვიან. მაგალითად, ესპანეთი და ჩეხეთი მიგრანტებს სთავაზობენ ბილეთის ღირებულების ანაზღაურებას სამშობლოში დასაბრუნებლად. დიდ ბრიტანეთში კი მიგრანტებს უკვე საზღვრებზე ხვდებიან და უკან აბრუნებენ, მაგრამ ბილეთის საფასურს უნაზღაურებენ. აღსანიშნავია, რომ მიგრანტების წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ეს მეთოდი ახალი არ არის. ამ მეთოდს, რომელიც Pay-to-go-ს სახელით არის ცნობილი, საფრანგეთმა პირველად ჯერ კიდევ 1977 წელს მიმართა, მაგრამ არც მაშინ და არც ახლა აღნიშნულ მეთოდს დიდი შედეგი არც ერთი ქვეყნისათვის არ მოუტანია. მიგრანტებს, რომელთაც სამშობლოში უმუშევართა არმიასთან შეერთება და საარსებო ლუკმა-პურის გარეშე დარჩენილი ოჯახის წევრები ელიან, ერთი მიმართულებით ბილეთის საფასურის ანაზღაურების პერსპექტივა დიდად არ ხიბლავთ.
ზოგიერთ ქვეყანაში განსაკუთრებით შეინიშნება ის, რომ სამსახური, ძირითადად, მიგრანტებმა დაკარგეს. მაგალითად, აშშ-ში განსაკუთრებით გაიზარდა უმუშევართა რაოდენობა მექსიკელ და ცენტრალური ამერიკის სხვადასხვა ქვეყნის მიგრანტებს შორის, ასევე ესპანეთსა და პორტუგალიაში სამსახურის გარეშე დარჩა მიგრანტთა დიდი ნაწილი, თუმცა ევროპის ბევრ ქვეყანაში უმუშევართა ზრდის ტემპი ადგილობრივ მოსახლეობასა და უცხოელებს შორის თითქმის თანაბარია. “უმუშევრობის დონე მიგრანტების სამშობლოებშიც იზრდება. ეს განსაკუთრებით მექსიკასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე ითქმის,” – აღნიშნავენ მიგრაციის საერთაშორისო ინსტიტუტის ექსპერტები6. მიგრაციის საერთაშორისო ინსტიტუტისა (IOM) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით (ILO), დღეისათვის მსოფლიოში 100 მილიონამდე შრომითი მიგრანტია, რაც გლობალური შრომითი ძალის 3%-ს წარმოადგენს, ასეთებად კი ითვლება შრომისუნარიანი მოსახლეობა 15 წელს ზემოთ – მათი რაოდენობა მსოფლიოში, დაახლოებით, 3 მილიარდი ადამიანია.
ეკონომიკურმა კრიზისმა და სამუშაო ადგილების შემცირებამ ფულადი გზავნილების შემცირებაც გამოიწვია. ფულად გზავნილთა მოცულობა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში შემცირდა, განსაკუთრებით დიდი კლება იყო თურქეთში, მოლდოვაში, პოლონეთში, ეკვადორში, მაროკოში, მექსიკასა და კენიაში. 2008 წლამდე კი განვითარებად ქვეყნებში ფულადი გზავნილების მოცულობა სტაბილურად იზრდებოდა. 2007-2008 წლებში ფულად გზავნილთა მოცულობა, რომელიც მიმართული იყო განვითარებადი ქვეყნებისაკენ, 15%-ით გაიზარდა და ჯამში 328 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 1999-2007 წლებში ყოველწლიურად ფულადი გზავნილების მოცულობა, საშუალოდ, 18%-ით იზრდებოდა7 (იხ. ცხრილი 3). თუმცა გლობალურმა რეცესიამ ტენდენციები საპირისპირო მიმართულებით შეცვალა. ფულად გზავნილთა მოცულობა თურქეთში 2009 წლის პირველ ნახევარში 43%-ით შემცირდა, მოლდოვაში 37%-ით, ხოლო პოლონეთში, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 33%-ით.
ფულადი გზავნილების მოცულობა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოშიც შემცირებულია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რა მდგომარეობაა რუსეთში, აშშ-სა და ესპანეთში, რომლებიც ქართველ მიგრანტთა მთავარ თავშესაფრებს წარმოადგენენ, ფულადი გზავნილების ზრდას ახლო მომავალში ალბათ არ უნდა ველოდეთ.
სურათს უფრო ამძიმებს მსოფლიო სავალუტო ფონდის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც მიგრანტების ფულადი გზავნილების შემცირების შედეგად მოსახლეობის შემოსავალი 5%-ით დაეცემა. “შრომის ბაზარზე მოთხოვნილების შემცირებამ, შესაძლოა, უმუშევრობა გაზარდოს, სავალუტო გაცვლითი კურსის დაწევამ კი მომხმარებლისთვის იმპორტზე ფასების გაზრდა გამოიწვიოს,”” – განაცხადა სომხეთში მსოფლიო სავალუტო ფო-ნდის წარმომადგენელმა ნინკე ომესმა. რეალობა სახარბიელო ნამდვილად არ არის, საქართველოში რომ სამსახურის შოვნა არცთუ ადვილია, ამას ყველა შეეგუა, მაგრამ ქართველი მიგრანტებისათვის ახლა უკვე არც საზღვარგარეთის დასაქმების ბაზრებზე ჩანს დიდი პერპექტივა, რადგან გლობალურმა ეკონომიკურმა რეცესიამ დარტყმა, პირველ რიგში, შრომით მიგრანტებს მიაყენა.