ბიზნესის დახმარების ახალი პროგრამა და OPIC

ნინო არველაძე

მიმდინარე წლის 2 ნოემბერს “Courtyard Marriott”-ში გაიმართა საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სადაზღვევო სააგენტოს (OPIC) სემინარი საწარმოთა განვითარების ქსელის შესახებ (EDN).

2008 წლის აგვისტოს ომმა და მსოფლიოში განვითარებულმა ფინანსურმა კრიზისმა საქართველოში უცხოური ინვესტიციების მკვეთრად შემცირება გამოიწვია. 2009 წლის პირველ მეოთხედში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გასული წლის ანალოგიური პერიოდის 537.6 მლნ აშშ დოლარიდან 124.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა (წყარო: www.statistics.ge). ქართული ბიზნესის წახალისებისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ დააარსა საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტო, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში EDN-ის (Enterprise Development Network – საწარმოთა განვითარების ქსელი) წევრი გახდა.
ვენთან საუბარში OPIC-ის წარმომადგენელმა სტივენ ჯონსტონმა განაცხადა, რომ დაიტერესებულნი არიან საქართველოში როგორც მცირე ზომის, ასევე მოცულობითი პროექტების დაფინანსებით, გაცემული სესხის ოდენობა შესაძლებელია იყოს 100 000 დოლარი ან 250 მლნ დოლარიც. თითოეულ პროექტში ამერიკული მხარე წარმოდგენილი უნდა იყოს 25%-იანი წილით, ამერიკელი პარტნიორის მოძებნაში ბიზნესმენს დაეხმარებიან OPIC-ის ორიგინატორები ანუ შუამავლები. სტივენ ჯონსტონმა ქართველ ბიზნესმენებს მოუწოდა, ნუ დაიხევენ უკან თავიანთი პროექტების მცირე მასშტაბების გამო, რადგან პროექტის მასშტაბის სიმცირე OPIC-ის ინტერესებს არ ზღუდავს, მთავარია პროექტი შესაბამისად იყოს გაწერილი და გამართული, სადაც ამერიკული მხარე 25%-იანი წილით იქნება წარმოდგენილი. კონკრეტულად OPIC დაინტერესებულია ქვეყანაში ისეთი დარგების განვითარებით როგორიც არის:
საფინანსო სექტორი;
ტურიზმი;
სამთო მრეწველობა;
საშუალო და მცირე ბიზნესი;
უძრავი ქონების სექტორი.
სტივენ ჯონსტონმა “საქართველოს ეკონომოკასთან” EDN-ის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საწარმოთა განვითარების ქსელი OPIC-ის ორიგინატორია ანუ ქსელი ეხმარება ბიზნესმენებს, წარმოდგენილი პროექტები დახვეწონ ისე, რომ დააკმაყოფილოს OPIC-ის მიერ მოთხოვნილი კრიტერიუმები და ამის შემდეგ მიიღონ დაფინანსება. ამისათვის საჭიროა, ბიზნესმენებმა მიმართონ საწარმოთა განვითარების ქსელის ვებგვერდს (http://ednaccess.com), რომლის საშუალებითაც შეძლებენ შესაბამისი პარტნიორების მოძიებას, პროექტების დახვეწას დ იმ რთული პროცედურის გავლას, რომელსაც OPIC-ი მოითხოვს.
ერთ-ერთი ასეთი ორიგინატორი, EDN-ის წარმომადგენელ ფარუკ კახრავანი განმარტავს, რომ ქსელი მოიცავს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, ბალკანეთს, თურქეთს, კასპიის აუზის ქვეყნებს საქართველოს ჩათვლით, ისრაელს და ყაზახეთს. მან დასძინა, რომ უნდა მოხდეს რეგიონის გაერთიანება საერთო მემკვიდრეობის საფუძველზე. ფარუკ კახრავანმა დაწვრილებით ისაუბრა საწარმოთა განვითარების ქსელის მნიშვნელობაზე ბიზნესის განვითარების კუთხით:
რა არის საწარმოთა განვითარების ქსელი?
EDN წარმოადგენს სტრატეგიულ კავშირს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სადაზღვევო სააგენტოსთან (OPIC) და კერძო სექტორთან, რათა ხელი შეუწყონ უცხო ინვესტორების საქმიანობას განვითარებად ქვეყნებში. EDN მოიცავს სხვადასხვა სექტორებს (საფინანსო ინსტიტუტებს, იურიდიულ ფირმებს, საინვესტიციო სააგენტოებს…) და საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს, მისი, როგორც ორიგინატორის, მეშვეობით გახდნენ ამ ქსელის წევრები ან როგორც მსესხებელი – ითანამშრომლონ OPIC-თან პოლიტიკური რისკების დაზღვევის მიზნით სადაზღვევო პოლისების თუ ფინანსური გარანტიების მისაღებად. (http://ednaccess.com/about/)
როგორ ეხმარება EDN-ი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს?
ფოკუსირებულია საზღვარგარეთ ინვესტიციების ჩადებაზე, მაგრამ საზღვარგარეთული პროექტები ხშირად ვერ აკმაყოფილებენ მოთხოვნილ კრიტერიუმებს. EDN-ი ეხმარება საწარმოებს, დააკმაყოფილონ ქსელის მოთხოვნები მისი მომსახურების საფუძველზე.
EDN-ის მრჩევლები არიან კონკრეტული ბიზნესსექტორებისა და გეოგრაფიული ადგილების სპეციალისტები მსოფლიოს მასშტაბით და ეხმარება OPIC-ს კრედიტების გაცემაში კონკრეტული პროექტებისთვის.
აქედან გამომდინარე, ყველა მსურველმა მეწარმემ უნდა მიმართოს ორიგინატორებს ან საქართველოში შექმნილ ორიგინატორს – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დაარსებულ საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს. სააგენტო ქართულ ბიზნესს დაფინანსების და დაზღვევისათვის საჭიროა ცოდნის მიღებაში უფასოდ მოემსახურება.
სააგენტოს მიზნებისა და მუშაობის პრიორიტეტების შესახებ “საქართველოს ეკონომიკას” საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ბატონი ზურაბ სვიმონია ესაუბრება:
ს.ე – ბატონო ზურაბ, როდის და რა მიზნით დაარსდა საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტო?
ზ.ს – სააგენტო დააფუძნა ფინანსთა სამინისტრომ 2009 წლის 28 მარტს. მისი ძირითადი მიზანია უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობა რისკების მართვის საკითხებში. სააგენტო გამოდის შუამავლის როლში ინვესტორებსა და შესაბამისი ქვეყნის სახელმწიფო ან საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან. OPIჩ მსოფლიო ბანკის წევრი ქვეყნების ინვესტორებისთვის გვყავს ისეთი პარტნიორი, როგორიცაა “მიგა”, ვთანამშრომლობთ ისრაელის “აშრასთან”, რომელიც არის ექსპორტსაკრედიტო სადაზღვევო კორპორაცია, ვგეგმავთ პარტნიორების სიის გაფართოებას და თანამშრომლობას ევროპის სახელმწიფო სადაზღვევო და კერძო კომპანიებთან, მიმდინარეობს მოლაპარაკებები საფრანგეთთან, ასევე გვსურს, ჩვენი პარტნიორი გახდეს დიდი ბრიტანეთის საექსპორტო საკრედიტო სადაზღვევო დეპარტამენტი, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩინეთთან. რაც უფრო მეტი პარტნიორი ეყოლება სააგენტოს, მით უფრო ფართო სპექტრის ინვესტორების მომსახურებას შეძლებს. სააგენტოს ძირითადი მიმართულებაა პოლიტიკური რისკების დაზღვევა. ბუნებრივია, ომის შემდგომ პერიოდში ინვესტორებში შეშფოთება გაჩნდა და მათ სააგენტო ნდობის ფაქტორის ამაღლების მიზნით მომსახურებას სთავაზობს.
ს.ე. – როგორი ტიპის პოლიტიკურ რისკებზეა საუბარი?
ზ.ს – ძირითადად, რისკის ორი კატეგორია არსებობს – ერთი ეხება ქვეყანას, ხოლო მეორე კი – მთავრობას. როდესაც სახელმწიფოსგან მომდინარე რისკებზეა საუბარი, იგულისხმება პოლიტიკური ძალადობა, მაგალითად, გარედან შემოსული აგრესია, როგორიც საქართველომ 2008 წლის აგვისტოში განიცადა, ასევე შიდა პოლიტიკური არეულობები, რის გამოც შესაძლებელია კონკრეტული ბიზნესმენი დაზარალდეს – კონკრეტული აქტივები, ასევე საინვესტიციო პროექტის შემოსავლების გენერირების პერსპექტივა. პოლიტიკურ რისკად მიიჩნევა პოლიტიკური საბოტაჟი, ტერორისტული აქტები, რომლებსაც პოლიტიკური მიზნები გააჩნიათ.Mმთავრობისგან მომდინარე რისკები მთავრობის არაკანონიერ ქმედებებს გულისხმობს, მაგალითად, კონფისკაციას, ექსპროპრიაციას, კაპიტალის რეპატრიაციის სირთულეებს და ა.შ. საუბარია არაკანონიერ ქმედებებზე და არა იმ შემთხვევაზე, თუ კანონით რაიმე წესი შეიცვლება ან დევალვაცია მოხდება, რაც მაკროეკონომიკური მოვლენაა. მსგავსი ტიპის რისკი პოლიტიკურ რისკად არ განისაზღვრება. სააგენტო ჩამოთვლილი რისკების დაზღვევაზე მუშაობს.
ს.ე. – საზოგადოებაში ჩნდება აზრი, რომ სააგენტოს შექმნით საქართველოს არასტაბილურობზე კეთდება აქცენტი?
ზ.ს. – საგანგაშო არაფერია. ომის შემდგომ პერიოდში ინვესტორებს გაუჩნდათ მოლოდინი, რომ სახელმწიფო დაიწყებდა პოლიტიკური რისკების მართვას. პოლიტიკური რისკების მართვის პროდუქტები მსოფლიო მასშტაბით აქტუალური ხდება, ბუნებრივია, იგულისხმება ის განვითარებადი ქვეყნები, სადაც უცხოელი ინვესტორები ოპერირებენ. ეს არის დამატებითი სერვისი, რომელსაც საქართველოს მთავრობა უცხოელ ინვესტორს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების მიზნით სთავაზობს. სააგენტო პოლიტიკური რისკების მართვისა და დაფინანსების მიმართულებით გახდა საწარმოთა განვითარების ქსელის EDN-ის სრულუფლებიანი წევრი. სააგენტო პირველი ქართული ეკონომიკური სუბიექტია, რომელიც ამ ალიანსში ერთიანდება. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში გაჩნდებიან დამატებითი ორიგინატორები, ალიანსის წევრობის სურვილი რამდენიმე საკონსულტაციო კომპანიამ გამოხატა. იმედი გვაქვს, ალიანსში გაწევრიანება ხელს შეუწყობს ქართულ ბიზნესს, აქტიურად იმუშაოს დასავლეთის ბაზარზე და ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციები მოიზიდოს.
ს.ე. – როგორ დაეხმარებიან თქვენი სააგენტო და სხვა ორიგინატორები ქართველ ბიზნესმენებს?
ზ.ს. – EDN-ი ორ ძირითად მიმართულებას გულისხმობს. პირველი – იზრდება OPIC-ის პროდუქტებზე წვდომის ფაქტორი. თუ თქვენ ამ ქსელით ისარგებლებთ, ორიგინატორის მეშვეობით გამოიყენებთ ამ სერვისს. ორიგინატორის ფუნქციაში შედის ქართველ ბიზნესმენთან მუშაობა და მათთვის დახმარების გაწევა როგორც უცხოელი ინვესტორის მოზიდვაში (პროექტში თანამონაწილეობის რეალური შანსის ფაქტორი იზრდება), ასევე პოლიტიკური რისკების მართვის საკითხებში. ორიგინატორს შეუძლია, გაგიწიოთ მაღალკვალიფიციური მომსახურება, რაც გულისხმობს OPIC-ისთვის საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილებას. შუამდგომლობა, ერთი შეხედვით, მარტივია, მაგრამ, სინამდვილეში, ეს რთული პროცესია, რადგან სააპლიკაციო პროცედურა საკმაოდ რთულია. ბიზნესი უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს – რამდენად გამართულია კომპანია ფინანსურად, აქვს თუ არა კანონთან პრობლემები, უნდა წარადგინოთ ყველა აუდიტორული დასკვნა, რომლებიც საჭიროა კომპანიისთვის, ინვესტორიც და პროექტიც უნდა აკმაყოფილებდნენ ფინანსურ კრიტერიუმებს, განსაზღვრული უნდა იყოს კაპიტალის თანამონაწილეობა და სესხის მოცულობა. ხდება პროექტის სტრუქტურირება, რაშიც ორიგინატორები ფულს იღებენ. ჩვენი სააგენტო ყოველგვარი გადასახდელების გარეშე მუშაობს. ეს არის პოლიტიკური დაკვეთა ქართულ ბაზარზე უცხოური და ადგილობრივი ბიზნესის აქტივობის გასაზრდელად. ქართველ ბიზნესმენს ეძლევა საშუალება, დაუკავშირდეს ფინანსური რესურსების სხვადასხვა პროვაიდერებს. ქსელის მეშვეობით შესაძლებელია ფინანსური რესურსების მოზიდვაც და პოლიტიკური რისკების დაზღვევაც. რაც შეეხება სააგენტოს, ის მუშაობს უცხოური ინვესტიციების შემოდინების ფაქტორებზე, ამიტომ ვთანამშრომლობთ უცხოური ქვეყნების თუ საერთაშორისო განვითარების ინსტიტუტებთან. როგორც წესი, უცხოელი ინვესტორ, ადგილობრივი კაპიტალის ან ადგილობრივი ბიზნესმენების მეშვეობით, ადგილობრივ ბიზნესში გარკვეული თანამონაწილეობით შემოდის. ჩვენ ადგილობრივ ბიზნესმენებს უცხოელი პარტნიორების მოძებნაში ვეხმარებით. ომის შემდეგ საქართველომ საერთაშორისო დახმარება მიიღო და ქვეყანას ფინანსური რესურსები გამოეყო, მაგრამ კარგად ვიცით, რომ ეკონომიკის განვითარების და ეკონომიკის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა კერძო სექტორი და კერძო ინვესტიციაა. უცხოურ ინვესტიციას მოჰყვება ახალი ტექნოლოგიები, ადამიანური კაპიტალი, ხელს უწყობს დასაქმების მაჩვენებლის ზრდას და მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებას. ამიტომ, სააგენტო მხოლოდ პოლიტიკური რისკების დაზღვევით არ შემოიფარგლება, ის მუშაობს ფინანსური რესურსების მოზიდვასა და ნებისმიერი ტიპის საკითხებზე, რომლებიც კერძო სექტორსა და ფინანსთა სამინისტროს შორის კოორდინაციას ითვალისწინებს.
ს.ე. – თქვენი პარტნიორების მხრიდან თუ იკვეთება სექტორი, რომლის მიმართაც უფრო დიდ ყურადღებას იჩენენ და თუ არსებობს ლიმიტი სესხის მოცულობაზე?
ზ.ს – მსგავსი ტიპის პრიორიტეტები სააგენტოს არ გააჩნია. მთავარია, პროექტი ისეთი ტიპის სადაზღვევო საფინანსო კომპანიების კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს, როგორიც არის ოპიკი, მიგა, აშრა და ა.შ. EDN-I, ძირითადად, განკუთვნილია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად. სესხის მოცულობა შესაძლებელია იყოს 100 000 დოლარი ან 250 მლნ დოლარი. თუ საუბარია ენერგეტიკული ტიპის პროექტებზე, როგორიც არის გაზი და ნავთობი, შესაძლებელია სესხმა 400 მლნ დოლარიც კი შეადგინოს. ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებსაც სახელმწიფოს მხრიდან უნდა დაეთმოს ყურადღება. ენერგეტიკულ, ჰიდროელექტროსადგურის პროექტებს დიდი პოტენციალი გააჩნიათ, რადგან შესაძლებელია, ზაფხულში ელექტროენერგია ექსპორტზე გავიტანოთ, ასევე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია სოფლის მეურნეობა. მთავრობას აქვს ეკონომიკური პრიორიტეტები: მცირე და საშუალო ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ჯანდაცვა და განათლება, მაგრამ სააგენტო არ გამოყოფს პრიორიტეტებს და მუშაობს ნებისმიერი ტიპის პროექტზე. სააგენტოს ფუნქციაა, ისე მოამზადოს საინვესტიციო პაკეტი, რომ დააკმაყოფილოს კონკრეტული სადაზღვევო თუ საფინანსო კორპორაციის კრიტერიუმები. მნიშვნელოვანია, რომ შედარებითი უპირატესობები ყველა ქვეყანას გააჩნია და ორიენტებულნი არიან იმ სექტორების განვითარებაზე, რომლებშიც გამოცდილება და ტექნოლოგიები აქვთ. ისრაელთან მუშაობისას შესაძლებელია, ყურადღება დაეთმოს სოფლის მეურნეობას ან მედიცინას, OPIC-თან მუშაობისას კი – მცირე და საშუალო ბიზნესს.
საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების პოლიტიკის ერთ-ერთი სერიოზული კომპონენტია საინვესტიციო მომსახურება, რომლის ამოცანაა ფინანსური რესურსების მოზიდვა და ინვესტიციების დაზღვევა პოლიტიკური რისკებისგან. საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს შექმნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს საინვესტიციო ბაზრის გამოცოცხლებისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომლის მეშვეობითაც ადგილობრივ ბიზნესმენებს პროექტების განხორციელებისთვის ინვესტორთა მოზიდვა სხვადასხვა ქვეყნიდან შეეძლებათ.
დაფინანსების მსურველმა მე-წარმემ პირველ ნაბიჯით უნდა მიმართოს EDN-ის ვებგვერდს (http://ednaccess.com), გაეცნოს თამაშის წესებს და შეეცადოს ორიგინატო-რებთან ერთად მოიზიდოს თანხები, ეს შესაძლებელია.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial