არასტანდარტული საქონლის სტანდარტული ბედი

ნინო არველაძე

სტანდარტიზაცია ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია. საქართველოში წარმოებული არასტანდარტული პროდუქციის გამო ქართველი მომხმარებელი ზარალდება, ხოლო მეწარმეები ეკონომიკურ ზარალს განიცდიან, რადგან შეუძლებელია პროდუქციის ექსპორტი განვითარებულ ბაზრებზე.

გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში არსებულ პრობლემებზე მუშაობს. მიმდინარე წლის 7 დეკემბერს UNDP-ის ინიციატივით სასტუმრო “თბილისი მარიოტში” გაიმართა განხილვა თემაზე “რამდენად მნიშვნელოვანია სტანდარტები და სტანდარტიზაცია ქართული ეკონომიკისთვის და როგორ შეიძლება სტანდარტების დანერგვა საქართველოში”. UNDP-ის დაკვეთით საკონსულტაციო ცენტრ PMCG-ის (პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფი) მმართველმა დირექტორმა ალექსანდრე მარგიშვილმა საზოგადოებას წარუდგინა თემა “სტანდარტების მნიშვნელობა და როგორ შევუწყოთ ხელი მათ დამკვიდრებას”, რომელშიც ჩამოაყალიბა საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების ფინანსური რისკების დაზღვევის სისტემა.
ს.ე. – ბატონო ალექსანდრე, რა მნიშვნელობა აქვს ეკონომიკის სტანდარტიზაციას ქვეყნისთვის?
– ნებისმიერი ეკონომიკისთვის სტანდარტიზაციას დიდი მნიშვნელობა აქვს. საქართველო ცდილობს, ევროპის ნაწილი და საერთაშორისო ეკონომიკის სრულუფლებიანი წევრი გახდეს. ქვეყანაში არ არის საკმარისი გამოცდილება, რათა კერძო სექტორმა დამოუკიდებლად მიაღწიოს დასავლეთში არსებულ თანამედროვე მაჩვენებლებს. სტანდარტიზაცია საქართველოსთვის მნიშვნელოვანია კერძო სექტორის დახმარების კუთხით, რათა, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკამ წინ წაიწიოს და მდგრადი გახდეს. თუ ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლება გვინდა, სტანდარტების უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება.
ს.ე. – UNDP (გაერო-ს განვითარების პროგრამა) რა კუთხით არის ჩართული საქართველოს სტანდარტიზაციის საკითხში?
ა.მ. – UNDP საქართველოში დამოუკიდებლად, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტების საშუალებით ბევრ მნიშვნელოვან თემას სწავლობს და ამუშავებს. UNDP-ში პრიორიტეტებს კონიუნქტურის მოთხოვნების მიხედვით არჩევენ. სტანდარტების შემთხვევაში, დამიკვეთეს მომემზადებინა თემა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სტანდარტები და სტანდარტიზაცია ქართული ეკონომიკისთვის და როგორ შეიძლება სტანდარტების დანერგვა ჩვენს ქვეყანაში. UNDP-იმ მოიწვია ქვეყანაში სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები და გამართა სემინარი. მთავარი აზრი ის არის, რომ გაერო-მ და გაერო-ს განვითარების პროგრამამ ხელი შეუწყოს სხვადასხვა მონაწილეთა შორის დიალოგს აქტუალურ თემებზე და ამ განხილვების შედეგად წინ წაიწიოს ქვეყნის ეკონომიკურმა აზროვნებამ. ამ შემთხვევაში ეს შეეხებოდა საერთაშორისო სტანდარტებს, რაც კერძო სექტორის განვითარებას დაეხმარება.
ს.ე. – კონკრეტულად, რა პრობლემას ეჯახება საქართველოს ეკონომიკა სტანდარტიზაციის უარყოფით?
ა.მ. – რთულ პრობლემებზე საუბრისას გამოიყოფა ორი საკითხი: გასული წლების განმავლობაში (და ალბათ, უახლოეს მომავალშიც) საქართველოში წარმოებული პროდუქცია საექსპორტო ბაზრებზე კონკურენციას ვერ უწევს უცხოურ ნაწარმს. საქართველოს კვების მრეწველობა, გამონაკლისების გარდა, ვერ უწევს კონკურენციას, პირველ რიგში – ხარისხობრივი თვალსაზრისით, თურქულ, ბერძნულ, ბულგარულ, ევროპულ და ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის ნაწარმს. საქართველოს აგრობიზნესიც ვერ აკმაყოფილებს ხარისხობრივ მოთხოვნებს. იგულისხმება არა ის, თუ როგორი ხარისხის ნაწარმის შეძენა სურს მომხმარებელს, არამედ ვგულისხმობ მინიმუმ იმ სტანდარტს, რისი დაცვაც აუცილებელია საერთაშორისო ბაზრებზე. სტანდარტების დასაკმაყოფილებლად საჭიროა, მწარმოებელს ესმოდეს, თუ რა მოთხოვნები გააჩნია სტანდარტს, შემდეგ მან უნდა გააანალიზოს, თუ რამდენად შეუძლია მის ფირმას ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება და რა ცვლილებები უნდა გატარდეს ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ალბათ, იშვიათად მოიძებნება საქართველოში ადამიანი, რომელსაც ევროპასთან კულტურული და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი არ გააჩნია. ეკონომიკა, ურთიერთობის ლოკომოტივი უნდა იყოს. საქართველოს პროდუქცია ევროპაში არ არის წარმოდგენილი და ევროკავშირის ბაზარი, პირდაპირ რომ ვთქვათ, ალბათ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვერ გაიცნობს მას. ამის მთავარი მიზეზია საქართველოს პროდუქციის არასტანდარტულობა, არაერთგვაროვნება და არასტაბილურობა.
ს.ე. – საქართველოში წარმოებული პროდუქცია საზღვარგარეთ ექსპორტზე არასტანდარტულობის გამო ვერ გადის?
ა.მ. – პოტენციალის კუთხით ყველაზე დიდი ზარალი სწორედ ეს არის. საქართველოს პოტენციალი გააჩნია, სამწუხაროდ, ეს ჯერჯერობით მხოლოდ თეორიული პოტენციალია. ქართველ მწარმოებელს აქვს ტრადიციები, უნარ-ჩვევები, გვაქვს შესაძლებლობა, პერსპეტივაში ვიპოვნოთ ჩვენი ნიშები ევროპის, ამერიკისა და აზიის ბაზრებზე. პოტენციალი ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო არ გამოიყენება. უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოში ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ყველაზე ხშირად ხდება ის, რომ ქვეყანამ თუ კონკრეტულმა ფირმამ ექსპორტის ათვისებამდე ჯერ ადგილობრივი ბაზარი უნდა აითვისოს. შესაბამისად, ექსპორტზე საუბარი უფრო შორეული მომავლის საქმეა, ჯერ საკუთარ ბაზარს ვერ ვაკმაყოფილებთ. ჩვენს ქვეყანაში იმპორტი იმდენად მთავარ როლს თამაშობს, რომ რაიმე გლობალური კრიზისის გამო ან სუბიექტური მიზეზებით იმპორტის შეზღუდვის შემთხვევაში საქართელოში კატასტროფა მოხდება.
ს.ე. – ცხადია, ეკონომიკის განსავითარებლად ექსპორტისა და შიდა ბაზრის ათვისების კუთხით სტანდარტიზაცია უმნიშვნელოვანესი თემაა. რას აკეთებს სახელმწიფო საქართველოში ეკონომიკის სტანდარტიზაციისთვის?
ა.მ. – ეს თემა, როგორც სხვა თემები, ეკონომიკაში მრავალი დაინტერესებული მხარის განსჯის საგანი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მიზეზი უნდა გახდეს. მთავრობა, როგორც ერთ-ერთი მონაწილე, უნდა თანამშრომლობდეს კერძო სექტორთან, დონორ საზოგადოებასთან და, რაც მთავარია, სამომხმარებლო ბაზართან ანუ ზოგადად საზოგადოებასთან. ასეთი თანამშრომლობა, სამწუხაროდ, საქართველოში არ ხდება, თუმცა არის როგორც კერძო სექტორის, ასევე მთავრობის და დონორების მცდელობები და ასეთი თანამშრომლობის დასაწყებად ინიციტივები, მაგრამ სინამდვილეში სხვადასხვა მონაწილე მხარეები შეუთანხმებლად და თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. ერთიანი სტრატეგიით მუშაობა ამ საკითხის გადაწყვეტას დააჩქარებდა. შესაძლებელია, 30 წლის შემდეგ ეს საკითხი გადაწყდეს და დანახარჯი ამ საზოგადოებისთვის ძალიან მაღალი იყოს. კონკრეტულად მთავრობაზე თუ ვისაუბრებთ, მთავრობას ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები აქვს გადადგმული. სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის კოორდინაცია არ ხდება და მთავრობის მუშაობა არაეფექტურად გამოიყურება. მაგალითად, საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება, კვების მწარმოებელ მსხვილ და საშუალო საწარმოებში დაენერგა სურსათის უვნებლობის პრინციპები. არსებობს მნიშვნელოვანი სტანდარტი – სურსათის უვნებლობა, რომლის უზრუნველყოფაც სხვადასხვა წესით შეიძლება. ერთ-ერთი გავრცელებული, საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული და დამკვიდრებული HACCIP სისტემა კრიტიკული წერტილების კონტროლს უზრუნველყოფს. სურსათის უვნებლობის შესახებ კანონი ერთი წლის წინ უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ 2010 წლის 1 იანვრამდე გადაიდო, ახლა პარლამენტში შესულია პრეზიდენტის წინადადება ამ კანონის ამოქმედების კვლავ გადადების შესახებ. განაწილებულია ეტაპობრივი გრაფიკი: ყველაზე მაღალრისკიან საწარმოებში და მსხვილ საწარმოებში სისტემა დაინერგოს 2011 წლის 1 იანვრიდან; შემდეგ შედარებით მაღალრისკიანში – 2013 წლის 1 იანვრიდან; შედარებით ნაკლებრისკიანში – 2015 წლის პირველი იანვრიდან და ცხოველთა კვებას კანონი 2017 წლის 1 იანვრიდან შეეხება. გაკეთდა გარკვეული გრადაცია. მიჭირს თქმა, ეს პოზიტიურია თუ ნეგატიური, ნებისმიერ შემთხვევაში ფაქტია, რომ ევროკომისიის რეკომენდაციით კანონი 2009 წელს უნდა შესულიყო ძალაში. კანონის ამოქმედების გადადებას თავისი მიზეზი გააჩნია: ეკონომიკა მზად არ არის ასეთი სავალდებულო ცვლილებებისთვის, რაც გვარწმუნებს, რომ საჭიროა კოორდინაცია. მხოლოდ კანონის მიღება და ეკონომიკის დავალდებულება კარგი არ არის. ალბათ, კარგი ვარიანტი იქნებოდა, შემუშავებულიყო ერთიანი სტრატეგია და ეკონომიკას ანუ საწარმოებს მისცემოდათ საშუალება, მომზადებულიყვნენ და თავიანთ საწარმოებში რეალურად დაენერგათ საკვების უვნებლობის პრინციპები, რასაც ფინანსური სახსრები სჭირდება. ფინანსური სახსრების მოძიების შესაძლებლობა დღეს ქართულ კომპანიებს არ აქვთ.
ს.ე. – თუ მოიაზრება კერძო ბიზნესის დაფინანსების სქემა, რომელის საშუალებითაც საქართველოს საწარმოებში შესაბამისი სტანდარტები დაინერგება?
ა.მ. – შეგვიძლია, ვისაუბროთ ორ ძირითად სტანდარტზე, კვების მრეწველობაში HAჩჩIP სისტემაა, მართვის სტანდარტია ISO. თუ ზოგადად ქართულ კომპანიებს განვიხილავთ, მათ უმეტეს შემთხვევაში არ გააჩნიათ შესაძლებლობა, თვითონ დააფინანსონ საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის პროცესი ან მოიზიდონ სახსრები ასეთი ცვლილებების დასაფინანსებლად. საქართველოში კომერციული ბანკები, როგორც წესი, მიიჩნევენ, რომ სტანდარტიზაციის დანერგვა გრძელვადიანი დაბანდებაა. ზოგადად, აგრარული სექტორი ქართული ბანკების მიერდაწუნებულია, გარკვეული გამონაკლისების გარდა, ქართული კომერციული ბანკები აგრარულ სექტორს არ აფინანსებენ. ვგულისხმობ სექტორის დაფინანსებას და არა ერთი კომპანიისას. საუბარია იმაზე, რომ უნდა მოხდეს მთლიანად დარგის დაფინანსება. PMCG-ში შევიმუშავეთ თემა, რომელიც ამუშავების შემთხვევაში, ჩვენი გათვლებით, დააკმაყოფილებს ყველა მონაწილეს – იგულისხმება მომხმარებელი, ქართული საზოგადოება, კერძო სექტორი, სახელმწიფო და დონორი საზოგადოებაც. სისტემა მოიცავს რისკების დაზღვევის მექანიზმს ანუ გავაანალიზეთ მიზეზები, რატომ არ აძლევს ქართული საბანკო სექტორი ქართულ აგრობიზნესს სესხებს. მიზეზებიდან ერთ-ერთი მთავარია მაღალი რისკი და გრძელვადიანობა. აღნიშნული ბარიერების გადასალახად უპრიანი იქნებოდა, რომ დონორთა საზოგადოებამ, რომელიც თითქმის 15 წელია, რაც საქართველოში ფულს ხარჯავს, დააზღვიოს ქართული კომერციული ბანკების რისკები. საუბარია რისკების განაწილებაზე, რითიც წაახალისებენ კომერციულ ბანკებს ეკონომიკის დასაფინანსებლად. რისკების განაწილების საშუალებით კერძო სექტორის ნაწილი, რომელიც ვერ დააბრუნებს აღებულ კრედიტს, ბაზრიდან გავარდება. ბანკები ამ შემთხვევაში რისკებს დააზღვევენ, დონორის თანხები უფრო ეფექტურად დაიხარჯება, კერძო სექტორი უფრო კონკურენტუნარიანი გახდება და გადარჩება ძლიერი. რაც მთავარია, ამ ცვლილებების შედეგად, საქართველოში 2-3 წლის განმავლობაში მისაღებ დონეზე ავა სტანდარტიზაციის ხარისხი, რითიც გაიზრდება მომხმარებლის კმაყოფილების ხარისხი, საექსპორტო პოტენციალის გაზრდის შესაძლებლობაც მოგვეცემა და მთლიანობაში, ეფექტური წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
ს.ე. – სტანდარტიზაცია და ლაბორატორია განუყრელი თემებია. რა მდგომარეობაა საქართველოში არსებულ ლაბორატორიებში?
ა.მ. – საქართველოში არსებობს ასეთი დაწესებულებები, მაგრამ კომერციული თვალსაზრისით ისინი წარმატებული არ არის. ლაბორატორია ფუფუნების საგანი არ არის, მთელს მსოფლიოში ეს ისეთი ხარჯია, რომელიც აუცილებელია. ლაბორატორია მაღალი ღირებულების შემქმნელია და იმდენად მნიშვნელოვანია კომპანიისთვის, რომ ნამდვილად ღირს მისთვის ხარჯის გაწევა. დღეს საქართველოში ლაბორატორიის მომსახურებით სარგებლობა, სამწუხაროდ, ხშირად აღიქმება როგორც ზედმეტი ფუფუნება ან იძულებითი მოვალეობა.
ს.ე. – საქართველოში არსებულ ლაბორატორიას თუ შეუძლია გასცეს ისეთი სერტიფიკატი, რომლითაც ქართული პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე გავა?
ა.მ. – ევროპასა და აშშ-ს ძალიან მკაცრი ბაზრები გააჩნიათ. იქაური კომპანიებისთვისაც კი რთულია დისტრიბუცია. მკაცრი მოთხოვნებია ხარისხის სტანდარტებზე და ერთგვაროვნებაზე. არსებობს შემთხვევები, როდესაც ევროკავშირის მაკრედიტებელი ორგანოები ნებას რთავენ, რომ საზღვარგარეთ მოხდეს იმ ორგანოების აკრედიტაცია, რომლებიც შემდეგ განახორციელებენ ვარგისიანობის ან ხარისხის დადასტურებას, თუმცა ეს იშვითად ხდება. არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ საქართველო შეძლებს, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად დაადასტუროს პროდუქციის ვარგისიანობა. ქართულ ლაბორატორიას მაინც სჭირდება ევროპაში არსებული ორგანოსგან უფლების მიღება. თუ ქართველ მწარმოებელს პროდუქტის ევროპაში ექსპორტზე გატანა სურს, ჯერ აკეთებს ადგილობრივ ქართულ ლაბორატორიაში დადასტურებას და შემდეგ უფრო გამარტივებული წესით იღებს ევროკავშირის ნებართვას დაწესებულებიდან პროდუქციის ბაზარზე შესატანად.
ს.ე. – კერძო სექტორს არა აქვს სურვილი, რომ სტანდარტული საქონელი შექმნას?
ა.მ. – ერთ-ერთი პრობლემაა მენტალიტეტი. ლაბორატორიის საშუალებით მეწარმეს შეუძლია კარგად გააცნობიეროს საკუთარი პოტენციალი. თუ მეწარმე ვერ ხვდება ამის საჭიროებას, მას სჭირდება გადამზადება, იძულება ან, უბრალოდ, ნებაზე მიშვება. იძულებაში იგულისხმება კანონი, რომელსაც თავის ფორმა აქვს და მასში გათვალისწინებული უნდა იყოს უარყოფითი მხარეებიც – მაგალითად, გრადაცია. პრეზიდენტის ინიციატივა – კანონის ამოქმედების გრადაცია სწორედ ამას ითვალისწინებს. ერთი ხელის მოსმით არ შეიძლება ამ საკითხის გადაწყვეტა. ერთ წელიწადში შეუძლებელია ეკონომიკის დასტანდარტება, მაშინ ეკონომიკა დიდი საფრთხის წინაშე დადგება და შესაძლებელია, ყველა საწარმო დაიხუროს.
ს.ე. – გეთანხმებით, მაგრამ საქართველოში სტანდარტიზაციის პრობლემა უკვე დიდი ხანია დგას. ვერ ვიტყვით, რომ ვინმეს ამ საკითხზე მუშაობის დრო არ ჰქონდა, ამიტომ შესაძლებელია, ფრაზა – ერთ წელიწადში რაღაც შეუძლებელია, უხეშად მოგვეჩვენოს.
ა.მ. – გეთანხმებით, დავამატებ, ხშირად ვაცხადებთ, რომ თავისუფალ ეკონომიკაში ვცხოვრობთ, რაც გულისხმობს, რომ ყველაფერი სახელმწიფოს არ მოეთხოვება. სახელმწიფომ შესაძლებელია, ზოგადი ძირითადი პრინციპები განსაზღვროს, ჩარჩოები დაადგინოს და კერძო სექტორს მისცეს შესაძლებლობები. შემდეგ კერძო სექტორმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობები. ჩვენს შემთხვევაში არ იყენებს. კერძო სექტორი ჯერ მენტალურად და შემდეგ უნარ-ჩვევებით უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ ბაზარს ის კი არ უნდა შესთავაზოს, რაც თვითონ აქვს, არამედ ის, რაც ბაზარს უნდა, ამისათვის კი უნდა გარდაქმნას თავისი საწარმო პროცესი. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ თანამშრომლობა აუცილებელია. ამ მხრივ ყველა მოიკოჭლებს – კერძო სექტორიც, მთავრობაც, დონორი საზოგადოებაც, ტექნიკური შემსრულებლებიც (ინფორმაციის მიწოდების კუთხით). გაერო-ს განვითარების ფონდის მიერ ჩატარებული სემინარი ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ასეთი ღონისძიებები ხშირად უნდა ჩატარდეს, რაც ერთიანი სტრატეგიის შემუშავებას შეუწყობს ხელს.
სტანდარტიზაცია ნებისმიერი ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, საქართველოს ეკონომიკისათვის კი, შეიძლება ითქვას, მტკივნეული თემაა. ქართველმა მეწარმემ მეზობელი ქვეყნის ბაზარი დაკარგა და ევროპელის თავაზიანი უარის ამარა დარჩა. პარტნიორობის შენარჩუნება უკიდურესად რთული გახდება, თუ საქართველოს სახელმწიფო ორგანოები მაკროეკონომიკური ადმინისტრირებისა და რეგულირების დამკვიდრებული სტანდარტების დანერგვას ვერ შეძლებენ. საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მუდმივად გადავადება ქვეყნის ეკონომიკურ მომავალს ბუნდოვანს ხდის და ცხადად აჩვენებს, რომ ყველა დაინტერესებული მხარის თანამშრომლობის და ერთიანი, ნათლად გაწერილი სტრატეგიის გარეშე საქართველოში ნაწარმოები პროდუქცია ევროპის და სხვა განვითარებული ბაზრების სინათლეს ვერ იხილავს.