თვითმმართველობის ვადამდელი არჩევნების გამო

მიხეილ ჯიბუტი პროფესორი

საქართველო ემზადება 2010 წლის მაისში თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების ვადამდელი არჩევნებისათვის.

ამ საკითხს აქვს რამდენიმე ასპექტი. თუმცა რეალურად წინა პლანზეა წამოწეული პოლიტიკური მხარე. ასეთი განწყობა რელიეფურადაა გამოხატული პოლიტიკური პარტიებისა (როგორც მმართველი პარტიის – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ისე ოპოზიციური-საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების) და საერთოდ საზოგადოების მიერ. ამ არჩევნებს ყველა განიხილავს, ან როგორც ცენტრალური ხელისუფლების შენარჩუნების, ან მისი მოპოვების ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებას.
აქედან მოდის თბილისის მერის არჩევნებთან დაკავშირებული პოლიტიკური “ცანცარი”, რომელმაც სრულად გადაფარა ამავე ქალაქის საკრებულოსა და სხვა თვითმმართველი ერთეულების საკრებულოების არჩევნების საკითხი.
რჩება შთაბეჭდილება, რომ 2010 წელს აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს ისევ ისე, როგორც ფიქრობდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს 2006 წლის 5 ოქტომბერს. მათი აზრით, თბილისში არჩეული მერი “თითქმის უკვე” საქართველოს მომავალი პრეზიდენტია. განსაკუთრებით თუ ის პირდაპირი გზით იქნება არჩეული. ამან გამოიწვია ის, რომ დემოკრატიის თვალსაზრისით აბსოლუტურად ნეიტრალური თემა – მერის პირდაპირ თუ საფეხურებრივი სისტემით არჩევა (დემოკრატიული ქვეყნების ერთ ნაწილში პირდაპირი, ხოლო მეორე ნაწილში – საფეხურიანი არჩევნებია. დემოკრატიულობის მთავარი ინდიკატორი არჩევითობაა და არა მისი ფორმა) 2006 წლის არჩევნებზე უმთავრესი საკითხი იყო, ხოლო 2010 წლისათვის ის მმართველი პარტიისა და ოპოზიციის დიალოგის უმთავრეს შეთანხმებად გამოცხადდა (აშკარად ამ უკანასკნელთა არასასარგებლოდ).
როგორც არ უნდა იყოს პოლიტიკური დამოკიდებულება, მაინც ჩნდება კითხვა, რატომ უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები? რატომ აწყობს ეს ერთნაირად ხელისუფლებასა და ოპოზიციას? ორთავე ხომ ბუნებრივია თავის “პოლიტიკურ მოგებაზე” ფიქრობს და ისიც ხომ ბუნებრივია, რომ ორთავე მოგებული არ შეიძლება იყოს? იქნებ, ეს უკანასკნელი შესაძლებელია?
სავარაუდოა, რომ ხელისუფლება ჩქარობს არ დაუშვას 2009 წლის პოლიტიკური პროტესტის “მიძინებული ვულკანის”” გაღვიძება, ხოლო ოპოზიცია ჩქარობს 2009 წელს პოლიტიკური პროტესტის “ტალღით”” მიღებული დივიდენდების სრულად დაკარგვამდე დააჩქაროს ხელისუფლებაში მოსვლა.
შეიძლება არსებობს სხვა და უფრო მნიშვნელოვანი, ჩვენთვის უცნობი მიზეზები, თუმცა მთელ ამ ისტორიაში ყურადებას იმ ფაქტს მივაქცევთ, რომ ორივე მხარე – ხელისუფლება და ოპოზიცია – უნისონში მოქმედებს, რომ ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები.
როგორი განსხვავებული მიზნითაც არ უნდა იყოს გაპირობებული თითოეული მხარის დამოკიდებულება არჩევნებისადმი, ფაქტია, რომ ის პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზეა დაფუძნებული და არ გამომდინარეობს საქართველოში თვითმმართველობის განვითარების ინტერესებიდან.
ასეთი დასკვნისათვის საკმარისია ვადამდელი არჩევნების საკითხს შევხედოთ ეკონომიკის კუთხით.
მმართველობის დეცენტრალიზაცია, როგორც ცენტრალიზებულ-გეგმური და საბჭოთა სოციალიტური სისტემის საბაზრო და დემოკრატიულ სისტემაში ტრანსფორმირების მიმართულება, პოსტკომუნისტური საქართველოს ყველა ხელისუფლების მიერ იყო აღიარებული. ამასთან, მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა თვითმმართველობის დაკანონებული სისტემები და მათი პრაქტიკული რეალიზების პოლიტიკური ნება სხადასხვა დროს. პეზიდენტ გამსახურდიას დროს ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები, მაგრამ ეს იყო არსებული საბჭოების ფორმისმიერი ცვლა. პრეზიდენტ შევარდნაძის დროს მიღებულმა საქართველოს კონსტიტუციამ (25 აგვისტო, 1995 წელი) მოითხოვა თვითმმართველობის შესახებ ორგანული კანონის მიღება, თუმცა მიღებულ იქნა სულ სხვა, რაღაც სიმბიოზური კანონი “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” (16 ოქტომბერი 1997), რომელსაც მოჰყვა ასევე სიმბიოზური პრაქტიკა. ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები 1998 და 2002 წლებში. ამას შედეგად სამწუხაროდ არ მოჰყოლია რეალური თვითმმართველობის დამკვიდრება და თვითმმართველობა ფორმალური იყო. ის ვერ უზრუნველყოფდა ფინანსურად ვერც ერთი ექსკლუზიური ფუნქციის შესრულებას და რჩებოდა ცენტრალური ხელისუფლების ვერტიკალის ადგილობრივ რგოლად.
საქართველოში რეალური თვითმმართველობის დამკვიდრებაში სერიოზული გარღვევა მოხდა 2004-2007 წლებში. 2004 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის” რატიფიცირება. 2005 წელს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი “თვითმმართველობის შესახებ””. მიღებულ იქნა საქართველოს კანონები “ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ”” და “ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრების შესახებ””. 2006 წლის 5 ოქტომბერს ჩატარდა ახალი სისტემის თვითმმართველობის არჩევნები. 2007 წელს თვითმმართველმა ერთეულებმა მიიღეს პირველი საკუთარი ბიჯეტები. მართალია დამკვიდრების პროცესი უნაკლოდ არ მიმდინარეობდა და რეალური თვითმმართველობის სისტემის ჩამოყალიბება ჯერ კიდევ არაა დამთავრებული, თუმცა ის ძალიან ახლოს იყო ამ თვისობრივ მდგომარეობასთან რომ არა ეს “უდროო”” ვადამდელი არჩევნები.
თვითმმართველობებში დაძლეულ იქნა ახალი სისტემის დამკვიდრების პირველი “შოკი”. როდესაც არ არსებობდა არც პრაქტიკული გამოცდილება (ინსტიტუციური მეხსიერება) და არც ინსტრუქციული უზრუნველყოფა. 2006 წლის არჩევნების შემდეგ შექმნილმა მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ორგანოების თანამშრომლებმა (ამ ცნებას ვიყენებ ფართო გაგებით და მის ქვეშ ვგულისხმობთ, როგორც დეპუტატებს ისე თვითმმართველობათა საჯარო მოხელეებს) შეასრულეს თვითმმართველობის დამკვიდრების პიონერული ფუნქცია, რასაც მოანდომეს ცდა-შეცდომების გზით სიარულის 2007-2009 წლები. 2010 წელი მათთვის შედარებით დინჯი მოქმედების პერიოდი უნდა ყოფილიყო, სადაც უნდა გამოჩენილიყო, თუ ვინ რა “ისწავლა”” წინა წლებისაგან.
რომ არა თვითმმართველობის სისტემაში ასეთი ხელოვნური ჩარევა, თვითმმართველობის სამწლინახევრიანი პრაქტიკის მიერ გამოვლენილი ნაკლოვანებებისა და ხარვეზების გამოსწორების შედეგად, უკვე 2012 წლისათვის საქართველოში შესაძლებელი იყო ნორმალური თვითმმართველობის სისტემის ჩამოყალიბება და თვითმმართველობის შედეგების მოსახლეობისა და ქვეყნის სიკეთის ზრდაზე რეალური გავლენის მოხდენა.
კი მაგრამ, რა ისეთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების არჩევნები გაიმართება მაისში თუ 6 თვის შემდე?
1. პირველი, ესაა პროგნოზირებადობის საკითხი. თვითმმართველობათა მესვეურებს დაგეგმილი ჰქონდათ 2010 წელი, წელი, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, მათ უნდა ეხელმძღვანელათ და რომლის მანძილზე გაკეთებული საქმეებისათვის ანგარიშიც უნდა ჩაებარებინათ თვითმმართველობის მოსახლეებისათვის.
2. მეორე, ესაა თვითმმართველობის, როგორც ინსიტუტისადმი დამოკიდებულება, მისი სიმყარე, თუნდაც მისი ავტორიტეტი. თვითმმართველობა არაა ცენტრალური ხელისუფლების “ხელის ბიჭი””. უფრო სწორედ, არ უნდა იყოს ასეთი.
საქართველოს კონსტიტუციით თვითმმართველობის საქმიანობის შეჩერების ერთი პირდაპირი მითითებაა. ეს მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი (მუხლი 73, პუნქტი 1. “ი””) “პარლამენტის თანხმობით უფლებამოსილია შეაჩეროს თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობა ან დაითხოვოს ისინი, თუ მათი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელებას””.
თვითმმართველობათა შეჩერების ასეთი საფუძველი დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზეა.
3. მესამე, ესაა სამართლებრივი სტაბილურობა, კანონების უკუქმედების პრინციპების დაცვის სახელმწიფო გარანტიები.
საქართველოს კონსტიტუციიდან ირიბად გამომდინარეობს თვითმმართველობის საქმიანობის შეჩერების სხვა პირობები, რომელიც მოცემულია “თვითმმართველობის შესახებ”” საქართველოს ორგანულ კანონში.
საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად (მუხლი 2, პუნქტი 4) “საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ თვითმმართველობის მეშვეობით სახელმწიფო სუვერენიტეტის შეულახავად. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელთა თანამდებობა არჩევითია. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შექმნის წესი, უფლებამოსილება და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობა განისაზღვრება ორგანული კანონით.””
საქართველოს ორგანულ კანონში “თვითმმართველობის შესახებ”” აღნიშნულთან დაკავშირებით მოცემულია ნორმები მეთორმეტე თავში “საკრებულოს დათხოვნა, საქმიანობის შეჩერება, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა””.
ორგანული კანონის მიხედვით, საკრებულოს დათხოვნა ან მისი საქმიანობის შეჩერება (მუხლი 62, პუნქტი 1) “ხდება საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის ი” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ წარმომადგენლობითი ორგანოს მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელებას”” და “საკრებულოს დათხოვნის ან მისი საქმიანობის შეჩერების შესახებ საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თანხმობით გამოსცემს ბრძანებულებას. საკრებულოს დათხოვნის ან მისი საქმიანობის შეჩერების შემთხვევაში თვითმმართველი ერთეულის მართვა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით”” (მუხლი 62, პუნქტი 2).””
საქართველოს ორგანულ კანონით “თვითმმართველობის შესახებ” 63-ე მუხლის მიხედვით: “1. საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეწყდება, თუ: ა) თვითმმართველი ერთეული გაუქმებულია პარლამენტის დადგენილებით; ბ) საკრებულოს წევრთა რაოდენობა შემცირდა ნახევარზე მეტით; გ) საკრებულომ 2 თვეში ვერ აირჩია საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებელი (მერი); დ) საკრებულომ სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებიდან 2 თვეში არ დაამტკიცა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შედგენილი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი. 2. საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას. 3. საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში თვითმმართველი ერთეულის მართვა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.”
რა მიზეზი დასახელდება საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გადაწყვეტილებაში? არჩევნების დანიშვნის წინ ეს მიზეზი უნდა დასახელდეს, რომ არ მივიღოთ საკანონმდებლო კოლიზია. რაც გარდაუვალი იქნება, თუ მოქმედი საკრებულოების უფლებამოსილება შეწყდა მხოლოდ ახალი საკრებულოების არჩევით.
4. მეოთხე, ესაა საფრთხეები დაკავშირებული 2010 წლის საბიუჯეტო და საინვესტიციო საქმიანობასთან.
საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა ქმნის მოტივს, რომ საკრებულოებმა ეცადონ თავი მოაწონონ ამომრჩევლებს და აწარმოონ ხარჯების პოლიტიკა გათვლილი არა წელიწადზე, არამედ არჩევნებამდე პერიოდისათვის. ამის შესაძლებლობა შუა წელიწადში მეტია, ვიდრე წლის ბოლოს. შესაძლებელია მოხდეს ადგილობრივი ბიუჯეტების კორექტირება მათი გაზრდისაკენ, რათა მეტი იყოს მოსახლეობის თვალში მოსაწონი ხარჯები. ამ გზით ხელისუფლების შენარჩუნებისას საბიუჯეტო სისუსტეების შემთხვევაში მოხდება მისი გადაბრალება არჩევნებზე, ხოლო თუ შეიცვლება საკრებულოს შემადგენლობა, რომელიც გამოთქვამს საყვედურს არარეალური საბიუჯეტო შემოსავლების დაგეგმვის გამო, მისთვისაც იქნება პასუხი: “ჩვენ ვიცოდით რას ვაკეთებდით და რომ აგერჩიეთ, ბიუჯეტის შემოსავლები იქნებოდა იმდენი, რამდენიც დავგეგმეთ.”
ძალიან დიდი საფრთხეა საკრებულოებმა აიღონ საინვესტიციო ვალები, რომელზეც პასუხისმგებლობა მომდევნო საკრებულოს მემკვიდრეობით გადაეცემა. როგორც წესი, განვითარებულ ქვეყნებში ადგილობრივ არჩევნებამდე რაღაც პერიოდი (ხშირად ექვსი თვე) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ეკრძალებათ ვალის აღება.
უკვე არსებობს უარყოფითი გამოცდილება ფინანსური წლის დასრულებამდე უფლებამოსილებების შეწყვეტის თაობაზე, რასაც ადგილი ჰქონდა 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ. ამ ფაქტის გამო ბევრი არეული საკითხი დღემდე მოუგვარებელია. მაგალითისათვის შეიძლება დასახელდეს ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ აღებული ვალების თვითმმართველობებზე გადაწერის საკითხი.
5. მეხუთე, ესაა საფრთხეები დაკავშირებული 2011 წლის საბიუჯეტო პროგნოზებთან. საქართველოს კანონით “საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით” (18 დეკემბერი 2009 წელი) საბიუჯეტო პროცესი გაწერილია. 2011 წლის ბიუჯეტზე მუშაობა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტზე მუშაობით (მუხლი 76. პუნქტი 3) უკვე 1 მარტიდან დაიწყო. 15 ივლისამდე ახლადარჩეულ საკრებულოს მოუწევს მუშაობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან დასაგეგმი საბიუჯეტო წლის ძირითად საბიუჯეტო პარამეტრებზე (მუხლი 77. პუნქტი 1), ხოლო არა უგვიანეს 15 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტი უნდა წარადგინონ ქ. თბილისში მერმა, ხოლო სხვა თვითმმართველობებში შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გამგებელი (მერი) წარუდგენს წარმომადგენლობით ორგანოში. (მუხლი 77. პუნქტი 8). დიდი რისკია თუ რამდენად მოხერხდება პრიორიტეტების აღთქმა საკრებულოს ახალი შემადგენლობის მიერ, იქნება ეს პრიორიტეტები დამუშავებული საქმიდან გამომდინარე თუ არა, მოახერხებს ერთ-ორ და ისიც ზაფხულის თვეში ახალი საკრებულო ინტელექტუალურ მობილიზებას თუ ვერა. ახალი აღმასრულებელი ორგანოს (იქნება სრულად ფორმირებული?) მოუწევს ივლისის ბოლოს ბიუჯეტის მეორე კვარტლის ანგარიშის მომზადება “საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის” შესაბამისად. საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით: “ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო შესაბამის წარმომადგენლობით ორგანოს წარუდგენს ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით, რომელიც მოიცავს შემოსულობების, გადასახდელების (მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების), ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ფაქტობრივი მოცულობების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან.”” (მუხლი 85.).
2006 წელს არჩეულ თვითმმართველ ორგანოებს არ ჰქონდათ დრო 2007 წლის ბიუჯეტზე ემუშავათ. ამას შედეგად მოჰყვა გამოთანაბრების უვარგისი კოეფიციენტი და რაც მთავარია გამოთანაბრებისათვის სიმბოლური თანხა – 13 მლნ. ლარის ოდენობით. ამის შედეგად ახლადარჩეულმა თვითმმართველობებმა რეალურ ფუნქციონირებაზე გადასვლისათვის სტართზევე დაკარგეს ერთი წელი. ახლა ამას ემატება კიდევ ნახევარი წელიწადი.
6. მეექვსე, ესაა დაკარგული დრო და გამოუყენებელი შესაძლებლობები, ანუ დაკარგული პოტენციური, შესაძლებელი სიკეთე.
ამ მოწვევის თვითმმართველობის უმრავლესობამ შექმნა ახალი სისტემა. მიღებულ იქნა ახალი საბიუჯეტო კოდექსი. გამოთანაბრების კოეფიციენტი შეიცვალა გაუმჯობესებისკენ და მიუახლოვდა სოციალური სტანდარტების შექმნის პრაქტიკული გადაწყვეტის ეტაპს. თვირთმმართველობის სისტემა მიადგა იმ ზღვარს, როდესაც შესაძლებელი ხდება მისი სიკეთის აღქმა მოსახლეობისათვის და ამ დროს “სუბიექტური მიზეზით”” – პოლიტიკური კონიუნქტურის გამო ხდება ამ შესაძლებობის დაკარგვა თუ არა, გადავადება აუცილებლად.
რა დრო დაჭირდება სიტუაციის გამოსწორებას?
უნდა ვივარაუდოთ, რომ საუკეთესო შემთხვევაში ეს იქნება ერთი საბიუჯეტო წელი. მინიმუმ ერთი წელი მაინც დასჭირდებათ ახალ საკრებულოებს არაორდინალურ სიტუაციაში გასარკვევად და თვითმმართველობის პრაქტიკის კალენდალურ, მშვიდ გარემოში მოსაქცევად. არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე არაა გამორიცხული უფრო დიდხანს გაგრძელდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ელიტის გადაწყობა-გადატვირთვის პროცესი.
შეცდომების გამოსწორებას, თუკი ეს შესაძლებელია, როგორც წესი, მეტი დრო სჭირდება, ვიდრე მის დაშვებას. ასე მაგალითად, მოქალაქეთა კავშირის საპარლამენტო უმრავლესობის მიერ 1999 წელს მესამე წაკითხვით (!) განხილვის დროს ჩაგდებულ იქნა კანონი ადგილობრივი ბიუჯეტების შესახებ. შემდგომში ამ კანონის მიღება განხორციელდა 6 წლის შემდეგ (2005 წელს) მოქალაქეთა კავშირის საქართველოს პოლიტიკური ასპარეზიდან განდევნისა და პრეზიდენტ შევარდნაძის “ვარდების რევოლუციის”” ზეწოლით გადადგომის შემდეგ.
საქართველოს ისტორიული დრო ძალზე შეზღუდულია ყოველი ნაბიჯის გადასადგმელად. დღევანდელ სწრაფად ცვალებად მსოფლიოში საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ იაროს კუს ნაბიჯებით და ისიც, ცდა-შეცდომების გზით. მით უმეტეს, თუ შედეგები პროგნოზირებადია.
რა თქმა უნდა არჩევნები იმის საშუალებაა, რომ ხალხმა გადაწყვიტოს ხელისუფლების საქმეები იმსახურებენ მის წახალისებას და ახალი ვადით მანდატის გაგრძელებას, თუ ხელისუფლებაში მყოფნი უნდა დაისაჯონ მათი არასაკმარისი მუშაობისათვის და არჩეულ იქნას სხვა ხალხი. მაგრამ ახალი რომ აირჩიოს, ხომ არის ამისათვის საჭირო ოპოზიციამ თქვას, თუ რომელ საქმეს გააკეთებდა ის უკეთესად და როგორ ის რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში. სხვანაირად ხალხის მიერ ხელისუფლების “დასჯა” სრულებით შემთხვევით შეიძლება გახდეს უკეთესი ხელისუფლების მიღების საფუძველი. თუმცა, სანამ არ იქნება პროგრამული პაექრობა, მანამ ხალხის არჩევანი იქნება ბრმა და ვაის გაყრილები უის უფრო შეეყრებიან, ვიდრე ეფექტიან მმართველობას.ამას გვასწავლის საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ბოლო უკვე 20-წლიანი გამოცდილება. იცვლება ხალხი ხელისუფლებაში, შეცდომები იგივეა. ამის უმთავრესი მიზეზი მენტალიტეტია. ხელისუფლებაში მოსვლის მოტივაცია განსაზღვრულია არა პიროვნებების, პოლიტიკური ორგანიზაციების შესაძლებლობების, იდეებისა და პროგრამების რეალიზების სურვილით ერის სამსახურში და სახელმწიფო სარბიელზე სახელის მოსაპოვებლად, არა ავტორიტეტის ძალის დასამკვიდრებლად, არამედ ძალის ავტორიტეტის მანქანის მართვის უფლების მოსაპოვებლად.
რა თქმა უნდა, ზოგადად და კონკეტულად გვაკლია როგორც ბრძენი გული, ისე მოსიყვარულე გონება. სხვანაირად შეუძლებელია პოლიტიკა არ იყოს გამსჭვალული მომავლის ინტერესებით და ის ეფუძნებოდეს მხოლოდ ხელისუფლების აღების ან შენარჩუნების ინტერესებს. ქვეყნის სამომავლო განვითარების თვალსაზრისით ადგილობრივი არჩევნების შუა სამეურნეო წელს დანიშვნით დიდი ეკონომიკური ზარალია მოსალოდნელი. მით უმეტეს, რომ უახლოეს მომავალში მოსალოდნელია დიდი ეკონომიკური ტურბულენტური პერიოდი. მე იმ ეკონომისტების რიგებს ვეკუთვნი, რომლებიც მიიჩნევენ (არა სურვილებიდან, არამედ ეკონომიკური თეორიიდან და კერძოდ კრიზისების თეორიის პრინციპებიდან გამომდინარე), რომ რომელი თანმიმდევრობითაც არ უნდა დაიწყოს კრიზისი ფინანსებიდან თუ რეალური სექტორიდან, მეორე სექტორი ამ კრიზისს თავს ვერ დააღწევს. ისევე როგორც ვერც ერთი ქვეყანა ვერ აშორდა ფინანსურ კრიზისს. მათ შორის ვერც ის ქვეყნები, ვისაც ამ პერიოდში ეკონომიკური ზრდა ჰქონდა.
ასეთ დროს საქართველოს შეიძლება დაემატოს წელში გატეხილი თვითმმართველობა მისი სამურნეო ორგანიზაციის გადაწყობის გამო.
მგონი ხელისუფლება მართლა ვერ ხედავს იმ პოზიტიურს, რაც აქვს და სადაც აქვს და ხედავს იქ, სადაც არ აქვს. სხვანაირად მას დაენანებოდა მაინც მის მიერ გაკეთებულის გაფუჭება. ეს შესაძლებლობა არც ოპოზიციას შეუნიშნავს არც პარლამენტის გარეთ და არც პარლამენტში. შედეგად საკონსტიტუციო ნორმით შებოჭილ იქნა საქართველოს პრეზიდენტი, რათა მან დანიშნოს თვითმმართველობის არჩევნები 2010 წლის 1 ივნისამდე.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოში ჯერ არაა დასრულებული საბჭოთა სისტემის დემონტაჟი, რომლის ნათელი გამოხატულებაა პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე ყველა, სხვა, მათ შორის ეკონომიკური გადაწყვეტილების დაქვემდებარება და ეს ერთნაირად მყარად ზის როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენელთა თავებში, განსხვავება იმაშია, რომ ამ თავების მატარებლები სად – სახელისუფლებო კაბინეტებში, თუ მოსაცდელში – სხედან სკამებზე.
რა გამოსავალი არსებობს აღნიშნული პრობლემიდან?
თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს 2010 წლის 1 ივლისამდე, ხოლო ახლადარჩეული თვითმმართველობის უფლებამოსილება განხორციელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან 4 წლის განმავლობაში, ანუ 2015 წლის 1 იანვრამდე.