როგორია ეკონომისტების გავლენა და მათი როლი საზოგადოებასა და მთავრობებზე
მოამზადა მაკა ღანიაშვილმა
ბოლო პერიოდში, ეკონომიკური შინაარსის საიტებსა და ბლოგებზე გააქტიურდა დისკუსია ეკონომისტების როლის შესახებ. აქტიურად მიმდინარეობს განხილვები ეკონომიკის სპეციალისტების სოციოლოგიურ პერსპექტივაზე. დისკუსია განსაკუთრებით აქტუალური გახდა ცნობილი ფრანგი ეკონომისტის, თომას პიკეტის წიგნის – „კაპიტალი ოცდამეერთე საუკუნეში“ – გამოსვლის შემდეგ, რომელიც ბევრ წინააღმდეგობრივ თეორიას შეიცავს და დიდი დებატების თემად იქცა უკვე თითქმის ერთი წელია.
სოციოლოგი მერიონ ფურკადი (რომლის პუბლიკაციებმაც დიდწილად დაუდო სათავე აღნიშნულ საკითხზე ფართო დისკუსიას) და მისი თანაავტორები ეთიენ ოლიონი და იენ ელგენი, მიუთითებენ იმაზე, რომ ეკონომისტებისთვის ობიექტური უპირატესობა არის ფარული, პირადი კავშირები მათი ნაშრომების ობიექტთან.
მათ საპასუხოდ, პოლ კრუგმანი წერს, რომ ამ შეხედულების მქონე ავტორების მთავარი თეზა ისაა, რომ წარმატებული ეკონომისტები ინტელექტუალურად ქედმაღლები და ამპარტავნები არიან, რადგან ისინი ცხოვრობენ სოციალურ კიბეზე, რომელიც ძალიან იერარქიულია, მისი იერარქიის საფეხურები კი განისაზღვრება პრესტიჟით, ნამუშევრების გავრცელების არეალით და ავტორის ცნობადობით, პროფესიული ჯილდო კი არის იერარქიის რაც შეიძლება მაღალ საფეხურზე ასვლა. ეკონომისტი ლივიო დი მატეო წერს, რომ ეკონომისტის პროფესია არის ეგოისტური, ფინანსურად პრივილეგირებული და მამაკაცთა დომინანტობით გამორჩეული პროფესია.
როგორ ხედავენ ეკონომისტები საკუთარ თავს (და როგორ ხედავენ მათ სხვები)
მერიონ ფურკადი მიიჩნევს, რომ ეკონოისტები საკუთარ თავს აღიქვამენ დისციპლინური იერარქიის ზედა საფეხურზე მდგომ ჯგუფად. 2000-იან წლებში ჩატარებულ გამოკვლევაში, ქოლანდერმა აღმოაჩინა, რომ ეკონომიკის ელიტური ფაკულტეტების კურსდამთავრებულთა 77% ეთანხება შემდეგ მტკიცებას – „ეკონომიკა არის ყველაზე მეცნიერული სოციალურ მეცნიერებებს შორის“. ეკონომიკის ფაკულტეტების კურსდამთავრებულები მიიჩნევენ, რომ ეკონომიკა არის სფერო, რომელსაც სჭირდება შესვლის მაღალი ტექნიკური დანახარჯები, მის წევრებს კი განიხილავენ, როგორც მიზანმიმართული მცდელობის მქონეებს, რომლებიც ცდილობენ კომპლექსური სოციალური პროცესები განტოლებებით ან მკაფიო მიზეზ-შედეგობრივი მტკიცებულებებით მიიტანონ საზოგადოებამდე. ისინი ამას განიხილავენ, როფორც მათ მეცნიერულ ვალდებულებას და ამტკიცებენ, რომ ეკონომიკური მეცნიერება განყენებულია სხვა მეცნიერებებისგან და მათთან ნაკლები კავშირი აქვს. სწორედ ამ თეზის გამო ედავებიან მეცნიერების სხვა დარგების წარმომადგენლები ეკონომისტებს.
მარიონ ფურკადი და მისი თანამოაზრეები მიიჩნევენ, რომ სოციოლოგიური, გეოგრაფიული, ისტორიული და პოლიტიკური მეცნიერებებისა და ფსიქოლოგიის თვალთახედვიდან, ეკონომისტები ხშირად ემსგავსებიან კოლონისტებს სხვის მიწაზე, რომლებიც სწრაფად იკვლევენ ახალ მიწებს. მართალია, ისინი ხშირად ეკითხებიან აზრს ადგილობრივებს, მაგრამ სულაც არ ცდილობენ მათგან სწავლას. ამის ნაცვლად, ამა თუ იმ პრობლემის გადასაჭრელად, ეკონომისტები საკუთარი ტექნიკის შემუშავებას და პრობლების მოგვარების მათეული გზების დასახვას იწყებენ.
ცხრილი N1. როგორ პასუხობენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მტკიცებას – ინტერდისციპლინარული ცოდნა უფრო ეფექტიანია, ვიდრე ცონდა, რომელიც ფორმირდება მხოლოდ ერთი დისციპლინის შიგნით
წყარო: მარიო ფურკადის კვლევა
ეკონომისტი ნოა სმიტი წერს, რომ ბევრი აკადემიური დისციპლინა ზემოდან უყურებს სხვა აკადემიურ დისციპლინებს, მაგრამ ფსიქოლოგები არ ეთანხმებიან იმას, რომ ეკონომისტები მათზე მეფობენ და მათზე აღმატებულნი არიან. ასე, არც ფინანსისტი პროფესორები ფიქრობენ, რომ უმაღლესი მდგომარეობის კომპლექსი ძირითადად სოციოლოგებს აწუხებთ. ეკონომისტების უმეტესობა გაოცებულია კვლევების შედეგებით, რომელიც აჩვენებს, რომ ისინი არ თანამშრომლობენ სხვა დისციპლინებთან, მაგრამ სოციოლოგები მიიჩნევენ, რომ ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მტკიცებულება არის ის, რომ ეკონომისტების „გარე დისციპლინების“ სიაში არ არის ფსიქოლოგია და ბიოლოგია, ორი სფერო, რომელთან თანამშრომლობაც შედეგიანი იქნებოდა. ეკონომისტი ტეილორ ქოუენი წერს, რომ, საშუალოდ, ეკონომისტები ყველაზე ჭკვიანები არიან სოციალურ მეცნიერებათა წარმომადგენელთა შორის და რომ ეს ფაქტი ერთგვარად ავალდებულებს ეკონომისტებს, სწრაფად მიაწოდოს სიგნალი საზოგადოებას მსოფლიოს გარშემო მიმდინარე ტენდენციების შესახებ. ალბათ, მსგავსი განცხადებები აღიზიანებს ყველაზე მეტად მეცნიერების სხვა დარგების წარმომადგენლებს.
ეკონომისტთა „მეგობრული“ წრე
პოლ კრუგმანი ეთანხმება შეხედულებას, რომ აკადემიური ეკონომიკა არის ძალიან იერარქიული სფერო, მაგრამ მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ეს არ არის ბიუროკრატიული იერარქია და აქ იერარქიული სტატუსი ვინმეს პატრონაჟით არ განისაზღვრება. „როტაციას განსაზღვრავს პროფესიონალიზმი – განსაკუთრებით იმის გაცნობიერება, რომ შენ ხარ ჭკვიანი. რეპუტაცია ყალიბდება ნაშრომებისა და კარგად მომზადებული და წარმართული სასემინარო პრეზენტაციებით. ეს არის სფერო, რომელიც ბევრი ქვე-სფეროსაგან შედგება, სადაც ყველამ იცის ვინ არის კიბის სათავეში და რომ ეს არის აღმართი, რომლის გავლაც და შემდეგ საფეხურზე გადასვლაც ძალიან რთულია. ჩემს სფეროში – საერთაშორისო ვაჭრობა – ხშირად ვხუმრობდით, რომ იერარქიაში წინ წასვლა ძალიან რთულია, რადგან ტოპ-ათეულში მხოლოდ 4 ადამიანი იყო. ყველაფერი დამოკიდებულია რეპუტაციაზე, ამიტომ ეკონომიკაში, სხვა სფეროებისგან განსხვავებით, აკადემიური პოლიტიკა სულაც არ ნიშნავს იმას, რასაც მისი ტრადიციული გაგება გულისხმობს“ – წერს კრუგმანი.
როგორც კვლევები აჩვენებს, ეკონომისტთა დაქირავების ტენდენციას საბაზრო ძალებზე მეტად, ნათესაური იერარქიის მსგავსი სტრუქტურა განსაზღვრავს, სადაც პროფესიონალიზმის ფორმირება ხდება ირაციონალური „რიტუალებით“ და რომ წამყვანი ეკონომიკური ჟურნალები იმაზე მეტად „მეგობრული პოლიტიკის“ გამტარებელი არიან, ვიდრე ეს თავისუფალ და კონკურენტულ ბაზარზე ხდება. შედეგად, ეკონომისტებისათვის საკუთარი თავისა და სახელის უკვდავყოფის გარანტია ძლიერი და ღრმა ურთიერთობების ფორმირებაა.
რამდენიმე წამყვან ეკონომიკურ ჟურნალს, განსაკუთრებით დიდი უნივერსიტეტების გამომცემლობებს, ნათლად გამოკვეთილი, შიდა ავტორებზე ორიენტირებული პოლიტიკა აქვთ. მაშინ როცა სხვა სფეროს სამეცნიერო ჟურნალებს, მაგალითად, AER (Atmospheric and Environmental Research)-ს უფრო დაბალანსებული პოლიტიკა აქვთ ჟურნალის სივრცის განაწილების მიმართ.
როგორც აშშ-ში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, 1950-იანი წლებიდან მოყოლებული, წამყვანი ეკონომიკური ჟურნალების სოლიდარული პოლიტიკა „შინაური“ ავტორბის მიმართ უფრო მტკიცდება. მაგალითად, 1990-2000 წლებში, ჰარვარდის კვარტლურ ეკონომიკურ ჟურნალში QJE სივრცის 13.4% ათვისებული ჰქონდათ საკუთარ ავტორებს, 10.7% კი მის პარტნიორ და მეზობელი, მიჩიგანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ავტორებს, შემდეგი ყველაზე ხშირად დაბეჭდვადი ავტორები კი 8.8%-იანი მაჩვენებლით ჩიკაგოს უნივერსიტეტის ეკონომისტები იყვნენ. თავის მხრივ, ჩიკაგოს უნივერსიტეტის ჟურნალის სივრცის 9.4% საკუთარ ავტორებს ეკავათ, 4.5 და 5.1% კი შესაბამისად ჰარვარდისა და მიჩიგანის უნივერსიტეტის ეკონომისტებს.
შეიძლება ეს უბრალოდ დამთხვევაა ან სულაც არ არის დამთხვევა და ეკონომისტები მართლაც მკაცრი იერერქიული სისტემის წევრნი არიან. თუმცა ის ფაქტი, რომ ეკონომისტები ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პროფესიის წარმომადგენლები არიან, ეჭვგარეშეა. ფაქტია, რომ ვერც ერთი სოციოლოგის, ბიოლოგის, ფსიქოლოგის თუ სხვა პროფესიის წარმომადგენელი ვერ ახერხებს ამხელა გავლენის მოხდენას პოლიტიკური ელიტის გადაწყვეტილებებზე, როგორც ეკონომისტებს ხელეწიფებათ. ამის უახლესი დასტური ზემოთ უკვე ნახსენები თომას პიკეტის წიგნია სიმდიდრეზე, დემოკრატიაზე და იმაზე, თუ რატომ და როგორც ქმნის კაპიტალიზმი ყოველთვის უნთანასწორობას. ერთი წლის განმავლობაში წიგნი ითარგმნა ინგლისურ, გერმანულ, იაპონურ, ესპანურ და სხვა ენებზე და გამოიცა 20-ზე მეტი გამოცემა. პიკეტის წიგნი უკვე მოინათლა, როგორც მისი თაობის ეკონომისტების ყველაზე გავლენიანი წიგნი, რომელიც 2014 წლის მსოფლიო ბესტსელერად იქცა.
თომას პიკეტი და მისი რადიკალური იდეები
კაპიტალიზმი რომ უსამართლოა, ამის შესახებ ადრეც ბევრი თქმულა, მაგრამ 43 წლის ფრანგმა ეკონომისტმა თომას პიკეტმა ეს ულომებელი ლოგიკით ახსნა წიგნში „კაპიტალი ოცდამეერთე საუკუნეში“.
პიკეტი მემარჯვენე ეკონომისტებმა უკვე მონათლეს, როგორც ნეო-მარქსისტი. პიკეტი თვლის, რომ ეკონომიკაში, სადაც კაპიტალზე შემოსავალი აჭარბებს ზრდის პროცენტს, მემკვიდრეობით მიღებული სიმდიდრე ყოველთვის უფრო სწრაფად გაიზრდება, ვიდრე გამომუშავებული სიმდიდრე. „თუ შენ იღებ დაბალ ზრდას უკეთესი ფინანსური შემოსავლის პარალელურად, მაშინ მემკვიდრეობითი სიმდიდრე, საშუალოდ, დომინირებს ცხოვრების განმავლობაში მუშაობით დაგროვილ სიმდიდრეზე“, – წერს პიკეტი. სიმდიდრე კონცენტრირდება გარკვეულ დონეზე, რაც შეუსაბამოა დემოკრატიასთან, თავი რომ დავანებოთ სოციალურ სამართლიანობას. მოკლედ რომ ვთქვათ, პიკეტის აზრით, კაპიტალიზმი ქმნის უთანასწორობას.
პიკეტი მსჯელობას ავითარებს კუზნეცის მრუდზე დაყრდნობით. კუზნეცი, როდესაც უთანასწორობაზე საუბრობდა, ამტკიცებდა, რომ განვითარების გარიჟრაჟზე უთანასწორობა მცირეა. რაც უფრო ეკონომიკურად ვითარდება საზოგადოება, მით უფრო მაღალი ხდება განსხვავებები მდიდარსა და ღარიბს შორის ქვეყნის შიგნით, რაც ნელ-ნელა მცირდება განვითარების გარკვეული სტადიის მიღწევის შემდეგ. კუზნეცის ეს მრუდი ბევრმა ეკონომისტმა აღიარა, მაგრამ პიკეტი საპირისპიროს ამტკიცებს. მისი აზრით, სინამდვილეში, მრუდი სრულიად საპირისპიროდ მოძრაობს: კაპიტალიზმი დაიწყო უთანასწორო მდგომარეობიდან, მთელი მე-20-ე საუკუნის განმავლობაშო მსოფლიო უთანასწორობის პირობებში ცხოვრობდა, მაგრამ კუზნეცის მრუდის საპირისპიროდ, განვითარების მაღალ ეტაპს, უთანასწორობის შემცირება არ მოჰყოლია, პირიქით, პიკეტის აზრით, მსოფლიო ამ მხრივ დიკენსიანურ დონეს უახლოვდება.
პიკეტი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური განვითარების გარკვეულ ეტაპზე მისი ნაყოფი – უნარები, ტრენინგები და უფრო მეტად განათლებული სამუშაო ძალა – ახალისებს თანასწორობის მიღწევის ახალ წერტილს, მაგრამ ისინი უფრო მეტად ფუნდამენტური ფაქტორებით ბათილდებიან, რაც უთანასწორობის კიდევ უფრო გაღრმავებას უწყობს ხელს, მაგალითად, დაბალი გადასახადები და სუსტი შრომითი ორგანიზაციები. პიკეტის 700 გვერდიანი წიგნის უმეტესი ნაწილი იმის მტკიცებულეებაა, რომ 21-ე საუკუნის კაპიტალიზმი არის მოგზაურობა უთანასწორობისკენ „მანამ სანამ რამეს არ ვიღონებთ“.
თუ პიკეტი მართალია, მისი მსჯელობიდან პოლიტიკური დასკვნების გამოტანაც შეიძლება, მისი წიგნი ზუსტად იმიტომაა ასე მიმზიდველი და მსოფლიო ბესტსელერი, რომ ავტორი არ ერიდება მწვავე პოლიტიკურ თემებზე ღიად საუარს. პიკეტი გადასახადების მასშტაბური ზრდის მომხრეა, ის მოუწოდებს აშშ-ს, 500 000 დოლარზე მაღალი შემოსავლის მქონე ყველა მოქალაქეს დაუწესოს 80%-იანი საშემოსავლო გადასახადი და ეს ეხება არა მხოლოდ აშშ-ს. პიკეტის აზრით, მსგავსი გადასახადი გლობალური უნდა იყოს ყველა ქვეყნის მასშტაბით, იმისათვის, რომ გადასახადებისთვის თავის არიდების მიზნით, კაპიტალის ერთი ქვეყნიდან მეორეში გადატანა აღარ მოხდეს. თუმცა, ამის განხორციელების შესაძლებლობას თვითონ ავტორი უტოპიად მიიჩნევს.
წიგნის კრიტიკოსთა შეფასებით, პიკეტი ახალ, თეორიულ მსოფლიოს ქმნის. ის განიხილავს ორ მთავარ კატეგორიას, სიმდიდრესა და შემოსავალს, ფართოდ და ამომწურავად, მაგრამ იმ გზით, როგორც ეს ჯერ არავის გაუკეთებია. წიგნის ტერმინები და განმარტებები არის მეტისმეტად მარტივი, უამრავი ისტორიული მონაცემით. წიგნის პირველივე გვერდებიდან პიკეტი მხოლოდ ეკონომიკური ფაქტების მოშველიებით არ შემოიფარგლება და მსჯელობაში იყენებს ისეთ ავტორებს, როგორიცაა ონორე დე ბალზაკი და ჯეინ ოსტინი, რათა მათი ნაწარმოებების მაგალითზე აჩვენოს, რომ მე-19-ე საუკუნის დასაწყისშიც „სიმდიდრეზე დაქორწინება“ ჩვეულებრივ და ლოგიკურ მოვლენად მიიჩნეოდა. შემდეგ ის კვლავ უტევს კაპიტალიზმის ცენტრალურ მითს, რომლის მიხედვითაც, სიმდიდრე მცდელობის შედეგად მიიღწევა, რასაც სჭირდება გამჭრიახობა, მუშაობა, ჭკვიანური ინვესტიციები, რისკის გაწევა და სხვა.
პიკეტისთის, მე-20-ე საუკუნის გრძელვადიანი პერიოდი, როდესაც უთანასწორობის დონე ასე თუ ისე მცირდებოდა, უკავშირდება კონიუნქტურის მცირე ცვლილებას, რომელიც წარმოებული იყო ომის გამო წარმოშობილი მოთხოვნილებით, უფრო მეტად ორგანიზებული სამუშაო ბაზრით, მაღალი გადასახადების საჭიროებით, დემოგრაფიითა და ტექნოლოგიური ინოვაციებით. მაგრამ პიკეტის აზრით, ახლა კეინსიანური ხანის განმეორება არარეალურია: სამუშაო ბაზარი არის სუსტი, ტექნოლოგიური ინოვაციები დაბალი, გლობალური კაპიტალიზმის ძალა კი ძლევამოსილი. თუ პიკეტი მართალია, კაპიტალიზმის გავლენა უარყოფითია: ჩვენ ვდგავართ სისტემის პირისპირ, რომელიც ხასიათდება დაბალი ზრდით, უთანასწორობის მაღალი და სოციალური მობილობის დაბალი დონით. „თუ თქვენ არ ხართ დაბადებული სიმდიდრეში, თქვენი ცხოვრების გზა, საუკეთესო განათლების შემთხვევაშიც კი, დაემსაგვსება ჯეინ იარის ცხოვრებას მისტერ როჩესტერის გარეშე“ – წერს პიკეტი.
არის თუ არა პიკეტი ახალი კარლ მარქსი? ვისაც წიგნი წაუკითხავს, მიხვდება, რომ ეს ასე არ არის: მარქსის „კაპიტალის“ კრიტიკა გადანაწილებას არ ეხებოდა, ის ეხებოდა წარმოებას: მარქსისთვის ეს არ იყო უთანასწორობის ზრდა, არამედ მოგების მექანიზმის კრიზისი, რომელმაც სისტემა დასასრულამდე მიიყვანა. მარქსი სოციალურ ურთიერთობებს განიხილავდა, როგორც ურთიერთობას მუშათა კლასსა და მენეჯერებს და ქარხნების მფლობელებსა და მემამულე არისტოკრატებს შორის, პიკეტისთვის კი მხოლოდ ორი სოციალური კატეგორია არსებობს: სიმდიდრე და შემოსავალი.
პიკეტი 2008 წლის კრიზისაც ეხება: მისი აზრით, ფინანსური ბაზრების კრახის მიზეზი არც ცუდი რეგულირება იყო და არც სიხარბე „ეს სისტემის კარგად მუშაობის ლოგიკური შედეგია და უფრო მეტსაც უნდა ველოდეთ“ – წერს პიკეტი.
ყველაზე დიდი დისკუსია პიკეტის წიგნში გამოიწვია თავმა, რომელიც ე.წ. „სოციალურ სახელმწიფოს“ ეხება. სახელმწიფოს მიერ მიღებული მზარდი ეროვნული შემოსავალი სახელმწიფომ გარდაქმნა უნივერსალურ სერვისებში, როგორიცაა პენსიები და სხვა სახის შემწეობები. პიკეტის აზრით, ეს თანამედროვე კაპიტალიზმის გარდაუვალი მახასიათებელია. მისი შეფასებით, „ფლობის უფლება“ გარდაიქმნა ჯანდაცვისა და საპენსიო სისტემებად, ამის ნაცვლად პიკეტი ალტერნატიულ ვარიანტს განიხილავს გადასახადების ზრდის სახით – პროგრესული გადასახადი კერძო სიმდიდრეზე: ინფლაციით კორექტირებული გადასახადი კაპიტალზე. „მე-20-ე საუკუნის განმავლობაში გადანაწილება ეფუძნებოდა გადასახადს შემოსავალზე, 21-ე საუკუნეში კი სამართლიანი გადანაწილება შეუძლებელია, თუ მოხდება მხოლოდ შემოსავლის დაბეგვრა და მასთან ერთად არ მოხდება სიმდიდრის დაბეგვრაც“, – მიიჩნევს პიკეტი. პიკეტისთვის გამოსავალია 15%-იანი გადასახადი კაპიტალზე, 80%-იანი გადასახადი მაღალ შემოსავალზე, იძულებითი გამჭვირვალობა ნებისმიერ საბანკო ოპერაციაზე და ინფლაციის გათვალისწინება, სიმდიდრის უფრო სამართლიანი გადანაწილებისთის. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თვითონ პიკეტი თავისი იდეების ნაწილს უტოპიურს უწოდებს და ეს მართალიც არის. უფრო მარტივია კაპიტალიზმის კოლაფის წარმოდგენა, ვიდრე ის, რომ ელიტა პიკეტის იდეებს დაეთანხმება.
გარდა ეკონომიკური იდეებისა, პიკეტი თავის ექსცენტრიულობითაცაა ცნობილი. მართალია, ის საფრანგეთის აჟამინდელი პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიაში მისი მხარდამჭერი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ არც ერთი დაპირება, განსაკუთრებით გადასახადებთან დაკავშირებული, ოლანდმა არ განახორციელა, მისი კრიტიკა ღიად დაიწყო და იანვარში პრეზიდენტს საპატიო ორდენის მიღებაზეც უარი განუცხადა. პიკეტმა ამ ნაბიჯით ოლანდის ისედაც შემცირებულ რეიტინგს კიდევ უფრო დიდი დარტყმა მიაყენა. „უმჯობესია მთავრობამ ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაზე იზრუნოს საფრანგეთსა და ევროპაში, ვიდრე ჯილდოები არიგოს. მე გადავწყვიტე უარი მეთქვა ამ ჯილდოზე, რადგან, ჩემი აზრით, მთავრობის გადასაწყვეტი არაა ვიმასახურებ თუ არა მე მას“, – განაცხადა პიკეტმა თავის გადაწყვეტილების ახსნისას.
პიკეტი ოლანდის პოლიტიკას ორი მთავარი მიზეზის გამო აკრიტიკებს: პირველი, მან ვერ შეძლო და ვერ მოახდინა ევროზონაში საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების უფრო მეტად გავლენის მოპოვება გერმანიის წინააღმდეგ და კრიტიკის მეორე მიზეზი, ოლანდის საგადასახადო პოლიტიკაა. ოლანდი საარჩევნო კამპანიის დროს პირობას დებდა, რომ საგადასახადო სისტემის „გენერალურ“ რეფორმას ჩაატარებდა. პირველ რიგში, იგულისხმება პროგრესული გადასახადი შემოსავალზე, რასაც საფრანგეთის მოსახლეობის ნახევარი იხდის და მეორე, სოციალური გადასახადი, რომელსაც ყველა იხდის. მაგრამ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ოლანდმა რეფრომების იდეები თაროზე შემოდო და მხოლოდ მდიდრებისა და საშუალო კლასისთვის გადასახადის გაზრდით შემოიფარგლა. პიკეტის იდეებით მხოლოდ საფრანგეთის პრეზიდენტი არ სარგებლობდა წინასაარჩევნო კამპანიის დროს. მათი გავლენა სხვა პოლიტიკურ ლიდერებსაც ეტყობა. ცნობილია, რომ პიკეტი ბარაკ ობამას ერთ-ერთი საყვარელი ეკონომისტია და პოლიტიკის გატარებისას მისი შრომებიდან ბევრი თეზის გათვალისწინებაც სურდა, თუმცა მას კონგრესში მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ.
მაგრამ მიუხედავად პოლიტიკოსთა შორის პოპულარობისა, პიკეტი ყოველთვის ამბობდა, რომ მისი მიზანი არ არის „პოლიტიკოსებთან ლანჩი ან საუზმე, არამედ საჯარო აზრზე გავლენის მოხდენა. ამის შემდეგ მთავრობები უფრო მეტად დაინტერესდებიან შენი იდეებით და უფრო მეტად არის შესაძლებელი პოლიტიკური ელიტის ქმედებებზე გავლენის მოხდენა“ – ამბობს თომას პიკეტი ბრიტანული „გარდიანისთვის“ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში.
პიკეტი წერს, რომ თუ „ჩვენ თვითონ არ მოვძებნით გამოსავალს და პრობლემის გადაჭრის გზას, უთანასწორობის აღმოსაფხვრელად და სოციალური პრობლემის მოსაგვარებლად, ყოველთვის იქნება ვიღაც, ვისაც ჩვენ პრობლემებში დავადანაშაულებთ“. ხშირად, საშუალო კლასის წარმომადგენლები და ღარიბები უფრო მეტ გადასახადს იხდიან, ვიდრე მულტინაციონალური კომპანიები. მაგრამ ის ოპტიმიზმს ინარჩუნებს და სჯერა, რომ ევროპაში საღი აზრი გაიმარჯვებს სოციალური მოდელის შემნის გზაზე. მისი აზრით, ევროპაში სოციალური უთანასწორობა უფრო მცირეა, ვიდრე აშშ-ში და პოლიტიკოსები ბებერ კონტინენტზე უფრო ნაკლებად არიან შეპყრობილნი „დიდი ფულის“ მანიით.
მაგრამ პიკეტისთის რევოლუცია არ არის გამოსავალი. „მე ვფიქრობ პრობლემა ის იყო, რომ წარსულში ადამიანები უფრო მეტ დროს ხარჯავდნენ რევოლუციის დღეზე ფიქრში, ვიდრე იმაზე, თუ რას გააკეთებდნენ, როცა ძალაუფლება ექნებოდათ. თუ მე წიგნის წერას ვარჩევ პარტიზანობას ან რამე მსგავსს, იმიტომ, რომ მჯერა, დემოკრატიული დისკუსიითა და წარსული გამოცდილების გაანალიზებით, მომავალში მშვიდობიანი გზით შეგვიძლია გამოსავლის ნახვა“, – ამბობს პიკეტი ბრიტანული „გარდიანისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.