ძლიერი სოფელი ქვეყნის საძირკველია

პაატა კოღუაშვილი თსუ პროფესორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრი

მთავრობას იმისთანა წყობილება უნდა ჰქონდეს, რომ ერთის გზით თავისი ხალხის მეურნეობის ნამდვილს, უტყუარს და აუცილებელ საჭიროებას დღემუდამ ჰგრძნობდეს, და მეორეს გზით – მზად იყოს ფულით, ცოდნით, რჩევით დაუყოვნებლივ შემწეობა მიაშველოს იქ მაინც, საცა კერძო პირთა შეძლება ვერ გაწვდება”.
ილია ჭავჭავაძე
“სოფლად ნუ ჩაჰკლავ სიცოცხლეს, ქალაქი წაგვიხდებაო”.
ხალხური თქმულება

საქართველო უძველესი აგროკულტურის ქვეყანაა. ქართველები სამიწათმოქმედო ცივილიზაციის შექმნის სათავეებთან იდგნენ და მიწათმოქმედება მათთვის არა მხოლოდ უბრალო სამეურნეო საქმიანობა, არამედ ერთგვარი ღვთისმსახურება იყო. ყოველივე ამან განაპირობა ქართველთა განსხვავებული ჩვევები, სურვილები და მისწრაფებები ამქვეყნიურ ცხოვრებაში, რაც მიწასთან მარადიული ურთიერთობის თავისებურებებიდან გამომდინარეობს. ქართველები მამულის ერთგული, მიწაზე დამკვიდრებული ერია; ქართველის მიწასთან უღალატო კავშირშია ქვეყნის სიძლიერე.
საქართველოს სახელმწიფო ტერიტორია ქართველი ხალხის ორგანული სოციალურ-ეკონომიკური და ეთნო-კულტურული კანონზომიერი განვითარების შედეგია იმ მიწაზე, სადაც სახელმწიფოსთან ერთად შეიქმნა ქართული ეროვნება და ეროვნული ცნობიერება. მიწა ერისათვის სახელმწიფო ტერიტორიაა, სასიცოცხლოდ აუცილებელი სივრცე, რომელიც არსებითად განსაზღვრავს ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხარისხს და ფაქტობრივად წარმოადგენს მოცემულ სივრცეში ერის არსებობისა და შემოქმედების აუცილებელ პირობას.
ქართველ ერში ეროვნული ინსტიტუტების შენარჩუნებისთვის ტერიტორიულ დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ სტაბილურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. აქ, ერის სპეციფიკურ თავისებურებებთან ერთად, არსებით როლს ერის ტრადიციული სამეურნეო ცხოვრების კულტურა ასრულებს. მასზე მსჯელობისას ილია ჭავჭავაძე ბრძანებდა: “ჩვენ გვიყვარდა ჩვენი მამული, ჩვენი მიწა-წყალი, უმისოდ ჩვენი თავი ვერც კი წარმოგვედგინა, და ამ სიყვარულმა, ამ მიკერებამ მიწაზედ, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, შეჰქმნა თვით ჩვენი ისტორიაც. ჩვენი ძალ-ღონე, ჩვენის ცხოვრების და ვინაობის ბურჯი, ჩვენი მკვიდრი და უტყუარი შემნახველი, ჩვენი სიკეთე და სიმდიდრე მიწა და გუთანია”.
ქართველი ერის სპეციფიკა, მომდინარე მისი გენეტიკური კოდიდან, ასახვას პოულობს ტრადიციებში, რომელიც განსაკუთრებული თავისებურებებითა და რაციონალიზმით წარმართავს ცხოვრების სამეურნეო სფეროს და რამაც უზრუნველყო ქართველთა უძველესი და უმთავრესი საქმიანობის – სოფლის მეურნეობის გადაქცევა ქართული სახელმწიფოს წარმოქმნის საფუძვლად.
საქართველოში ათასწლეულების მანძილზე იხვეწებოდა და მკვიდრდებოდა მეურნეობის გაძღოლისა და ბუნებათსარგებლობის პრინციპები, მისი მოვლა-პატრონობის უნიკალური წესები. საქართველოს გეოგრაფიული გარემო, მკვეთრად გამოხატული ვერტიკალური ზონალობა განაპირობებდა მთისა და ბარის ეკონომიკური ზონების ფორმირებას, სოფლის მეურნეობის გაძღოლის სპეციფიკურ თავისებურებას, რომელიც ნიადაგდაცვით მიწათმოქმედებასა და ბუნებრივ-კულტურულ მეცხოველეობას ეფუძნებოდა.
მრავალფეროვან ბუნებასთან ჰარმონიულად შეთანასწორებული ქართული ცხოვრების წესი იყო ის ჯადოსნური ძალა, რომელიც, ხშირად, მტრისგან გავერანებულ საქართველოს კვლავ ფეხზე აყენებდა. ილია ჭავჭავაძის აზრით: “საკვირველი ეს არის, რა ქონებამ გაუძლო ამისთანა ყოფას? რა ჰკვებავდა ხალხსა, რა ქონებით უძღვებოდა ამოდენა ომებსა და სისხლისღვრასა?” და იქვე დასძენდა: “უნდა ვიგულისხმოთ, რომ ამისი პასუხი ჩვენს ეკონომიკურ აგებულებასა და წყაროებში უნდა მოინახებოდეს. უეჭველია, ჩვენი წინანდელი წყობა ისეთი ყოფილა, რომ იქიდამ ჰქონია ის ქონებითი ძალ-ღონე, რომლითაც იგი გასძღოლია ამოდენა ვაი-ვაგლახსა და ომსა ამოდენა ხნის განმავლობაში”.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სასურველსა და შესაძლებელ მიმართულებაზე სერიოზული მსჯელობის კონტექსტში ცხადი არის მხოლოდ ორი რამ: პირველი – როგორი არ უნდა იყოს საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა და მეორე: რომელია და როგორია საქართველოს ეკონომიკური მომავლის (განვითარების) ყველაზე სასურველი სახე.
სასურველია საქართველოს გარდაქმნა მაღალგანვითარებულ აგრარულ-ინდუსტრიულ ქვეყნად, რომელიც თვითონ დაიკმაყოფილებს თავის სასურსათო და სხვა საარსებო მოთხოვნილებებს, ექნება დადებითი სალდო პარტნიორ ქვეყნებთან ვაჭრობაში და ექსპორტის საგნად – მეცნიერებატევადი სამრეწველო, მეცნიერული და მაღალი ხარისხის (ეკოლოგიურად სუფთა) სოფლის მეურნეობის პროდუქცია. ეს სასურველი მიმართულება გულისხმობს საქართველოს უშიშროებასაც, ანუ მისი ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის გარანტირებულ შენარჩუნებასაც გარე ძალების ნებისაგან დამოუკიდებლად.
სასურსათო უშიშროება ერისა და სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული ამოცანაა. მთავრობის კომპეტენტურობა და აგროსასურსათო პროცესებში მისი ჩარევის ხარისხი, მიმართულება და დონე (მარეგულირებლის როლი) გადამწყვეტი ფაქტორია ქვეყნის შიმშილისგან გადარჩენაში.
საქართველოში სასოფლო-სამეურნეო წარმოება მთავრობამ უნდა აღიაროს, როგორც ეკონომიკის განსაკუთრებული, პრიორიტეტული დარგი, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია.
ფინანსური, ეკონომიკური, საწარმოო და სოციალური მომსახურების, მთავ- რობის წარმმართველი ორიენტირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გარეშე დარჩენილი სოფელი კარგავს ისტორიულ, გეოგრაფიულ, დემოგრაფიულ, ეკონომიკურ და სოციალურ ფუნქციებს, რაც სოფლის განვითარების მსოფლიო პოლიტიკას ეწინააღმდეგება. სოფლის, როგორც ტერიტორიული ერთეულის განვითარების გარეშე (ინსტიტუციონალური მოწყობა), ქართულ სოფელს დაცლა, ანუ მოსახლეობის მასობრივი ემიგრაცია ემუქრება. თუ დღეს მოქმედი უარყოფითი ტენდენციები შენარჩუნდა, მოკლე ხანში აღარ გვექნება არამარტო ფორმალური სოფლის მეურნეობა, არამედ, თვით სოფელიც კი (ბუნებრივი და ხელოვნური ლანდშაფტები), რომლის გარეშე წარმოუდგენელია იმედის მომცემი კურორტებისა და მწვანე ტურიზმის განვითარება.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ მსოფლიოში “იაფი საკვების” ეპოქა დასრულდა, ღარიბ ქვეყნებში სურსათის იმპორტი იზრდება, ხოლო საერთაშორისო ოპერაციები სასურსათო დახმარებაზე, მცირდება. ამასთან, უნდა ითქვას, რომ ამჟამად დედამიწაზე არ არსებობს და ალბათ არც უახლოეს პერიოდში გამოინახება სასურსათო უზრუნველყოფის გლობალური პრობლემის გადაწყვეტის უნივერსალური მექანიზმი (მოდელი). ამ პრობლემის სიმძიმე დღესაც და მომავალშიც, ეროვნულ დონეზე გადასაწყვეტი იქნება.
დაცარიელებული სოფლების აღორძინება და ქვეყნის ფეხზე წამოყენება, სწორედ სოფლის მეურნეობის აღორძინებით უნდა დავიწყოთ. ძლიერი სოფელი, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ქვეყანას და, შესაბამისად, ქალაქსაც დააპურებს და გადაარჩენს! F
სოფლის მეურნეობა და გადამამუშავებელი მრეწველობა მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლების ზრდის საუკეთესო საშუალებაა, არაფერი რომ არ ვთქვათ – ქვეყნის სასურსათო უშიშროების უზრუნველყოფაზე. აგროსასურსათო სექტორის განვითარებაზე მსჯელობისას, ყურადღება უნდა მივაქციოთ არა სხვა ქვეყნის გამოცდილებას, არამედ ამ გამოცდილების ჩვენთან გამოყენების შესაძლებლობას, ქართული სოფლის სპეციფიკის გათვალისწინებით. ისიც, უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო არის მსოფლიო ბაზრის სუბიექტი და, შესაბამისად, მხოლოდ საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებით უნდა იყოს დაკავებული. მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომელი ბაზრისთვის იწარმოება იგი – ადგილობრივის თუ საზღვარგარეთის. უდავოა, ნებისმიერ ბაზარზე შეიძლება შეღწევა, თუ ქვეყანა უზრუნველყოფს მაღალი სტანდარტის პროდუქციის წარმოებას.
ნიშანდობლივია ისიც, რომ ქართული პროდუქცია, მცირე გამონაკლისის გარდა, არაკონკურენტუნარიანია, როგორც შიდა, ისე, გარე ბაზარზე. საქმე იმაშია, რომ ქართველ მეწარმეს დაკარგული აქვს სურსათის წარმოების მოტივაცია – სახნავებისა და ბაღ-ვენახების 60%-მდე მიტოვებულია და უკეთეს შემთხვევაში, საძოვრის ფუნქციას ასრულებს.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბალანსის დეფიციტის მნიშვნელოვანი ოდენობა დღეისათვის სურსათის იმპორტზე მოდის. ეს მდგომარეობა შეიძლება მოსათმენი ყოფილიყო იმ პირობებში, როცა აგროპროდუქციის წარმოების ყველა ადგილობრივი რეზერვი ამოწურულია, მაგრამ, როცა ქვეყანაში არსებობს მისი გადიდების რეზერვები და ამით სავალუტო რესურსების დაზოგვის საშუალება, იმპორტზე ასეთი დამოკიდებულობა, საქართველოს აგრარული პოლიტიკის შეცდომად უნდა იქნეს მიჩნეული. საქმე ეხება დარგს, რომელიც მწვავე კრიზისშია და საქონელმწარმოებელს, რომელსაც არავითარი სტიმული არ გააჩნია მუშაობისთვის, თუმცა სწორედ ის ქმნის ადამიანთა საარსებო საკვებ პროდუქტებს და სწორედ მის მიერ შექმნილი პროდუქციის დეფიციტის გამო არის კრიზისი.
ნუ დაგვავიწყდება ერთი პირუთვნელი და ბრძნული გამონათქვამი, რომელიც ჩვენს პრობლემებს ზედმიწევნით ესადაგება: “სიღარიბისა და შიმშილის მიზეზი არა სურსათის ნაკლებობაა, არამედ დემოკრატიის დეფიციტია, საერთოდ არადემოკრატიული გარემო და კორუფციაა. შიმშილს სულაც არ იწვევს მხოლოდ საკვები პროდუქტების უკმარისობა ამა თუ იმ ქვეყანაში, გაცილებით მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის ინსტიტუციონალური არასრულყოფილება და ინფრასტრუქტურის განუვითარებლობა”. ამარტეა სენი, ნობელის პრემიის ლაურეატი.
მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ საქართველოს არ გააჩნია აგროსასურსათო სექტორის განვითარების სტრატეგია. ამიტომაც ცალკეული სახის ერთჯერადი დახმარებები (სასუქი, საწვავი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და სხვა), ვერ აღწევს სასურველ შედეგს, რადგან მას არა დარგის განვითარებისთვის, არამედ, პიარ-აქციებისთვის მიმართავენ.
თანამედროვე მსოფლიოში კონკურენცია მიმდინარეობს არა მარტო სახელმწიფოებრივი მოწყობის მოდელებს შორის, არამედ ეროვნულ მეურნეობათა მოდელებსა და ეკონომიკის დარგთა ორგანიზაციისა და გაძღოლის ფორმებს შორისაც, რათა მიღწეული იქნას ქვეყნის კონკურენტუნარიანი უპირატესობა. ის, რაც ოპტიმალურია ჩინელისათვის ან ამერიკელისათვის, შეიძლება ჩვენთვის არ იყოს ოპტიმალური. ჩვენ გვაქვს განსხვავებული ეროვნული სპეციფიკა (ხასიათი, ჩვევები), რომელიც განსაკუთრებული თავისებურებებით წარმართავს ერის ყოფა-ცხოვრებისა და სამეურნეო საქმიანობის სხვადასხვა სფეროს, მექანიზმები ადამიანთა ურთიერთობის რეგულირებისა – ფსიქოლოგიური, ტრადიციისმიერი, ღირებულებათა შკალით განსაზღვრული, კულტურული, მიწასთან დამოკიდებულებისა და სხვა. გაგვაჩნია განსხვავებული გეოპოლიტიკური გარემო, რესურსული პოტენციალი, ბიოგეოკლიმატური პირობები, საიდანაც მომდინარეობს საკვების შემადგენლობა, კვების თავისებურებები, კვების ხასიათი (კვების ტრადიცია) და ა.შ. რაც, ბუნებრივია, მოითხოვს აგროსასურსათო სექტორის რეფორმირებისა და განვითარების განსხვავებულ მიდგომას, მის რეალიზაციას ქართული (ეროვნული ტრადიციების) სპეციფიკის გათვალისწინებით და არა უცხოეთის რომელიმე ქვეყნის (თუნდაც, ძალიან წარმატებულის) გამოცდილების მექანიკურად გადმოტანა-გამეორებას.
საქართველოს სოფლის მეურნეობაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის ეკონომიკური ანალიზი გვიჩვენებს, რომ შექმნილ პრობლემათა გადაწყვეტა ვერ მოხერხდება მხოლოდ აგროსექტორის ფარგლებში, რადგანაც იგი მოითხოვს კომპლექსურ ღონისძიებათა სისტემის შემუშავებას და განხორციელებას.
პრობლემათა გადაჭრისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისთვის საჭიროა მთავრობამ (სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან) შექმნას აგრარული პოლიტიკის ეროვნული საბჭო, ხელი შეუწყოს ერთიანი აგროსასურსათო სისტემის განვითარებისთვის აუცილებელ საწარმოო და არასაწარმოო ინფრასტრუქტურის ფორმირებას, უზრუნველყოს სახელმწიფო სუბსიდიების გამოყენება (რაც არ ეწინააღმდეგება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) ხელშეკრულებას, რომელიც იძლევა დამატებითი გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას შემდეგ შემთხვევაში: ა) როდესაც ამა თუ იმ პროდუქტზე დახმარების მთლიანი მოცულობა არ აღემატება წარმოებული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 5%-ს; ბ) ასევე, მხარდაჭერის საერთო ვალდებულებებში არ ჩაითვლება ის დახმარება, რომელიც მიმართულია არა რომელიმე პროდუქტის წარმოებაზე, არამედ მთლიანად სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. ამ შემთხვევაში, დახმარების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს სოფლის მეურნეობის პროდუქციის მთლიანი ღირებულების 5%-ს. საქართველოს მიეცა უფლება გამოიყენოს აგრარული სექტორის მხარდასაჭერად 180-200 მლნ დოლარის ექვივალენტური საშუალებები, ვმო-ში გაწევრიანების წლისათვის ქვეყანაში წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტის გათვალისწინებით), ჩამოაყალიბოს სახელმწიფო მარეგულირებელი (ჩამრევი) სამსახურები (ადმინისტრაციულ-კომერციული ფუნქციით) მარცვლის, მევენახეობა-მეღვინეობის, რძისა და ხორცის წარმოების სფეროში. უნდა განახორციელოს სამამულო აგრარული ბაზრის დაცვა, მხარი დაუჭიროს სოფლად საქონელმწარმოებელთა ეკონომიკური მოტივაციის ამაღლებას საფინანსო, საკრედიტო, სადაზღვევო, საგადასახადო და სხვა ბერკეტების გონივრული გამოყენებით.
სოფლად ყოფა-ცხოვრების აღორძინების, გლეხკაცის ადგილზე დამაგრებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიულ ამოცანად უნდა განისაზღვროს: სოფლად რეალური თვითმართველობის დამკვიდრება, თემის, სოფლის სამეწარმეო მობილიზაციის პროგრამის შემუშავება და განხორციელება, აგრარული და სასურსათო წარმოების თანამედროვე ტექნიკითა და ტექნოლოგიებით აღჭურვა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელთა და გადამამუშავებელ საწარმოთა ჰორიზონტალური და ვერტიკალური ინტეგრაცია, ფერმერთა შემოსავლების ზრდა, სასურსათო პროდუქციისა და ნედლეულის წარმოების რაოდენობრივ-ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესება, ფერმერთა კავშირების, ასოციაციების ფორმირება სოფლის, რაიონისა და მხარის დონეზე.
სოფლად საქონელმწარმოებელთა ცხოვრების მისაღები პირობების შექმნის მიზნით, აუცილებელია სასოფლო რაიონების ინსტიტუციონალური მოწყობა, სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარება, გზებით, წყლით, ელექტროენერგიით, გაზით, ჯანდაცვის ობიექტებით, კავშირგაბმულობითა და ტრანსპორტით უზრუნველყოფა, ფერმერთა საკონსულტაციო-ინფორმაციული მომსახურებისა და წინასწარი გაფრთხილების (პროგნოზირების) სისტემის შექმნა და ამოქმედება, მიწის წვრილ მასაკუთრეთა ნებაყოფლობითი გაერთიანებების შექმნა და მათი საწარმოო და მარკეტინგული კოოპერირება, აგროტექზოოვეტ სერვისის, ირიგაციის და დრენაჟის სისტემის აღდგენა და განვითარება, კრედიტებსა და წარმოების საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ურთიერთდახმარების, კოოპერაციული ტიპის, სპეციალური აგროსაკრედიტო სისტემის შექმნა, რასაც საძირკველი, ძირითადად, სახელმწიფომ უნდა ჩაუყაროს და სხვა.
რაც შეეხება დარგობრივ პრიორიტეტებს, აქ უპირველესად ყურადღება უნდა მიექცეს იმპორტჩანაცვლებადი და ძირითადი სასურსათო პროდუქტების წარმოებას. მათ შორისაა: მარცვლეული (ხორბალი, სიმინდი, ქერი, ჭვავი), ზეთოვანი კულტურები (მზესუმზირა, სოია). ასევე: ხილი (მათ შორის, სუბტროპიკული), ყურძენი, ბოსტნეულ-ბაღჩეული, ჩაი, კარტოფილი, თხილი, აბრეშუმი, თაფლი და მათი გადამუშავების პროდუქტები. ხელი უნდა შეეწყოს ეკოლოგიურად სუფთა აგროპროდუქციის წარმოების განვითარებას, რომლის საწარმოო ბაზა ქვეყნის მთა და მთისწინეთია.
საქართველოს, ძირითადად, ეკოლოგიურად სუფთა აგროპროდუქციით შეუძლია შეაღწიოს და დამკვიდრდეს ევროპულ ბაზარზე, რადგან, მისი მცირემიწიანობიდან გამომდინარე, აქცენტი უნდა გააკეთოს არა წარმოების მასშტაბსა და რაოდენობრივ მაჩვენებლებზე, არამედ სასურსათო პროდუქციის უსაფრთხოებასა და ხარისხობრივ მახასიათებლებზე. ჩვენ უნდა აღვადგინოთ და განვავითაროთ აგროეკოლოგიური წარმოების ის ტრადიციები და უნიკალური წესები, რომლებიც თანხვედრაში მოვა თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს საშუალებას მოგვცემს ვაწარმოოთ უხვი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია, რაც ეკონომიკურად რენტაბელურია და უფრო დაგვაახლოვებს ევროკავშირის მოთხოვნებთან საკვები პროდუქტების უვნებლობასთან დაკავშირებით. ამავე დროს მნიშვნელოვანია, მომხმარებელთა და მწარმოებელთაAინტერესების ჰარმონიული შეთანაწყობა, შეზღუდული საწარმოო რესურსების გამოყენება ეკონომიკურ-ეკოლოგიური ეფექტიანობის ამაღლების თვალსაზრისით. ასეთი მიდგომა გამართლებულია, მით უმეტეს, რომ უნიკალური ბიოგეოკლიმატური პირობები და გარემო, ხალხის უნარ-ჩვევები და გამოცდილება, გეოპოლიტიკური მდებარეობა და სხვა ფაქტორების კომპლექსი ქმნის ქართული აგრარული მეურნეობის შეფარდებით უპირატესობას.
საქართველოს მთასა და მთისწინეთში მეცხოველეობის განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სასიცოცხლო არტერიის მთიანეთის – აღორძინებისა და თავდაცვის უპირველესი პირობა იქნება.
სოფლის მეურნეობაში და მასთან დაკავშირებულ დარგებში სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით უნდა გააქტიურდეს საინვესტიციო პროცესები, ინოვაციური და მეცნიერულ-ტექნოლოგიური მიღწევების დანერგვა.
შესამუშავებელია აგროსასურსათო სექტორის განვითარების ხელშემწყობი და მარეგურილებელი საკანონმდებლო ბაზა, რომელშიც პრაქტიკულად მოიაზრება ეკონომიკური მექანიზმის ყველა ელემენტის გააქტიურება. მისაღებია კანონები: “საქართველოს სასურსათო უშიშროების შესახებ”; “მრავალდარგოვანი სოფლის მეურნეობის დაცვის, სურსათით უზრუნველყოფისა და ვაჭრობის შესახებ”; “სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ”; “აგროპროდუქციის აღწარმოებისთვის საჭირო პროდუქციაზე (მომსახურებაზე) ფასების პარიტეტის დაცვის შესახებ” და სხვა, რომლებმაც უნდა შექმნას საკანონმდებლო გარემო ქვეყანაში აგროწარმოების აღორძინებისა და შემდგომი განვითარებისათვის.
მთავრობამ უნდა შეიმუშაოს აგრარული პოლიტიკის ახალი კონცეფცია სწორად განსაზღვრული პრიორიტეტებით, რომელშიც არა უბრალოდ აგრარული, არამედ უფრო ფართო, – სოფლის, როგორც ტერიტორიული ერთეულის, განვითარების – პოლიტიკა იგულისხმება, ანუ შეახამოს ერთმანეთთან აგრარული, სოციალური და ყოფითი პრობლემების კომპლექსურად გადაჭრა.
ხელი უნდა შეეწყოს სახელმწიფოს გადაქცევას ქვეყნის სოფლის მეურნეობის პროდუქციის არა მარტო მთავარ დამკვეთად, არამედ მთავარ მყიდველად და გამანაწილებლადაც იმ შემთხვევაში, თუ საჭირო იქნება ბაზარზე მდგომარეობის სტაბილიზაცია.
ჩამოთვლილ პრიორიტეტებს ინტერესთა და კონფლიქტი ფაქტობრივად არ გააჩნია და ამდენად, მაქსიმალური სინერგიული ეფექტი ყველა მათგანის მხოლოდ სრულად, სისტემურად განხორციელების შემთხვევაშია მოსალოდნელი.
დასასრულს, საქართველოს აქვს შესაბამისი ბიოგეოკლიმატური პირობები, აგრარული პოტენციალი და სხვა კომპონენტები (მ.შ. გეოპოლიტიკური), რომლებიც აუცილებელია მოსახლეობის სასურსათო თვითუზრუნველყოფისათვის. ამასთან, ის გამოირჩევა იმითაც, რომ აქ ადამიანის კვებისათვის აუცილებელი თითქმის ყველა სახეობის პროდუქტის წარმოების შესაძლებლობა და საკმარისი რეზერვია. მეურნეობის სწორი გაძღოლის შემთხვევაში საქართველოს შეუძლია გამოკვებოს არათუ ქვეყანაში დღეს არსებული მოსახლეობა, არამედ 10-12 მილიონი ადამიანი. ეს ნიშნავს, რომ რაციონალური აგრარული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია სასურსათო უშიშროების მიღწევა სამამული აგროწარმოების პროდუქციით.
საქართველოს ეკონომიკური (მათ შორის, სასურსათო) უშიშროება დამოკიდებული იქნება საკუთარი შრომით შექმნილ გარანტიაზე, რომ ქართველი კაცი დაუბრუნდება, ააღორძინებს სოფელს და შიმშილით არ მოკვდება. ეროვნული სახელმწიფოებრიობის ეკონომიკური პროგრამის ერთი ცენტრალური პრინციპიც ეს არის.

Print Friendly, PDF & Email

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial