ლერწმის ღეროზე დაწერილი ისტორია

რედაქციისგან

მას ბევრი წინამორბედი ჰყავდა. ქვა და თიხა, ხე და ძვალი, ტყავი და მეტალი, პაპირუსი და პერგამენტი – ყველა მათგანი სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში ადამიანებს ტექსტის დასაწერ მასალად ემსახურებოდნენ და ყველაზე ძვირფას – ინფორმაციის გადასაცემ საშუალებად.

ყველა ეპოქაში ქაღალდის თუ მისი შემცველელების დამზადებას ხელოსნები და სახელოსნოები სჭირდებოდა, სჭირდებოდა ყველა იმ პროფესიის თუ დარგის პარალელური განვითარება, რაც ქაღალდის წარმოებისთვის აუცილებელი იყო. ამ ძვირფასი და აუცილებელი ნივთის ექსპორტი მწარმოებელი ქვეყნებისთვის მეტად მნიშვნელოვანი და მომგებიანი იყო, ვინაიდან ადამიანების ცხოვრებაში ქაღალდი ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა.
იგი ძალიან ნელა მიიკვლევდა გზას, როგორც მეცნიერები ამბობენ, ყოველი 100 კილომეტრის გავლას ქაღალდი 100 წელიწადს ანდომებდა, მაგრამ მან ფართო გავრცელება ჰპოვა, მისი წარმოების ტექნოლოგიის საიდუმლო გასკდა, მთელს მსოფლიოს მოედო და თანდათან დაიხვეწა კიდეც. მისმა აღმოჩენამ სათავე დაუდო წიგნის ბეჭდვას, წიგნიერების გავრცელებას და ეკონომიკაში ბევრი თამნდევი სექტორის შექმნასა და განვითარებას.
იბლიაში სწერია, რომ “პირველად იყო სიტყვა”… საინტერესოა, რა იყო ის მასალა, რომელზედაც ეს პირველი სიტყვა დაიწერა და ისტორიის წიაღიდან ჩვენამდე მოვიდა ინფორმაციის ჩანასახი.
თავიდან იყო ქვა, შემდეგ გამოქვაბულის კედლები, მასზე პირველი ჟამთააღმწერები და მხატვრები ცდილობდნენ აღებეჭდათ ის, რაც მათ აღელვებდათ და ხედავდნენ, რაც მომავალში დააინტერესებდათ თაობებს. შემდეგი ეტაპი იყო თიხა და მისი შესანიშნავი თვისება – დიდ ხანს შეინახოს მასზე ზემოქმედების ნებისმიერი კვალი.
ქაღალდის დაბადებამ ადამიანთა ცხოვრებაში დიდი ცვლილებები შეიტანა. შეიძლება ითქვას, რომ ქაღალდი გახდა ის მასალა, რაზედაც ადამიანებმა მათივე გონების მიერ შექმნილი დაიტანეს. რაც შეეხება ქაღალდის ისტორიასა და მისი დამზადების მეთოდებს, არც ისე ჩვეულებრივი და მარტივია.
არისტოტელე და პლუტარქე იტყობინებიან, რომ დრაკონტისა (ჩვ.წ.აღ-მდე 621 წელი) და სოლანას კანონები (ჩვ.წ.აღ-მდე 594 წელი) ხისა და ქვის პრიზმებზე იწერებოდა. ტიტ ლივი ამბობს, რომ ჩვ.წ.აღ-მდე 493 წელს კონსულ სლურიემ კასიემის შეთანხმება ბრონზის სვეტზე დაფიქსირდა, ხოლო დიონისე გალიკარნასკი ისხენიებს ბრონზის სტელას დიანას ტაძარში წარწერით, რომელზედაც ლათინურ ქალაქებთან მეფე ტულიას შეთანხმებაა გადმოცემული. ძველ რომში, ჯარში 25-წლიანი სამსახურისთვის ვეტერანებს ბრონზის ერთგვარ ბარათს აძლევდნენ, რომელიც სახელმწიფოს წინაშე დამსახურების ნიშანი იყო.
ადამიანებმა საწერად მშვენიერი მასალის დამზადება ჩვ.წ.აღ-მდე III საუკუნეში პაპირუსისგან ისწავლეს. ეგვიპტეში დღესაც ამზადებენ ძველებური წესით პაპირუსს.
რიგ ევროპულ ქვეყანაში ქაღალდმა თავის სახელწოდება მისი წინამორბედის, პაპირუსისგან მიიღო. იგი ერთ-ერთი სახეობის ლერწმისგან მზადდებოდა, რომელიც ნილოსის დაბლობებზე ხარობდა. ამ მცენარეს 5-მეტრიანი სამკუთხა ღერო აქვს. ქაღალდად, უფრო სწორად, წერილის დასაწერად გამოიყენებოდა მასალა, რომელიც მხოლოდ ღეროს ქვედა ნაწილისგან (დაახლოებით 60 სმ-მდე) მზადდებოდა. მას გარედან მწვანე ფენისგან ასუფთავებდნენ, ხოლო თეთრ გულს დანით წვრილ ზოლებად ჭრიდნენ და 2-3 დღით წყალში ათავსებდნენ, რათა გაჟღენთილიყო და წყალში ხსნადი ნივთიერებებისგან გათავისუფლებულიყო. დარბილებულ ლერწმის ნაჭრებს ხის საბრტყელებლით აუწყლოვებდნენ და ერთი დღე-ღამის მანძილზე ისევ წყალში ათავსებდნენ. ასე იმეორებდნენ რამდენჯერმე. ამ მოქმედებების შედეგად ლერწმის ღეროს დაჭრილი ზოლები გამჭვირვალე ხდებოდა და კრემისფერი დაჰკრავდა. ამის შემდეგ ღეროს ნაჭრებს ერთმანეთის გვერდით ალაგებდნენ, პრესის ქვეშ ატარებდნენ, რის შემდეგაც პრესის ქვეშვე აშრობდნენ და ასწორებდნენ გლუვი ქვით. ტექსტით შევსებულ პაპირუსს ტომებს უწოდებდნენ (ბერძნული სიტყვაTOMOS-დან, რომელიც ნაწილს ნიშნავს). მართალია, პაპირუსი მაინც სათუთ მასალად მიიჩნევა, მაგრამ ანტიკური ხანის პაპირუსებმა ჩვენს დრომდე მაინც ბევრმა მოაღწია. მათ შორის, არისტოტელეს თზულებებმაც.
ჩვენს წელთ აღრიცხვამდე II საუკუნეში, ეგვიპტის მეფემ ფტოლემე V-მ ეგვიპტიდან პაპირუსის ექსპორტი აკრძალა. ამ დროს ქალაქ პერგამში ჩაფიქრებული იყო დიდი ბიბლიოთეკის გაკეთება, სწორედ მისთვის ეგვიპტელებს პაპირუსის დიდი პარტია შეუკვეთეს, მაგრამ ორ ქვეყანას შორის ვითარების დაძაბვის გამო, ბიბლიოთეკის ორგანიზება სათუო გახდა, ამიტომ პერგამელებმა დიდი ძალისხმევის შედეგად გამოიგონეს პაპირუსის შემცვლელი პერგამენტი.
სწორედ მცირე აზიაში, პერგამის სახელმწიფოში, ქალაქ პერგამში დაიწყეს საწერად მშვენიერი მასალის წარმოება, რომელიც მზადდებოდა ახალგაზრდა ცხოველის ტყავისგან. ქალაქის სახელის გამო ამ მასალას პერგამენტი ეწოდა. პაპირუსისგან განსხვავებით, პერგამენტი უფრო გამძლე და ელასტიური იყო, ხოლო მასზე დაწერა – უფრო იოლი, თანაც, ორივე მხრიდან. აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო ტექსტის წაშლა და ახლიდან დაწერა, მაგრამ ყველა უპირატესობის მიუხედავად, პერგამენტის დამზადება შრომატევადი და ძვირადღირებული პროცესი იყო.
დაახლოებით V საუკუნეში, პერგამენტის გამოჩენის გამო პაპირუსის წარმოება მკვეთრად მცირდება, ხოლო მოგვიანებით უკვე ქაღალდიც გამოიგონეს. დაახლოებით X საუკუნისთვის პაპირუსმა მთლიანად დაკარგა სამრეწველო მნიშვნელობა.
მიუხედავად იმისა, რომ ტექსტის წაშლა და ახლის განთავსების საშუალებას პერგამენტი იძლეოდა, შემდეგ წლებში ამან მაინც ვერ უშველა სიტუაციას, რადგან დასაწერი მასალის მოთხოვნა ევროპაში ქაღალდის აღმოჩენამდეც ძალიან დიდი იყო. ქაღალდის აღმოჩენის თარიღი დაზუსტებით არ არის დადგენილი. მიიჩნევა, რომ იგი ჩინეთში ჩვენს წელთაღრიცხვამდე აღმოცენდა და ნელ-ნელა გადაადგილდა დასავლეთისკენ.
ჩინეთის ჩრდილოეთ პროვინციაში არის გამოქვაბული ბაოდიაო. 1975 წელს მასში სამარხს მიაკვლიეს, რომელშიც ქაღალდის ნაგლეჯები აღმოაჩინეს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს სამარხი 2000 წლის წინანდელია. ამ სამარხის გათხრამდე ქაღალდის აღმოჩენას ცაი ლუნიას მიაწერდნენ. მან 105 წელს იმპერატორს თხოვნა გაუგზავნა, რომ ქაღლდის დამზადების მეთოდი გამოეყენებინა.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ცაი ლუნიას დამსახურება იმაში მდგომარეობს, რომ მან, განათლებულმა ადამიანმა გააერთიანა და სრულყო ჩინეთში კარგად ცნობილი ქაღალდის წარმოება და პირველმა აღმოაჩინა ქაღალდის წარმოების ძირითადი ტექნოლოგიური პრინციპი – ცალკეული ბოჭკოებიდან ფურცლისმაგვარი მასალის გამოყვანა წინასწარ ძლიერ გაზავებული ბოჭკოვანი სუსპენზიიდან ბადეზე დაწრეტით.
ცაი ლუნიას მეთოდმა შესაძლებელი გახადა ქაღალდის საწარმოებლად ნებისმიერი მცენარეული ნედლეული გამოეყენებინათ. თუმცა, ჩინეთში ქაღალდის წარმოებაში ძირითადად იყენებდნენ თუთისა და ლაფანის ბოჭკოს. მას ქერქს აჭრიდნენ, რომელსაც წყალში ასველებდნენ, რის შედეგადაც იგი იყოფოდა გარე უხეშ და უფრო რბილ შიდა შრეებად. პირველი ფენა მიდიოდა დაბალი ხარისხის ქაღალდის დასამზადებლად, ხოლო მეორე – უფრო თხელი და ძვირფასი ქაღალდის საწარმოებლად.
ასეთი წესით დახარისხებული მუხის ბოჭკო რამდენიმე საათის განმავლობაში ღია როფში ნაცართან ან გაკირიანებულ რძესთან ერთად ხარშვას ექვემდებარებოდა. მოხარშული ლაფანი წყლით ირეცხებოდა, მუშავდებოდა როდინში ან ხის ჯირკზე იქამდე, სანამ ცალკეულ ბოჭკოებად არ დაიშლებოდა. დაქუცმაცებულ მასას სახაპავ როფში ათავსებდნენ, სადაც წყლით აზავებდნენ და იგი მცენარეული წვენების საშუალებით წებდებოდა. ქაღალდს წყალთან ერთად წვრილი ბამბუკებისგან დაწნულ ბადეზე გადმოღვრიდნენ, ცოტა ხანს ფორმაზე შეშრობას აცლიდნენ, ხოლო შემდეგ სპეციალური ჯაგრისით ან ჯოხით ხსნიდნენ და მზეზე აშრობდნენ.
წარმოების სიმარტივის, სანედლეულე მასალის მრავალფეროვნებისა და იაფი მუშა-ხელის წყალობით, ჩინეთში სხვადასხვა დანიშნულების ქაღალდი იწარმოებოდა.
ახლო აღმოსავლეთში ქაღალდის წარმოების განვითარების პირველ ცენტრად ქალაქი სამარყანდი იქცა, რომელიც VIII საუკუნის შუა პერიოდში დაიწო, მას შემდეგ, რაც 751 წელს გადამწყვეტ ბრძოლაში არაბებმა ჩინელებს სძლიეს და დატყვევებული ხელოსნებისგან გადაიღეს ქაღალდის წარმოება, მალე სრულყვეს კიდეც იგი.
ევროპაში ქაღალდის წარმოების ხელოვნება არაბებისგან XI-XII საუკუნეებში გავრცელდა, თავიდან ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთში, ხოლო მოგვიანებით სხვა ქვეყნებშიც. იტალიელებმა ქაღალდის დამზადებაში მთელი რიგი არსებითი ცვლილებები შეიტანეს, რომელმაც შესაძლებელი გახადა უფრო ხარისხიანი ქაღალდის მასის მიღება.
რუსეთში ქაღალდის წარმოება ივანე მრისხანის დროს XVI საუკუნის შუა პერიოდში დაიწყეს. ძლიერი ბიძგი ამ საქმიანობას პეტრე დიდის დროს მიეცა.
ქაღალდის წარმოების გაფართოების ყველაზე დიდი ბიძგი 1670 წელს ჰოლანდიაში წარმადობის გამზრდელი ტექნოლოგიური ნიუანსის მიგნება და 1799 წელს სპეციალური მანქანის გამოგონება გახდა. ხოლო IXX საუკუნის პირველ ნახევარში ბევრი მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეიტანეს ქაღალდის მწარმოებელ მანქანაში, მაგრამ მისი პრინციპული ტექნოლოგიური სქემა მთელი ასწლეულის მანძილზე პრაქტიკულად არ შეცვლილა.
ცნობილი ევროპელი მოგზაური მარკო პოლო ჩინეთის მონახულების შემდეგ XIII საუკუნის ბოლოს წერდა – “ჩინეთში ქაღალდი ძალიან გავრცელებულია. თეთრ ქაღალდს ბამბისგან ამზადებენ, ხოლო რუხს – თუთის ლაფანის ბოჭკოსგან. დიდი ხანი იმდენ ქაღალდის ფულს უშვებს, რამდენიც გაეხარდება”…
ქაღალდი ჩინეთიდან ძალიან ნელი ტემპებით ვრცელდებოდა. 100 კილომეტრიან გზაზე მის გადაადგილებას თითქმის 100 წელიწადი სჭირდებოდა. ახალი წელთაღიცხვით II საუკუნეში ქაღალდმა კორეას მიაღწია, III საუკუნეში იაპონიის ნაპირებამდე მივიდა, მაგრამ ნამდვილი განვითარება მან 610 წელს ჰპოვა და მოსწავლეებმა აჯობეს ჩინეთს – ქაღალდის დამზადების მასწავლებელს. III საუკუნეში ქაღალდმა ცენტრალურ აზიამდე მიაღწია. VII საუკუნეში ქაღალდის წარმოება ინდოეთში გახდა ცნობილი, VIII – დასავლეთ აზიაში. X საუკუნეში ქაღალდი აფრიკამდე მივიდა, ხოლო XII საუკუნეში – ევროპაში, XVI საუკუნეში ქაღალდს უკვე ამერიკაში იცნობდნენ (მექსიკა 1580 წელი). აშშ-ის ტერიტორიაზე კუსტარული წარმოება უფრო გვიან, XVII საუკუნეში დაიწყეს.
ქაღალდის პირველი სახელოსნოები სამარყანდში არაბებმა VII-VIII საუკუნეებში შექმნეს, ქაღალდის დამზადების საიდუმლო დატყვევებული ჩინელებისგან ისწავლეს. ქაღალდის წარმოებაში მონოპოლიას არაბები ხუთი საუკუნის განმავლობაში ფლობდნენ და საიდუმლოს სათუთად ინახავდნენ, მაგრამ ადრე თუ გვიან ყველა საიდუმლო მჟღავნდება, მაგრამ არაბების მიერ ასე სათუთად შენახული საიდუმლო როგორ გახდა ევროპელებისთვის ცნობილი, ამაზე ისტორიული წყაროები არაფერს ამბობენ.
VII საუკუნეში (751 წელი), როცა არაბებმა სამარყანდი დაიპყრეს, ქაღალდის დამზადების საიდუმლო მესოპოტამიაში, სირიასა და ეგვიპტეში გახდა ცნობილი. არაბები ქაღალდის ექსპორტს ევროპაში ახორციელებდნენ ესპანეთსა და სიცილიიდან. არსებობს ლეგენდა იმის შესახებ, რომ ჯვაროსნული ლაშქრობის ერთი რაინდი ტყვედ ჩავარდა და დამასკოში გააგზავნეს, სადაც ქაღალდის სახელოსნოში მუშაობდა, ხოლო სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი მან დააფუძნა პირველი ქაღალდის ფაბრიკა. იტალიელებს სხვა ლეგენდა აქვთ, რომ ერთმა ახალგაზრდა ბერმა გაბრაზებისგან საკუთარი პერანგი დაღეჭა და ღუმელის ფილაზე გადმოაფურთხა. დილას კი აღმოაჩინა, რომ ფილის ზედაპირზე მიწებებული მასა სწორი ზედაპირის იყო და ძალიან წააგავდა პერგამენტს. შემდეგ კი მელნით დაწერა სცდა და ნახა, რომ ადვილად მოხერხდა. ბერმა ასე აღამოაჩინა ქაღალდი. მაგრამ ყოველივე ეს ადამიანური ფანტაზიის ნაყოფია. ლეგენდა ფაქტებს არ ემთხვევა. იტალიიდან მზა ქაღალდის ექსპორტირება სამხრეთ საფრანგეთში, გერმანიაში, ხოლო შემდგომ ჩეხეთსა და პოლონეთში დაიწყეს, ხოლო ესპანეთიდან – ჩრდილოეთ საფრანგეთში, ინგლისსა და სკანდინავიაში.
შუა საუკუნეებში ქაღალდზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა. გაიზარდა სახელოსნოების, ხელოსნების, მოწაფეების რაოდენობაც, გამძაფრდა კონკურენციაც – ყველას სურდა, რომ წარმოებაში საკუთარი ნიშა ეპოვა, მისი საქონელი გაყიდულიყო და ბაზარზე სახელი დაემკვიდრებინა, ყველა ხელოსანს საკუთარი საიდუმლო და ხერხი ჰქონდა, რომელსაც მკაცრი კონტროლის ქვეშ ინახავდა, თუმცა ამ დროისთვის წარმოების ძირითადი პრინციპები უკვე ყველასთვის ცნობილი იყო.
დღეს უკვე მსოფლიოში ცნობილი ქაღალდის მწარმოებელი გიგანტები არსებობის 100 წელსაც კი ითვლიან, მათ ქაღალდის წარმოებასთან ერთად შეთავსებული აქვთ ხე-ტყის გადამუშავებაც, ისინი სხვადასხვა სახის და დანიშნულების ქაღალდს ამზადებენ. ყველაზე მსხვილი მწარმოებლები არიან აშშ და ფინეთი, ასევე დიდი ბრიტანეთი და შვედეთი.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial