რატომ უნდა მიაქციონ ეკონომისტებმა ისტორიის გაკვეთილებს ყურადღება

მაკა ღანიაშვილი

ისტორიკოსები ისტორიული მოვლენების ახლებურად გააზრების წინადადებით გამოდიან. ყველა მოვლენა უნიკალურია, რომელიც მოვლენათა გარკვეული თანამიმდევრობის პირობებში წარმოიშობა და რომელიც არასოდეს განმეორდება. ყველა მოვლენა თავის მხრივ ახალ მოვლენას წარმოშობს, რომელიც ასევე უნიკალური და განუმეორებელია. მხოლოდ დეტალების გულმოდგინე კვლევას შეუძლია ისტორიის მთლიანობად აღქმა და გაერთიანება.

ჯერედ დაიმონდის წიგნმა „იარაღი, ჩანასახები და ფოლადი“ მკითხველს სხვადასხვა განცდა დაუტოვა. მკითხველი არა მხოლოდ წიგნის თითოეული ეპიზოდის განსაკუთრებულობის, არამედ მათი რეგულარულად განმეორების მოწმე ხდება. განსაზღვრულ საფეხურზე კაცობრიობის ისტორია განჭვრეტადი ხდება. დაიმონდის წიგნი იხსნება დაუჯერებელი შეტაკებით 1532 წელს გეჯემარკოში, ესპანელ ჯარისკაც პიზაროსა და ინკების იმპერატორს შორის. ესპანელი ჯარისკაცების საოცარი გამარჯვება ინკების იმპერიაზე იყო შეჯამება კაცობრიობის ისტორიის ყველაზე დიდი ბუნებრივი ექსპერიმენტის. 11 000 წლის წინ მომთაბარეთა რაზმმა გადაკვეთა ბერინგის სრუტე ციმბირიდან ალიასკამდე. ზღვის დონის მომდევნო აწევამ გაყო მომთაბარე ტომები და ევრაზია. 10000 წლის შემდეგ ესპანელებმა გაგზავნეს კოლუმბი ამერიკის ხელახლა აღმოსაჩენად.
გასაკვირია, მაგრამ ესპანელი ჯარების მიერ აღმოჩენილი საზოგადოება არ იყო დიდად განსხვავებული ევრაზიის ცნობილი მოსახლეობისგან. მათ ჰქონდათ სოფლის მეურნეობა, რელიგია, ჯარი და ქალაქები მონუმენტური შენობა-ნაგებობებით. მათ ასევე ჰქონდათ ძალიან დიდი განსხვავება შემოსავლების მხრივ, ანტიკური ეგვიპტელების მსგავსად. მიუხედავად ამისა, აცტეკებისა და ინკების იმპერია განვითარების დონით დაახლოებით 2000 წლით ჩამორჩებოდა ევრაზიის ყველაზე განვითარებულ საზოგადოებებს. ეს განსხვავება ფატალური აღმოჩნდა.

განსხვავების ახსნა

დაიმონდმა დიდი კვლევები მიუძღვნა ამ ევრაზიული მაგალითების ახსნას. საკუთარ ნაშრომებში ის განიხილავს ისეთი საზოგადოებების განვითარების გზას, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში დანარჩენი მსოფლიოსგან მოწყვეტით ვითარდებოდნენ – ხშირად ძალიან ჩამორჩენილები ევრაზიის სოციალურ და ტექნოლოგიურ საზღვრებს (აღმოსავლეთ კუნძულები, ჰავაი, აბორიგენები ავსტრალიასა და ახალ გვინეაში, ამაზონის ჯუნგლებისა და აფრიკის სავანის ტომები). აღმოჩენები გასაოცარია. განვითარების დონე სამ ძირითად ფაქტორზეა დამოკიდებული: გეოგრაფია, მასშტაბი და დრო.

პირველი მნიშვნელოვანი ფაქტორი გეოგრაფიაა: ზოგიერთი ბუნებრივი გარემო უფრო ხელსაყრელ ვითარებას ქმნის საზოგადოების განვითარებისთვის, ვიდრე სამყაროს სხვა ნაწილი. მაგალითად, ყინულით დაფარულ გრელანდიას განვითარების ნაკლები რესურსი აქვს ნოყიერი ნიადაგის მქონე შუა აღმოსავლეთთან შედარებით – პირველი ადგილი, სადაც სოფლის მეურნეობა განვითარდა. ეს კი ეკონომიკურ განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია.

მასშტაბი სპეციალიზაციისა და განვითარების უფრო დიდ შესაძლებლობებს იძლევა, ამასთანავე უფრო დიდი მასშტაბები უფრო დიდ არმიას ნიშნავს. ეკონომიკაში კი ეს გამოიხატება ტექნოლოგიური პროგრესით. და მესამე ფაქტორი არის დრო – როგორც ტექნოლოგიურ ასევე სოციალურ განვითარებას დრო სჭირდება.

გაერთიანების თეორია

დაიმონდი აერთიანებს ბევრი სამეცნიერო დარგის კვლევებს იმისათვის, რომ კაცობრიობის განვითარების ერთიანი, გლობალური სურათი მიიღოს: გეოლოგია, არქეოლოგია, გენიალოგია, ბიოლოგია, ისტორია, ანთროპოლოგია, ეპიდემიოლოგია, დემოგრაფია და ეკონომიკა. ის არსებული ხვრელების ამოვსებას ამა თუ იმ დაგრგში მომიჯნავე დარგების ანალიზით ცდილობს, ერთმანეთთან აჯერებს საკამათო საკითხებს და შემდეგ აერთიანებს ყველაფერს. ეჭვგარეშეა, რომ ბევრი მეცნიერი მისი კვლევის რამდენიმე ასპექტს ან შეიძლება მთლიან კვლევასაც ეჭვქვეშ დააყენებს, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა სამეცნიერო დარგის გაერთიანებით გლობალური სურათის შექმნის იდეა წარმატებულია.
დაიმონდი არ არის ერთადერთი მეცნიერი, რომელიც კვლევის ამ მეთოდს იზიარებს. ბევრი ავტორი შესაძლოა განსხვავებული მეთოდებით, მაგრამ, საერთო ჯამში, საერთო საბოლოო მიზნით მეტ-ნაკლებად მსგავს დასკვნებს აკეთებს. ედვარდ უილსონი (1998 წელი) ყველაზე ზუსტი მეცნიერია, რომელიც გაერთიანების თეორიის მომხრეა. მისთვის ერთი თეორიის ორი მხარე მომდევნო კვლევის წყაროა.

ყველა მსგავსი კვლევის შედეგები ნაცნობია ეკონომიკური თეორიებისთვის. კვლევის ამ მიმართულებით ავტორთა უმრავლესობას ეკონომიკური ხაზი სულაც არ მოსწონს – ის გაურკვეველი მეცნიერებაა – მაგრამ გაერთიანების თეორია ძალიან ჰგავს ეკონომიკას ან სულაც ევოლუციურ ბიოლოგიას. ეს ორი დისციპლინა ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან. ევოლუციის თამაშის (საკუთარი ინეტერსებით მოთამაშე სუბიექტები) თეორია არის მსგავსი ეკონომკური თამაშის თეორიის.

დეირონ ექემოღლუს და ჯეიმს რობინსონის წიგნი „რატომ მარცხდებიან ერები“, იგივე თეორიის გაგრძელებაა. წიგნის ავტორები განიხილავენ წინააღმდეგობრივ მომენტებს მათ თეორიებს შორის, რომელიც ინსტიტუციების ევოლუციის თეორიას ხსნის. ეს განსხვავება გარკვეულწილად ხელოვნურია. ისეთი ინსტიტუციები, როგორიცაა: რელიგია, პოლიტიკა, ომი, სახელმწიფოს მონოპოლია ძალადობაზე და კანონის წესები მნიშვნელოვან როლს თამაშობს დაიმონდის ანალიზში. მისი კვლევა ამ ინსტიტუციების ფართო გააზრების საშუალებას იძლევა. თუ ადამიანების ისტორიის ევოლუცია ამდენ სისხლსა და ხორცს შეიცავს ეკონომიკური ანალიზისთვის, რატომ არ ვიყენებთ ამ ევოლუციას ეკონომიკური სწავლების დროს? სვამენ კითხვას გაერთიანების თეორიის მომხრეები.

ეკონომიკის ისტორია არის პრაქტიკული ისტორია, რომელიც განისაზღვრება თითოეული საფეხურის თავისებურებებით. ეს კარგია და ინფორმაციული, მაგრამ მკვლევართა ნაწილი გამოდის წინადადებით, მოხდეს ეკონომიკური ისტორიის უფრო გლობალური შესწავლა. ახლა ეკონომიკური თეორიები, ძირითადად, რამდენიმე მნიშვნელოვან მოვლენას და პოსტულატს ეფუძნება, მაშინ როცა ის გვერდს უვლის კაცობრიობის ევოლუციის მნიშვნელოვან ასპექტებს. ამიტომაც ახალი თეორიის მომხრეები გამოდიან წინადადებით, ისტორიის შესწავლისას მოხდეს როგორც ლოგიკური, ისე ემპირიული შესაბამისობების თანამიმდევრული კვლევა სხვადასხვა დისციპლინებიდან.

რომელ ისტორიულ ფაქტებს უნდა მოიცავდეს ასეთი ეკონომიკური პროგრამები? პირველ რიგში, დიდი ნეოლითური რევოლუციის შედეგები – მომთაბარე საზოგადოებიდან აგრარულ საზოგადოებად გარდაქმნა. სხვადასხვა ადგილას ის სხვადასხვა დროს მოხდა. ყოველ ჯერზე, ის რაც ხდებოდა, მეტ-ნაკლებად ჰგავდა ერთმანეთს: მოსახლეობის სწრაფი ზრდა, ქალაქების გაფართოება-განვითარება, პოლიტიკური ტრანსფორმაცია და შემოსავლების უთანაბრობის ზრდა. 1988 წელს გამოცემულ წიგნში „ქალაქები და ეკონომიკური განვითარება“ პოლ ბეიროჩი წარმოადგენს მარტივ ანალიზის იმისას, თუ რატომ ვერ ქმნიდნენ მომთაბარე ტომები ქალაქებს. მოსახლეობის რიცხოვნობის დაბალი მაჩვენებელი მომთაბარე საზოგადოებებში ნიშნავს იმას, რომ გადაადგილებისთვის საჭირო დრო 100-ზე მეტი ადამიანისთვის ერთად აღარ ტოვებდა დროს იმისთვის, რომ ერთ ადგილას დაფუძნებულიყვნენ.

2006 წელს გამოცემულ წიგნში „ომი და ცივილიზაცია“ აზარ გეტსი აანალიზებს მოსახლეობის რაოდენობის ზრდის გავლენას ომებსა და მათ წარმოშობაზე. ხალხის უფრო დიდ ჯგუფებს შეუძლიათ უფრო ადვილად და კოორდინირებულად საკუთარი ძალადობრივი მეთოდებით ჩაახშონ ინდივიდუალები, ოჯახები ან მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფები. ეკონომისტებმა შეიძლება თქვან, რომ ძალადობის გამოყენება ეკონომიკური სიძლიერის გამომჟღავნებაა. „თუ ჩვენ დავიწყებთ ეკონომიკის სწავლებას ისტორიიდან, შეიძლება ამან მოგვცეს საშუალება ამოვავსოთ ის ხვრელები, რაც დღეს ეკონომიკის სწავლებაშია – ჩვენ ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ ეკონომიკური სწავლებისას ძარცვებისა და ქურდობების ისტორიულ ფაქტებს“ – მიიჩნევენ ერთიანი თეორიის მომხრე ავტორები.
სხვა აუცილებელი საგანი, რომელიც უნდა იყოს შესწავლილი თეორიის მიმდევარი ავტორებისთვის, არის კანონების წესი. ეგვიპტის ფარაონი იყო ღმერთი, მეფე, კანონების შემქმნელი და მოსამართლე ერთდროულად. ამ კანონების ზევით არ არსებობდა ძალა, რომელიც ხალხს სხვა ქმედებისკენ უბიძგებდა.

და ბოლოს – ინდუსტრიული რევოლუცია და დემოგრაფია. მეცნიერთა ნაწილი ხსნის, თუ როგორ გადადის ხელიდან ხელში ინდუსტრიული რევოლუცია ქალაქის მოსახლეობის სწრაფი ზრდის კვალდაკვალ. ბელგია მე-15-ე საუკუნეში და შემდეგ ჰოლანდია მე-17-ე საუკუნეში გახდნენ პირველი ქვეყნები, სადაც მოსახლეობის 30%-ზე მეტი ქალაქად ცხოვრობდა. შედეგად, 150 წლის განმავლობაში ჰოლანდიაში 2-ჯერ მეტი ხელფასი იყო, ვიდრე ევროპის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში – კარგი მაგალითი ეკონომიკური ანალიზისთვის.
მეცნიერთა ნაწილს სჯერა, რომ ისტორია შეიძლება გაცილებით უფრო ფართო მასშტაბით იყოს გამოყენებული ეკონომიკის სწავლებისთვის, ვიდრე ეს დღესაა, ამით ალბათ უფრო მეტად შესაძლებელი იქნებოდა 2008 წლის ფინანსური კრიზისის საშიშროების დანახვაც. ისტორია ეკონომიკური სწავლებისთვის მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, არა ეკონომიკური თეორიების უგულვებელყოფით, მაგრამ მათთან ერთად ისტორიული ფაქტების გათვალისწინება უფრო ფართო სურათის და ანალიზის საშუალებას მოგვცემს.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial