IFC საქართველოს სურსათის მწარმოებლებს ექსპორტის გაზრდაში ეხმარება

რედაქციისგან 

IFC-მ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატთან და სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურთან ერთად, 22 ივნისს მოაწყო საინფორმაციო შეხვედრა-დიალოგი სახელმწიფოსა და სურსათის მწარმოებელი სექტორის წარმომადგენლებს შორის. ღონისძიება IFC-ის რეგიონული სტრატეგიის ნაწილია, რომელიც აგრობიზნესზეა ორიენტებული. სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში გამართული დისკუსია დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ კომპანიების ინფორმირებას და მათი მოსაზრებების გაზიარებას ისახავდა მიზნად. ეს ცვლილებები 2010 წლის 1 ივლისიდან სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ამოქმედებას უკავშირდება. 

      საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ამ ეტაპზე, ინსპექტირება სურსათის ექსპორტიორებს შეეხება და მათ მიერ საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებას და საერთაშორისო ბაზრებზე მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას შეუწყობს ხელს. 
      სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსი, მაია მეტრეველი აცხადებს, “ჩვენი მიზანია დავეხმაროთ სურსათის მწარმოებლებს გააუმჯობესონ სურსათის უვნებლობის მართვის პრაქტიკა და ერთად განვახორციელოთ ინსპექტირების პროგრამა, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებს შეესაბამება და, ამავე დროს, კარგად ასახავს ქართული ბაზრის მოთხოვნებს.” 
      საქართველოში IFC-ის სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების პროექტის მენეჯერმა მაია თევზაძემ განაცხადა: “მოხარულნი ვართ, კომპანიებს გავუზიაროთ საერთაშორისო გამოცდილება, რათა ქვეყანაში სურსათის უვნებლობის სისტემების ფართოდ დანერგვას შევუწყოთ ხელი. სურსათის მწარმოებელი კომპანიების ინფორმირების დონის ამაღლება და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის გაადვილების მიზნით, სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების დანერგვაში დახმარება ჩვენი უმთავრესი ამოცანაა.” 
      IFC-ის სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების პროექტი საქართველოში ხორციელდება BP-სა და მისი ნავთობის და გაზის პარტნიორებთან და ავსტრიის ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობით. 
      საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია, საქართველოს სურსათის მწარმოებელ კომპანიებს ინსპექტირების მარეგულირებელი ახალი წესების შესახებ ინფორმაციის მიღებაში ეხმარება, რაც მათ კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და სურსათის ექსპორტის გაზრდას შეუწყობს ხელს. 

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial