სტრატეგიის გარეშე დარჩენილი სტრატეგიული დარგი

მაკა ღანიაშვილი 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2010 წელს საქართველოდან ღვინის ექსპორტი დაახლოებით 20%-ით გაიზარდა და 14 მილიონ 595 ათას 8 ბოთლი შეადგინა. ამასთან, ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაბალია და კომპანიების მთლიანი გაყიდვების მხოლოდ 10%-ს შეადგენს. რუსეთის ემბარგოდან უკვე 4 წელი გავიდა, თუმცა, რუსეთის ბაზრის სრულად ჩანაცვლების პერსპექტივა ჯერაც ბუნდოვანია. შეიძლება ითქვას, ხმამაღალი განცხადებების გარდა, იმის შესახებ, რომ საქართველოსათვის მეღვინეობა სტრატეგიული დარგია, მთავრობის მხრიდან ჯერ არაფერი გაკეთებულა. ჩვენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც მივმართეთ კითხვით, არსებობდა თუ არა ქვეყანაში რაიმე რეალურ მონაცემებსა და გათვლებზე დაფუძნებული სტრატეგია მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობისათვის, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.
 
      გასულ წელს ქართული ღვინის ექსპორტი 46 ქვეყანაში განხორციელდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2010 წელს ყველაზე დიდი რაოდენობით ქართული ღვინო უკრაინაში გაიყიდა, სადაც მთლიანობაში 7 მილიონ 463 ათას 629 ბოთლი ღვინო გავიდა, ყაზახეთში  წლის განმავლობაში 2 მილიონ 61 ათას 933 ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, ბელორუსიაში 1 მილიონ 170 ათას 341 ბოთლი, პოლონეთში – 867 129, ლატვიაში კი – 585 019 ბოთლი. 
      ხუთი წლის წინ ქართული ღვინის 78% რუსეთის ბაზარზე იყიდებოდა. სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზრებზე ექსპორტი მხოლოდ 15%-ს შეადგენდა, ევროპულ და აშშ ბაზრებზე კი – სულ რაღაც 3%. 2006 წელის ემბარგოს შემდეგ ქართული ღვინის ექსპორტი მკვეთრად დაეცა: 2007 წელს ღვინის ექსპორტმა 2005 წლის დონის 36% შეადგინა. რუსულ ემბარგოზე საუბრისას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები დადებით მომენტებზეც საუბრობენ. “პირველ რიგში, გამკაცრდა საკანონმდებლო ბაზა და მთავრობის გადაწყვეტილებით აქცენტი გაკეთდა ხარისხზე. ამავე დროს, გააქტიურდა სახელმწიფო პოლიტიკა ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის. შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობრივად ექსპორტი, ჯერჯერობით, იმავე ნიშნულს არ დაუბრუნდა, რაც, ვთქვათ, 2005 წელს არსებობდა, ფულად გამოსახულებაში, ქართული ღვინის ხარისხიდან გამომდინარე მისი ფასი გაორმაგდა” – აცხადებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში. 
      სამინისტროში იმასაც დასძენენ, რომ ქართული ღვინისათვის ტრადიციულ ბაზრებად კვლავ რჩება უკრაინა, ბელორუსია და ყაზახეთი, სადაც გასული წლის განმავლობაში 2009 წელთან შედარებით ექსპორტის მაჩვენებელი გაორმაგებულია. გაზრდილია ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში – გერმანიაში, პოლონეთში, ჰოლანდიასა და ლატვიაში. ზრდა არის ისეთ ახალ ბაზრებზეც, როგორებიცაა: ჩინეთი, თურქეთი, ჰონგ კონგი და იაპონია. აზიის ბაზარი ჩვენი ქვეყნისთვის რომ განსაკუთრებით სტრატეგიული ხდება, ამას მეღვინეებიც უსვამენ ხაზს. თუმცა, არა მარტო ქართველი მეღვინეები, აზიის ბაზარი განსაკუთრებით მიმზიდველი ხდება ბოლო წლების განმავლობაში.
მსოფლიო ტენდენციები 
      ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის  (OIV) მონაცემებით, 2010 წლისთვის მსოფლიოში ვენახების საერთო ფართობი 70 ათასი ჰექტრით შემცირდა, თუმცა, ექსპერტების აზრით, ეს ღვინის გაძვირებას არ გამოიწვევს, რადგან ღვინის ბაზარი ისედაც ჭარბი მიწოდებით ხასიათდება. კვლევებმა დაადასტურა, რომ მრავალ ქვეყანაში სასმელის მოხმარების მაჩვენებელიც ეცემა, ამიტომ მეღვინეები პროდუქციის რაოდენობის შემცირებასა და ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობენ. OIV-ის ექსპერტთა პროგნოზით, 2011 წელს გასულ წელთან შედარებით ღვინის წარმოება მსოფლიოში 4%-ით დაეცემა და 2,6 მილიარდ ლიტრამდე დავა. ვენახების შემცირებაა მოსალოდნელი ევროკავშირში, სამხრეთ ნახევარსფეროში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ევროკავშირში მიმდინარე წელს ღვინის წარმოება 6%-ით შემცირდება. ასეთი ტენდენციაა მსოფლიოში, მიუხედავად პორტუგალიური, ბერძნული და ბულგარული ღვინის წარმოების მცირე ზრდისა. ვარაუდობენ, რომ ამერიკაში წარმოება 9,3%-ით დაეცემა, შვეიცარიაში – 15%-ით. სპეციალისტები განსხვავებულ პროგნოზებს აკეთებენ არგენტინასთან და ჩილესთან დაკავშირებით. ამ ქვეყნების ღვინის პოპულარობა ბოლო წლებში იმით აიხსნება, რომ ისინი შედარებით დაბალფასიანია იტალიური და ფრანგული ღვინოებისგან განსხვავებით და ეკონომიკური კრიზისით შეჭირვებული მომხმარებლისათვის უფრო ხელმისაწვდომია. 
      რაც შეეხება ღვინის უმხვილეს იმპორტიორს, ამ მხრივ, დიდ ბრიტანეთი პირველობას არავის უთმობს. ექსპერტთა პროგნოზის თანახმად, 2014 წლისთვის ქვეყანა 151,5 მილიონ ყუთ ალკოჰოლურ სასმელს მოიხმარს. მნიშვნელოვნად გაიზრდება ღვინის გაყიდვები, რამაც ოთხი წლის შემდეგ თანხობრივად, შესაძლოა, ცხრა მილიარდ ფუნტსაც გადააჭარბოს. გასული წლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებმა, საერთო ჯამში, 1765 მილიარდი ბოთლი ღვინო შეიძინეს, რაც წინა წელთან შედარებით 1,1%-ით მეტია. 
      ღვინის ბაზრის 2010 წლის მიმოხილვა გამოაქვეყნა ორგანიზაცია International Wine and Spirit Research (IWSR)-მაც. უახლოესი წლების პროგნოზის მიხედვით, ღვინის ყველაზე მნიშვნელოვან მომწოდებლებად დარჩებიან ავსტრალია და საფრანგეთი, მაგრამ მათ არც იტალია, ამერიკის შეერთებული შტატები, ესპანეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და ჩილე დაუდებენ ტოლს. გასული წლის მონაცემების მიხედვით კი, ღვინის მწარმოებელი ქვეყნების სიას საფრანგეთი უდგას სათავეში. შეგახსენებთ, რომ 2009 წელს ეს საპატიო ადგილი იტალიას ეკავა. გასულ წელს საფრანგეთმა 419 მილიონი ყუთი ღვინო აწარმოა (ყუთში 12 ბოთლი ანუ 9 ლიტრი ღვინო იგულისხმება). ამ მონაცემებით მეორე ადგილზე იტალია, ხოლო მესამეზე – ესპანეთი გავიდა. IWSR-ის შემაჯამებელ მოხსენებაში ნათქვამია, რომ საფრანგეთმა წამყვანი პოზიცია 2014 წლამდე უნდა შეინარჩუნოს, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის ფრანგული ღვინის წარმოების 5,54%-ით შემცირებაა ნავარაუდევი. 2005 წლიდან მოყოლებული 2009 წლის ჩათვლით, ფრანგული ღვინის ექსპორტი თანხობრივად 1,1%-ით, მოცულობის მხრივ კი 9,4%-ით შემცირდა. ვითარება შედარებით გამოსწორდა მას შემდეგ, რაც ბორდოს ღვინოებით სერიოზულად დაინტერესდა ჩინეთი და ჰონგ კონგი. 
      ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ჩინეთსა და ჰონგ კონგში ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. აზიაში, ძირითადად, ევროპულ პრემიუმ კლასის ღვინოებს ეტანებიან. განსაკუთრებული პოპულარობით აზიელებში ბორდო სარგებლობს. როგორც ფრანგი ექსპრეტები აღნიშნავენ, ბორდოს ღვინოების ორმოცდაათ პროცენტზე მეტი აზიაში გადის. 2009 წლის ნოემბრიდან 2010 წლის ოქტომბრამდე მხოლოდ ჩინეთსა და ჰონგ კონგში 251 000 ჰექტოლიტრზე მეტი ბორდო გაიყიდა, რამაც, ჯამში, 333 მილიონი ევროს ღირებულება შეადგინა. აზიური ბაზრის მზარდ პოტენციალზე დიდ იმედებს ამყარებენ ავსტრალიელი მეღვინეებიც. გასულ წელს ავსტრალიური ღვინის გაყიდვებმა ჩინეთში თითქმის 25%-ით მოიმატა და თანხობრივად რეკორდულ მაჩვენებელს – 164 მილიონ დოლარს მიაღწია. ავსტრალიელი მეღვინეები არანაკლები წარმატებით გადიან სხვა აზიური ქვეყნების ბაზარზეც – მათი პროდუქციის გაყიდვები ინდოეთში 55%-ით, ვიეტნამში კი – 67%-ით გაიზარდა.
ერთი ქოლგის ქვეშ – ერთი მიზნისკენ 
      განვითარების რა კურსი აქვს აღებული ქართული მეღვინეობის სექტორს? იქმნება შთაბეჭდილება, რომ დღეს ქართველი მეღვინეები და საქართველოს მთავრობა სხვადასხვა ხმაში მღერიან. 
      ქართველი და არა მხოლოდ ქართველი მიმომხილველები ხშირად აღნიშნავენ, რომ არაცნობადობის გარდა, ექსპორტირებული ქართული ღვინის მთავარი პრობლემა, არაადექვატურად მაღალი ფასიც არის. შეგახსენებთ, რომ The Economist-ის შეფასებით, რუსეთის მიერ ქართულ ღვინოზე ემბარგოს დაწესების შემდეგ, ღვინის ხარისხი უმჯობესდა, თუმცა კვლავ უამრავი პრობლემა რჩება. პირველ რიგში, ქართული ღვინო ძალიან ძვირია იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს დასავლეთ ევროპისა და აშშ-ის დიდ ბაზრებზე. იმის გამო, რომ საქართველოში ტექნოლოგიური ჩამორჩენილობის გამო შედარებით ხარისხიანი ღვინის წარმოების თვითღირებულება მაღალია, მისი საბაზრო ფასიც მაღალი გამოდის. ამავე დროს, მისი ფასი არ შეესაბამება იმ ხარისხს, რომელ საფასო სეგმენტშიც იგივე ევროპული ღვინოებია წარმოდგენილი. სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი, კითხვაზე, მომხმარებლის რა სეგმენტზეა ძირითადად გათვლილი ქართული ღვინო (როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე) ორიენტირებული, მივიღეთ პასუხი, რომ  მსოფლიო ბაზარზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ქართველი მეწარმეები აკმაყოფილებენ ყველა საფასო სეგმენტის მოთხოვნებს. ქართველი მეღვინეები კი ხშირად უსვამენ იმ გარემოებას ხაზს, რომ ისინი მაღალ ხარისხსა და შესაბამისად მაღალ საფასო სეგმენტზე არიან ორიენტირებულნი. 
      თელიანი ველის” გენერალური დირექტორის, შოთა ხობელიას განცხადებით, ყველა ქვეყანა თვითონ ადგენს თავისი ღვინის ფასს. საქართველომ კი ხარისხიანი და ძვირადღირებული ღვინის გზა აირჩია. მისი თქმით, საქართველო ავსტრალია და ჩილე არაა, ბევრი და იაფფასიანი ღვინო რომ აწარმოოს. ვინაიდან ჩვენთან ვენახების რაოდენობა ლიმიტირებულია, ღვინო ხარისხზე და ფასზე უნდა იყოს ორიენტირებული. თელიანი ველის” ერთი ბოთლი ღვინო ევროპაში საშუალოდ 15 ევრო ღირს. 
      ამავეს აცხადებს თბილღვინოს” გენერალური დირექტორი, გიორგი მარგველაშვილი. მისი თქმით, დღეს უცხოურ ბაზრებზე ქართული ღვინის ფასი ხარისხის ადექვატურია. იგი საშუალო და მაღალშემოსავლიან სეგმენტზეა გათვლილი. ამ ბაზარზე კი განსაკუთრებულად დიდი კონკურენციაა და ქართული ღვინო ამ გზას თანდათან გადის. გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნისათვის უკეთესია უცხოურ ბაზარზე ქართულმა ღვინომ თავი მაღალი ხარისხითა და ფასით დაიმკვიდროს, ვიდრე დაბალფასიანი და შედარებით ნაკლები ხარისხის ღვინო აწარმოოს. თბილღვინოს” ღვინო უცხოურ ბაზრებზე საშუალოდ 10 ევრო ღირს. 
      საკუთარი მოსაზრება აქვთ ამის შესახებ ახალშექმნილი ღვინის ასოციაციის წარმომადგენლებს. ასოციაციის ხელმძღვანელის, თინა კეზელის განცხადებით, საექსპორტო ბაზრებზე ქართული ღვინო ძვირია და ეს ტრანსპორტირების ხარჯებითაა გამოწვეული. მისი თქმით, ღვინის ფასი მნიშვნელოვნად დაიწევს, თუკი მიწოდების არხები უფრო დამუშავდება. ქართულმა ღვინის კომპანიებმა ექსპორტირებისას ტრანსპორტირება ერთად უნდა განახორცილეონ და არა ცალ-ცალკე. ეს კი ხარჯებს შეამცირებს. შესაბამისად, შემცირდება ექსპორტირებული ღვინის თვითღირებულება და საბაზრო ფასიც. 
      შეგახსენებთ, რომ სექტემბერში მთავრობის მხარდაჭერით შეიქმნა ახალი ღვინის ასოციაცია,  სადაც საწევროს სახით სახელმწიფომ 600 ათასი ლარი ჩადო. როგორც ასოციაციის პრეზენტაციის დროს განაცხადეს, ეს თანხა მთლიანად ქართული ღვინის პოპულარიზაციას უნდა მოხმარდეს. სწორედ ამ ორგანიზაციის შექმნის შემდეგ გახდა კიდევ ერთხელ აქტუალური ქართული ღვინოების ერთი ბრენდის ქვეშ გაერთიანების იდეა. ღვინის ასოციაცია ახალ სტრატეგიაზე იწყებს მუშაობას. ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, სტრატეგიის შექმნაში ქართველი და უცხოელები ერთობლივად იმუშავებენ და გეგმა 3 წელიწადზე გაიწერება. ასოციაციაში განმარტავენ, რომ უნდა შეიქმნას ღვინის ერთიანი ბრენდი, რომელიც გაიგივებული იქნება საქართველოსთან. 
      თუმცა, ეს იდეა ახალი არ არის. დაახლოებით ერთი წლის წინ ქართული ღვინოების ერთი ბრენდის ქვეშ გაერთიანების იდეა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, კახა ბენდუქიძემ წამოჭრა. იდეას მხარს უჭერდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროც. თუმცა, მაშინ სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღიარა, რომ ღვინის კომპანიები ერთიანი ბრენდის ქვეშ გაერთიანებაზე უარს ამბობდნენ. დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამწუხაროდ, არასწორად იქნა აღქმული სახელმწიფოს ინიციატივა ქართველი მეწარმეების ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანების შესახებ. როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, იდეის ერთადერთი მიზანი გახლავთ ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდა მსოფლიოში და არა რომელიმე ქართული ღვინის კომპანიის ინდივიდუალიზმის დაკარგვა. საინტერესოა, რომ მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმადაც, საქართველოსნაირი პატარა ქვეყნების კომპანიებისთვის მსოფლიო ბაზრებზე ერთიანი ძალისხმევით დამკვიდრებაა რეკომენდებული. 
      საინტერესოა, რას ფიქრობენ თვითონ კომპანიის წარმომადგენლები ამ იდეაზე? კომპანია “თბილღვინოს” ექსპორტის მენეჯერი, ლევან შოთაშვილი: “ზოგადად იმ იდეას, რომ ქართული ღვინის, როგორც ასეთის პოპულარიზაცია მოხდეს მთელს მსოფლიოში, ამას, რა თქმა უნდა, მივესალმებით და ეს ძალიან კარგია. იგივე გზა განვლეს თუნდაც ჩილეს, ახალი ზელანდიისა და სამხრეთ აფრიკის ღვინოებმა და ახლა ბევრ ბაზარზე ამ ქვეყნების ღვინოები ისეთი ტრადიციული ქვეყნების გვერდით დგას, როგორიც იტალია და საფრანგეთია. რა თქმა უნდა, ზოგადად უნდა მოხდეს საქართველოს, როგორც მეღვინეობის ქვეყნის პოპულარიზაცია და ამაში ჩვენ ცუდს ვერაფერს ვხედავთ. ამაზე, როგორც სახელმწიფო, ისე კომპანიები ერთობლივად უნდა ზრუნავდნენ. მაგრამ რაც შეეხება კომპანიების ერთი ბრენდის ქვეშ გაერთიანების იდეას, ეს ცოტა არ იყოს ბუნდოვანი ცნებაა და ვფიქრობ, რომ საკითხი არასწორადაა დასმული. რას ნიშნავს ერთი ბრენდის ქვეშ გაერთიანება? თუ, მაგალითად, ჩვენ ვიტყვით, რომ არ არსებობდეს სიტყვაზე “თბილღვინო” “ბადაგონი” და ასე შემდეგ და ერთი სახელით, ვთქვათ, “ქართული ღვინით” გავიდეთ ამა თუ იმ ბაზარზე, ეს ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, ქართული ღვინის ექსპორტიორიც იქნება ერთი კომპანია. ისმის კითხვა, როგორ უნდა მოახერხოს ამ შემთხვევაში მეორე კომპანიამ ქართული ღვინის ექსპორტზე გატანა, ეს ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება?! ეს კი ზღუდავს თავისუფალი კონკურენციის პრინციპს და გამოდის, რომ ხელოვნურად იზღუდება ქართული ღვინის ექსპორტი”. თბილღვინო” ამჟამად საკუთარ პროდუქტს 20 ქვეყანაში ჰყიდის. როგორც კომპანიაში აცხადებენ, 2010 წელს კომპანიას საქართველოს მასშტაბით გაყიდვების 15%-იანი, ხოლო ექსპორტის 45%-იანი ზრდა ჰქონდა. 
      თელიანი ველის” გენერალური დირექტორი, შოთა ხობელი ერთიანი ბრენდის შექმნის იდეას მიესალმება, თუმცა ამბობს, რომ ის მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული, თუკი ამ ინიციატივას მთელი ინდუსტრია დაუჭერს მხარს და არა კომპანიების ნაწილი. ეს იდეა ახალი არაა და იგი წარმატებით განხორციელდა, მაგალითად, ჩილეში, ავსტრალიაში… მაგრამ ამისთვის აუცილებელია გლობალური თანხმობა და არა მხოლოდ რამდენიმე კომპანიის სურვილი. თუკი მსგავსი გადაწყვეტილება მთელი ინდუსტრიის მიერ იქნება მიღებული, ჩვენ მას ნამდვილად არ გამოვაკლდებით. ხოლო თუკი გლობალური თანხმობა არ იქნა მიღწეული, ეს მხოლოდ დროის კარგვა იქნება” – აცხადებს ხობელი. 
      ალბათ, იმიტომაც, რომ უკვე რამდენიმე წელი გავიდა რუსული ემბარგოს შემდეგ, მაგრამ საექსპორტო ბაზრების გაფართოების მცდელობამ მეღვინეებისათვის სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, კვლავ აქტუალური გახდა ქართული ღვინოების ერთი ბრენდის ქვეშ გაერთიანების თემა. თუმცა, ახალი სტრატეგიის შემუშავების ნაცვლად, მთავრობა ისევ ძველ იდეას უბრუნდება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს არა ერთხელ მივმართეთ იმის გასაგებად, არსებობს თუ არა ქვეყანაში მეღვინეობის განვითარების ხელშემწყობი სტრატეგია, მაგალითად, სპეციალისტების კვალიფიკაციის დონის ასამაღლებელი პროგრამები, ღვინის ხარისხის სტანდარტიზაციის საკითხები და ასე შემდეგ, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით სამინისტროსგან პასუხის მიღება, ჯერჯერობით, ვერ მოვახერხეთ.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial