აჭარის კურორტების მარადიული პრობლემა ამ სეზონზეც აქტუალურია

ალექსანდრა ლალიაშვილი 

საქართველოს საზღვაო კურორტებზე ამ სეზონისა და მომდევნო სეზონებისთვისაც სრული სამზადისია. აჭარის დედაქალაქ ბათუმში აქტიური მშენებლობები მიმდინარეობს, მაგრამ ტურისტთა მოსაზიდად, მხოლოდ პარკების მოწყობა, შადრევნების დამონტაჟება და ფასადური მოპირკეთება საკმარისი არ არის. დამსვენებლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომსახურების ხარისხი და არსებული პირობების შესაბამისი ფასებია. ამ მხრივ კი, საქართველოში პრობლემები ჯერ ისევ მრავლადაა. მართალია, მაღალი კლასის სასტუმროთა რიცხვი ბათუმსა და ქობულეთში გაიზარდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საერთო მდგომარეობა მაინც არასახარბიელოა. დამსვენებელთა უკმაყოფილებას ხარისხისა და ფასების უკუპროპორციული დამოკიდებულება იწვევს. 

      გასულ წელს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა საქართველოს შავიზღვისპირეთში, უცხოური და ადგილობრივი ტურისტების დანახარჯებთან დაკავშირებით სპეციალური კვლევა ჩაატარა. უცხოელ ვიზიტორთა გამოკითხვისას გაირკვა, რომ დაახლოებით 32% ერთი დღის განმავლობაში 21-დან 30 ევრომდე ხარჯავდა, 14% კი 31-დან 40 ევრომდე, 7% თავს უფლებას აძლევდა დღე-ღამის განმავლობაში 41-დან 50 ევრომდე დაეხარჯა, 3%-ის დღიური ხარჯი 51-60 ევროს შეადგენდა, 5% კი, 60 ევროზე მეტს იმეტებდა. გამოკითხულთა 8%-მა თანხის დასახელებისგან თავი შეიკავა.
      ოდნავ განსხვავებულია ადგილობრივი ვიზიტორების დანახარჯი.  გამოკითხულთა 50% დღეში, დაახლოებით 20 ევროს ხარჯავდა, 30%-ის დანახარჯები დღეში 30 ევროს არ აღემატებოდა, 15% კი, დღე-ღამეში 31-დან 40 ევრომდე ხარჯავდა, ადგილობრივი ტურისტების 3% აჭარაში დასვენებისთვის დღეში 41-დან 50 ევროს იმეტებდა, 3%-ის ხარჯები, დაახლოებით, 60 ევრომდე ადიოდა. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც დღეში 60 ევროზე მეტს ხარჯავდნენ, ასეთი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის კვლევაში დაახლოებით 8% აღმოჩნდა. 
      მაგრამ ეს 2009 წლის მონაცემებია, წლეულს კი, როგორც ტურისტულ კომპანიებში აცხადებენ, აჭარაში დასვენება კიდევ უფრო გაძვირდა. საქართველოს შავიზღვისპირეთსა და თურქეთის კურორტებზე ტურისტების მიერ დასვენებისას დახარჯული თანხა თითქმის ერთმანეთს უტოლდება, ყოველ შემთხვევაში, როგორც ტურისტულ კომპანიებში აცხადებენ, ფასთა სხვაობა არც ისე დიდია, მით უმეტეს მაშინ, როცა თურქეთის კურორტებზე წელს ფასები შარშანდელთან შედარებით 10-20%-ით არის მომატებული. უფრო მეტიც, როგორც ტურისტულ კომპანიებში აცხადებენ, ხშირ შემთხვევაში, ადგილობრივი ტურისტი ბათუმსა და ქობულეთში უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე, თუნდაც, ანტალიაში. ერთ რიგით ქართველს თურქეთში 1-კვირიანი საგზური, საშუალოდ, 500 დოლარი უჯდება, საქართველოში კი 600-700 ლარი. 
      იმ ფაქტს, რომ ყოველწლიურად თურქეთს უამრავი ქართველი სტუმრობს, ტურისტული სააგენტოებიც ადასტურებენ. ჩვენი ქვეყნის ზღვისპირეთის მრავალფეროვნების მიუხედავად, საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ზაფხულის გატარებას მეზობელ ქვეყანაში არჩევს. თურქეთში დასვენების მსურველებს არაერთი ტურისტული სააგენტო სთავაზობს ტურებს. ფასების სხვაობას, ძირითადად, არჩეული მომსახურების დონე განაპირობებს. ტურისტულ პაკეტში, შესაძლებელია, ბილეთისა და ტრანსპორტის ღირებულებაც შედიოდეს, მაგრამ, როგორც წესი, ეს უკანასკნელი ცალკე ხარჯია. ანტალიაში, ოთხვარსკვლავიან სასტუმროში, ერთი ადამიანისთვის 10-დღიანი დასვენება, მინიმუმ, 4-ჯერადი კვებით, საშუალოდ 500-800 დოლარის ფარგლებში მერყეობს. სამვარსკვლავიან სასტუმროში კი ფასები დაახლოებით 200 დალარით დაბალია. 
      აჭარის დედაქალაქში ამჟამად მხოლოდ ერთი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, “ინტურისტ პალასი”, სადაც ერთი ღამის გატარება მინიმუმ 155 დოლარი ღირს. შედარებით დიდი არჩევანია ოთხვარსკვლავიანი სასტუმროების მხრივ. ბათუმის ძველ ნაწილში მდებარე ოთხვარსკვლავიან სასტუმრო “რჩეულ ვილაში” ფასები 120 დოლარიდან იწყება. აქ ივლისის თვეში ათდღიანი დასვენებისთვის ადამიანს 1200 დოლარის გადახდა მოუწევს. ასეთივე ფასებია სასტუმრო “მერკურსა” თუ “ლაით ჰაუსში”. სამვარსკვლავიან სასტუმროში ერთი ღამის მინიმალური ღირებულება 50 დოლარია. ამასთან, დამსვენებლები ხშირად აღნიშნავენ, რომ საქართველოში, მაგალითად, სამვარსკვლავიანი სასტუმროს დონე არ შეესაბამება იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც ამგვარი სტატუსის მფლობელს უნდა ჰქონდეს. 
      ქართველებში ანტალიისა და საერთოდ, თურქეთის კურორტების პოპულარულობა მხოლოდ ფასების ფაქტორიდან არ გამომდინარეობს. თურქეთი კურორტების უმთავრესი უპირატესობა ხელსაყრელი ბუნებრივი პირობებია. მაგრამ მხოლოდ ბუნებრივი პირობები, რა თქმა უნდა, ვერაფერი ნუგეშია, მთავარი ინფრასტრუქტურის განვითარებაა, რისი საუკეთესო მაგალითიც ბოლო წლების განმავლობაში აყვავებული თურქეთის კურორტებია. საინტერესოა, რა გზა განვლო თურქეთის ტურისტულმა ინფრასტრუქტურამ დღემდე და რისი გათვალისწინება შეიძლება მათი გამოცდილებიდან? 
      თურქული ტურიზმის გზა 
      რამდენიმე წლის განმავლობაში, თურქეთში ტურისტების რაოდენობა 300 000-დან ათეულობით მილიონამდე გაიზარდა. თავის დროზე ამ ქვეყანას, ტურიზმის განვითარების მხრივ, ძალიან ბევრი პრობლემა ჰქონდა. 1985 წელს პრეზიდენტმა კენან ევრენმა გამოსცა დეკრეტი ტურიზმის განვითარების შესახებ. ამ დოკუმენტის საფუძველზე ქვეყანაში მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა. აღნიშნულ დეკრეტში ობიექტურად იყო განხილული ყველა ის დეტალი, რაც ტურიზმის სფეროს შემდგომი წინსვლისათვის იყო საჭირო. 
      პირველ რიგში, სრულიად დამოუკიდებლად შეიქმა ტურიზმის სამინისტრო, რომელიც საკმაოდ დიდი უფლებებით აღიჭურვა. მას მიენიჭა მიწის განკარგვის უფლება ტურისტულ და საკურორტო ცენტრებში (ანუ ისეთ პერსპექტიულ ადგილებში, სადაც ტურიზმის განვითარების დიდი შანსი არსებობდა). ეს ძირითადად  ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს, კერძოდ კი ანტალიის რეგიონს ეხებოდა. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ სახელმწიფომ თავის თავზე აიღო ზოგადი ინფრასტრუქტურის შექმნა (გზები, კომუნიკაციები, წყალი, დენი, კანალიზაცია და ასე შემდეგ). 
      ყველაფერ ამის შემდეგ ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა კერძო ინვესტიციებით დაიწყო. ამ შემთხვევაშიც არსებობდა რამდენიმე ხელშემწყობი ფაქტორი სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც ინვესტორების დაინტერესებას ისახავდა მიზნად. 
      საგადასახადო კოდექსში შეიტანეს გარკვეული ცვლილებები. მშენებლობა განთავისუფლდა დღგ-ს გადასახადისაგან, რამაც მშენებლობა 20%-ით გააიაფა (თუმცა, ეს იმ შემთხვევაში ხორციელდებოდა, თუ გარკვეული პირები წინასწარ შეიტანდნენ განაცხადს შესაბამისი მოთხოვნით. მათ ენიჭებოდათ სერთიფიკატი, რომელიც შეღავათებს ითვალისწინებდა). საბაჟო გადასახადისაგან განთავისუფლდა სასტუმრო მოწყობილობების შემოტანა (ჭურჭელი, თეთრეული და ა.შ.). იმპორტის შემთხვევაში, მათი უმეტესობა მნიშვნელოვანი პრივილეგიით სარგებლობდა. 
      ობიექტები ექსპლოატაციაში შესვლისთანავე არ იხდიდნენ მოგების გადასახადს. დაწესებული იყო დრო, რომლის განმავლობაშიც ის თანდათან იზრდებოდა. მოგების გადასახადი 100%-ს აღწევდა მხოლოდ მაშინ, როცა ესა თუ ის ობიექტი მყარ განვითარების დონეს აღწევდა. გარდა ამისა, თუკი მოგებული ფულის რეინვესტიცია ხდებოდა, ის არ იბეგრებოდა. ინვესტორისთვის მშენებლობის ხარჯების რაოდენობა მაქსიმალურად იქნა შემცირებული. 
      აღსანიშნავია ისიც, რომ პარალელურად თურქეთში დაიწყო ტურიზმის სასწავლო ცენტრების შექმნა, რომლებიც ძირითადად დაბალი და საშუალო რანგის სპეციალისტების მომზადებაზე იყო ორიენტირებული. ის, რომ მაღალ დონეზე მომზადებული და კვალიფიცირებული კადრები ტურიზმის განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, სადაო საკითხს ნამდვილად არ წარმოადგენს. შესაბამისად, თურქეთიც არაა გამონაკლისი. ამას ჩვენს მეზობელ ქვეყანაში დიდი დრო და ყურადღება ეთმობა. ამის დასტურია სპეციალური განათლების დეპარტამენტი, რომელიც ზემოთ აღნიშნულ ტურიზმის სამინისტროსთან შეიქმნა. თურქეთი უკვე კულტურული ტურიზმის განვითარებაზეც ზრუნავს და აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ზღვაზე დასვენებით. შესაბამისად, აპრობირებულმა გამოცდილებამ სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ გადაინაცვლა. ტურისტებისთვის შემუშავებულია კომბინირებული ტურები. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ტურიზმის განვითარების მთავარ წყაროდ სწორედ კულტურული ტურიზმი მიიჩნევა. 
      ალბათ, ჩამოთვლილი მაგალითები საკმარისია იმისათვის, რომ განვსაზღვროთ, როგორი ხელშეწყობა ხდებოდა სახელმწიფოს მხრიდან ტურიზმის სექტორისათვის. 
      გახდება თუ არა ტურიზმი საქართველოს შემოსავლების მთავარი წყარო? 
      ამ შინაარსის განცხადება ყვარლის ახლადგახსნილ დასასვენებელ კომპლექსში გამართულ მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა გააკეთა. ჩვენ ვცვლით გეოგრაფიას, ვქმნით ახალ ტურისტულ ცენტრებს, რადგან ტურიზმი ჩვენი შემოსავლის მთავარი წყარო უნდა გახდეს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, ფარავნის ტბაზე უმაღლესი დონის გასართობ-დასასვნებელი კომპლექსი მოეწყობა. განახლების სამუშაოები მიმდინარეობს მესტიასა და ანაკლიაშიც. 
      პრეზიდენტს ტურისტული კომპანიების ნაწილიც ეთანხმება. როგორც ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლების აცხადებენ, ტურიზმი ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა, რისი განვითარების პოტენციალიც დღეს ქვეყანას აქვს. მათი თქმით, ტურიზმის განვითარება უწყვეტი პროცესია და იმ დონის კურორტების განვითარებას, როგორიც მაგალითისთვის, ნიცაა, ათწლეულები სჭირდება, თუმცა, რეგიონალურ დონეზე საქართველოს ლიდერის პოზიციის დაკავება ძალიან მალე შეუძლია. ტუროპერატორები იმასაც აღნიშნავენ, რომ ტურიზმის განვითარებისთვის ნება მთავრობის მხრიდან უკვე არსებობს და მთავარია, ტურიზმის ხელშეწყობისათვის საკანონმდებლო მხარეებიც მოგვარდეს. 
      რაც შეეხება საკანონმდებლო მხარეებს, ერთი პერიოდი იყო საუბარი ტურიზმის სექტორისათვის საგადასახადო შეღავათების თაობაზე. თუმცა, მოგვიანებით ამ საკითხის განხილვა გადაიდო. საინტერესოა, როდის დაუბრუნდება ხელისუფლება პრიორიტეტად აღიარებული დარგისათვის ამ მეტად მნიშვნელოვანი სდაკითხის განხილვას? მანმადე კი წლევანდელი საზაფხულო სეზონის ოფიციალურ მონაცემებს გადავავლოთ თვალი – 7 ივლისის მონაცემებით, აჭარას 213268 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც გასული წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 217%-ით, 2008 წელთან შედარებით კი, 204%-ით მეტია. ამის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი იტყობინება. მათივე ინფორმაციით, წელს 195%-ით გაიზარდა უცხოელ ტურისტთა რიცხვი და მან 51 741 შეადგინა.