ტურიზმის სააგენტო ტურისტული კომპანიების ნაწილის პრობლემებს უამინდობით ხსნის

ტურიზმის ეროვნული სააგენტო ტურისტული კომპანიების ნაწილის პრეტენზიებს უარყოფს. შეგახსენებთ: აღნიშნული კომპანიების განცხადებით, ბოლო პერიოდში სააგენტოს მუშაობა არადამაკმაყოფილებელია, რაც უცხოეთში სარეკლამო კამპანიების შემცირებაში გამოიხატება. როგორც ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მიმდინარე წელს საქართველო 6 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარსდგა და კიდევ 6 საერთაშორისო მნიშვნელობის გამოფენაში მონაწილეობა იგეგმება.

მათივე თქმით, უკვე ჩატარდა რამდენიმე მარკეტინგული კამპანია მიზნობრივ ბაზრებზე, ხოლო საერთაშორისო საბორტო და ტურისტულ ჟურნალებში სტატიები გამოქვეყნდა.

სააგენტოს თქმით, საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო მოგზაურების შემცირებასთან დაკავშირებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. შსს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ტურისტების ნაკადის 37%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მათმა რიცხვმა 565 612-ს მიაღწია. 2012 წლის მონაცემებით, საქართველოს 4389256 უცხოელი ეწვია, რაც წლიურად ზრდის 56%­იან ტემპს შეადგენს.

ტურიზმის სააგენტოს ცნობით, აღნიშნული სტატისტიკა მოიცავს მონაცემებს ქვეყნის მასშტაბით, თუმცა მათი განმარტებით, გამორიცხული არ არის, რომ კონკრეტულ ტურისტულ კომპანიებს, ან ტურიზმის კონკრეტულ მიმართულებას მომხმარებელთა რაოდენობა შემცირებოდა.

მაგალითისთვის სააგენტოს დეკემბერსა და იანვარში სამთო-სათხილამურო კურორტებზე ზოგიერთი განთავსების საშუალებებში ტურისტების
კლება მოჰყავს, რის მიზეზადაც უამინდობას ასახელებს.