ძალაუფლებისთვის დახარჯული ფული

მაკა ღანიაშვილი 

პარტიების და საარჩევნო კამპანიების დაფინანსება, პოლიტიკური ცხოვრების ის სფეროა, სადაც ყველაზე ხშირად ხდება კორუფციული გარიგებები. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ მთელს მსოფლიოში პარტიის კანდიდატები ერთი და იგივე პრობლემის წინაშე დგანან: საწევროს გადამხდელუნარიან წევრთა და მოხალისეთა რაოდენობის შემცირება და ამის ფონზე ძვირადღირებული საარჩევნო კამპანიების ჩატარების აუცილებლობა. ამა თუ იმ არჩევითი თანამდებობის კანდიდატები ხშირად ვერ უძლებენ საეჭვო დონორებისგან გარკვეული სახსრების მიღების ან ისეთ პირობებზე დათანხმების ცდუნებას, რომლებიც შემდგომში საზოგადოებისათვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღებაზე აისახება. შორს რომ არ წავიდეთ, ქართული საარჩევნო კანონმდებლობის ავ-კარგი, დაფინანსების ნაწილში, უახლესი, 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მაგალითზე განვიხილოთ. 

      პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსებაზე კონტროლის განხორციელების რამდენიმე მიდგომა არსებობს.  პირველი მიდგომა, სახელმწიფო დაფინანსების გაზრდის ხარჯზე, პოლიტიკური პარტიების და კანდიდატების ფულადი სახსრების მოძიების მოთხოვნილებას, საარჩევნო კამპანიის ხანგრძლივობის შემცირებასა და ტელე-რადიო ეთერში უფასო დროის გამოყოფაში გამოიხატება. ამგვარი რეფორმების მიზანია, შეუმცირდეთ პარტიებს საეჭვო დონორებისგან დახმარების მიღების მოტივაცია. მეორე მიდგომა,  შემოწირულობებზე შეზღუდვის დაწესების ან გარკვეული წყაროებიდან (უცხო ქვეყნების მთავრობები, პროფკავშირები, შეძლებული კერძო პირები და ა.შ.) დაფინანსების აკრძალვის გზაა. მაგალითად, გერმანიის ახალი კანონი ,პოლიტიკური პარტიების შესახებ” მიჩნეულია ისეთი კანონმდებლობის წარმატებულ მაგალითად, რომელიც პირდაპირ კრძალავს შემოწირულობების გარკვეულ სახეებს. მესამე მიდგომა არჩევნების დაფინანსების გამჭვირვალობის გაზრდას გულისხმობს. 
      რაც შეეხება საქართველოს, კანონი პარტიის მიერ შემოწირულობის მიღებას მხოლოდ სხვა ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მოძრაობებისგან, სახელმწიფო ორგანოსა და იმ საწარმოებებისგან კრძალავს, რომელშიც სახელმწიფო წილი 10%-ია. იკრძალება, ასევე, შემოწირულობების მიღება მოქალაქეობის არმქონე პირებისგან და ანონიმური ფორმით. კანონით აკრძალულია ფინანსური და მატერიალური შემოწირულობის მიღება და შემოწირულობის თაობაზე ინფორმაციის დამალვა. გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი აკრძალვა – პარტიის მიერ მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობის მოცულობა წელიწადში ფიზიკური პირისგან 30 000 ლარს, ხოლო იურიდიული პირისგან 100 000-ს არ უნდა აღემატებოდეს. 
      პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების მაკონტროლებელი ორგანოების სხვადასხვა ტიპები არსებობს. ზოგი მათგანი პოლიტიკურია, მაგალითად, საპარლამენტო კომიტეტი ბელგიაში, ბუნდესტაგის თავმჯდომარე გერმანიაში და ექვსკაციანი ფედერალური საარჩევნო კომისია აშშ-ში; არსებობს დამოუკიდებელი მაკონტროლებელი ორგანოები ავსტრალიის საარჩევნო კომისიის, საფრანგეთში კამპანიებზე დახარჯული სახსრების აღრიცხვის და პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების კომიტეტისა და პორტუგალიის საკონსტიტუციო სასამართლოს სახით. ბულგარეთში, უნგრეთში, ისრაელში, იტალიასა და ესპანეთში მოქმედებს პარტიული საქმიანობის დაფინანსების მარეგულირებელი ეროვნული ბიუროები. ზოგ ქვეყანაში, როგორიცაა მაგალითად, იაპონია, საერთოდ არ არსებობს ორგანო, რომელიც ვალდებულია, განახორციელოს დარღვევებზე ზედამხედველობა და სანქციების დაკისრება.
      აშშ-ში სწორედ საარჩევნო პროცესის გამჭირვალობის გაზრდამ გამოიწვია შესაბამისი კანონმდებლობის შეცვლა. უოტერგეიტის სკანდალის შემდეგ, რომელიც უკავშირდებოდა საარჩევნო კამპანიის ფარულ შემოწირულობებს, დაიწყო კანონმდებლობის რეფორმა. 90-იანი წლების სკანდალები, როდესაც რესპუბლიკელები ისევე, როგორც დემოკრატები საკანონმდებლო ხარვეზებს მსხვილი კორპორაციებისგან შემოწირულობების მისაღებად იყენებდნენ, რეფორმების ჩატარების კიდევ ერთ მთავარ მიზეზად იქცა. საბოლოოდ შეიქმნა 2002 წლის ,მაკ-კეინ-ფაინგოლდის” კანონი საარჩევნო კამპანიების დაფინანსების შესახებ. ამ კანონის ძირითადი დებულებები ეხება მსხვილი, არარეგულირებადი, კოლექტიური და ინდივიდუალური შემოწირულობების აკრძალვას და ე.წ. “ფარული რეკლამების” მკაცრ რეგულირებას. 
      ამ კანონის ამოქმედებამ ორივე ძირითადი პარტია აიძულა გადართულიყო დიდი რაოდენობით წვრილი ინდივიდუალური შემოწირულობების მოძიებაზე. ამასთანავე, მიუხედავად პოლიტიკურ კამპანიებზე სახსრების მოძიების მექანიზმების რეფორმირებისა, აშშ-ში უცვლელია ინფორმირების მკაცრი პოლიტიკა. ამ პოლიტიკის მთავარი მიზანია ანგარიშგება წინასაარჩევნო პერიოდის დროს. მაღალი სახელმწიფო თანამდებობების კანდიდატები და პოლიტიკური პარტიები ვალდებულნი არიან წელიწადში რამდენჯერმე წარუდგინონ სახსრების შეგროვების და ხარჯვის დეტალური ანგარიში ფედერალურ საარჩევნო კომისიას. თუ შემოწირულობა აღემატება წელიწადში 200 დოლარს, კანონის მიხედვით, მისი მიმღები ვალდებულია მიუთითოს დონორის სახელი და მისამართი. 
      პოლიტიკური პარტიების დაფინანსების რეჟიმის დარღვევისათვის მსოფლიოში სამი სახის სანქციები გამოიყენება: ფინანსური, სადამსჯელო და საარჩევნო. ყველაზე გავრცელებული სანქციაა სახელმწიფო სუბსიდიების შეწყვეტა (საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი, ესპანეთი, ლათინური ამერიკის ქვეყნები). სისხლის სამართლის სანქციები გამოიყენება დიდ ბრიტანეთში, კანადაში, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთსა და აშშ-ში. გერმანიის კანონი, პარტიის შემოსავლებზე და აქტივებზე ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის, ითვალისწინებს ორწლიან პატიმრობას ან ფულად ჯარიმას. დიდ ბრიტანეთში კანონის დამრღვევი პარტიები ისჯებიან სამოქალაქო კოდექსის მიხედვით. აშშ-ში არჩევნების დაფინანსების რეჟიმის დარღვევა განიხილება სამოქალაქო კოდექსის დარღვევად და ფედერალური საარჩევნო კომისიის განხილვის საგანს წარმოადგენს, სანქციების ოდენობა დაწესებულია 2002 წელს და წარმოადგენს უკანონო შენატანის მაქსიმუმ 300%-ს და ჯარიმას 50 000 დოლარის ოდენობით. ყველაზე ეფექტური სანქციაა საარჩევნო მანდატის დაკარგვა, ანუ პარტიის დისკვალიფიკაცია. საფრანგეთში კანდიდატები, რომლებიც გამჭვირვალობის ნორმებს დაარღვევენ, მხოლოდ მას შემდეგ დაექვემდებარებიან დისკვალიფიკაციას, რაც მათი კამპანიის ფინანსური ანგარიში ბათილად ჩაითვლება. 
      ექსპერტების შეფასებით, საქართველოში პარტიების დაფინანსების წყაროებზე საკანონმდებლო რეგულირება ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურია. საქართველოში პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობაზე ევროპის საბჭომ რეკომენდაციები ჯერ კიდევ 2003 წელს შეიმუშავა, რომლის უმნიშვნელოვანესი დებულება იყო ის, რომ “არ მიეღოთ პარტიებს ფულადი სახსრები, რომელთა წარმოშობაც საეჭვო ან არჩევნების შემდეგ მაკომპრომეტირებელი აღმოჩნდებოდა”. 
       ამასთან, ევროპის საბჭომ კორუფციის შემდეგი ტიპებიც დაადგინა, რომელიც პარტიების ფინანსების გაუმჭვირვალობას ახლავს თან – სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა, მათ შორის, ხმების ყიდვის, სახელმწიფო სამსახურში მყოფი პირების მიერ შენატანის გაკეთების იძულება. თუმცა, კანონი, რომელიც 2007 წლიდან საქართველოში ამ საკითხებს არეგულირებს, ვერ უზრუნვეყოფს იმის მონიტორინგს, სახელმწიფო სამსახურში მყოფი პირები აიძულებენ თუ არა, ვთქვათ, ამა თუ იმ ბიზნესს შენატანების გაკეთებას. მაგალითად, გაუგებარია, როგორ და ვინ უნდა დაადგინოს იმ უამრავი ბიზნესკომპანიიდან, რომლებმაც თანხები მმართველ პარტიას შესწირეს, გააკეთეს თუ არა მათ ეს იძულებით. 
      30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიების მიერ საკუთარ საარჩევნო ფონდებში გადარიცხული ფულის წარმომავლობა, ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, 2011 წლის 1 თებერვალს უნდა გაირკვეს. კანონი პოლიტიკურ პარტიებს არ ავალდებულებს, ანგარიშში მიუთითონ პარტიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ანგარიშზე ჩარიცხული თანხის წარმომავლობა. შესაბამისად, ამ ეტაპზე, უცნობია წინასაარჩევნო კამპანიის დროს დახარჯული მილიონების წყარო. პარტიები ვალდებულნი არიან, ყოველი წლის 1 თებერვლამდე ბეჭდურ გამოცემაში გამოაქვეყნონ წინა წლის ფინანსური დეკლარაციები, შემდეგ კი, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ფინანსური მონიტორინგის განყოფილებას წარუდგინონ. ამჟამად, ცესკო ერთადერთი უწყებაა, რომელსაც პარტიები წლიურ და არჩევნებში დახარჯული ფინანსების ანგარიშებს წარუდგენენ. 
       პოლიტიკური პარტიებისა და გაერთიანებების საარჩევნო ფონდებში თანხის ჩარიცხვა, სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირების გარდა, თავად პარტიებსაც შეუძლიათ. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” 2010 წლის 30 მაისის არჩევნებისთვის საკუთარ საარჩევნო ფონდში, სხვა სუბიექტებთან შედარებით, ყველაზე მეტი – 13 512 888.8 ლარი გადარიცხა. ყველა დანარჩენი პარტიის მიერ საკუთარ საარჩევნო ფონდებში გადარიცხული თანხის ოდენობა ერთად, დაახლოებით 1 მილიონი ლარია. “ნაციონალურმა მოძრაობამ” ოფიციალური მონაცემებით, შვიდჯერ მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე მთელმა ოპოზიციამ ერთად. ოპოზიციური ძალებიდან, არჩევნებზე გახარჯული სახსრებით ლიდერობენ: მრეწველები – 900 ათასი ლარით; შემდეგ, 660 ათასით მოდიან ქრისტიან დემოკრატები, სამეულშია ეროვნული საბჭო 260 ათასი ლარით. მსხვილი ოპოზიციური პარტიებიდან, ყველაზე მცირე თანხით, საარჩევნო კამპანია ირაკლი ალასანიას ალიანსმა აწარმოა. მათი დანახარჯი 136 ათასი ლარია. ამ თანხების ფონზე, ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო დანახარჯი მართლაც გრანდიოზულად გამოიყურება. საინტერესოა, რომ ცესკოში წარდგენილ ფინანსურ ანგარიშებში არ შეგხვდებათ არც ერთი მსხვილი იურიდიული პირი, რომელმაც ოპოზიციისთვის არჩევნებში ფული გაიღო. გარდა მრეწველების პარტიისა, რომელიც ტრადიციულად, პარტიის ლიდერის  პირადი ბიზნესიდან  ფინანსდება. 
      ცესკოს მიერ გავრცელებული ანგარიშების მიხედვით, 2009 წელს მმართველი პარტიის შემოსავლის მთავარი წყარო სახელმწიფო იყო, ამ პარტიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 827 186 ლარი მიიღო. პარტიის 2009 წლის მთლიანი შემოსავალი კი – 2 მილიონ 41 ათას 267 ლარია. 2010 წლის 30 მაისის არჩევნებისთვის კი, მარტო პარტიის მიერ საკუთარ საარჩევნო ფონდში გადარიცხული ფული, დაახლოებით 13 მილიონი ლარია. გამოდის, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 4-5 თვეში ეს ფული მხოლოდ შემოწირულობების სახით მიიღო. 2008 წელსაც, როდესაც საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, ნაციონალური მოძრაობის წლიური ფინანსური დეკლარაციის მიხედვით, პარტიის მხოლოდ ფულადმა შემოწირულობამ 12 479 332 ლარი შეადგინა. ამავე დეკლარაციის მიხედვით, ეს ფული პარტიას 508 შპს-მ, სააქციო საზოგადოებამ  და 52-მა ფიზიკურმა პირმა ჩაურიცხა. საარჩევნო კამპანიის ფონდში, 2008 წელს ანგარიშის მიხედვით, ნაციონალურმა მოძრაობამ  8, 506 მილიონი ლარი ჩარიცხა. რაც შეეხება ამ დეკლარაციების სისწორეს, როგორც ცესკოში აცხადებენ: მათი შემოწმება ხდება აუდიტორის მიერ და ასახულია პარტიების მიერ წარმოდგენილ აუდიტორულ დასკვნაში”. იუსტიციის სამინისტროში კი აღნიშნავენ, რომ პარტიების ფინანსური საკითხების გარკვევა იუსტიციის სამინისტროს პრეროგატივა არ არის. შესამაბისად, აუდიტორული კომპანიები, რომლებსაც პარტიები საქართველოს კანონმდებლობის შესამაბისად საკუთარი სურვილით ირჩევენ, ერთადერთი უწყებაა, რომელიც პარტიის ფინანსურ მონიტორინგს ახორციელებს. 
      ერთი რამ კი ყოველგავარი აუდიტის გარეშეც ნათელია, მმართველ ,ნაციონალურ მოძრაობას” და მთლიანად ქართველ ამომრჩეველს, ეს არჩევნები ძალიან ძვირი დაუჯდა, დაახლოებით 14 მილიონი ლარი, რაც შვიდ ნახევარ მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტია. შედარებისთვის, ეკონომიკურად გაცილებით განვითარებულ სლოვაკეთში, სადაც ამომრჩეველი გაცილებით მეტია, უფრო მნიშვნელოვან, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე, შვიდმა კანდიდატმა ერთად კამპანიაზე 10 მილიონი დოლარი დახარჯა. 

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial