ნუ მოჰკლავ, უბრალოდ – არ გადააჭარბო!

რედაქციისგან 

ბოლო ოთხი წლის მანძილზე, ნისლიანი ალბიონის ეკონომიკამ, ყველა მნიშვნელოვან სფეროში აქტივობის ზრდის ფონზე, ყველაზე სწრაფი ზრდის ტემპი აჩვენა. G7-ის ქვეყნებიდან მან პირველმა გამოაქვეყნა კვარტალური ანგარიში და ამით, შვიდეულის ქვეყნები ერთგვარად გამოიწვია. გერმანიაშიც დადებითი ტენდენციებია, მკვეთრად გაიზარდა საქმიანი წრეების ოპტიმიზმი, რასაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო გერმანიის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებლის – ექსპორტის შეუქცევადმა ზრდამ. 

      ამერიკაში კი, მოქალაქეებს ობამას ადმინისტრაციის მოქმედებების ეფექტურობის სულ უფრო ნაკლებად სჯერათ. ამ მოსაზრებას სამომხმარებლო თავდაჯერებულობის რამდენიმე ინდექსი ადასტურებს, გამოკითხული 4 ადამიანიდან 3 მომავალი ერთი წლის მანძილზე კეთილდღეობის შემცირებას ელოდება. 
      ჩინეთის ეკონომიკის გადახურების თავიდან ასაცილებლად ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებები ძალიან ეფექტური აღმოჩნდა, რაც დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანას გარკვეულ საფრთხეს უქმნის, თუ ჩინეთი თავის ეკონომიკურ ზრდას ჩაკლავს და განვითარების ისტორიულ ტემპს მიუბრუნდება – 8%-ს, დასავლეთისთვის ეს ყველაზე ცუდი ვარიანტი იქნება 2010 და 2011 წლების მიჯნაზე. ჯერჯერობით, ჩინეთი მსოფლიოში ეკონომიკის ზრდის ყველაზე დიდ ტემპებს აჩვენებს და ამ რეალობას მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, ამერიკაც კი ვერაფერს უპირისპირებს თავისი მოკრძალებული მშპ-ის 2,4%-იანი კვარტალური ზრდით. 
      აშშ 
      2010 წლის ივნისის შედეგებით, აშშ-ის წამყვანმა ეკონომიკურმა ინდიკატორებმა 0,2%-ით დაიკლო. ასეთი მონაცემები გამოაქვეყნა კვლევითმა ორგანიზაციამ Conference Board. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 0,3%-ით დაიწევდა. ეს მაჩვენებელი მაისის დაზუსტებული მონაცემებით გაიზარდა 0,5%-ით. 
      ახალი სახლების მშნებელობის მოცულობა ივნისში გასულ თვესთან შედარებით შემცირდა 5%-ით 549 ათას ერთეულამდე. ასეთ მონაცემებს აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრო აქვეყნებს. ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 580 ათას ერთეული იქნებოდა. თუ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს შევადარებთ, პროცენტულ გამოსახულებაში იგი დაკლებულია 5,8%-ით. ივნისში მაისის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით მშენებლობაზე გაცემული ნებართვები 2,1-დან 586 ათას ერთეულამდე გაიზარდა (SAAR). ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა 2,3%-ით. 
      2010 წლის ივნისში, წლიური გამოთვლით, აშშ-ის უძრავი ქონების მეორად ბაზარზე გაყიდვები შემცირდა 5,1%-ით და შეადგინა 5,37 მილიონი ერთეული. მონაცემები აშშ-ის რიელტორების ეროვნულმა ასოციაციამ გამოაქვეყნა, ანალიტიკოსები ნაკლებს – 5,1 მილიონ ერთეულს ელოდნენ. გადასინჯული მონაცემებით, მაისში ამ მაჩვენებელმა შეადგინა 5,66 მილიონი ერთეული, ხოლო თუ გასული წლის ივნისის თვეს შევადარებთ გაყიდვებს, იგი გაზრდილია 9,8%-ით. 
      იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებთაც უმუშევრობისთვის პირველად მიმართეს სახელმწიფოს შემწეობისთვის – 10 ივლისიდან 17 ივლისამდე – წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით 37 ათასით გაიზარდა და შეადგინა 464 ათასი ადამიანი. ასეთი მაჩვენებლები გამოაქვეყნა აშშ-ის შრომის სამინისტრომ. ანალიტიკოსები ფიქრობდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 445 ათასი იქნებოდა. 
      გერმანია 
      გერმანიაში სამრეწველო ფასები 2010 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით 0,6%-ით გაიზარდა, ასეთ ციფრებს აქვეყნებს ქვეყნის ფედერალური სტატისტიკური სამსახური, ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის ზრდას თვიური გამოთვლით, 0,2%-მდე ელოდნენ. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს მაჩვენებელი გაზრდილია 1,7%-ით. 
      საქმიანი განწყობის ინდექსი გერმანიაში, რომელსაც კვლევითი ინსტიტუტი Iფო ითვლის, 2010 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 4,4 პუნქტით და შეადგინა 106,2 პუნქტი. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 101,6 პუნქტი იქნებოდა. მიმდინარე სიტუაციის ინდექსმა ივლისში შეადგინა 106,8 პუნქტი (პროგნოზი 101,7), ხოლო მოლოდინის ინდექსმა – 105,5 პუნქტი (პროგნოზი 101,6). 
      საფრანგეთი 
      საფრანგეთში სამომხმარებლო ნდობის ინდექსი 2010 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით არ შეცვლილა და ისევ -39 პუნქტი დარჩა. ამ მონაცემებს აქვეყნებს საფრანგეთის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტი Iნსეე. 
      საფრანგეთში საქმიანი განწყობის ინდექსი 2010 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით 2 პუნქტით გაიზარდა და 98 პუნქტი შეადგინა. ანალიტიკოსები 94 პუნქტს ელოდნენ. Insee-ის განცხადებით, ივლისის გათვლებით, ეს მაჩვენებელი ბოლო ორი წლის განმავლობაში მაქსიმალურ ნიშნულზეა. 
      დიდი ბრიტანეთი 
      2010 წლის II კვარტალში I კვარტალთან შედარებით დიდი ბრიტანეთის მშპ 1,1%-ით გაიზარდა, ასეთი წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა ქვეყნის ეროვნულმა სტატისტიკურმა ბიურომ. ანალიტიკოსები ბევრად სკეპტიკურები იყვნენ და ვარაუდობდნენ, რომ ამ პერიოდში მშპ მხოლოდ 0,6%-ით გაიზრდებოდა. წლიური გამოთვლით, დიდი ბრიტანეთის მშპ 1,6%-ით არის გაზრდილი. კვარტალური გამოთვლით, გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკის ზრდის ტემპი მიმდინარე წლის ივნისში 2006 წლის დასაწყისიდან ყველაზე სწრაფი აღმოჩნდა, ხოლო წლიური გამოთვლით – 2008 წლის დასაწყისიდან. 
      ბრიტანეთის ეკონომიკა რეკორდული ტემპებით იზრდება 
      დიდი ბრიტანეთის ეკონომიკის ზრდის ტემპი ორჯერ აღემატება ექსპერტების მოლოდინს – ეს ინფორმაცია ევროპის მასშტაბით ივლისის ბოლო კვირაში ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი გახდა. უფრო მეტიც, ბრიტანეთი ტონს აძლევს სხვა წამყვან სახელმწიფოებს, რამდენადაც G7-დან პირველი აკეთებს კვარტალურ ანგარიშს. შეძლებს თუ არა შვიდეულიდან რომელიმე ქვეყნის ეკონომიკა ბრიტანეთისთვის ტოლის დადებას, რომელმაც წინა კვარტლის შემდეგ თითქმის ოთხჯერ გააუმჯობესა თავის მაჩვენებლები. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ლონდონში გამოქვეყნებული იმედისმომცემი სტატისტიკური მონაცემები მხოლოდ პირველადი შეფასებებია, რომლის მიხედვითაც, ბრიტანეთის მშპ მიმდინარე წლის II კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 1,1%-ით გაიზარდა, როცა ზრდას 0,6%-ის დონეზე ვარაუდობდნენ. წლიური გამოთვლით, მშპ-ის ზრდამ 1,6% შეადგინა (ელოდენენ 1,1%). მომსახურების სექტორი, რომელიც ბრიტანული ეკონომიკის 76%-ს შეადგენს, II კვარტალში 0,9%-ით გაიზარდა, სექტორში ასეთი მაღალი ზრდა 2007 წლიდან არ დაფიქსირებულა. დამამუშავებელი სექტორი 1,6%-ით გაიზრადა, რაც 1993 წლიდან საუკეთესო მაჩვენებლად იქცა ამ დარგისთვის. აქტიურობა სამშენებლო სექტორში 6,6%-ით გაიზარდა. ეს არის მაქსიმალური ზრდა დარგში 1963 წლის შემდეგ. ასე რომ, ნისლიანი ალბიონის ეკონომიკამ ბოლო ოთხი წლის მანძილზე ყველაზე სწრაფი ზრდის ტემპი აჩვენა ყველა მნიშვნელოვანი სფეროში აქტივობის ზრდის ფონზე: მომსახურების, მშენებლობის და დამამუშავებელ სფეროებში. ასეთმა მაღალმა ზრდამ, შესაძლოა, განხეთქილება გამოიწვიოს ინგლისის ბანკის აქამდე ერთსულოვან მმართველ საბჭოში, რა უფრო მნიშვნელოვანია: მხარი დაუჭირონ ეკონომიკურ ზრდას თუ დაუპირისპირდნენ ინფლაციას. საბჭოს ბოლო სხდომაზე მხოლოდ ერთმა წევრმა, ენდრიუ სენტანსმა დაუჭირა მხარი საბაზისო საპროცენტო განაკვეთის ზრდას. საბჭოს დანარჩენი წევრები მომხრენი არიან განაკვეთი რეკორდულად დაბალ ნიშნულზე – 0,5%-ზე შეინარჩუნონ და ამით მხარი დაუჭირონ აღდგენის პროცესს. თუმცა, ინგლისის მონეტარული ხელისუფლება არ მალავს თავის შეშფოთებას ინფლაციასთან დაკავშირებით, რომელმაც ივნისში ხელისუფლების მიერ დაწესებული 3%-იანი ბარიერი გადალახა. მათი აზრით, ეკონომიკის მხარდაჭერა, როცა ქვეყნის ბიუჯეტის შემცირება იგეგმება, პირველხარისხოვანი მოთხოვნაა. სახელმწიფო ბიუჯეტზე პასუხისმგებელმა დეპარტამენტმა ყველა გააფრთხილა, რომ ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება ბრიტანული ეკონომიკის რეცესიის განმეორების საფრთხეს შეიცავს, რადგან სახელმწიფო ხარჯების 85 მილიარდი ფუნტი სტერლინგით შემცირება მშპ-ის 5,7%-ით შემცირების ტოლფასია. სწორედ სახელმწიფო ხარჯების შემცირების გამო სავალუტო ფონდის ექსპერტებმა ბევრად პესიმისტური პროგნოზები გააკეთეს დიდი ბრიტანეთის ეკონომიკის აღდგენასთან დაკავშირებით, როგორც მიმდინარე, ასევე მომავალი წლისთვის. 
      გერმანიის საქმიან წრეებში ოპტიმიზმმა აპოგეას მიაღწია 
      ივლისის ბოლო კვირის ეკონომიკურმა მონაცემებმა ოპტიმიზმი გააჩინა ინვესტორებში და ევროპული ეკონომიკის აღდგენის პროცესის გაგრძელების იმედი გააჩინა. ევროპის ეკონომიკაში აქტიურობა შეინიშნება მომსახურების სექტორსა და დამამუშავებელ მრეწველობაში, გაზრდილია სამომხმარებლო ნდობა და სამრეწველო შეკვეთები. გერმანელი ბიზნესმენების ოპტიმისტურ განწყობაში დიდი როლი ითამაშა კორპორატიულმა ანგარიშებმა და სტრეს-ტესტებთან დაკავშირებული შეშფოთების განელებამ. ამ ტესტ-სტრესებმა ბევრი უმსხვილესი ბანკი საფრთხეში ჩააგდო. ასევე, Bayerische Motoren Werke AG-იც, რომელიც მსოფლიოში ლუქსის კლასის ავტომანქანების უმსხვილესი მწარმოებელია. მან გაზარდა თავის პროგნოზი გაყიდვების მოცულობისა და 2010 წლისთვის მოგების ზრდასთან დაკავშირებით, მისმა მთავარმა კონკურენტმა, მანქანის წარმოებაში სიდიდით მსოფლიოში მეორე კომპანიამ  Daimler AG-მაც გაზარდა თავისი მოგების პროგნოზი 2010 წლისთვის და ექსპერტების მოსაზრებები არ გაამართლა. გერმანული წარმოების ავტომობილებზე მოთხოვნის ზრდამ ჩინეთს საშუალება მისცა გაეზარდა კიდევ ერთი პრემიუმ-კლასის ავტომანქანის მწარმოებელი კომპანიისთვის გაყიდვების მოცულობა, ეს არის Audi-ის ქვეგანყოფილება. ზემოთ ჩამოთვლილი ჯერ კიდევ არ არის პოზიტიური კორპორატიული სიახლეების მთელი ნუსხა, რაც ინვესტორების ოპტიმისტური განწყობის წინაპირობა გახდა გერმანიაში და ასევე – სააქციო ბაზარზე რალის მაპროვოცირებელი. გერმანიის საქმიანი წრეების ოპტიმიზმმა შეუდარებელი სიმაღლეები დაიპყრო, რაზედაც მიუნხენის ინსტიტუტის IFO-ის ანგარიშიც მეტყველებს. 7000 გერმანელი ტოპ-მენეჯერის გამოკითხვა ადასტურებს, რომ საქმიანი წრეების ოპტიმიზმი მკვეთრად გაიზარდა, რასაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო ექსპორტის შეუქცევადმა ზრდამ – გერმანიის ეკონომიკის მთავარმა მამოძრავებელმა. საქმიანი აქტივობის მაჩვენებელმა (IFO Business Climate) ივლისში ივნისთან შედარებით ზრდა აჩვენა და მიაღწია 106,2 პუნქტს 101,8 პუნქტიდან. მაღალი ზრდა აჩვენა მიმდინარე მომენტში ბიზნესის შეფასებამ (IFO Current Assessment) ივლისში ივნისთან შედარებით, მან 101,2 პუნქტიდან 106,8 პუნქტამდე მოიმატა. ასევე, ზრდა აჩვენა უახლესი ნახევარი წლის მანძილზე საქმიანი მოლოდინის ინდექსმა (IFO Expectations) – 102,5 პუნქტიდან 105,5 პუნქტამდე.    
      გერმანიის მრეწველების ოპტიმიზმის მატება ოფიციალური ბერლინის მიერ გადახედილი პროგნოზებითაც დასტურდება. Bundesbank-ის ეკონომისტებმა ეკონომიკის ზრდის ტემპების პროგნოზი აამაღლეს მიმდინარე წელს 1,6%-დან 1,9%-მდე, ხოლო 2011 წელს – 1,2%-დან 1,4%-მდე. 
      აშშ-ის სამომხმარებლო თავდაჯერებულობის ინდექსი უკეთესის სურვილს ტოვებს 
      ამერიკელებს ობამას ადმინისტრაციის მოქმედებების ეფექტურობის სულ უფრო ნაკლებად სჯერათ. ამ მოსაზრებას სამომხმარებლო თავდაჯერებულობის რამდენიმე ინდექსი ადასტურებს, რომელიც ივლისის ბოლო კვირას გამოქვეყნდა. ასე მაგალითად, სამომხმარებლო თავდაჯერებულობის ინდექსი ABC, რომელსაც Washington Post ითვლის 42-დან 44 პუნქტამდე ავიდა და უარყოფით ზონაში აგრძელებს ცურვას. სააგენტო ღეუტერს-ისა და მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტის ერთობლივი ინდექსი, მიმდინარე წელს ყველაზე დაბალ ნიშნულზე 66,5 პუნქტამდე დავიდა. ამასთან ერთად, გამოკითხული 4 ადამიანიდან 3 მომავალი ერთი წლის მანძილზე კეთილდღეობის შემცირებას ელოდება. ასეთი გამოკითხვების მნიშვნელოვანი თავისებურება ის გახლავთ, რომ ისინი ტარდება არასახელმწიფო, დამოუკიდებელი ორგანიზაციების მიერ და ამერიკელი შინამეურნეობების დამოუკიდებელ აზრს გამოხატავენ, როგორც მიმდინარე, ისე სამომავლო მაკროეკონომიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით, ეს არის ეკონომიკის მომავალი ზრდის ტემპის უნიშვნელოვანესი ინდიკატორი, რადგანაც, როგრც ცნობილია აშშ-ის სამომხმარებლო ხარჯები ქვეყნის მშპ-ის 70%-ს შეადგენს. თუმცა, ზოგიერთ ანალიტიკოსს არ სჯერა მოცემული ინდექსების ობიექტურობის.  
      მაგალითად, კერძო ორგანიზაცია Conference Board, რომელსაც დამოუკიდებელი ბიზნეს-საზოგადოებრიობა უჭერს მხარს, ყოველთვიურად ატარებს 5000 ამერიკელი დიასახლისის გამოკითხვას და უსვამს 5 შეკითხვას: 1. არსებული ბიზნეს-პირობა; 2. ბიზნეს-გარემოს მდგომარეობა უახლოესი 6 თვის მანძილზე; 3. შრომის ბაზარზე არსებული სიტუაცია; 4. უახლოესი 6 თვის მანძილზე შრომის ბაზრის პერსპექტივა; 5. უახლოესი 6 თვის მანძილზე თქვენი ოჯახის ერთობლივი შემოსავლის მდგომარეობა. რესპოდენტები ყოველ კითხვაზე სამი სავარაუდო ვარიანტიდან სცემენ პასუხს: ნეიტრალური, ნეგატიური, პოზიტიური. შემდეგ ყველა კითხვაზე ნეგატიური პასუხი იყოფა შესაბამისი პოზიტიური, ნეგატიური და ნეიტრალური პასუხის რაოდენობაზე. მიღებულ ნიშნულს უკავშირებენ 1985 წლის ანალოგიურ მნიშვნელობას, რომელიც მიღებულია საბაზისოდ, რადგან ამ წელს მომხმარებლის მოლოდინის არც ერთ მხარეს სერიოზული გადახრა (ნეგატიური, პოზიტიური) არ შეინიშნებოდა. ამ ხუთი კითხვის აგრეგირებულ მნიშვნელობას ისტორიულად ჰქვია CCI-ის ინდექსი (Consumer confidence index). ამ ინდექსის ერთ-ერთი თავისებურება ის არის, რომ მიმდინარე სიტუაციასთან დაკავშირებული კითხვები 40%-ს შეადგენს, ხოლო პერსპექტივებთან დაკავშირებული – 60%-ს. ასე რომ, ასეთი ინდექსები მიმდინარე სიტუაციის შესაფასებლად ნაკლებად გამოდგება. ამაში მდგომარეობს კიდეც მათი მნიშვნელობა ინვესტორებისა და მაკროეკონომიკური რეგულატორებისთვის. 
      ჩინური ეკონომიკა: ფაქიზი ხელის 
      დანადგარი 
      ჩინეთის ეკონომიკის გადახურების თავიდან ასაცილებლად ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებები ძალიან ეფექტური აღმოჩნდა. ამას ადასტურებს ივლისში გამოქვეყნებული ჩინეთის მშპ-ის წლის მეორე ნახევრის მონაცემები. ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპი შენელდა: II კვარტალში მშპ-ის ზრდამ კორექტირება განიცადა ინფლაციისა და სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით და შეადგინა 10,3% წინა კვარტლის 11,9%-თან შედარებით. ამასთან, სამომხმარებლო ფასების ინდექსმა ივნისში დააფიქსირა ინფლაცია 2,9%-ის, ხოლო წინა თვეში – 3,1%-ის დონეზე. ერთი მხრივ, ჩინეთის ეკონომიკის “სუპერზუსტ პარამეტრებზე” დაყენების შედეგები სახალხო ბანკის ეფექტურობაზე მეტყველებს დასახული მიზნების მიღწევის საქმეში. მეორე მხრივ კი, ჩინეთი თავისი ეკონომიკის განვითარების შენელებით, დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანას გარკვეულ საფრთხეს უქმნის, ვინაიდან დასავლური ქვეყნები თავიანთი ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების მცდელობისას, კუთხეში მოიმწყვდევენ საბანკო სექტორს შემზღუდავი ღონისძიებებით, ხოლო მომხმარებლები არა მხოლოდ დაკრედიტების მოცულობის შემცირებას გადააწყდებიან, არამედ მძიმე საგადასახადო ტვირთიც დააწვებათ და ეს დაკავშირებულია ისედაც სუსტი მოხმარების პირობებთან, რომლის სტიმულირება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მხოლოდ და მხოლოდ აზია-წყნარი ეკეანიის ქვეყნების ხარჯზეა შესაძლებელი, რომელთა ფლაგმანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაა. ამიტომაც, თუ ჩინეთი თავის ეკონომიკურ ზრდას ჩაკლავს და განვითარების ისტორიულ ტემპს მიუბრუნდება – 8%-ს, დასავლეთისთვის ეს ყველაზე ცუდი ვარიანტი იქნება 2010 და 2011 წლების მიჯნაზე. 
      სწორედ ამიტომაც შესცქერიან ჩინეთის ხელისუფლების წარმატებებს ასეთი დაჟინებული მზერით: ევროპელებისთვის ფრაზა ,არ გადააჭარბო”, რომლითაც ჩინეთის რეგულატორს მიმართავენ, ერთგვარ საკრალურ ექვივალენტურ მნიშვნელობას იძენს “არ მოჰკლა”. “ვფიქრობ, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ გადადგა ისეთივე სწორი ნაბიჯები, როგორიც სხვა ქვეყნების ხელისუფლებებმა ბოლო 12 თვის მანძილზე, მათ სათანადოდ იშრომეს მასტიმულირებელი ღონისძიებების პაკეტის შესამუშავებლად. ახლა ჩინეთის ხელისუფლება ცდილობს, ბალანსი დაიცვას და არ დაუშვას ინფლაცია, არ დაუშვას უძრავი ქონების ბაზარზე ბუშტის გაბერვა უცხოური ვალუტის შემოდინებით და ამით მასტიმულირებელ ღონისძიებებს თავი უმტკივნეულოდ დააღწიოს”, – განაცხადა Accenture-დან მარკ სპელმანმა ანალიტიკურ მედია-პორტალ CNBC.com-თან საუბრისას. 
      უნდა ითქვას, რომ ჩინეთის ეკონომიკის ტემპების უკიდურეს შენელებასთან დაკავშირებული შეშფოთება უსაფუძვლო არ არის. ანალიტიკოსები ადრე პროგნოზირებდნენ, რომ მეორე კვარტალში ჩინეთის განვითარების ტემპი მხოლოდ 10,5%-ით შემცირდებოდა, მაშინ, როცა ინფლაცია შეადგენს 3,3%-ს, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ ცდომილება დიდი გამოდგა. თუმცა, ჯერჯერობით, ჩინეთი მსოფლიოში ეკონომიკის ზრდის ყველაზე დიდ ტემპებს აჩვენებს და ამ რეალობას მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, ამერიკაც კი ვერაფერს უპირისპირებს თავისი მოკრძალებული მშპ-ის 2,4%-იანი ზრდით I კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 
      ჩინეთს ეკონომიკის განვითარების ტემპების შენელებასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ისიც, რომ ივნისში ქვეყნის ხელისუფლებამ სახელმწიფო კორპორაციების ოპერაციების ამსახველი მონაცემები გამოაქვეყნა. ივნისში მოგების ზრდის ტემპი შემცირდა მაისის 44,5%-დან 40%-მდე, მაშინ, როცა შემოსავლებმა ზრდა 65,8%-დან 57,15-მდე შეამცირეს. ივნისში სახელმწიფო კორპორაციების მოგებამ 14,22 ტრილიონი იუანი შეადგინა (2,0663 ტრილიონი დოლარი). ასე რომ, ჩინეთის სახალხო ბანკის მოქმედებებს ეკონომიკის განვითარების ყველა დონეზე აქვს ეფექტი, იმ განსხვავებით, რომ ივნისის მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ ხელისუფლებას მანევრირებისთვის მეტი სივრცე აქვს. 
      ევროპულმა ბანკებმა სტრეს-ტესტებს გაუძლეს 
      ბანკირების, ეკონომისტებისა და საბანკო ექსპერტების საკმაოდ გაჭიანურებული დებატების შემდეგ, ევროკომისიამ მაინც გადაწყვიტა ევროპის ბანკების სტრეს-ტესტების შედეგები საჯარო გაეხადა. ამის შესახებ ევროკავშირის თავმჯდომარე ჰერმან ვან რომპეიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა. საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ეხება ყველა ბანკს, რომელიც ევროკავშირის ტერიტორიაზეა. საინტერესოა, რომ სტრეს-ტესტების გამოქვეყნებას დაჟინებით ითხოვდა ესპანეთი, რომელიც ამ გზით ცდილობდა, ქვეყნის საბიუჯეტო პრობლემებიდან ყურადღების გადატანას. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ გერმანია გამოდიოდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ხელისუფლება გერმანიის ბანკებში პანიკისა და ლიკვიდურობის კრიზისის დათესვას მოერიდა. ევროკომისია და მისი კომისარი საშინაო პოლიტიკის საკითხებში – მიშელ ბარნიე აქტიურად უჭერდნენ მხარს ღია პოლიტიკას. რომპეიმ განაცხადა, რომ ფინანსური უზრუნველყოფის საკითხებში ევროკომისიის პრიორიტეტი გამჭვირვალე და ჯანსაღი საბანკო სისტემის შექმნაა. ჩვენ შევთანხმდით, რომ სტრეს-ტესტების შედეგები ივლისის მეორე ნახევარში გამოქვეყნდება. იდეას მხარი დაუჭირა გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ანგელა მერკელმაც, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მაქსიმალური გამჭვირვალობაა მთავარი”. 
      საბოლოოდ, 23 ივლისს საბანკო ზედამხედველობის ევროპულმა კომიტეტმა უმსხვილესი ევროპული ბანკების სტრეს-ტესტების შედეგები მაინც გამოაქვეყნა. 
      ტესტი ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, ევროკომისიამ და ევროკავშირის 20 ქვეყნის ეროვნულმა ფინანსურმა რეგულატორებმა ჩაატარეს. ტესტის მთავარი მიზანი იყო გამოევლინათ ევროპული ბანკების მდგრადობა მოსალოდენლი რისკების მიმართ. 
      ტესტი ევროპის 91 ბანკს ჩაუტარდა. სამომავლო რისკები 2011 წლის ბოლომდე იქნა გათვალისწინებული. სტრეს-ტესტები, ძირითადად, ორიენტირებული იყო საკრედიტო და საბაზრო რისკებზე ევროპის ვალების გათვალისწინებით.  
      ტესტების შედეგების გამოქვეყნებამდე ექსპერტები ელოდნენ, რომ მათ 20 ბანკი მაინც ვერ გაივლიდა, რომელთა ჯამური კაპიტალი კი 30-დან 90 მილიარდამდე იქნებოდა. თუმცა, ტესტებში უარყოფითი შედეგი მხოლოდ შვიდმა ბანკმა აჩვენა: გერმანული Hypo Real Estate of Germany, ბერძნულიATE Bank და ხუთი ესპანური Diada, Espiga, Banca ჩივიცა, Unnim და CajaSur ბანკის სახით. 
      ეს შედეგი კიდევ უფრო მოულოდნელია ევროპის ცენტრალური ბანკის საბჭოს წევრის, ჯოზე მანუელ გონსალეს-პარამოს განცხადების შემდეგ, იმის შესახებ, რომ ევროპული ბანკების სტრეს-ტესტირება, შესაძლოა, ამერიკულზე მკაცრიც კია.