2011 წლის ბიუჯეტის დეტალები

საქართველოს პარლამენტში უკვე რამდენიმე კვირაა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილ 2011 წლის ბიუჯეტის კანონპროექტს განიხილავენ. მართალია, ჯერ ეს პროექტი ძალიან ზოგადია და ბევრ ასპექტში დაწვრილებითაა გასაწერი, მაგრამ ქვემოთ მაინც შევეცდებით გავამახვილოთ ყურადღება მომავალი წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური დოკუმენტის ზოგიერთ ტენდენციაზე. 

      მომავალი წლის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მიხედვით, შემოსავლები და ხარჯები 6 960 000 000 ლარით განისაზღვრა, საიდანაც 5 300 000 000 ლარი საგადასახადო შემოსავლებია. რაც იმას ნიშნავს, რომ 2011 წელს საგადასახადო შემოსავლებით ბიუჯეტის დაახლოებით 75% შეივსება. დარჩენილი ნაწილი კი, არასაგადასახადო შემოსავლებით, ანუ საერთაშორისო გრანტებითა და კრედიტებით დაიფარება. აქვე აღსანიშნავია, რომ 4%-მდე მცირდება დეფიციტის მოცულობა, რაც საგარეო ვალების აღების საჭიროებასაც ამცირებს. 
      2011 წლის ბიუჯეტის პროექტთან ერთად წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, მომდევნო 4 წელიწადში საბიუჯეტო შემოსავლები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 27,6%-დან 25,5%-მდე შემცირდება. შეგახსენებთ, რომ 2008 წლიდან მოყოლებული დღემდე საბიუჯეტო შემოსავლები 30,7%-დან 28,3%-მდე შემცირდა. დაგეგმილია მთლიანი შიდა პროდუქტის 4,5%-იანი ზრდა. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები დაგეგმილია მშპ-ს 29%-ის ფარგლებში. 
      საბიუჯეტო პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა 2011 წელს საბიუჯეტო შემოსავლების კლებას ელოდება. 2011 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული შემოსავლები და ხარჯები მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესაბამის მაჩვენებლებზე 30 მლნ ლარით ნაკლებია. 
      ფინანსთა მინისტრის, კახა ბაინდურაშვილის შეფასებით, ბიუჯეტის შემცირების მიუხედავად, პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსება იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის რესურსების ძირითადი ნაწილი კვლავ განათლების, სოციალური, ჯანმრთელობის დაცვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას მოხმარდება. 
      როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ერთ-ერთ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსების ზრდა 40 მილიონით მოხდება, განათლების 16 მილიონით, ხოლო წყლის სისტემების რეაბილიტაციისათვის 150 მილიონი იქნება გამოყოფილი. მინისტრის შეფასებით, ქართული ეკონომიკის ზრდის მთავარი ბერკეტი სოფლის მეურნეობაა, შესაბამისად, წლევანდელ წელთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსება 4-ჯერ იზრდება, თუმცა, არ გაიზრდება სამინისტროს ადმინისტრაციული ხარჯები. მინისტრის ინფორმაციით, მოსახლეობას მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში უნდა მოეხსნას წყლის პრობლემა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 150 მილიონი იქნება გამოყოფილი 
      რაც შეეხება დეფიციტის დაფინანსების წყაროებს, ბაინდურაშვილის განცხადებით, დეფიციტის დაფინანსების ერთ-ერთი მთავარი წყარო კვლავ საინვესტიციო პროექტები იქნება. 2011 წელს საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ობიექტების პრივატიზაციიდან 150 მლნ ლარის მიღებას ელოდება. აღნიშნული თანხიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მხოლოდ 70 მლნ ლარი შევა, დანარჩენი კი, ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში გადანაწილდება. მისივე თქმით, საბიუჯეტო დეფიციტის დასაფინანსებლად მომავალ წელს მთავრობა 100 მილიონი ლარის სახაზინო ვალდებულებების გამოშვებას გეგმავს. 
      ცენტრალური ხელისუფლებისაგან ფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში ავტონომიური რესპუბლიკები და ადგილობრივი თვითმმართველობები ჯამში 787 მილიონ ლარს მიიღებენ. 85 მილიონი ლარია გამოყოფილი სხვადასხვა რეგიონალური პროექტების განსახორციელებლად. მომავალი წლის ბიუჯეტში საერთაშორისო ვალდებულებების მომსახურებისთვის განსაზღვრულია 332.8 მილიონი ლარი. საქართველოს საჯარო სკოლების ვაუჩერულ დაფინანსებას 329.2 მილიონი ლარი მოხმარდება. აქედან, პირველი კლასის მოსწავლეებისათვის კომპიუტერების შესაძენად განკუთვნილია 32 მილიონი ლარი. ინგლისურენოვანი მასწავლებლების საქართველოში ჩამოყვანის პროგრამისათვის კი 10 მილიონი ლარია გამიზნული. საქართველოს პარლამენტი 40.133 მილიონ ლარს მიიღებს. 
      რაც შეეხება სამინისტროებისათვის გამოყოფილ თანხებს. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამინისტრო 1,783.8 მილიონ ლარს მიიღებს, შარშან ეს მაჩვენებელი 2,201.0 მილიონი ლარი იყო. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო სამინისტროს აპარატი შარშანდელი 950 მილიონი ლარის ნაცვლად 923 მილიონს მიიღებს. რეინტერგარციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს მომავალ წელს 1,025.4 მილიონი ლარი გამოეყოფა. ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება 348.619 მილიონი ლარიდან, 273.043 მილიონამდე მცირდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 21.397 მილიონ ლარს მიიღებს. თავდაცვის სამინისტროსათვის 660 მილიონი ლარი გამოიყოფა,  წლევანდელ ბიუჯეტში ამ სამინისტროსათვის 744.550 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2011 წელს 51 მილიონი ლარით დაფინანსდება. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო 99.553 მილიონ ლარს მიიღებს. 
      ზოგიერთ სამინისტროს მომავალ წელს დაფინანსება ეზრდება. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 782.378 მილიონი ლარის ნაცვლად 971.371 მილიონი ლარი გამოეყოფა. იუსტიციის სამინისტრო 68.700 მილიონ ლარს მიიღებს. საგარეო საქმეტა სამინისტრო 73.174 მილიონი ლარით დაფინანსედება, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 4 მილიონით მეტია აღნიშნული სამინისტროს 2010 წლის ბიუჯეტის მაჩვენებელთან შედარებით. 548 მილიონი ლარიდან 566 მილიონამდე იზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება. ენერგეტიკის სამინისტრო 74,954.1 მილიონ ლარს მიიღებს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრი კი – 3,443.1 მილიონს. ახლად შექმნილი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო 30,927.6 მილიონი ლარით დაფინანსდება.   
      შარშანდელთან შედარებით შემცირებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება, ის 1,605 მილიარდ ლარს შეადგენს (შარშან 1,607 მილიარდი ლარი იყო). ჯერჯერობით გაურკვეველია, რა თანხა გამოიყოფა ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოსთვის. ასევე, მცირდება საპენსიო ხარჯები – 916-დან 908 მილიონ ლარამდე. ნაკლები დაფინანსება გაიწერა სოციალურ დახმარებებზეც. გარდა ამისა, ბიუჯეტის პროექტში არ ჩანს მთელი რიგი სახელმწიფო პროგრამები, რომელსაც საზოგადოება ყველაზე მეტად ელის. თუმცა, ალბათ, ეს იმის ბრალიცაა, რომ ჯერ ბიუჯეტის პროექტი დაწვრილებით არ არის გაწერილი. ამის შესახებ საუბრობს ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია: “ის, რაც ჯერჯერობით 2011 წლის საბიუჯეტო პროექტის სახით არის წარმოდგენილი, ნედლი დოკუმენტია და საჭიროებს მეტ დეტალიზაციას. მაგალითად, ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები არ არის დეტალურად გაწერილი. იმიტომ, რომ ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა დეტალებში გასარკვევად მეტი დრო ითხოვა. ასევე, ბიუჯეტი მეტად არის გასაწერი პროგრამული და კაპიტალური ხარჯების თვალსაზრისით, რადგან ბიუჯეტი უკვე გადასულია პროგრამულ და კაპიტალურ დაფინანსებაზე. დეტალურად არის გასაწერი სხვა ხარჯებიც. თუმცა, ბიუჯეტის საბოლოო დამტკიცებამდე დრო რჩება და ალბათ მთავრობა მას უფრო დეტალურად გაწერს. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად რეალურად არის ბიუჯეტი დაგეგმილი, მე ვფიქრობ, რომ 2010 წლის ბიუჯეტთან შედარებით მომავალი წლის ბიუჯეტი უფრო რეალისტურად არის გაწერილი და არა ზედმეტად ოპტიმისტურად. 2010 წლის ბიუჯეტი რომ ძალიან ოპტიმისტურად იყო დაგეგმილი, ამას მოწმობს ფაქტი – რომ არა ძალიან მკაცრი ადმინისტრირება ბიზნესთან მიმართებაში, ხელისუფლებას 2010 წლის ბიუჯეტის შესრულება ძალიან გაუჭირდებოდა. ამიტომაც გამკაცრდა საგადასახადო ადმინისტრირება და ჩვენ ამ ყველაფრის მოწმე თითქმის ყოველდღიურად ვხდებოდით. 2011 წელს ამის საშიშროება ნაკლებად არის. მით უმეტეს, იგეგმება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების მეტი პრივატიზაცია, საიდანაც დამატებითი შემოსავლები იქნება მობილიზებული”. 
      კანონმდებლობის მიხედვით, თვის დასაწყისში შეტანილი კანონპროექტი 22 ოქტომბრამდე კვლავ მთავრობას უნდა გადაეგზავნოს, რომელიც კორექტირებულ პროექტს პარლამენტს 5 ნოემბრამდე დაუბრუნებს. აღნიშნული პროცედურის შემდეგ ბიუჯეტის პროექტი მთავრობას კიდევ ერთხელ დაუბრუნდება. საბოლოო ვარიანტს კი, პარლამენტი დეკემბრის მესამე პარასკევამდე დაამტკიცებს.რედაქციისგან