მაღლა ცაში ამაფრინე… იაფად!

მაკა ღანიაშვილი 

უკვე დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს ავიაბაზარზე ბილეთების ფასი ძალიან მაღალია. როგორც ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ უკავშირდება ავიაბილეთების ფასებს, თბილისიდან სტამბულში გაფრენა ადამიანს იმდენივე შეიძლება დაუჯდეს, რაც ევროპელს ევროპის ნებისმიერი ქალაქიდან აშშ-ში გადაფრენა. ეს შედარება კი, ამ ორი მარშრუტის სიგრძის გათვალისწინებით, ქართულ და ევროპულ ფასებს შორის მართლაც კატასტროფულ სხვაობაზე მიუთითებს. თუმცა ბოლო დროს სიტუაცია ქართულ ავიაბაზარზე შეიძლება მომხმარებლის სასიკეთოდ შეიცვალოს. ბაზარზე შემოდიან დაბალბიუჯეტიანი კომპანიები, რომლებიც გაცილებით იაფად სთავაზობენ მგზავრებს გადაყვანას, ვიდრე ამას აქამდე საქართველოს ავიასივრცეში მოქმედი კომპანიები აკეთებდნენ. 

      სექტემბრის დასაწყისში საქართველოს ბაზარზე შემოვიდა პოლონური ავიაკომპანია “ლოტი”, რომელიც მსოფლიოში ავიაკომპანიათა უმსხვილესი გაერთიანების “სტარ ალიანსის” წევრია. ამჟამად “ლოტი” ვარშავის მიმართულებით ასრულებს რეისებს. ვარშავის მიმართულებით ცალმხრივი ბილეთის ფასი 185 ევროა. ორივე მიმართულებით ბილეთის ფასი კი 275 ევროდან იწყება, ამერიკის მიმართულებით ყველაზე იაფი ბილეთი 685 ევრო ღირს. რაც, საქართველოში დღემდე არსებულ ფასებთან შედარებით, მართლაც რევოლუციური ფასია. ბაზარზე ახალი კომპანიის გამოჩენას, ერთ-ერთი პირველი, ეკონომიკის სამინისტრო გამოეხმაურა. სამინისტროს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ “ლოტის” შემოსვლა საქართველოში კონკურენციის გაზრდასა და ფასების სტაბილურობას შეუწყობს ხელს. ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით 80-ადგილიანი თვითმფრინავით დაფრინავს. აღსანიშნავია, რომ “ლოტი” უკვე წარმატებულად აფასებს ქართულ ბაზარზე შემოსვლას. მისი ქართული წარმომადგენლობის ხელმძღვანელობის განცხადებით, ფრენების დაწყებიდან სამი კვირის თავზე უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ მათმა სტრატეგიამ 100%-ით გაამართლა. 
      ბაზარზე შემოვიდა კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი კომპანია. თურქულმა “პეგასუსმა” 10 ოქტომბერს შეასრულა პირველი რეისი. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, “პეგასუსი” არსებულ ფასებთან შედარებით მესამედ, ზოგიერთ რეისზე კი მეხუთედ ფასში იფრენს. თურქულ კომპანიაში მიიჩნევენ, რომ თუ საქართველოს ავიაბაზარზე მოქმედი სხვა კომპანიები დაბალბიუჯეტიანი კომპანიების შემოსვლას ბილეთების გაიაფებით არ უპასუხებენ, ადრე თუ გვიან ბაზრიდან წასვლა მოუწევთ. 
      რთული სათქმელია, რამდენად უკავშირდება ბაზარზე დაბალბიუჯეტიანი კომპანიების შემოსვლას, მაგრამ ფაქტია, რომ აქამდე ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე, “ავსტრიის ავიახაზები”, საქართველოდან წავიდა. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ამის მიზეზი არადამაკმაყოფილებელი კომერციული შედეგები იყო. ცნობისათვის, ავსტრიის ავიახაზები 1998 წლის მაისიდან მოყოლებული, ვენის მიმართულებით კვირაში ოთხჯერ დაფრინავდა. ევროპის მიმართულებით “ავსტრიის ავიახაზების” ბილეთი 350-850 ევრო ღირდა. 
      პროფილი შეიცვალა კიდევ ერთმა ავიაკომპანიამ. “სქაი ჯორჯიამ” სამგზავრო ავიარეისები შეწყვიტა და სატვირთო გადაზიდვებზე გადაერთო. ავიაკომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, ამიერიდან, ავღანეთში ნატოს ტვირთების გადატანას მოემსახურებიან. მათ სატვირთო გადაზიდვებისთვის ახალი თვითმფრინავის შესაძენად 15 მილიონის ინვესტირება მოახდინეს, უახლოეს თვეებში ინვესტიციის 5 მილიონით, ხოლო თვითმფრინავების რაოდენობის 7-მდე გაზრდა იგეგმება. სქაი ჯორჯია” ბოლო პერიოდში სამგზავრო ავიარეისებს უკრაინის მიმართულებით ახორციელებდა. 
      საინტერესოა, კიდევ რა ცვლილებები მოყვება ბაზარზე დაბალბიუჯეტიანი კომპანიების გამოჩენას და რა ბედი ელის მომხმარებლისათვის ყველაზე მტკივნეულ საკითხს – ავიაბილეთების ფასებს? 
      როგოგორც საქართველოს სატრანსპორტო ადმინისტრაციაში გვითხრეს, თბილისის აეროპორტიდან დღეს რეგულარულ სამგზავრო რეისებს 17 უცხოური და 1 ქართული კომპანია (“აირზენა”) ასრულებს. ყველაზე ბევრ რეისს ასრულებენ “თურქიშ ეარლაინსი”, გერმანულ “ლუფტჰანზა”, “ჩეხეთის ავიახაზები” და “ბრიტიშ მიდლენდი”. საქართველოს სივრცეში არარეგულარულად სხვა კომპანიებიც დაფრინავენ და ჩარტერულ რეისებს ასრულებენ. 
      ავიაკომპანიების ფასები ერთმანეთისგან ბევრად არ განსხვავდება, თუმცა, მათი დაყოფა საშუალო და მაღალფასიან სეგმენტზე მომსახურე კომპანიებად მაინც შეიძლება. ყველაზე მაღალ სეგმენტზე გერმანული “ლუფტჰანზა” მუშაობს. აქ ბილეთის ფასი ევროპის მიმართულებით 340 ევროდან იწყება და 1165 ევრომდეც ადის. “ჩეხეთის ავიახაზების” ფასები ევროპისკენ 350 ლარიდან იწყება. 287-290 ევროდან 820 ევრომდე ჯდება თბილისი-სტამბულის მიმართულება. ბიზნეს-კლასის ბილეთის ფასი კი 2 ათას ევრომდეც ადის. მაღალ საფასო სეგმენტში მუშაობს “ბრიტიშ მიდლენდიც”, ჩვეულებრივ, აქ ფასები 520 ევროდან 1700 ევრომდე მერყეობს. “აირზენას” ევროპის მიმართულებაზე (ვენა, ამსტერდამი, ფრანკფურტი, პარიზი) მინიმალური ფასი 229 ევრო აქვს და 430 ევრომდე აღწევს. “თურქიშ ეარლაინსი” თბილისი-სტამბულის რეისზე ბილეთს 195-დან 550 ევროს ფარგლებში ჰყიდის. “პეგასუსმა” კი თბილისი-თურქეთის რეისს თითქმის სამჯერ დაბალი ფასი დაადო. თურქულ ავიაკომპანიაში თბილისი-სტამბული – 80, თბილისი-ანტალია კი 99 ევრო ეღირება, თბილისი-ლონდონის რეისზე კი მაქსიმალური ფასი 139 ევრო იქნება. 
      ლევან ელიზბარაშვილი, კომპანია “პეგასუსის” წარმომადგენელობის დირექტორი საქართველოში: “პეგასუსმა” საქართველოს საჰაერო სივრცის ათვისება გადაწყვიტა. ამისათვის ჩვენ ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებით შემოვდივართ. მაგალითად, სტამბოლის მიმართულებით ფრენა, ერთი გზა 80 ევრო ღირს, ევროპის მიმართულებით კი, ფასები 130 ევროდან იწყება. არსებულთან შედარებით ეს არის 3-4-ჯერ ნაკლები ფასები. და ეს დროებითი აქცია არ არის. კომპანია მუდმივად ამ ფასად იფრენს. ჯერჯერობით ჩვენ ვიფრენთ ევროპის 28 და თურქეთის 14 ქალაქის მიმართულებით. ქალაქებისა და ქვეყნების რაოდენობა, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად გაიზრდება. მალე დავიწყებთ ფრენებს აზიის, აფრიკისა და ამერიკის მიმართულებითაც”. 
      როგორც კომპანია “პეგასუსის” წარმომადგენლები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, საქართველოს ავიაბაზარზე კონკურენცია ბევრად მძაფრია თურქეთის ავიაბაზართან შედარებით, მიუხედავად ამისა, ავიაბილეთების ფასი ჩვენთან გაცილებით მაღალია. 
      რას უპირისპირებენ მათ არგუმენტებს ის კომპანიები, რომელთა ბილეთებიც გაცილებით ძვირი ღირს? ბევრი კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ბილეთებზე დაბალმა ფასმა მომხმარებელი შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს და რომ 80-ევროიანი ბილეთი შეიძლება სულაც არ ღირდეს მხოლოდ 80 ევრო. ამის მიზეზად დაბალბიუჯეტიანი კომპანიების ოპონენტები იმ ხარჯებს ასახელებენ, რომელიც ბილეთის საფასურში შეიძლება არ შედიოდეს. მაგალითად, საკვებისა და ბარგის გადაზიდვის საფასური, რომელიც შეიძლება მგზავრებს ცალკე გადაახდევინონ. 
      ამ მოსაზრებას არ ეთანხმება “პეგასუსის” წარმომადგენელი. ლევან ელიზბარაშვილი:  “ეს არის აბსოლუტური სიცრუე და დეზინფორმაცია. ჩვენს კომპანიაში ყველაზე დაბალფასიანი ბილეთის მფლობელსაც კი აქვს უფლება უფასოდ გადაზიდოს 28 კილოგრამი ბარგი. აქედან 20 კილიოგრამი არის ჩვეულებრივი ბარგი, რომელიც ბარდება და, რომლის გადატანის უფლებაც მგზავრს უფასოდ აქვს. 8 კილოგრამი ხელბარგი კი შეუძლია შეიტანოს ავიასალონში, რომლის გადატანის ღირებულებაც ასევე შედის ავიაბილეთის ფასში. ანალოგიური უფლება აქვს, მაგალითად, 200 და 400-ევროიანი ბილეთის მფლობელსაც. ამ მხრივ არაფრით განსხვავდება 80 და 400 ევროიანი ბილეთი. 
      კვებას რაც შეეხება. მართალია, მისი ღირებულება ბილეთის ფასში არ შედის, მაგრამ თვითმფრიანვის ბორტზე კვება მაქსიმუმ 10 ევრო ჯდება. მაქსიმუმ იმიტომ, რომ მგზავრს შეუძლია კვებაზე დახარჯოს მხოლოდ 7, 6 ან სულაც 4 ევრო. კვების ხარჯები კი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მენიუს აარჩევს მომხმარებელი. არჩევანი კი მართლაც მრავალფეროვანია. ეს არის ჩვენი მომსახურების კიდევ ერთი განსხვავებული პირობა. ჩვენ მომხმარებელს ვაძლევთ საშუალებას არათუ ფიქსირებული თანხა გადაიხადოს საკვებში, არამედ თვითონ განსაზღვროს ის, თუ რამდენს დახარჯავს. ჩვენ გვაქვს მენიუ, საიდანაც არჩეული საკვების მაქსიმალური ღირებულება შეიძლება იყოს მხოლოდ 10 ევრო. ასეთ შემთხვევაში, 80-ლარიანი ბილეთის ფასი თავის კვებიანად 90 ევრო გამოდის. ამასთანავე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ 90 ევროში, ბილეთისა და კვების საფასურთან ერთად, შედის აეროპორტის ყველა მოსაკრებელი. არ არსებობს მოსაკრებელი, რომელიც ამ ბილეთის ფასში არ შედის”.  
      “პეგასუსში” მიიჩნევენ, რომ მათ კონკურენტებს ფასების დაწევის რეზერვი აქვთ, მაგრამ ტარიფებს მათ დონემდე მაინც ვერ შეამცირებენ. თუმცა ბილეთების გაიაფებას არ აპირებს კომპანია “ლუფტჰანზა”. კომპანიის თბილისის ოფისში აცხადებენ, რომ თავს იაფი ავიაკომპანიების კონკურენტად არ მიიჩნევენ, რადგან მაღალშემოსავლიან სეგმენტზე მუშაობენ. კომპანიაში ფიქრობენ, რომ კრიზისის დროს უკეთესია არა ფასის დაწევა, არამედ იმავე ფასში სერვისის გაზრდა. მსხვილი ევროპული ავიაკომპანიის გაყიდვებში პირველი და ბიზნესკლასის ბილეთებს 20%-მდე უკავია, მაგრამ შემოსავლის 40% მოაქვს. ბილეთი ძვირი ღირს, ამიტომ ცოტა იყიდება, სამაგიეროდ დიდი მოგებით. ამიტომ “ლუფტჰანზაში” ჯერჯერობით სტრატეგიის შეცვლას არ აპირებენ. 
      ავიაბილეთების ფასებზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ საქართველოს სატრანსპორტო ადმინისტრაციაში, სადაც მიაჩნიათ, რომ ფასებს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპები განსაზღვრავს. 
      ქეთევან ქოჩორაშვილი, საქართველოს სატრანსპორტო ადმინისტრაციის პრეს-მდივანი: “საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია არ განსაზღვრავს ბილეთების ფასს. ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით. ფასი ბაზარზე განისაზღვრება იმისდა მიხედვით, თუ რამდენად კონკურენტუნარიანია ის. პროცესებს თვითონ ბაზარი არეგულირებს. ჩვენ ამაში უბრალოდ ვერ ჩავერევით, რადგან ეს ხელოვნური ჩარევა იქნებოდა. 
      ს.ე. – თუ ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ ფასები ჩვენთან, საერთაშორისო ბაზართან შედარებით გაცილებით მაღალია? 
      ქ.ქ. – ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მომხმარებლის შესაფასებელია. მან უნდა განსაზღვროს მისთვის ბილეთის ფასი მაღალია თუ არა. ვფიქრობ, რომ ამის შეფასება ჩვენი მხრიდან არ არის მიზანშეწონილი”. 
      თუმცა, ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციაში ისიც გვითხრეს, რომ ყველანაირად უწყობენ ხელს ბაზარზე ახალი კომპანიების შემოსვლასა და კონკურენციის გაზრდას. ჯერჯერობით საუბარია მხოლოდ “პეგასუსზე”, მაგრამ ზამთრის სეზონზე ფრენების ლიცენზიის მოსაპოვებლად კომპანიების განაცხადების მიღება ჯერ არ დასრულებულა. რაც იმას ნიშნავს, რომ შემოდგომის ბოლოსთვის საქართველოს საჰაეროს სივრცეს კიდევ შეიძლება შეემატოს ახალი კომპანიები. ქეთევან ქოჩორაშვილი: “ჩვენ რა თქმა უნდა მხარს ვუჭერთ ნებისმიერი დაბალბიუჯეტიანი და არა მხოლოდ დაბალბიუჯეტიანი კომპანიის შემოსვლას საქართველოში. ჩვენი მხრიდან ამისთვის ყველაფერი კეთდება. ბაზარი უფრო კონკურენტუნარიანი უნდა გახდეს და ფასებიც – მრავალფეროვანი, მომხმარებელს საკუთარი სურვილისა და შესაძლებლობების მიხედვით არჩევანის გაკეთების საშუალება რომ ჰქონდეს”. 
      როგორც ქეთევან ქოჩორაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს ავიაბაზრზე კონკურენციის გაზრდას ხელს ის ხელშეკრულებაც შეუწყობს, რომელზე მუშაობაც დასასრულს უახლოვდება. საუბარია, საქართველოს საჰაერო სივრცის მიერთებაზე ევროპის ერთიან საჰაერო სივრცესთან. პროცესი სვარაუდოდ წლის ბოლოსათვის უნდა დასრულდეს. ქეთევან ქოჩორაშვილი: “ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ უფრო მეტად გაიზრდება კონკურენტუნარიანობა ბაზარზე. შესაბამისად, ამან შეიძლება გამოიწვიოს ფასის დაწევა. ამასთანავე, მინდა ხაზი გავუსვა ერთ გარემოებას, ხშირად ამბობენ ხოლმე ჟურნალისტები, რომ თუ ჩვენ ევროპის ერთიან საჰაერო სივრცეს შევუერდებით, ფასები ავტომატურად დაბლა დაიწევს. მაგრამ ეს ასე არ არის. ამ ხელშეკრულებაზე მიერთების შემდეგ, ბაზარი უფრო კონკურენტუნარიანი ხდება და ფასების დაწევაც თეორიულად ივარაუდება. 
      ს.ე. – გარდა კონკურენციის გაზრდისა, კიდევ რას შეცვლის ამ ხელშეკრულებაზე მიერთება? 
      ქ.ქ. – ქართული ავიაბაზრისთვის შეიცვლება ის, რომ თუ ახლა ჩვენ ევროკავშირის 27 ქვეყნიდან თითოეულთან ცალცალკე ვაფორმებთ ხელშეკრულებას, ახლა უკვე მოხდება ერთ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა და ერთ საჰაერო სივრცესთან მეირთება. ეს ნიშნავს, როგორც ხარისხის, ასევე ავიაკომპანიების რაოდენობის ზრდასაც. 
      ჩვენ იმ ავიალაინერებითაც დავინტერესდით, რომლითაც საქართველოში მოქმედ ავიაკომპანიები დაფრინავენ. როგორც სატრანსპორტო ადმინისტრაციაში გვითხრეს, ეს არის “ბოინგის” თვითმფრინავები, “ეარბასის” საჰაერო ხომალდები და “ემბრაერები”. აღსანიშნავია, რომ თუ თვითმფრინავები საერთაშორისო მოთხოვნებსა და სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ, კომპანიები საქართველოს ავიასივრცეში ფრენის ლიცენზიას ვერ მიიღებენ. ამიტომ ავიალაინერების ხარისხის შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან ვალდებულებაა. ქართველ მგზავრებს თანამედროვე ორსართულიანი, “აირბას ა-380”-იც ემსახურება, რომელიც კომპანია “ლუფტჰანზამ” საქართველოში რამდენიმე თვის წინ შემოიყვანა. 
      ხელისუფლებას ბაზარზე კიდევ ერთი დაბალფასიანი ირლანდიური “რან ეარის” შემოყვანაც სურდა, მაგრამ შეთანხმება ჯერ ვერ შედგა. როგორც ამბობენ, ირლანდიურმა ავიაკომპანიამ ფრენების მაღალი სიხშირე და მგზავრთა დიდი ნაკადი მოითხოვა. ევროპის ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ქართულ ბაზარზე შესაძლო შემოსვლის შესახებ განცხადება აგვისტოს ბოლოს გაკეთდა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ კომპანიამ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება აღარ ისურვა. “რაინ ეარს” ფრენების შესრულება 2011 წლის ზაფხულიდან უნდა დაეწყო. ბილეთების გაყიდვა კი უკვე იანვრიდან იგეგმებოდა. 
      დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები საქართველოს ბაზარზე უკვე გამოჩნდნენ. ჯერჯერობით რთული სათქმელია, რამდენად გამოიწვევს ეს ბაზარზე ფასების მკვეთრ ცვლილებას და უპასუხებენ თუ არა სხვა კოპანიები ბაზარზე მომხდარ სიახლეებს ფასების დაწევით. მართალია, ავიაკომპანიების უმეტესობას ბილეთებზე ისევ მაღალი ფასები აქვს, მაგრამ მაღალფასიანი ავიაბილეთების ალტერნატივა უკვე არსებობს. ის ფაქტი, რომ მომხმარებელს არჩევანის საშუალება აქვს, უკვე ბევრს ნიშნავს.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial