საავეჯო კომბინატები გიგანტომანიას დაემშვიდობნენ

ქეთი მიქელაძე

ჩვენი ტელეარხის წამყვანმა რესპონდენტს კითხვით მიმართა – ასანთის მოხმარებით რესპუბლიკიდან დიდი თანხები გაედინება, და იქნება ჩვენთანაც იფიქროს ვინმემ ამ საკითხთან დაკავშირებით? რესპონდენტის ვინაობა არ მახსოვს. მას არ განუმარტავს საქართველოში ამ ტიპის წარმოების რეალიზების შესახებ. თუმცა, მაყურებელი მაინც გამოცოცხლდა. იმედის ნაპერწკალმა უსასრულოდ რომ არ იბჟუტოს დასაქმებას მონატრებულთა გულებში, ავხსნათ ეს საკითხი, რაც სტატიის მცირე ნაწილია. ძირითადი თავის ტკივილი კი საავეჯო მრეწველობის მომავალია. იზუალურად პატარა მოცულობის საქონელი ადვილად საწარმოებლის ილუზიას ტოვებს.

ასანთს, ფანქარს სჭირდება სირბილით გამორჩეული არყის ხე, რაც ჩვენთან თითქმის არ არის. შეიძლება რთხმელას გამოყენებაც, ტექნოლოგიური პროცესი ურთულესია: საჭიროა მერქნის წინასწარი ჰიდროთერმული დამუშავება. შემდეგია ხის მერქნის დამშლელი სპეციალური დანადგარი დაშლილი ფანერის მისაღებად, ხის გამოშრობა (ყველა ხეში 70-90% წყალია), შემდეგ ღერებად დამჭრელი დაზგა (ამ დროს 2/3 წუნი რჩება), კარგი წვისთვის ღერებზე პარაფინის წასმა (ჩვენთან ის არ მოიპოვება), თავისთვის საჭიროა გოგირდი, წითელი ფოსფორი და სტიბიუმი, რომლებიც რესპუბლიკაში არ გაგვაჩნია. წარმოება ხანძარსაშიშია, სჭირდება დიდი სანიტარული ზონა. ერთი სიტყვით, გაანგარიშებულია, რომ სრული ინვესტიცია მოგებაზე გაცილებით ძვირია და დიდხანს ვერ ამოიღებს დანახარჯს. ეს წარმოება მხოლოდ მაშინ არის რენტაბელური, როცა მასიურად უშვებს ასანთს დიდი ბაზრისთვის.

ალბათ, ასეთი იმედებით ხალხის კვების შედეგია, როცა მრეწველობას დიდი ქარხნების, დიდი მილების “ბოლვით” წარმოიდგენენ. დიდ ქარხნებს ასეთივე დიდი საბრუნავი თანხები, გასაღების ბაზარი სჭირდება. ამაზე მსჯელობა ბევრში მთქნარებას იწვევს. ამ ძირითადი პოზიციების გარეშე მრეწველობა საქართველოს კი არა, ვიღაც-ვიღაცებსაც ვეღარ გადაარჩენს.

საავეჯო წარმოების სტახანოვური ტემპები
უცნობია, რამდენი გარნიტური მზადდებოდა დღიური გეგმით მეშახტე სტახანოვის მშობლიურ რუსეთში, მაგრამ მასთან “გადაბმულ” ქართული ავეჯის მრეწველობის ზოგ კომბინატში 18 გარნიტური, ზოგან 35-იც აუწყვიათ. თუ ამ ტემპს ხარისხი ვერ დაეწეოდა, ტრაგედია არ იყო, ავეჯი სჭირდებოდა სამედიცინო, საყოფაცხოვრებო, საკურორტო, საოფისე და სხვა სფეროებს. თუ ქართველებში სამამულო ავეჯი არაპოპულარული იყო, გამოსავლად ბულგარული, იუგოსლავიური, რუმინული და ბელორუსიული ავეჯი გვქონდა.

ხე-ტყის გადამუშავება და ავეჯის მრეწველობა 28 ინდუსტრიული ტიპის სუბიექტს მოიცავდა. ბოლო წლებში კი 270-მდე მცირე ბიზნესის ერთეული შეიქმნა. ჯერ “ძველები” გავიხსენოთ: თბილისის საავეჯო-საწარმოო გაერთიანება “განთიადი” (ამჟამად ს/ს), ავეჯის დეტალების კომბინატი ამჟამად ს/ს “კალასი”; ქუთაისის საავეჯო გაერთიანება “ივერია”; სამტრედიის ხის გადამამუშავებელი კომბინატი, ამჟამად ს/ს “იმერეთი”, ბათუმის ხის გადამამუშავებელი კომბინატი. ბათუმშივეა ს/ს ბამბუკის საავეჯო გაერთიანება. ახალდაბის საავეჯო ფაბრიკა და სხვები. ყოველ წელს ნედლეულის 95% რუსეთიდან შემოდიოდა, ასევე ხის მორები, (წიწვოვანი, წიფელი, მუხა) ამის გარდა – უცხოეთიდან 600 დასახელების მასალები, ნახევარფაბრიკატები. სულ ავეჯის კომპლექსის წილი 3%-მდე იყო ეროვნულ პროდუქციაში. მოვლენებს გავუსწრებ: ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ყოფილმა მრეწველობის სამინისტრომ 1996 წელს დარგთაშორის კოოპერაციის გეგმაში შეიტანა დამხმარე მასალების ადგილობრივი წარმოება: რუსთავის “ქიმკომბინატში” უნდა დამზადებულიყო სინთეზური წებოები და ლაქსაღებავები. თბილისის რეზინის ნაკეთობათა ქარხანაში – პლასტიკატი და პარალონი; კონცერნ “საქმეტალურგმრეწვში” – ლითონის საკარკასე მილები; საავიაციო ქარხანაში – ავეჯის მაკომპლექტებელი ნაწილები. ეს ქარხნები ამისთვის მზად იყვნენ, მაგრამ ყველას რეგულარული, დიდი შეკვეთები სურდა, რითაც “მეავეჯეები” მათ ვერ უზრუნველყოფდნენ. თანაც, ზოგიერთი რამ ხარისხით ვერ გამოირჩეოდა. საინტერესო წამოწყება ჩაიფუშა. ვინც საბჭოურ ჩაკეტილ სისტემას მისტირის, უნდა გაიხსენოს, რომ ამის “დამსახურებაა” ჩვენთან დამხამრე მასალების, მაკომპლექტებელი საგნების წარმოების განუვითარებლობა, ან “განვითარებულობა” ჩაკეტილი ბაზრის გემოვნების დონეზე. ამ წარმოებას ევროპა ყოველ ოთხ წელიწადს ხვეწდა, რადგან ავეჯის ყიდვა-არყიდვას “მცირე” ატრიბუტების მიმზიდველობაც წყვეტს. ქართველი მყიდველი კი ყოველთვის იმ დონის პრეტენზიულობით და გემოვნებით გამოირჩეოდა, რაც მსოფლიო მოთხოვნას ახასიათებს. ის, რომ 90-იან წლებთან შედარებით დღეს ავეჯზე მოთხოვნა 85%-ით დაეცა, არ ნიშნავს, რომ ქართველები ავეჯს აღარ ყიდულობენ: იყიდიან უცხოურ ძველს, მაგრამ კარგს; დაუკვეთენ, ან ადგილობრივს შეიძენენ, თუ თანამედროვე დონისაა, რაც დღეს წარმოებისთვის პრობლემურია (ამაზე ქვემოთ). საინტერესოა, სხვა რამეც. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 50 წლის მანძილზე 1995 წლამდე საქართველოდან ხის მორების ექსპორტი არ განხორციელებულა. არალეგალურ წარმოებაზე დღეს ყველა ლაპარაკობს, თუმცა, ის ადრეც იყო, უბრალოდ, ხელფასებს არავინ “ყინავდა” და ეს ნაკლებად გვაწუხებდა. 1983 წელს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭომ გადაწყვიტა, სახერხი დაზგების 610 ერთეული დარჩენილიყო (რომლებიც, ძირითადად, ხის დამამუშავებელ, საავეჯო ობიექტებთან იქნებოდნენ). ეს ამოცანა ხე-ტყის და ხის დამამუშავებელი მრეწველობის სამინისტროს დაევალა, მას უნდა შეედგინა სახერხების დისლოკაციის სქემა, რაც 1987 წელს შედგა. შემოწმებისას “აღმოჩნდა”, სულ 1300 სახერხი მოწყობილობა მუშაობდა სხვადასხვა სამინისტროთა, უწყებათა 720-მდე წარმოებაში. ბევრი სახერხი მდინარის ხეობებში, “მოფარებულში” მდებარეობდა. მხერხავები არ ინტერესდებოდნენ მოჭრილი ხეების ასავალ-დასავალით და ნახერხს ღიღინით აყოლებდნენ წყალს. სახერხების დახურვისას ატყდა გაწევ-გამოწევა, რეკვა-მუქარა, “თუ არ ჩაგვსვამთ დისლოკაციაში, ამას და ამას ვიზამთ!”-ო მოკლედ, სახერხების აკრძალვა არ გამოვიდა. რითი განსხვავდება ეს სიტუაცია დღევანდელობისაგან? მას შემდეგ 13 წელი გავიდა. უკანონო ხერხების რაოდენობა დღესაც არანაკლებია.

რით შევედით
“ევროპის ფანჯარაში”
1994 წლიდან პრივატიზაცია ძნელად, მაგრამ მაინც წინ მიიწევდა. როგორც იქნა, საავეჯო გიგანტები პატრონებს ჩაბარდნენ. ისინი, ძირითადად, ამავე სფეროს წარმომადგენლები არიან. 1998 წლისათვის კომპლექსის სამრეწველო სიმძლავრე შთამბეჭდავია: 180 ჰექტარამდე ტერიტორია; შეიძლება იწარმოოს 70 მლნ. დოლარის ავეჯი; 400000 კუბური მეტრი დახერხილი ფიცარი და 3 მლნ კუბური მეტრი ანათალი ფანერა; 44 მლნ დოლარის ღირებულების ძირითადი ფონდებია. შემორჩენილია 80 ერთეული უცხოური ავტომატური და ნახევრადავტომატური ხაზები… მაგრამ მომხმარებელი ღარიბდება და ქრება. სახელმწიფოს დარგის მიმართ მერყევი პოლიტიკა აქვს, მიმდინარეობს საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაცია. (ხის მორის ექსპორტი ხან იკრძალება, ხან იშვება).

გიგანტებმა გამოსავლის ძიება დაიწყეს. შპს რესპუბლიკურმა გაერთიანება “საქტყეავეჯმრეწვმა” დასახა რეაბილიტაციის გზები, სადაც გამოკვეთილია, რომ გამოსავალი რადიკალურ რეორგანიზაციაშია, მოქნილ წვრილ ერთეულებად დაშლაში, საჭიროებისას პროფილის შეცვლაში. მაგ. ს/ს “განთიადში” მარტო ფართობი 11 ჰექტარია. მხოლოდ ფართობით ვერავის დააინტერესებ, თუ ზედ ხეირიან წინადადებასაც (აზრსაც) არ დააყოლებ. “ორბელის” ჯგუფად ცნობილმა 48%-ის მფლობელმა აქციონერებმაც მოიძიეს პარტნიორი, ვინც ხარჯებს, დაზგების ჩამოტანას თავის თავზე იღებს. შედგა ადგილობრივი მერქნიდან თანამედროვე სკამების წარმოების ბიზნეს-გეგმა. სკამები პარტნიორის გეგმით კანადაში უნდა გაიყიდოს. ნავარაუდევია, “ორბელი” ძელაკების სკამის დეტალების საამქროსთან ერთად თავისი ბალანსით გამოეყოს ს/საზოგადოებას. ეს წინადადება აქციონერების კრებაზე მოიწონეს. 10%-ის მფლობელებმა კი გადაწყვიტეს ხის საშრობ კამერებში მცირე სიმძლავრის ორთქლის ქვაბები დადგან, რადგან დიდები ზარალიანია. ისევე, როგორც ძვირი ტარიფის ელექტროენერგიის გამოყენება. ეს ს/საზოგადოება “კალასში” განხორციელდა კიდეც.

ვიდრე მსხვილი საწარმოები პრობლემებზე თავს იმტვრევდნენ, ავეჯის წვრილმა მეწარმეობამ უმუშევართა ფართო ფენები შეიფარა, როგორც ლეგალურად, ასევე – პირიქით. ისინი უმეტესად თავის გადარჩენაზე ფიქრობენ, სტიქიურად გაჩენილ ხის ბირჟებზე, სადაც ბოლო დროს რუსეთის მორებმა დაიკლო, ძვირფასი მერქნის მორებს 60-70 დოლარად ვერ წვდებიან და წიწვოვანებს არჩევენ, დაახლოებით 40 დოლარად. შედეგად, ხშირად იღებენ უხარისხო ავეჯს, თუმცა, ეს ყველას არ ეხება.

დახერხილი მასალა გაცილებით ძვირია. მაგ. მშრალი წიფელი 1მ3 – 150 $, წიწვოვანები – ნაკლები. კარგი ფიცრის შეძენა იშვიათებს შეუძლიათ. ბოლოს, “კუსტარჩიკები” ცდილობენ ხარისხის დონეზე იყვნენ. მიხვდნენ, რომ სჯობს ერთი და კარგი, ვიდრე შვიდი და გაღუნული. კონკურენტად ლეგალურ იმპორტულ ავეჯს არ თვლიან, კონკურენტებია ოჯახებიდან გამოტანილი გარნიტურები. საერთოდ, არალეგალურები 30%-ით იაფად ამზადებენ ავეჯს გადასახადების არიდების შედეგად, ვიდრე დიდი, ლეგალური საწარმოები.

ან – ხეები, ან არსებობა
საერთოდ, წელიწადში სანიტარული ჭრებით 300 000მ3 ხე იჭრება. აქედან, გასაყიდად ვარგისი 120 000 მ3 იქნება. სწორედ ეს ჭრები ნაწილდებოდა ტენდერზე ფირმებს შორის, რომელთაც ლიცენზიაში საქმიანობის მიზნად “ექსპორტი” ეწერათ. ეს ფირმათა 60% იყო. როგორც სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ჰანტერ მონრომ განაცხადა “საქტყეავეჯმრეწვის” წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, ჩვენ რომ მოვითხოვეთ ექსპორტის დაშვება. (1998 წლის 25 ივნისს პარლამენტმა მიიღო კანონი “საქართველოს ტერიტორიაზე ტყით სარგებლობის მოწესრიგების” შესახებ. ამით სავალუტო ფონდის მოთხოვნით ექსპორტი დაიშვა). ეს არ ნიშნავს, ქვეყანა ხისგან გაცალოთო. ხომ დაგიტოვეთ საქმის ბერკეტად ლიცენზირება. ხის მჭრელებმა გაყიდვის ორიენტაცია ადგილობრივ ბაზარზე აიღონ, ხოლო ლიცენზირების კომისიამ უპირატესობა მათ მისცესო. ლოგიკურად იგი მართალია. კარგად უწყის, რატომაა ქართველის ორიენტაცია უცხოელებზე გადატანილი, 1მ3 მორში უცხოელი 60-ის ნაცვლად $70 და მეტსაც იხდის. 1მ3 ფიცარი დასავლეთში $600 ღირს. თანაც, ერთი ბერკეტი სავალუტო ფონდის მოთხოვნით გაგვიუქმეს. კერძოდ, 1998 წელს 18 მარტს პარლამენტის მიერ კანონს “ხის ნედლეულის საექსპორტო-სალიცენზიო მოსაკრებლის შესახებ” (მის მიხედვით ექსპორტიორი მის ლიცენზიაში 60 ლარს იხდიდა.) პრეზიდენტმა ვეტო დაადო. ეს კანონი საერთაშორისო ლიბერალური ვაჭრობის ხელისშეშლად ჩაითვალა. მთავარი სარგებლობის ჭრები (სახელმწიფო ჭრები) ნელა მიმდინარეობს. თუ ტყე ხშირია, 10 ბალიანად ითვლება. ჯერ 0,8 ბალამდე დაჰყავთ გამოხშირვით, შემდეგ 0,5 და ა.შ. ამ ჭრების მოცულობა წელიწადში 200 000 მ3 იქნება. აქედან, “საქმიანი” ხეები 120 000 მ3-ია. მასიური უხელფასობა-უმუშევრობის ფონზე, ოფიციალურ მოჭრა-გაყიდვას ვინ დაელოდება? სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით 1995-98 წლებში ოფიციალურად 125 000 მ3 მორი გავიდა. თუ ამას დავამატებთ არაოფიციალურ ალბათობრივ მონაცემებს, რაც ოფიციალურზე გაცილებით მეტად ითვლება, გამოვა, რომ მალე არაფერი დარჩება გასაყიდი. სულ საქართველოში ტყის საფარი 7,5 მილიონი მ2-ია. უნიკალურია პატარა ქვეყნისთვის ამხელა ტყის საფარი, თუმცა, აქედან ბევრი ნიადაგდამცავია, ქარსაცავია; ხეები არის ფერდობებზეც, სადაც ჭრა არ შეიძლება. ამდენად, სარგებლობითი ჭრები 2,5 მლნ მ2 დადის. ესეც იმიტომ შემორჩა, რომ ათეული წლების მანძილზე მერქანი რუსეთიდან შემოდიოდა. დღეს ექსპორტი ხორციელდება თურქეთში, ისრაელში, ჩინეთში, ესპანეთში, ნაკლებად – გერმანიაში, ირანში, საბერძნეთში, არაბეთში, პოლონეთში. წლების განმავლობაში ექსპორტის გეოგრაფია გაიზარდა. არაა გასაკვირი, რომ უცხოელ ინვესტორს სამეურნეო ურთიერთობის ინტერესი ჩვენ მიმართ აბსოლუტურად დაკარგული აქვს. მთავარია, აქ შეძენილი მორი შემდგომში ავეჯად მოგვყიდოს.

მრეწველობის სამინისტრო და სატყეო მრეწველობის დარგის კოლექტივები დიდხანს იბრძოდნენ იმისთვის, რაც ამ წლის 4 აპრილს გადაწყვიტა პარლამენტმა. ეს არის დადგენილება, რითაც სატენდერო კომისიებს ევალებათ ხის მჭრელ ფირმათა შორის უპირატესობა მიანიჭონ მას, ვინც ხეს საქართველოში დაამუშავებს. მექანიზმი მარტივია: ეს ლიცენზიაშიც ჩაეწერებათ, საექსპორტოდ მორის გატანას ვერ შეძლებენ. საინტერესოა, როგორ განხორციელდება ტყის მასივების და ადგილობრივ გადამამუშავებელთა მშველელი ეს დოკუმენტი.

ყველა რაიონის სოფლებში, სადაც გასაყიდი ხე-ტყეა, გაჩნდა ე.წ. ხე-ტყის ბროკერი. ის ხით ვაჭრობის პირველი ხელია, უცხოელებს ტყეებშიც უძღვება. მოსახლეობა ამას არ ეწინააღმდეგება, თავადაც უჩვენებს მას საკუთარ ხეებს. სოფლებში შემოდის ფული, საღდება პირუტყვი, ღვინო, სულს ითქვამენ გაჭირვების მიუხედავად წვრილშვილიანი ოჯახები. მოსაუბრის მოთხოვნით არ ვასახელებ რეგიონს. მას ერთი აინტერესებს: საზღვრამდე მორის მშვიდობიანად მიტანა. ამას სხვადასხვა ზურგები რომ აქვს და მათაც ჭამა უნდათ, ამაზე აღარავინ ღიზიანდება. ტელე-კითხვაზე E”დაასახელებთ კონკრეტულ გვარებს?” პასუხი არ აინტერესებთ. თუ ამას ვინმე კორუფიცას უწოდებს და მოქმედ პირთა გვარებს ჩაეძიება, ცინიკოსად ჩათვლიან და შეიძლება თავში კომბალიც ჩაარტყან.

ელექტროფიკაცია + ეკოლოგია – “ხუდონჰესი” = X
ნებისმიერი წარმოების შემაფერხებელ ტარდიციულ მიზეზად ენერგოკრიზისს ასახელებენ. ასეა ავეჯის მრეწველობაშიც, რომელიც 90 წლებისთვის 75 მილიონი კვტ. საათს საჭიროებდა, დღეს გაცილებით ნაკლები მოცულობით მუშაობს და ნაკლები ელექტროენერგია სჭირდება. დროა, გავიხსენოთ, როგორ ჩაეყარა “საფუძველი” ენერგოკრიზისს ათიოდე წლის წინ.

საქართველოს ელექტროფიკაცია მეზობელი რესპუბლიკების სისტემაზე იყო გადახლართული. ზაფხულში მდინარეების წყალობით ჩვენი ჭარბი და იაფი დენი რუსეთსაც მიჰქონდა, ზამთარში კი დეფიციტს რუსეთის თეცების (თბოელექტროსადგური) წყალობით ვივსებდით. თეცის გამომუშავებული ელექტროენერგია 2-3-ჯერ ძვირია ჰიდროელექტროსადგურისაზე. თეცებს საქმე ცეცხლთან და მაზუთთან აქვთ და ყოველ 4 წელიწადში რემონტს საჭიროებენ. მოკლედ, მთის მდინარეების წყალობით, საქართველოს ელექტროენერგიის დეფიციტი კი არ უნდა ჰქონდეს, იქით უნდა ყიდდეს მას. ასეთია ჰიდრომშენებლების და ენერგეტიკოსების პოზიცია. 50-იანი წლებიდან საქართველოში დაიწყო აქტიური ელექტროფიკაცია. საკავშირო დაქვემდებარების ინსტიტუტმა “ჰიდროენერგოპროექტმა” 20-ზე მეტი დიდი და მცირე ჰესი დააპროექტა, რაც აშენდა, მაგრამ ბევრი იყო პროექტებიც, რაც ქაღალდზე დარჩა. თუმცა, ითვლება, რომ ჩვენ მდინარეთა პოტენციალის მიზერს ვიყენებთ. ევროპის “მდინარიანი” ქვეყნები 60%-მდე იყენებენ თავის პოტენციალს. ენერგეტიკოსების მიერ დაწერილ მოცულობით ნაშრომში საქართველოს ენერგეტიკის შესახებ, მოყვანილია 1991 წლიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის, ასევე მოხმარების ინტენსიურად კლების მონაცემები. თუმცა, მოთხოვნილება კიდევ არის, რასაც მოსახლეობა აირით და ნავთით ივსებს. 1991 წელს ელექტროენერგიის გამომუშავება 12 მილიარდზე მეტი კვტ. საათია, შემდეგ წლებში თანდათან კლებულობს. 2000 წელს 7 მილიარდ კვტ. საათზე ოდნავ მეტია. თუ ჰიდროსადგურების მოუვლელობა გაგრძელდება, ენერგომოხმარებაში მდინარეების წილი სავალალოდ შემცირდება.

1988 წლამდე ჰესების საიმედოობა-მავნეობა ისეთი კამათის საგანი არ გამხდარა, როგორც მდინარე ენგურზე ხუდონის კაშხლის მშენებლობაა, რაც 50%-მდე იყო შესრულებული. ყურაღდება არ გამახვილდა ჯერ პროექტში არსებული “ტობარის” და “პარის” ჰესებზე (ამ უკანასკნელსაც ხუდონის სიმაღლის კაშხალი აქვს: 220 მ). ეს ჰიდროკვანძი ენგურზე, საუკეთესოდ ითვლება ეფექტურობით და ეკონომიკური მაჩვენებლებით.

“ჰიდროენერგოპროექტის” დირექტორის მოადგილე, პროფ. ნოდარ ემხვარი: “როცა საქართველოში წარმოება მთელი დატვირთვით მუშაობდა, მოსახლეობაც მეტი იყო. წლიური მოხმარება 19 მილიარდ კვტ. საათსაც შეადგენდა. 1989 წელს გამომუშავდა 15 მილიარდამდე კილოვატ საათი, დანარჩენი მოთხოვნა რუსეთიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან შეივსო. ვიდრე “ხუდონჰესის” ამბავს შევეხებით, უნდა ითქვას როგორ პროექტდებოდა ჰესები. ინჟინრული გათვლების შემდეგ პროექტი ექსპერტიზას გადიოდა. “სახმშენში”, გეოლოგიისა და ბუნების დაცვის სამმართველოებში, სეისმოლოგიის ინსტიტუტში, მერე მოსკოვის სათავო ინსტიტუტში, ენერგეტიკის სამინისტროში. შემდეგ დაიწყო “მწვანეთა” მოძრაობა, რამაც ისეთი ფორმა მიიღო, რომ დალაპარაკება, ახსნა შეუძლებელი ხდებოდა. უნივერსიტეტში შეკრებებზე იწვევდნენ ჰიდრომშენებლებს, დაიწყებდნენ საუბარს და იწყებოდა ჩხუბი დარბაზიდან. ხუდონი წელიწადში 1,7 მილიარდ კვტ. საათზე იყო გათვლილი. საერთოდ, ციფრებით ვერავის დაელაპარაკებოდი. ხუდონმაც ყველა ექსპერტიზა გაიარა, მაგრამ წარმოუდგენელი ისტერიის მიზეზი გახდა. მაშინდელი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, “ჰიდროპროექტის” ხალხი ჯვარში წავედით. იქ, შაოსანი ქალები დაგვხვდნენ გზაზე დაწოლილნი, სანამ “ხუდონს” არ აკრძალავთ, აქედან არ ავდგებითო. გავემართეთ “ენგურჰესის” სამმართველოსკენ, იქ თორნიკე ფიფია და სხვა მოშიმშილეები დაგვხვდნენ იგივე მოთხოვნით. არადა, ხუდონის დაპროექტებისას გადასახლებაში მოქცეულ სოფელ ხაიშის 200-მდე კომლს ფული აღებული ჰქონდა და მშვიდობიანად დასახლდა ახალ ადგილას. იმ სოფლებში, რომლებიც მოგვიანებით უნდა გასახლებულიყვნენ, საკომპენსაციო თანხის 50% ჰქონდათ აღებული… შემდეგ ჯვარში ჩატარდა დიდი კრება, სადაც გადაწყდა, მიგვეღო დოკუმენტი. ჰიდრომშენებლები ვაპირებდით ჩაგვეწერა “საკითხების გარკვევამდე ნახევარი წლით შეჩერდეს ხუდონის მშენებლობა”. ვიმედოვნებდით, რომ ზოგიერთ საკითხს ავუხსნიდით მათ და ისინიც დამშვიდდებოდნენ. მაგ. კაშხალი მიწისძვრის ზონაშიაო, მიწისძვრისას დასავლეთ საქართველოს წალეკავსო. არადა, კაშხლები 9 ბალიან მიწისძვრაზე იყო გათვლილი. არა, აქვე მოაწერეთ ხელი ხუდონის დაკონსერვებასო, – იყო კატეგორიული მოთხოვნა. იძულებული გავხდით მოგვეწერა. დღეს “ხუდონჰესის” რეაბილიტაცია უზარმაზარ თანხებს საჭიროებს. “ენგურჰესის” 3 კასკადი სიმძლავრის ნახევარსაც ვერ იყენებს, ასევე შესაკეთებელია ჟინვალის, ზემო ავჭალის, რიონის, ლაჯანურის, ვარციხის, გუმათის ჰესები”.

უცნაური მეტამორფოზა მოხდა “ხუდონჰესის” ოპონენტში. ერთ-ერთმა ჰიდრომშენებელმა, ვინც 90-იან წლებში თავგამოდებით ეწინააღმდეგებოდა კაშხლის მშენებლობას, აწ გარდაცვლილმა მიხეილ ღოღობერიძემ, მოგვიანებით, როცა ზამთრის ენერგოკრიზისმა შემოგვიტია, განაცხადა, რომ ხუდონის მშენებლობისთვის ხელის შეშლა ღალატი იყოო. კომენტარი ძნელი გასაკეთებელია.

კერძო ინფორმაციით, სვანები იმედოვნებენ, რომ ვინმე “ხუდონჰესის” მშენებლობას განაახლებს და დასაქმდებიან, ან გადაასახლებენ და ძველებურად ფულს გადაუხდიან. “ჰიდროპროექტთან” დაკავშირებაც უცდიათ. ახლა არავის აშინებს სეისმურად აქტიური ზონა და სვანეთის დატენიანება.