ლუდის წარმოებისთვის საქართველოში მხოლოდ წყალი მოიპოვება

რედაქციისაგან

ლუდი “აია” და ამავე სახელწოდების ლიმონათი დასავლეთ საქართველოში პოპულარული სასმელებია. ქუთაისში ლიმონათის წარმოება მე-20 საუკუნის დასაწყისს უკავშირდება. აქ მოღვაწეობდა ცნობილი მეწარმე მიტროფანე ლაღიძე. მაშინდელი ლიმონათის ქარხანა ქალაქის ცენტრში, წერეთლის ქუჩაზე მდებარეობდა.

პირველი ლუდის ქარხანა ქუთაისში 1954 წელს გაიხსნა, რომელიც 1972 წელს ლიმონათის ქარხანას შეუერთდა და ბინაც ახალ შენობაში, ნიკეას ქუჩაზე დაიდო. ქუთაისის ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების კომბინატს 1976 წლიდან რეზო დვალიშვილი ხელმძღვანელობდა. საბჭოთაA მმართველობის დროს, კომბინატი 10 საუკეთესო საწარმოთა სიაში შედიოდა. 1989 წლიდან კომბინატის ბაზაზე საიჯარო საწარმო დაფუძნდა. ამავე პერიოდიდან დაიწყო ლუდი “აიას” წარმოება. 1993 წელს მოხდა კომბინატის პრივატიზება და დაარსდა შპს “აია”. რეზო დვალიშვილის გარდაცვალების შემდეგ, 2003 წლიდან “აიას” პრეზიდენტი მისი ვაჟი, ამბერკი დვალიშვილია.

ლუდის ბიზნესს მოგება სეზონურად, ძირითადად, კარგ ამინდში მოაქვს, ამდენად, ლუდის მწარმოებლებისთვის 2005 წლის დასაწყისი ხშირი წვიმებისა და სიცივის გამო, არამომგებიანია. “აია” წარმატებულია დასავლ;ეთ საქართველოს ბაზარზე. ქუთაისური ლუდი თბილისში, პრაქტიკულად, არ იყიდება.
ამბერკი დვალიშვილი – დაიბადა 1970 წელს. დაამთავრა ქუთაისის პირველი საშუალო სკოლა.

1

1987-1992 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე (ფინანსებისა და კრედიტები).

1991 წლიდან მუშაობს “აიაში” – მუშის, ლუდის ჩასამომსხმელო საამქროს უფროსის თანამდებობაზე.

1998 წლიდან ამავე საწარმოს ვიცე-პრეზიდენტია

2003 წლიდან კი – პრეზიდენტი.

ლუდი “აია” ჩეხური წარმოების მანქანა-დანადგარებითა და საკუთარი ტექნოლოგიით მზადდება. მომხმარებელი კიდევ ორი დასახელების ლუდს იცნობს .- საიუბილეო “აია 50”-ს და ლუდ “დვალიშვილს”. ლუდისათვის საჭირო ნედლეული – სვია და ალაო – გერმანიიდან შემოდის. არაპასტერიზებული, ანუ გაფილტრული, ე.წ. “ცოცხალი” ლუდის შენახვის ვადა 3-დან 7 დღეა, პასტერიზებული ლუდი კი ინახება 3-დან 6 თვის მანძილზე.

ამბერკი დვალიშვილი: რამდენიმე წლის წინ, იყო შემთხვევები, როცა ხელოვნური პრობლემები გვექმნებოდა თბილისის ბაზარზე. ამის გამო ჩვენი ლუდი თბილისში აღარ შემოგვაქვს. ადრე გვქონდა საფირმო მაღაზია, იყო რამდენიმე წერტილი, სადაც “აია? იყიდებოდა. სხვათა შორის, სამომავლოდ, ვგეგმავთ კვლავ გავხსნათ ჩვენი საფირმო მაღაზია დედაქალაქში.

2

რამდენად სერიოზული კონკურენცია არსებობს საქართველოს ბაზარზე, ადგილობრივ ლუდის მწარმოებელთა შორის?
საქართველოში კარგი ლუდი იწარმოება. საქართველოში ჩამოსხმელი ყველა ლუდი, ფაქტიურად,. ხარისხიანია. ჩვენს შორის, რა თქმა უნდა, არსებობს კონკურენცია, მაგრამ – არა ბინძური მეთოდებით.

რა სიახლეებია მოსალოდნელი საწარმოში?
ბაზარზე მალე გამოჩნდება ლუდი “ქუთაისური ტრადიციული”, რომელიც დამზადებულია გაუმჯობებსებული ტექნოლოგიებით. გარდა ამისა, აპრილის თვიდან შემოვიტანთ ახალ დანადგარებს, რაც ძველ ტექნოლოგიებს ჩაენაცვლება და ჩვენს მუშაობასაც გააუმჯობესებს..

თქვენთვის, როგორც მეწარმისთვის, რამდენად ეფექტურია ახალი საგადასახადო კოდექსი?
საგადასახადო სისტემის შეცვლას ჩვენს მუშაობაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია. რაც მთავარია, გაიზარდა აქციზის გადასახადი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი პროდუქცია გაძვირდება. ლუდის ღირებულება 50 თეთრიდან 60 თეთრამდე გაიზრდება. ლუდის წარმოებისთვის საჭირო ნედლეული და დამხმარე მასალა – საცობები, ეტიკეტები და სხვ. – გარედან შემოგვაქვს. ლუდის წარმოებისთვის საქართველში მხოლოდ წყალი მოიპოვება.”

დასავლეთ საქართველოს ბაზარზე გაცილებით მეტი პრობლემაა, ვიდრე დედაქალაქში. რეგიონებში ხალხს უფრო მეტად უჭირს და შესაბამისად, ლუდისა და ლომონათის რეალიზაციაც თანდათანობით იკლებს. “აიას” არ ჰყავს პარტნიორი. საწარმოში ცდილობენ, საქმეს საკუთარი ძალებით გაუმკლავდნენ. ამბერკი დვალიშვილი ამბობს, რომ ინვესტიციები სჭირდება ქუთაისის მინისტარის ქარხანას, რომელიც უკვე “აიას” პრეზიდენტის საკუთრებაშია.

ამბერკი დვალიშვილი: “იმ შემთხვევაში, თუ ქუთაისის მინისტარის ქარხანას გამოუჩნდება ინვესტორი, დასაქმდება 600 ადამიანი. ქარხნის წარმადობა – წელიწადში 90 მილიონი ბოთლია! შეძენილი გვაქვს დაზგა-დანადგარები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. საჭიროა 1-2 მილიონი დოლარის ინვესტიცია. რამდენჯერმე მივმართეთ ძველ ხელისუფლებას, მაგრამ – უშედეგოდ. იმერეთის ახლანდელი გუბერნატორიც საქმის კურსშია, მაგრამ დახმარება ჯერჯერობით არ ჩანს.

90 მილიონი ბოთლი წლიურად – ეს არის დიდი შემოსავალი საქართველოსთვის, რადგან ტარა შემოდის გარედან. ქსნის შუშის ქარხანა ბაზრის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ტარა, ძირითადად, ირანიდან და ბულგარეთიდან შემოდის.”

ქუთაისში 14 დასახელების ლიმონათს ასხამენ. ამბერკი დვალიშვილის ინფორმაციით, საწარმოს მთავარი აქცენტი ნატურალური პროდუქციის დამზადებაა. ხილს საქართველოს სხვადასხვა რაიონებში ადგილობრივი მოსახლეობიდან ყიდულობენ, საბავშვო ლიმონათებს (ლიმონის, ტარხუნას, მსხლის, კივის, იზაბელას, ვაშლის, ალუბლის) სპეციალურად უმატებენ ვიტამინებს. ასევე მზადდება რამდენიმე დასახელების ექსტრა ლიმონათიც.. საწარმოში დღეისათვის 120 კაცი მუშაობს. მათი საშუალო ხელფასი 150 ლარია. საგადასახადო სამსახურის მონაცემებით, “აია? ერთ-ერთი საუკეთესო გასდამხდელი საწარმოა.

3

2004 წელს საწარმოს მიერ რეალიზებულია 949 270 ლარის პროდუქცია, ბიუჯეტში ჩარიცხულია 221689 ლარი.
საწარმოს 2004 წლის შემოსავლები ასეთია:
მრეწველობა – 949270 ლარი, დღგ – 158243 ლარი;
იჯარა – 12540 ლარი, დღგ – 2090,42 ლარი;
ვაჭრობა – 34062,5 ლარი, დღგ – 5694,89 ლარი;
ბაზრობა – 4649,5 ლარი, დღგ – 4176 ლარი;
ჯამი – 1042467,5 ლარი, დღგ – 171445;
შემოსავალი დღგ-ს გარეშე – 871022,88 ლარი.

ბიზნესის წარმოება და შენარჩუნება საქართველოში ძალიან ძნელია, მით უფრო ქუთაისში, სადაც ყოველთვის იგრძნობოდა შავი სამყაროს გავლენა. 90-იანი წლების ბოლოს, “აიას? მაშინდელმა ხელმძღვანელმა, მეწარმემ და ქველმოქმედმა რეზო დვალიშვილმა საკუთარ თავზე გამოსცადა კრიმინალების ზეწოლის სერიოზული საფრთხე. მუქარა, რომელიც ტერორისტულ აქტში გადაიზარდა, საბედნიეროდ, მსხვერპლის გარეშე დასრულდა, მაგრამ დვალიშვილების ოჯახს სამუდამოდ დაამახსოვრდა. ბატონი ამბერკი ამბობს, რომ დღეს მსგავსი შემთხვევები აღარ მეორდება, რადგან სახელმწიფოში, ამ მხრივ, საშიშროება აღარ არსებობს.

იმერეთის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, იმერეთში ლუდის წარმოება კლების ტენდენციით ხასიათდება. ამ მხრივ, 2004 წლის წლიური მაჩვენებელი – 39,7 ათასი დკლ მაქსიმალურია ბოლო 8 წელიწადში (იხ. ცხრილი).

2005 წლის მონაცემებით, თებერვალში, იმერეთის მხარეში აღრიცხულ 2 საწარმოში (შპს “აია”, შპს “ნოკა”) წარმოებულად სულ აღირიცხა – 2986 დკლ ლუდი რაც გასული წლის თებერვლის თვეს 6205.3 დკლ-ით ჩამორჩება.

2005 წლის იანვარ-თებერვლის თვეში სულ აღირიცხა 3510 დკლ ლუდის წარმოება, რაც 6636.3 დკლ-ით ჩამორჩება გასული წლისAშესაბამის პერიოდს.

რაც შეეხება უალკოჰოლო სასმელების წარმოებას, 2005 წლის თებერვლის თვეში მოქმედ 40 საწარმოს მიერ წარმოებულად დეკლარირებულია 22279 დკლ უალკოჰოლო სასმელების წარმოება, რაც 479 დკლ-ით აღემატება გასული წლის თებერვლის მაჩვენებელს, ზრდის ტემპი – 102%-ს.

წლის დასაწყისიდან დეკლარირებულია 49146 დ.კ.ლ. უალკოჰოლო სასმელების წარმოება, რაც 6612 დ.კ.ლ. აღემატება გასული წლის შესაბამის პერიოდს და ზრდის ტემპი შეადგენს 116%-ს.

2005 წ. თებერვლის მონაცემებით, უალკოჰოლო სასმელების საშუალო დღიური წარმოება შეადგენს 795.7 დ.კ.ლ.

საანგარიშო თებერვლის თვეში წარმოებული (დეკლარირებული) პროდუქცია 4588 დ.კ.ლ. ჩამორჩება იანვრის თვის მონაცემს, ტემპი – 83%.