მსოფლიო მოსახლეობას შიმშილთან ერთად წყურვილიც ემუქრება

ალექსანდრა ლალიაშვილი 

ბოლო 20 წლის განმავლობაში სასმელ წყალთან დაკავშირებული პრობლემების განხილვამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში. დღეს დედამიწის 3/4 წყლით არის დაფარული და ამიტომ ზოგიერთები გადაჭარბებულად მიიჩნევენ წყლის პრობლემის წინა პლანზე წამოწევას. ალბათ, ამის გამოა, რომ ადამიანების დამოკიდებულება წყლის მიმართ არასწორია – მსოფლიოს მოსახლეობა ძალზედ უყაირათოდ მოიხმარს წყალს. მაშინ, როცა დაახლოებით 700 მილიონი ადამიანი განიცდის სასმელი წყლის დეფიციტს. 13 წლის შემდეგ კი, მათი რაოდენობა 3 მილიარდამდე გაიზრდება. როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, 2030 წლისათვის სასმელი წყლის დეფიციტის საფრთხის წინაშე დღეს ამ ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყანა, ახალი ზელანდიაც კი შეიძლება აღმოჩნდეს. 

      ამჟამად, მსოფლიოში არსებული წყლის რესურსების 97% მარილიანია, თანაც იგი, როგორც სხვა ბუნებრივი რესურსები, დედამიწაზე არაპროპორციულად არის განაწილებული. არსებული წყლის მარაგის 66% სარწყავად გამოიყენება, 20% – მრეწველობაში, 10% – სასმელად, 4% კი ორთქლდება. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დოზით მოიხმარენ, როგორც სასმელ, ასევე სარწყავ წყალს. ერთი ამერიკელი წელიწადში საშუალოდ 6000 კუბურ მეტრ წყალს მოიხმარს, ევროპელი – 5000-სს, ერაყელი – 2020-ს, თურქი – 1430-ს, აფრიკელი კი მხოლოდ – 700-სს. ყველაზე ნაკლებ წყალს ეთიოპიაში მოიხმარენ, სადაც ერთ სულ მოსახლეზე წლიური ხარჯვა მხოლოდ 50 კუბური მეტრია. 
      წყლის ხარჯვის მაჩვენებლები წლიდან წლამდე იცვლება, პლანეტის მოსახლეობას ყოველწლიურად სულ უფრო მეტი წყალი სჭირდება. მსოფლიოს მოსახლეობა წელიწადში 80 მილიონი ადამიანით იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2050 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობა 3 მილიარდით გაიზრდება. მათი 90% კი განვითარებად ქვეყნებში იცხოვრებს, სადაც სასმელი წყალი დღესაც უკვე ლამის ფუფუნებად ითვლება. წყლის რესურსების შემცირებას ახლავს დამატებითი პრობლემა – ძნელია პოლიტიკური ლიდერების დარწმუნება, იზრუნონ წყლის რესურსებსა და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე, მაშინ, როცა მათი ყურადღება გლობალური ფინანსური კრიზისის მოგვარებისკენაა მიმართული. გაეროს ანგარიშში, “წყალი ცვალებად მსოფლიოში”, რომელიც მსოფლიოში სასმელი წყლის რესურსების მხრივ არსებულ ვითარებას ასახავს, გამოთქმული შეფასებით, მსოფლიოში მოსახლეობის მატებისა და კლიმატური ცვლილებების შედეგად, სასმელი წყლის მარაგი ეკოლოგიურად არარაციონალური ტემპით იხარჯება. და თუ ამ პროცესის წინააღმდეგ სახელმწიფოებმა ეფექტიან ზომებს არ მიმართეს, ის მსოფლიოს პოლიტიკურ დესტაბილიზაციამდე მიიყვანს. 
      წყლის რესურსები საქართველოში 
      საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით. მის ტერიტორიაზე მიედინება 26 060 მდინარე, რომელთა საერთო სიგრძე 26 ათას კმ-ს აღწევს. ჩვენთან 860-მდე ტბაა, რომელთა საერთო ფართობი დაახლოებით 170 კვ.კმ-ს შეადგენს. 
      საქართველოს მინერალურ სიმდიდრეთა შორის, ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მიწისქვეშა წყლებს (მტკნარი, მინერალური და თერმული), რომლებიც ხასიათდებიან მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლებით და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განახლებადობით. ამიტომაც, მტკნარი მიწისქვეშა წყლები წარმოადგენს ყველაზე ძვირფას წიაღისეულს. აღსანიშნავია, რომ ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, მისი რაოდენობის მხრივ, საქართველო ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა მსოფლიოში. 
      მართალია, წყლის რესურსებით ჩვენი ქვეყანა მდიდარია, მაგრამ მწვავედ დგას წყლის დაბინძურების საკითხი. ზედაპირული წყლების ძირითადი დამბინძურებელი არის კომუნალური სექტორი (ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების კანალიზაციის ჩამდინარე წყლები). ამასთანავე, დღევანდელი მდგომარეობით წყლის გამწმენდ არც ერთ ნაგებობას არ შეუძლია სასურველ დონეზე უზრუნველყოს ჩამდინარე წყლების გაწმენდა. წყლის ბიოლოგიური გაწმენდა არ ხდება არც ერთ ქალაქში. ხოლო პირველადი მექანიკური გაწმენდა ხორციელდება მხოლოდ თბილის-რუსთავის რეგიონულ გამწმენდ ნაგებობაზე. 
      ამ სფეროს სპეციალისტები კიდევ ერთ გარემოებას უსვამენ ხაზს –  საქართველოში დღეისათვის წყლის რესურსების მართვა ხორციელდება ადმინისტრაციული პრინციპის საფუძველზე. სპეციალისტთა შეფასებით, მართვის ადმინისტრაციული მოდელი ვერ უზრუნველყოფს წყლის რესურსების მოხმარების ეფექტიან დაგეგმვას, რაც, ხშირ შემთხვევაში, არაეკონომიური და არაეფექტიანი ხარჯვის მიზეზი ხდება. 
      პრობლემასთან    ბრძოლის მეთოდები 
      პოლიტიკოსებისაგან განსხვავებით, მეცნიერებმა უკვე დიდი ხანია დაიწყეს ამ გამოწვევასთან საბრძოლველი გზების ძიება. სასმელი წყლის ხელოვნურად მიღების ერთ-ერთი მეთოდი, არის ზღვის წყლის გამტკნარება. თუმცა, ეს პრობლემის მოგვარების არცთუ იაფი გზაა. ვინაიდან ზღვის მლაშე წყლის გადამამუშავებელ მოწყობილობას ძალიან დიდი რაოდენობით ელექტროენერგია სჭირდება, რაც შემდეგ უკვე ლოგიკურად ზრდის გადამუშავებული წყლის თვითღირებულებას. 
      კიდევ ერთი მეთოდი უწყლოობასთან საბრძოლველად – იმ ადგილებში, სადაც წყალი ახლაც ძალიან ცოტა რაოდენობითაა, მისი ტანკერებით გადატანა ერთი ადგილიდან მეორეზე. მაგალითად, ბარსელონა საფრანგეთისგან ყოველთვიურად 63 ტანკერ წყალს ყიდულობს, რომლის საერთო მოცულობაც 1,7 მილიონი კუბმეტრია. 
      მეცნიერები ამაზე შეჩერებას არ აპირებენ. მაგალითად, ჰოლანდიაში წყლის ჰაერიდან მიღების გზასაც მიაგნეს. ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ხელოვნურად შექმნილ პირობებში წყალი ისევე მიიღება ჰაერისაგან, როგორც ეს ატმოსფეროში, ბუნებრივ პირობებში ხება. 
      წყლის მიღების სხვადასხვა გზების ძიების პარალელურად, ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეკონომიკურად ვხარჯოთ ის, რაც ამ ეტაპზე გაგვაჩნია. ისევ ბარსელონას მაგალითს დავუბრუნდეთ, მართალია, ის 1,7 მილიონ კუბმეტრ წყალს ყიდულობს ყოველთვიურად, მაგრამ, ამავე დროს, წყლის მილების გაუმართაობის გამო ყოველდღიურად 800 კუბმეტრ წყალს კარგავს. ეს, ერთი შეხედვით, პატარა რიცხვია, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ამ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი ქვეყნის ერთი ოლქის შესახებ არის საუბარი. იგივე ხდება სხვა ქვეყნებშიც. საერთო ჯამში კი, “მილებიდან გაპარული” სასმელი წყლის მოცულობა, საერთოდ მოხმარებული მოცულობის 30%-ს შეადგენს. ამიტომაც, სპეციალისტთა გათვლებით, ძალიან დიდი რაოდენობით წყლის რესურსის დაზოგვა შეიძლება განახლებული ტექნოლოგიების დანერგვით, ეს, რა ქმა უნდა, პირველ რიგში, განვითარებად ქვეყნებზე ითქმის. 
      თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღეს მთავრობებს არათუ არ აქვთ სათანადო პოლიტიკა ამ მიმართულებით შემუშავებული, არამედ პირიქით, ხელსაც კი “უწყობენ” წყლის არაგონივრულ ხარჯვას. მაგალითად, მაშინ, როცა პოპულისტური მიზნებით, პოლიტიკური ქულების დასაწერად, ხელისუფლებები ხშირად ახორციელებენ სოფლის მეურნეობის სუბსიდირებას, რაც ზოგჯერ ფერმერებისათვის წყლის რესურსების მიწოდებაში გამოიხატება. პრობლემა ამ შემთხვევაში ისაა, რომ ხშირად ეს წყალი არასაჭირო მიმართულებებით იხარჯება სოფლის მეურნეობაში. ასე რომ, სასმელი წყლის დეფიციტით გამოწვეულ პრობლემასთან ეფექტიანად საბრძოლველად, პირველ რიგში, სათანადო სამთავრობო პოლიტიკის შე-მუშავებაა საჭირო, სახელმწიფოების მეთაურთა მხრიდან.

Leave a Reply

Your email address will not be published.