დაუჯერებს თუ არა იაპონიის პრემიერი კიდევ ერთ გავლენიან ეკონომისტს
მოამზადა მაკა ღანიაშვილმა
ფრანგმა ეკონომისტმა, თომას პიკეტმა, რომლის წიგნის უთანასწორობასა და სიმდიდრის გადანაწილებაზე მსოფლიო ბესტსელერი გახდა, განაცხადა, რომ მხოლოდ მონეტარული პოლიტიკით ევროპა დეფლაციის ხაფანგს თავს ვერ დააღწევს. „იაპონური გამოცდილების ერთ-ერთი გაკვეთილი ისაა, რომ ფულის ბეჭდვა საკმარისი არ არის – თქვა მან – თუ შენ ბეჭდავ ფულს, ამით შეიძლება ხელი შეუწყო ბუშტების წარმოქმნას ფასიანი ქაღალდების ბაზარზე. მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ აუცილებლად გაიზრდება სამომხმარებლო ფასები და ამას მოჰყვება ეკონომიკური ზრდა“. ეს განცხადება პიკეტმა იაპონიაში ყოფნის დროს ერთ-ერთი საჯარო გამოსვლის შემდეგ გააკეთა, სადაც მან ევროპისა და იაპონიის პოლიტიკა შედარა ერთმანეთს.
ევროსტატის მონაცემების მიხედვით, ევროზონაში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 2015 წლის იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.6%-ით დაეცა. ამ მონაცემების გამოქვეყნებიდან 1 კვირით ადრე, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა გამოაცხადა 1.1 ტრილიონი ევროს მოცულობის ობლიგაციების შეძენის პროგრამა.
„დღეს ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლი ძალიან დაბალია. ვფიქრობ, ეს იმის ბრალია, რომ იქ მეტისმეტად მკაცრი ეკონომიის პოლიტიკა ტარდებოდა. ჩვენ ვცდილობდით დეფიციტი რაც შეიძლება სწრაფად შეგვემცირებინა. რითაც „მოვკალით“ ზრდა. ასე რომ, ახლა დაახლოებით იმავე გამოწვევების წინაშე ვდგავართ, როგორიც ჰქონდა იაპონიას დეფლაციის 20-წლიანი პერიოდის დასაწისში“ – განაცხადა პიკეტმა.
ოქტომბერში იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული სტიმულირების უპრეცედენტო პროგრამა დაიწყო, რომელიც ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული ობლიგაციების შეძენას გულისხმობს. 2013 წლის აპრილის შემდეგ, როცა ცნობილი გახდა, რომ იაპონიის ცენტრალური ბანკი რაოდენობრივი შერბილების პროგრამას იწყებდა ექსპორტის ზრდის ხელშესაწყობად, იაპონური იენი აშშ დოლარის მიმართ 21 პროცენტით შემცირდა, Topix აქციების ინდექსი კი 39%-ით გაიზრდა.
ცენტრალური ბანკის რაოდენობრივი შერბილების პროგრამამ და გაყიდვების გადასახადის ზრდამ გასული წლის აპრილში უფრო სწრაფად გაზარდა ცხოვრების დანახარჯები, ვიდრე შემოსავლები. იანვარში ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველმა კუროდამ განაცხადა, რომ ის ფლობს პიკეტის წიგნს „კაპიტალი ოცდამეერთე საუკუნეში“ და აპირებს ყურადღებით გაეცნოს მას (ვრცლად თომას პიკეტის წიგნის შესახებ იხილეთ ბმულზე).
გლობალური გადასახადი
ფრანგი ეკონომისტი იაპონიაში ყოფნისას შეხვდა ოპოზიციური „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერებს. რაც შეეხება იაპონიის პრემიერ-მინისტრს, მას საჯარო შეხვედრა პიკეტთან არ ჰქონია. მაგრამ როგორც აბემ განაცხადა, პიკეტის იდეა გლობალური გადასახადის დაწესების შესახებ რთული განსახორციელებელი იქნება. პიკეტის განცხადებით კი, გადასახადის შემოღება სწორედ იაპონიიდან უნდა დაიწყოს.
„ჩვენ არ უნდა ვამტკიცოთ, რომ გლობალურ დონეზე თანამშრომლობა რთულია, იმის გასასამართლებლად, რომ იაპონია ამას არ აკეთებს. ვფიქრობ, იაპონიისთვის მნიშვნელოვანია დააბალანსოს საგადასახადო სისტემა მომავალი თაობის სასარგებლოდ, რომელთათვისაც ახლა იაპონიაში საკუთრებაზე უფლების მოპოვება ძალიან რთულია. მიმაჩნია, რომ დამატებული ღირებულების გადასახადის ზრდა, რაც აბემ გააკეთა, არ არის კარგი გზა იაპონიაში უთანასწორობის შესამცირებლად“ – განაცხადა პიკეტიმ. მან ასევე განაცხადა, რომ ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი იაპონიაში გენდერული უთანასწორობაა.