გაკოტრებულთა მეორე სიცოცხლე

გვანცა ჩარგეიშვილი 

ფინანსურმა რეცესიამ განსაკუთრებით აქტუალური გახადა საწარმოთა გაკოტრების თემა მთელს მსოფლოში. კრიზისიდან თავის დაღწევის ერთ-ერთი წინაპირობა ეკონომიკის ტოქსიკური ნარჩენებისაგან გათავისუფლებაა. ამის ერთადერთი საშუალება კი საწარმოების გაკოტრება და მათი ბაზრიდან გაქრობაა, ვინაიდან, სხვადასხვა ფორმის საბიუჯეტო დახმარებების საშუალებით “ხელოვნურ სუნთქვაზე” გადაყვანილი ეკონომიკური სუბიექტები ადრე თუ გვიან კვლავ წარმოქმნიან პრობლემებს.

ეს არა მხოლოდ ისეთი განვითარებადი ქვეყნების პრობლემაა, როგორიც საქართველოა, არამედ განვითარებული ქვეყნის მთავრობებიც დგანან არჩევნის წინაშე – რომელი გზა აირჩიონ – ეკონომიკის ტოქსიკური ნარჩენებისგან გათავისუფლების თუ მათი ხელოვნურ სუნთქვის აპარატზე მიერთების? ეკონომიკის ტოქსიკური ნარჩენებისაგან გათავისუფლება მათ გაკოტრებულად გამოცხადებას ნიშნავს, რაც უამრავ გაუქმებულ სამუშაო ადგილსა და მილიონობით ახალ უმუშევარს, პოლიტიკოსებისათვის კი, დაკარგულ საარჩევნო ხმას ნიშნავს. ამიტომაც დღეს ბევრი მთავრობა, მათ შორის, აშშ-სა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების მთავროები გაკოტრების პირას მყოფ სუბიექტებს სახელმწიფო დოტაციების ხარჯზე უხანგრძლივებენ სიცოცხლეს. ამიტომაცაა, რომ გაკოტრების შესახებ კანონმდებლობა თავის ფუნქციებს ჯეროვნად ვერ ასრულებს. სახარბიელო ვითარება ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, არც ჩვენს ქვეყანაშია. ეკონომიკური რეფორმების შემდეგ საქართველოში ბიზნესის დაწყება მარტივია და ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ საპირისპირო ვითარებაა მაშინ, როცა ბიზნესის მფლობელს მისი გაკოტრებულად გამოცხადება სურს. 
      1996 წელს მიღებული საქართველოს კანონი “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” 2007 წლის 15 აგვისტოდან ძალადაკარგულად გამოცხადდა და ამოქმედდა სრულიად ახალი კანონი “გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ”. აქამდე კომპანიის ლიკვიდაციისთვის 3 წელზე მეტი დრო იყო საჭირო, 2009 წლის 3 ნოემბერს “მეწარმეთა შესახებ” კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, სალიკვიდაციო პროცესის მაქსიმალურ ვადად 4 თვე განისაზღვრა. ამასთანავე, სალიკვიდაციო განაცხადების მიღებისა და კომპანიათა ლიკვიდაციის რეგისტრაციის უფლება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა. 
      ამ ცვლილებების მიუხედავად, ფაქტია, რომ კანონი პრაქტიკულად ვერ ასრულებს თავის ფუნქციას. ექსპერტები ამის მიზეზად, პირველ რიგში, ისევ და ისევ საკანონმდებლო სისტემის ხარვეზებსა და ბიზნესმენთა მენტალიტეტს ასახელებენ. კანონი უპირატესად სახელმწიფოს ინტერესებს ითვალისწინებს, რაც იმაში გამოიხატება, რომ გაკოტრების პროცედურების გახორციელებისას, სახელმწიფო სტრუქტურები განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობენ. კერძოდ, თუ სახელმწიფო სტრუქტურები მიიჩნევენ, რომ მეწარმემ საწარმო გაკოტრებულად ვალების ჩამოწერის მიზნით გამოაცხადა, სახელმწიფო ინსტიტუტებს რეჟიმის შეწყვეტის უფლება აქვთ, თუმცა, როგორ და რა პირობებით, ეს პროცესი კანონში გაწერილი არ არის, ანუ კანონი სახელმწიფო სტრუქტურებს თვითნებობის საშუალებას აძლევს. 
       გაკოტრების რეჟიმში მყოფი საწარმოების ვალების გასტუმრება მევალეთა კატეგორიების მიხედვით ხდება. ერთ-ერთი ცვლილების შედეგად, სახელმწიფო პრივილეგირებულ კატეგორიაში ჩააყენეს და ბოლო ადგილიდან მუშა-მოსამსახურეების შემდეგ მეორე კატეგორიაში გადაიყვანეს. დანარჩენი კრედიტორები კი, ქართველი იქნება ის, თუ უცხოელი, ერთ თეთრსაც ვერ მიიღებენ. უკეთეს მდგომარეობაში არც კრედიტორთა დაკმაყოფილების განრიგში პირველ ადგილზე მყოფი მუშა-მოსამსახურეები არიან. კანონის მიხედვით, საწარმოს მათ წინაშე 10 წლის დავალიანებაც რომ ჰქონდეს, მხოლოდ სამი თვის ხელფასს მიიღებენ. გარდა ამისა, ბენეფიციართა შორის, სოციალურად დაუცველი კრედიტორები საერთოდ არ არიან გათვალისწინებულნი. კერძოდ, ასეთი ადამიანები საწარმოო ტრავმის მიღების შემთხვევაში, გაკოტრების რეჟიმში მყოფი ობიექტიდან დანიშნულ პენსიას ვერ მიიღებენ.  
      მნიშვნელოვანია ქართველ ბიზნესმენთა მენტალიტეტიც, ქართველი მეწარმეებისათვის გაკოტრება საწარმოს საბოლოო განადგურებას ნიშნავს და ის ტრაგედიად მიაჩნიათ. ამიტომ, ხშირად გაკოტრების პროცედურებს თავს არიდებენ. სინამდვილეში გაკოტრება საჭიროა იმისთვის, რომ გადახდისუუნარო საწარმომ ვალები, ხოლო თვითონ კრედიტორმა გადახდისუუნარო დებიტორი მოიცილოს. როდესაც საწარმოს ვალები და, ამასთანავე, არანაირი ფინანსური საშუალება არ აქვს ამ ვალების გასასტუმრებლად, მაშინ იგი უნდა გაკოტრდეს. ქვეყნის ეკონომიკა ტოქსიკური ნარჩენებისაგან უნდა გათავისუფლდეს. 
      არსებული სიტუაციის საილუსტრაციოდ, მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეიტინგი Dოინგ Bუსინესს-იც გამოდგება. რეიტინგის მიხედვით, 2004 წლიდან მოყოლებული საქართველოში ბიზნესის წარმოება ბევრად უფრო გაადვილებულია. საქართველო მსოფლიოს იმ 15 ქვეყნის სიაში მოხვდა, სადაც ბიზნესის კეთების თვალსაზრისით ყველაზე ხელსაყრელი გარემოა შექმნილი. თუმცა, სხვაგვარადაა საქმე ბიზნესის დახურვის მაჩვენებელის შემთხვევაში.  Doing Business 2007-ის თანახმად, საქართველო ბიზნესის დახურვის პარამეტრით 87-ე ადგილზე იყო, დღეს ეს მაჩვენებელი გაუარესებულია. Doing Business 2011-ის მონაცემების მიხედვით, ჩვენმა ქვეყანამ რეიტინგში 105 ადგილზე გადაინაცვლა. 
      როცა გაკოტრების შესახებ კანონმდებლობასა და ქართულ მენტალიტეტზე ვსაუბრობთ, ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში მნიშვნელოვანია კიდევ ერთი გარემოება – საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული ერთი მანკიერი ტრადიცია, ვალების ჩამოწერის პრაქტიკულად შეუზღუდავი შესაძლებლობები არსებობდა. შესაბამისად, ვალების დაგროვება არ აღიქმებოდა საშიშროებად საწარმოების ხელმძღვანელობისთვის. ვალების ჩამოწერის მოცემული მექანიზმი ის დამკვიდრებული რუტინაა, რომელიც დროდადრო ვლინდება პოსტკომუნისტური კაპიტალიზმის ქვეყნებში “საგადასახადო ამნისტიის” სხვადასხვა ფორმით. მაგალიათად, დღეს საქართველოში მოქმედებს კანონი “საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო ვალების რესტრუქტურიზაციის შესახებ”. ამ კანონის არსებობა, ფაქტობრივად, გამოსავალია გაკოტრების პირას მყოფი საწარმოსათვის. რატომ აირჩევს მეპატრონე გაკოტრების გზას, თუ მას სხვა ალტერნატივაც (ამ შემთხვევაში, ვალების ჩამოწერის ან სხვისთვის გადაცემის) აქვს?! 
      გასული წლის დეკემბერში, მთავრობის ინიციატივით, საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ” კანონში ცვლილებები შევიდა. ცვლილებებმა მთლიანად ახლებურად განსაზღვრა რესტრუქტურიზაციის პროცესი. პრეამბულაში დავალიანებების და სესხების პატიებას ემატება ასევე უიმედოდ აღიარების და ჩამოწერის, მესამე პირისთვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისთვის გარკვეული დისკონტით დათმობის” პრინციპები. რაც იმას ნიშნავს, რომ ვალის ჩამოწერის პარალელურად, გაჩნდა ცნება, რომლის გათვალისწინებით, ვალის სხვისთვის გადაწერა დასაშვები ხდება, შესაბამის გადაწყვეტილებას კი, მთავრობა იღებს. თუმცა, ცვლილებების მიხედვით, საბაჟო გადასახადებში არსებულ დავალიანებებს რესტრუქტურიზაცია აღარ შეეხება. 
      ერთ-ეთი ცვლილება გადაწყვეტილების მიღების წესს შეეხება. მეწარმე, რომელიც მთავრობას მიმართავს დავალიანების რესტრუქტურიზაციის თხოვნით, იძულებული იქნება, რომ წარადგინოს დოკუმენტალურად დასაბუთებული მოთხოვნა. აქამდე მხოლოდ განცხადების წარდგენა იყო საჭირო და შემდეგ სამთავრობო კომისია ამ განცხადების საფუძველზე თავად სწავლობდა საკითხს და ისე იღებდა გადაწყვეტილებას. 
      შეიცვალა ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველი ორგანოების მიმართ არსებული დავალიანებების რესტრუქტურიზაციის წესიც. აქამდე განსაზღვრული იყო, რომ თუკი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის მიმართ რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება არ აღემატება ამ ბიუჯეტის საკუთარი შემოსულობების 5%-ს, რესტრუქტურიზაციაზე თანხმობას გასცემს გამგებელი, სხვა შემთხვევაში კი – საკრებულო.  ავტონომიური რესპუბლიკის შემთხვევაში – მთავრობა”. ცვლილებების თანახმად კი, ყველა შემთხვევაში თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობა იქნება საჭირო. რაც იმის საშიშროებას წარმოქნის, რომ გადაწყვეტილებები ერთპიროვნულად შეიძლება იქნას მიღებული. 
      გარდა იმისა, რომ ეს ცვლილება თავისთავად განსჯის საგანია და ბევრ კითხვას ბადებს კანონის პრაქტიკაში განხორციელების მეთოდებზე, ვინაიდან მისი აღსრულების მექნიზმში ბევრი კორუფციული ელემენტია ჩადებული, არსებობს ერთი მნიშვნელოვანი კითხვაც: საინტერესოა, იმ დროს, როდესაც მთავრობამ საერთაშორისო ინსტიტუტებისა თუ ადგილობრივი ექსპერტების რეკომენდაციების შემდეგ დაიწყო ცვლილებების განხორციელება გაკოტრების საქმეების წარმოების შესახებ კანონმდებლობაში, საერთოდ რა საჭიროა “საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ” კანონის არსებობა?! რამდენად გამართლებულია ქვეყანაში ისეთი კანონის არსებობა, რომელიც გაკოტრების პირას მყოფ ეკონომიკურ სუბიექტებს სიცოცხლეს ხელოვნურად უხანგრძლივებს?!

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial