ინვესტორებს საფინანსო სექტორი იზიდავს

რედაქციისგან 

მსოფლიო ბანკმა Investing Across Borders (საზღვრებს გარეთ ინვესტირების) კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველო ინვესტირებისთვის ერთ-ერთი ღია და მიმზიდველი ქვეყანაა. კვლევაში შეფასებულია 87 ქვეყნის ეკონომიკა. ავტორები შესაძლებლობას აძლევენ უცხოურ კომპანიებს განსაზღვრონ, რამდენად ხელმისაწვდომია ინვესტირება ამა თუ იმ ქვეყანაში. საქართველოსთან მიმართებაში მსოფლიო ბანკის ექსპერტები წერენ, რომ ქვეყანაში არ არის მონოპოლიები, პრობლემები ლიცენზიებთან დაკავშირებით და ინვესტირება ყველა სექტორშია შესაძლებელი. მაგალითისთვის აღნიშნულია, რომ უცხოური კომპანიის დარეგისტრირება 4 პროცედურის გავლის შემდეგ 4 დღეში ხდება, მარტივია მიწის საკუთრებაში მიღების პროცედურებიც.

საქართველოში, უშუალო მეზობლებთან შედარებით ყველაზე ადვილია ბიზნესის დაწყება – 4 დღე და 4 პროცედურა. სომხეთში ბიზნესის დაწყებას 18 დღე და 8 პროცედურა სჭირდება, აზერბაიჯანში – 11 დღე და 7 პროცედურა, რუსეთში – 31 დღე და 10 პროცედურა. მსოფლიო ბანკის ახალი კვლევა ოთხ თემატურ კომპონენტს მოიცავს: ინვესტირება სექტორების მიხედვით; ბიზნესის დაწყებად საჭირო დრო და პროცედურები; სამრეწველო მიწის იჯარით აღებისა და ყიდვის შესაძლებლობები და კომერციული დავების გადაწყვეტა – საერთაშორისო კანონმდებლობასთან თავსებადობა, დავების გადაჭრის პროცედურების სიმარტივე, ხელმისაწვდომი იურიდიული დახმარება.წინასწარი მონაცემებით საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2010 წლის III კვარტალში 160 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7% ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2010 წლის III კვარტლის მონაცემები II კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით 36 434 000 აშშ დოლარით ნაკლებია. გასული წლის II კვარტალში საქართველოში 196 867 400 აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, I კვარტალში კი 75 735 200 აშშ დოლარის. 
      სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2009 წელს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილმა საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 62% შეადგინა. სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, 2009 წელს საქართველოს ნომერ პირველი ინვესტორი ქვეყანა არაბეთის გაერთიანებული ემირატებია, რომელმაც გასულ წელს ქვეყანაში 162.8 მლნ. დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ინვესტიციების მოცულობის კუთხით, ნომერ მეორე ინვესტორი, თურქეთია, საიდანაც საქართველოში 97.9 მლნ. დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული. 2009 წელს პანამამ საქართველოში 74.7 მლნ. დოლარის კაპიტალი დააბანდა, გაერთიანებულმა სამეფომ კი საქართველოში 72.3 მლნ. დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ეკონომიკური სექტორების მიხედვით, 2009 წელს ინვესტორებისათვის ყველაზე საინტერესო უძრავი ქონების სექტორი იყო, სადაც გასულ წელს 147.4 მლნ. ინვესტორებისათვის მიმზიდველი აღმოჩნდა ასევე მრეწველობის (21,2%), მშენებლობლობის (16%) და ტრანსპორტი და კავშირგაბმულობის (15%) სექტორები. 
      რაც შეეხება 2010 წლის მესამე კვარტალს, ამ პერიოდში უცხოელ ინვესტორებს შორის ყველაზე მიმზიდველი იყო საფინანსო სექტორი, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, უძრავი ქონება და ენერგეტიკა. 
      ქვეყნების მიხედვით, პირველი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: აშშ, არაბთა გაერთიანებული ემირატები, უკრაინა, თურქეთი და გაერთიანებული სამეფო. 
      მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, რაც უფრო თავისუფალია ქვეყნის ეკონომიკა, მით უფრო მეტია შანსი, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვა. ლოგიკურია, რომ მკაცრი კანონები და ხისტი რეგულირება ინვესტიციების შემოსვლას აფერხებს. ამასთანავე, აუცილებელია ქვეყანაში გამართულად ფუნქციონირებდნენ ისეთი ინსტიტუტები, როგორიცაა სასამართლო და საარბიტრაჟო ორგანოები.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial