პარადოქსებით აღსავსე “რეფორმა” ანუ რა სურს მთავრობას

ალექსანდრა ლალიაშვილი 

უკვე 15 წელია არასამთავრობო ორგანიზაციები, მომხმარებლები თუ ექსპერტები საქართველოში ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე არსებულ არარეალურად მაღალ ტარიფებზე საუბრობენ. ხშირად ისმოდა კითხვები იმის შესახებ, თუ რატომ არაფერს აკეთებს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია; რატომ “ხუჭავს” თვალს მთავრობა იმაზე, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ქვეყანაა მსოფლიოში მობილურზე საუბრის ტარიფებით; რატომ ხდება, რომ მსოფლიოში ფიჭური კავშირგაბმულობით სარგებლობის ფასები ყოველწლიურად მცირდება, საქართველოში კი უკვე 10-15 წელია ფასები, ფაქტობრივად, ერთ დონეზეა?!

თუმცა, გასული წლიდან მოყოლებული, ნათელია, რომ მობილურ ოპერატორებს ჩვენთან ძველებურად აღარ სწყალობენ. ჯერ იყო და 2010 წლის 1 სექტემბრიდან მთავრობამ მათ აქციზური გადასახადი დაუწესა. 15 თებერვლიდან ამოქმედება ნომრების პორტაბელობის სისტემაც, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს ოპერატორი სატელეფონო ნომრის გამოცვლის გარეშე შეცვალოს. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ეს გადაწყვეტილება მაგთიმ” და ჯეოსელმა” სასამართლოში გაასაჩივრეს, იმ მიზეზით, რომ ახალ სისტემაზე გადასასვლელად არაგონივრული ვადები იყო დაწესებული. თუმცა, კომისიას გადაწყვეტილება არ შეუცვლია. ახალ სისტემაზე გადასვლა კი კომპანიებისთვის საკმაოდ დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. მობილურ ოპერატრებს კიდევ ერთი “სიურპრიზი” ელოდათ წინ – კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ მობილურ ტელფონზე საუბრის ზღვრული ტარიფი დააწესა. 
      ახალი ტარიფი, რომელიც 1 აპრილიდან შევა ძალაში, მაქსიმალური 24 თეთრით განისაზღვრა. აქამდე “ჯეოსელის” შემთხვევაში, იგი 28,8, ხოლო მაგთის” – 32 თეთრი იყო. მაგთის” და ჯეოსელის” ტარიფები 15 წლის მანძილზე რომ ხელოვნურად იყო გაბერილი, ამ დასკვნამდე კომუნიკაციების  მარეგულირებელი კომისია 4-თვიანი კვლევის შემდეგ მივიდა. 
      ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ორგანო ბაზარზე ფასის დადგენაში ერევა, რა თქმა უნდა, არასასურველი მოვლენაა იმ ქვეყნისათვის, რომელსაც კურსი თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის შექმნისაკენ აქვს აღებული, მაგრამ თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე საუბარი, მართლაც თავისუფალ და კონკურენტული ბაზრის არსებობის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი. იმ ბაზარზე არსებული სიტუაცია კი, სადაც ბაზრის 87% მხოლოდ ორ კომპანიას უჭირავს, ძნელია შეფასდეს, როგორც ჯანსაღი კონკურენცია. შეგახსენებთ, რომ დღეისათვის “ჯეოსელს” ბაზრის – 45%, “მაგთის” – 42%, შედარებით ახალ მოთამაშეს, “ბილაინს” კი 13% უჭირავს.  შედეგიც სახეზეა – საერთაშორისო ორგანიზაციების, Informa Telecoms & Media-ისა და World Development Indicators database-ის კვლევის თანახმად, საქართველო მობილურზე მომსახურების სიძვირის მიხედვით, პოსტსაბჭოთა სივრცეში, პირველ, ხოლო მსოფლიოში, 186 ქვეყანას შორის ერთ-ერთ “მოწინავე” ადგილს იკავებს. საქართველოში უფრო ძვირი ტარიფებია, ვიდრე ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, ამერიკა, საფრანგეთი, იაპონია, კანადა და სხვა. საქართველოზე გაცილებით იაფია ფიჭური კავშირგაბმულობით სარგებლობა ეკონომიკურად ჩვენი ქვეყნის დონეზე მდგომ და კიდევ უფრო ჩამორჩენილ ქვეყნებშიც. მართალია, ეს კვლევა 2007 წლის მონაცემებს ეყრდნობა და მასში 2008-2010 წლის ცვლილებები არაა შესული, მაგრამ ეს ფაქტი ჩვენთვის ვერაფერი ნუგეშია, რადგან 2007 წლის მერე საქართველოში საგრძნობი ცვლილებები არ მომხდარა, მაშინ, როცა მსოფლიო მასშტაბით ამ პერიოდში ფასების მკვეთრი შემცირება მოხდა, როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში – ტარიფი ბოლო სამ წელიწადში საშუალოდ 30%-ით შემცირდა.
ნებითა თქვენითა ან ძალითა ჩვენითა! 
      ბევრი იფიქრა თუ ცოტა, საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ბაზარზე არსებული ვითარების შესწავლა მაინც გადაწყვიტა და 4- თვიანი კვლევის შემდეგ დაადგინა, რომ მაგთის” ხარჯი წუთის დაანგარიშებით 18,5, ხოლო ჯეოსელის” 17,1 თეთრს შეადგენს. ამ ხარჯში ყველა გადასახდი და მოგებაა გათვალისწინებული. გამოდის, რომ ასებული ტარიფებით, მაგთი” გარე ზარებზე ფაქტობრივად 87%-იან მოგებას იღებს, ხოლო ჯეოსელი” – 55%-იანს. აღსანიშნავია, რომ კომისიის მიერ დათვლილ ტარიფში ჩადებულია აქციზის 10%-იანი გადასახადიც, რომელიც 2010 წლის სექტემბერში დაუწესდათ მობილურ ოპერატორებს. რაც იმას ნიშნავს, რომ გასული წლის სექტემბრამდე კომპანიების მოგება გაცილებით დიდი იყო. 
      აქედან გამომდინარე, ცხადია, ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებს ასეთ მაღალ მოგებაზე რომ არ ემუშავათ, თავისუფლად შეეძლოთ თავიდან აეცილებინთ ზღვრული ტარიფის შემოღება. 
      რამდენიმე თვის წინ, კომუნიკაციის მარეგულირებელმა კომისიამ მობილურ ოპერატორებს ურთიერთჩართვის ტარიფი 6 თეთრით შეუმცირა. რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლის მიერ 1-წუთიან საუბარში გადახდილი 28,8 თეთრიდან კომპანიამ სახელმწიფოს 14,8-ის ნაცვლად 8 თეთრი უნდა გადაუხადოს. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, კომისიაც და მომხმარებლებიც ელოდნენ, რომ ამ ცვლილებას ტრიფების შემცირებაც მოჰყვებოდა. ისიც ცხადია, რომ ეს მხოლოდ კომპანიების “კეთილ ნებაზე” იყო დამოკიდებული. ქართული კავშირგაბმულობის ფლაგმანებს კი, “კეთილი ნება” არ აღმოაჩნდათ. მათ ტარიფების გადასინჯვით დიდად არ შეუწუხებიათ თავი. იმასაც შეგახსენებთ, რომ მარეგულირებელმა უკვე ორჯერ 2003 წელს 22,8 თეთრიდან 18,8-მდე და 2007 წელს 18,8 თეთრიდან 14,8-მდე შეამცირა ურთიერთჩართვის ტარიფი, მაგრამ ბაზარზე ზეგავლენა არც ამ ცვლილებებს მოუხდენია. მართალია, ბაზარზე მესამე მოთამაშის გამოჩენის შემდეგ, მობილურმა კომპანიებმა აბონენტების შესანარჩუნებლად ბრძოლა გაამძაფრეს და ფასდაკლების ახალი აქციები წამოიწყეს, თუმცა, როცა კომისიამ მათი შემოსავალი დაიანგარიშა, აღმოჩნდა, რომ მობილური კომპანიების შემოსავალმა ფასდაკლებების აქციების შემდეგ, შემცირების ნაცვლად, ზოგ შემთხვევაში, მოიმატა, სხვა ოპერატორებთან განხორციელებული ზარების გაძვირების ხარჯზე. “გასული წლის მაისში მარეგულირებელმა კომისიამ მობილურ ოპერატორებს შორის ურთიერჩართვის ტარიფი 14,8-დან 8 თეთრამდე შეამცირა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მობილურ ოპერატორებს საცალო ტარიფიც უნდა შეემცირებინათ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ისინი მხოლოდ სხვადასხვა აქციებით შემოიფარგლნენ, კომისიამ სექტემბერში საცალო ტარიფის დადგენის შესახებ კვლევა დაიწყო, შედეგად კი წუთის მაქსიმალურ ღირებულებად 24 თეთრი განისაზღვრა”, – აცხადებენ მარეგულირებელ კომისიაში. კომისიამ დაადგინა, რომ გასული წლის 10 თვის გნმავლობაში მობილურმა კომპანიებმა 600 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს. ბაზრის ლიდერმა ჯეოსელმა” 282 მილიონი მიიღო, მაგთიმ” 10 მილიონით ნაკლები, ხოლო ბილაინმა” – 70 მილიონი. 
      ისევე, როგორც ნომრების პორტაბელობის სისტემის შემოღების შემთხვევაში, მობილური ოპერატორები კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას არც ამჯერად ეთანხმებიან. ოპერატორები აცხადებენ, რომ კომისია ტარიფის რეგულირებაში არ უნდა ჩარეულიყო. კომპანია “მაგთიკომის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ: “”მაგთიკომი” არ ეთანხმება იმ მეთოდიკას, რომელზე დაყრდნობითაც დაანგარიშდა ზღვრული ტარიფი. მიგვაჩნია, რომ მძაფრი კონკურენციის გამო, დღეისთვის ბაზარზე არსებული ტარიფები ისედაც ლიბერალურია და არ საჭიროებდა ზედმეტ ჩარევას. მიუხედავად ამისა, კომპანია შეასრულებს მარეგულირებელი კომისიის მიერ მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს”. 
      კომპანია “ჯეოსელში” კი, კომისიის გადაწყვეტილების საფუძვლიანად შესწავლისა და მასში კომპანიისთვის საზიანო დეტალების აღმოჩენის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ზომების გამოყენებას არ გამორიცხავენ. როგორც სააგენტო “ინტერპრესნიუსს” “ჯეოსელის” იურისტმა, სანდრო სადაღაშვილმა განუცხადა: “კომისიის გადაწყვეტილება საკმაოდ მოცულობითია, ჩვენ საფუძვლიანად შევისწავლით მას. კომისიის სხდომაზე კი, არ მოგვეცა საშუალება, რომ ზოგიერთი საკითხი განგვეხილა. საჯარო მოსმენა შედგა მხოლოდ ერთხელ, რატომ მოიქცა ასე კომისია, ჩემთვის უცნობია. ჩვენი თვითმიზანი არ არის, კომისიას ყველა საკითხზე სასამართლოში ვედავოთ, მაგრამ თუ აღმოვაჩენთ ჩვენთვის საზიანო დეტალებს, კანონით გათვალისწინებულ ზომებს მივმართავთ”. მისივე თქმით, კომპანიისთვის მიუღებელია ახალი, 24-თეთრიანი ტარიფი, რადგან კომისიამ ტარიფის დადგენისას არ გაითვალისწინა რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარჯი. 
      რაც შეეხება “მობიტელს”, კომპანიაში აცხადებენ, რომ “ბილაინის” ტარიფი ისედაც დაბალია და კომისიის გადაწყვეტილება მათ პირდაპირ არ  ეხება.
აქციზი – მთავრობის დათვური სამსახური ქართველ მომხმარებელს?! 
      როგოც უკვე აღვნიშნეთ, ეს ერთადერთი მნიშვნელოვანი სიახლე არ არის ქართული ფიჭური კავშირგაბმულობის სფეროსთვის. თუმცა, თუ ზღვრული ტარიფის დადგენა უშუალოდ კომპანიების შემოსავლებზე აისახება, სხვაგვარადაა საქმე აქციზური გადასახდის დაწესებსათან დაკავშირებით. ნებისმიერი სახის გადასახადი, მათ შორის, აქციზიც პროდუქციის წარმოების თვითღირებულებას და, შესაბამისად, საბაზრო ფასსაც ზრდის. გაზრდილი ფასები კი, მოთხოვნას ამცირებს. ამიტომაც, აქციზით, როგორც წესი, ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქცია (მაგალითად, სიგარეტი) იბეგრება. საინტერესოა, რატომ გადაწყვიტა საქართველოს მთავრობამ მობილური ოპერატორების აქციზით დაბეგვრა? 
      საქართველოს ფინანსთა მინისტრის, კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, მობილური ოპერატორები აქციზით იმიტომ უნდა დაიბეგრონ, რომ მათ დაბალი თვითღირებულება და მაღალი მოგება აქვთ. ძალიან კარგია, რომ ხელისუფლება ბოლოს და ბოლოს მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია არ არის. თუმცა, რამდენად გამართლებულია არსებული სიტუციის გამოსწორების მცდელობა აქციზის შემოღებით? ბაზარზე ოლიგოპოლური სიტუაციის წინაღმდეგ ბრძოლა, პიველ რიგში, სფეროში კონკურენციის განვითარების ხელშეწყობით უნდა მოხდეს. ბაზარზე ახლი უცხოელი თუ ქართველი ინვესტორების შემოსვლის სტიმული კი, იმავე გადასახადების შემცირება, ლიცენზიის გაცემის გამრტივება და სხვადასხვა ბიუროკრატიული ბარიერის შემცირება უნდა გახდეს. გაზრდილი კონკურენცია კი ფასების შემცირებას გამოიწვევს. მობილური ოპერატორებისთვის ახალი გადასახადის დაწესებით კი მთავრობა ამ სფეროსადმი ინვესტორების დაინტერესების შანსს კიდევ უფრო ამცირებს. 
      მთავრობის ამ გადაწყვეტილებას დარგის განვითარების შემაფერხებლად აფასებენ მობილური ოპერატორებიც. მათი შეფასებით, ფიჭური კავშირგაბმულობა სწრაფად პროგრესირებადი სფეროა. ახალ ტექნოლოგიებს კომპანიები დამატებითი ინვესტიციების ხარჯზე ნერგავენ. აქციზის შემოღება კი თანხების მოზიდვას შეაფერხებს. 
      პირველი შედეგი უკვე სახეზეა – როგორც “ჯეოსელის” მფლობელი შვედური “თელიასონერას” ანგარიშშია ნათქვამი: ჯეოსელს” გაყიდვები 18%-ით შეუმცირდა. მიზეზად ამ სფეროს აქციზის გადასახადით დაბეგვრა სახელდება. დოკუმენტის თანახმად, გასული წლის ივლის-სექტემბერში ჯეოსელის” გაყიდვებმა 344 მილიონი შვედური კრონი შეადგინა, რაც 93 მილიონ ლარზე მეტია. მიმდინარე წელს კი, რეალიზაცია 281 მილიონი კრონი, ანუ 76 მილიონი ლარია. 
      კავშირგაბმულობის კომპანიების მოლოდინი, რომ მთავრობა მათ აქციზით დაბეგვრას გადაიფიქრებდა, არ გამართლდა. საგადასახადო კოდექსში ცვლილება 1 სექტემბრიდან შევიდა ძალაში. აქციზის განაკვეთი 10%-ით განისაზღვრა. რა შეიძლება მოუტანოს ამ სიახლემ ფიჭური კავშირგაბმულობის ქართულ ბაზარსა და მომხმარებელს? რთულია იმის თქმა, თუ რის მიღწევა სურს მთავრობას ამ ცვლილებებით, მაგრამ მთავრობის პოლიტიკა რომ არათანმიმდევრულია, ცხადია. თუ ვაღიარებთ, რომ ჩვენს ბაზარზე არარეალურად მაღალი ტარიფებია, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ბაზარზე სხვა მოთამაშეეები მოიზიდონ კონკურენციის გასაზრდელად. აქციზის დაწესებით კი, ეს ნაკლებად  მოსალოდნელია. სრულიად არალოგიკურია ვიფიქროთ ისიც, რომ ამ ნაბიჯს ფასების შემცირება მოჰყვება. პირიქით, ვინაიდან ახალი გადასახადის დაწესებას, თავისუფლი საბაზრო ეკონომიკის პირობებში აუცილებლად მოსდევს საქონელზე ფასის ზრდა, არსებობდა საფრთხე, რომ აქციზის დაწესების შემდეგ ისედაც მაღალი ტარიფები კიდევ გაზრდილიყო. თუმცა, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი ზღვრული ტარიფი ამის საშუალებას აღარ იძლევა. მაგრამ მობილურმა ოპერატორებმა ახლი გადასახადის მომხმარებელზე გადანაწილების სხვა გზა შეიძლება მონახონ. მაგალიად, შეიძლება გაუქმდეს ის შეღავათები, რომლითაც დღეს აბონენტები სარგებლობენ ამა თუ იმ ქსელში შიდა ზარების განხორციელების დროს. ან, იქნებ, სამომავლო გათვლები არაფერ შუაშია და აქციზი, უბრალოდ, მობილური ოპერატორების 15-წლიან განუკითხავ ტარიფებზე “მთავრობის დუმილის” სანაცვლოდ გადასახდელი ლოგიკური საზღაურია?!