ევროპა შეშფოთებულია, ამჯერად საკუთარი ინფლაციის გამო

აკაკი როგავა

ბებერ ევროპაში ფასების ზრდა ნელდება – ასეთია ბოლო, ივნისის ევროზონისა და დიდი ბრიტანეთის სტატისტიკა. ევროპული ლუქსემბურგის სტატისტიკური ბიუროს მონაცმებით, ივნისში წლიური ინფლაცია რჩება მაისის ნიშნულზე – 2,7%. სმართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ეს მაჩვენებელი სულ მცირედით განსხვავდება აპრილის ოცდაათვიანი მაქსიმუმის – 2,8%-ისაგან. თუმცა, კლების ტენდენცია მაინც შეინიშნება, რაც ყოველთვიური სტატისტიკითაც თვალშისაცემია.

მასთან შედარებით სამომხმარებლო ფასები ივნისშიც არ შეცვლილა, თუმცა მარტში თვიურ გამოხატულებაში სამომხმარებლო ფასების ზრდა 1,4%-ით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო ამ სახის სტატისტიკის ისტორიაში. ექსპერტების აზრით, ევროზონაში სამომხმარებლო ფასების კლება შესაძლებელი გახდა, პირველ რიგში, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ენერგომატარებლებზე ფასების შემცირების წყალობით. შარშანდელ წელთან შედარებით ნავთობის ფასები 26%-ით არის მომატებული, თუმცა სანავთობე კოტირებები ივნისში 7%-ით შემცირდა და ამ ფაქტმა, როგორც ჩანს, ევროზონის ქვეყნებში ინფლაციური ზეწოლის შემცირების შესაძლებლობა გააჩინა. ამასთან, სამომხმარებლო ფასების საკვანძო ინდექსი (Core CPI), გაწმენდილი ენერგომატარებლებისა და კვების პროდუქტების ფასებისგან, ჯერ არ აჩვენებს ზრდის შემცირების ნიშნებს. პირიქით, ივნისში იგი რამდენადმე დაჩქარდა: Core CPI წლიურ გამოხატულებაში გაიზარდა 1,6%-ით მაისის 1,5%-იანი ზრდის შემდეგ.
ევროზონის წამყვანი ეკონომიკის ქვეყანაში, გერმანიაში ფასების ზრდა ასევე შეჩერდა. ვისბადენის ფედერალური სტატისტიკური ბიუროს მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი (ჩონსუმერ Pრიცე Iნდეხ) ივნისში წლიურ გამოხატულებაში გაიზარდა 2,3%-ით, ასეთივე ზრდა ფიქსირდებდა მაისშიც. მაისთან შედარებით სამოხმარებლო ფასების ინდექსი ივნისში 0,1%-ით გაიზარდა. ამასთან, სამომხმარებლო ფასების ინდექსი, რომელიც გამოთვლილია ევროზომის სტანდარტების მიხედვით (CPI – EU Harmonized), თვიური გაანგარიშებით არ შეცვლილა და წლიური გაანგარიშებით აჩვენა ისეთივე ზრდა, როგორიც წინა თვეში (2,4%). გერმანია ევროპული ეკონომიკის ლოკომოტივია და ტონს ინფლაციასაც აძლევს ევროზონაში. თუმცა, ბევრ ქვეყანას, რომელიც თავისი ეკონომიკური განვითარებით გერმანიას ჩამორჩება, მხარდაჭერა სჭირდება. ჟან-კლოდ ტრიშეს უწყებაში უკვე განგაშის ზარებს შემოჰკრეს ბოლო პერიოდში ინფლაციური ზეწოლის გაძლიერების გამო. ევროს მიმოქცევის ზონაში საჭირო ხდება სამუშაოს ანაზღაურების ზრდა, რომელიც, თავის მხრივ, ინფლაციის ახალ ტალღას ააგორებს. თუკი ინფლაცია დიდ ხანს იქნება კომფორტულ 2%-იან ზღვარზე მაღალი, ხელფასების ზრდა გარდაუვალი იქნება. სწორედ ამ ფაქტმა, რომელიც მონეტარული ხელისუფლების ყველაზე დიდ შეშფოთებას იწვევს, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრება გამოიწვია. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა უკვე ორჯერ ასწია თავის საბაზისო საპროცენტო განაკვეთი 0,25%-ით და 1,5%-მდე გაზარდა იგი. ბანკმა შესაძლოა გადაავადოს მისი კიდევ ერთხელ აწევა. ინფლაციამ ნელ-ნელა დაიწყო შეჩერება და გაჩნდა პირველი ნიშნები იმისა, რომ პოსკტრიზისული ინფლაციის პიკმა უკვე ჩაიარა. ინფლაციის შეჩერება ტენდენციაა თუ დროებითი მოვლენა ამას ისევ შემდგომი თვეების სტატისტიკა გვაჩვენებს. თუმცა, დღეს შეიძლება ითქვას, რომ ევროპის მონეტარულ ხელისუფლებას თავისუფლად შეუძლია პაუზა აიღოს ინფლაციის შემდეგ მონაცემებამდე, ვინაიდან თავის კომენტარებში ჟან-კლოდ ტრიშე აღნიშნავს, რომ მისი უწყება ფასების სტაბილურობის დაკვირვების რეჟიმში მუშაობს.
ინცლაციური ზეწოლა სუსტდება დიდ ბრიტანეთშიც. თუმცა, აქ ქვეყნის მონეტარული ხელისუფლება არ ჩქარობს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრებას. როგორც ლონდონის ეროვნულმა სტატისტიკურმა ბიურომ განაცხადა, ივნისში სამომხმარებლო ფასების დონემ მაისთან შედარებით დაიკლო კიდეც 0,1%-ით. ხოლო წლიურ გამოხატულებაში ინდექსი CPI გაიზარდა 4,2%-მდე მაისის 4,5%-იანი ზრდის შემდეგ. ენერგომატარებლების, კვების პროდუქტების, ალკოჰოლისა და თამბაქოს ფასებისგან გაწმენდილი სამომხმარებლო ფასების ინდექსი (Core CPI) ივნისში წლიურ გამოხატულებაში 2,8%-ით გაიზარდა მაისის 3,3%-იანი ზრდის შემდეგ. შემცირდა საცალო ფასებიც, რომელიც ბრიტანელების ცხოვრების დონის მთავარი მაჩვენებელია. მაისთან შედარებით საქონლის საცალო ფასები ივნისში არ შეცვლილა, ხოლო გასული წლის ივნისთან შედარებით გაზრდილია 0,5%-ით. ასე რომ, შეიძლება ითქვას, ნისლიან ალბიონზე ინფლაცია დაცხრა მონეტარული ხელისუფლების მკვეთრი ჩარევების გარეშე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მერვინ კინგის უწყების მიერ დაწესებული განაკვეთი, იმ პირობებში, როცა ქვეყანას უწევს სახელმწიფო ხარჯების უპრეცენდენტოდ შემცირების რეჟიმში ცხოვრება, თავის თავს ამართლებს. უახლოეს მომავალში მოსალოდნელი ეკონომიკური აქტივობის 0,1%-მდე შემცირების გამო, ინგლისის ბანკი ინფლაციასთან საბრძოლველად მკვეთრი ღონისძიებების გატარებისაგან თავს იკავებს, ინფლაცია კი კომფორტულ 2%-ს აჭარბებს და დასაშვებ 3%-საც სცდება. მერვინ კინგის უწყება რეფინანსირების სააღრიცხვო განაკვეთს მინიმალურ 0,5%-ზე ტოვებს.
რა გახდა ფასების ზრდის შეჩერების მიზეზი ვეროპაში? – ევროპის მონეტარული ხელისუფლების ფულად-საკრედიტო პოლიტიკა თუ ევროპის ქვეყნების ეკონომიკური განვითარების ტემპის დაცემა? როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ერთიც და მეორეც. დღეს როგორც ევროზონაში, ისევე დიდ ბრიტანეთში მთავარი ამოცანაა მზარდი ინფლაციის რისკების დაბალანსება ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ, ეკონომიკური ზრდის შეჩერება.