რა სურს მომხმარებელს?

ალექსანდრა ლალიაშვილი

გარე მოვაჭრეობის აკრძალვისა და თბილისში რამდენიმე ცენტრალური სავაჭრო ადგილის დახურვის შემდეგ, საკვები პროდუქეტბით ვაჭრობამ დედაქალაქში ასე თუ ისე ცივილიზებული ფორმა მიიღო და ქუჩიდან დახლებზე გადაინაცვლა. ბოლო წლებში საქართველოში სავაჭრო ქსელები სხვადასხვა ბერნდებმა გახსნეს, მათი რაოდენობა კიდევ იზრდება. რამდენად პოპულარულები არიან სუპერმარკეტები და ჰიპერმარკეტები ქართველ მომხმარებლებში? შეძლეს თუ არა მათ მომხმარებელთა გადაბირება თუ ქართველები ისევ “უბნის მაღაზიებსა” და ბაზრებს ანიჭებენ უპირატესობას?

თავის დროზე ხელისუფლებამ ქუჩიდან მოვაჭრეების გაყრის გადაწყვეტილება ორი მთავარი მიზეზის გამო მიიღო. ერთი მხრივ, ქუჩებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში მალფუჭებადი საქონლის გაყიდვისათვის საჭირო სანიტარული ნორმების დაუცველობა, მეორე მხრივ, გამყიდველებით გადაჭედილი ქუჩები ესთეტიკურად ნაკლებად მიმზიდველი იყო, რაც, საკრებულოს წევრთა, განცხადებით, “ღია ბაზრების სიახლოვეს მცხოვრებთ, ფეხით მოსიარულეებს, ქალაქის მცხოვრებთ და სტუმრებს უხერხულობას უქმნიდა”. ამ ღონისძიების გატარების დროს, თბილისში 4000 ქუჩის გამყიდველი იყო, რომელთა რიცხვი წინა წლებში განუხრელად იზრდებოდა. საინტერესოა, სად გადაინაცველა მათმა მომხმარებელმა?
ხელისუფლებამ თითოეულ გამყიდველს ქალაქში მოქმედი 30 დახურული ბაზრიდან ერთ-ერთში ალტერნატიული ფართი შესთავაზა. მიუხედავად ხელისუფლების ოპტიმიზმისა, მომხმარებლები და მოვაჭრეებიც აღნიშნავენ, რომ ამ გადაწყვეტილებამ როგორც ქუჩის გამყიდველების, ასევე მათი კლიენტების ფინანსურ მდგომარეობა დაამძიმა. მათ მოუწიათ, საქონელი სუპერმარკეტებსა და პატარა მაღაზიებში შეეძინა, იქ კი ახალი პროდუქტი უფრო მაღალ ფასად იყიდება.
საინეტერესოა განცხადება, რომელიც ქუჩის მოვაჭრეობის აკრძალვის შემდეგ პოპულის წარმომადგენლებმა გააკეთეს – დასაწყისში, როცა ხალხმა არ იცოდა, სად წავიდნენ ქუჩის გამყიდველები, ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ ეს მხოლოდ რამდენიმე დღეს გაგრძელდა. შემდგომ ხალხმა ბაზრის ადგილსამყოფელს მიაგნო და ჩვენ ისევ ჩვენი ძველი კლიენტების ამარა დავრჩით. როგორც ჩანს, ქართველები ვაჭრობის ჯერ ისევ ტრადიციულ ადგილებს ანიჭებენ უპირატესობას. მოსახლეობაში ისევ არსებობს განწყობა, რომ “სუპერმარკეტებში ყველაფერი ძვირია”, ამიტომ ისინი უპირატესობას ე.წ. “უბნის” პატარ-პატარა ჯიხურებს და ბაზრებს ანიჭებენ. მომხმარებელთა უმრავლესობის შეფასებით, ერთი შეხედვით, ბაზარსა და სუპერმარკეტებში გაყიდული საქონლის ფასს შორის სხვაობა უმნიშვნელოა, მაგრამ ერთად აღებული, ისინი მაინც საკმაო თანხას აღწევს, განსაკუთრებით, საქართველოში ინფლაციის ბოლოდროინდელ მაჩვენებლის გათვალისწი-ნებით.
ქართველი მომხმარებლების ჩვევების გათვალისწინება მსხვილი სუპერმარკეტების ქსელების წარმომადგენლებმა უკვე გადაწყვიტეს. “პოპულის” ქსელის, მენეჯმენტმა გადაწყვიტა XL ფორმატის სუპერმარკეტების გაუქმება და მათი მცირე ფორმატის სავაჭრო ობიექტებით ჩანაცვლება.
ეს ქსელი 2001 წლიდან მოქმედებს საქართველოს როგორც საცალო, ისე საბითუმო ვაჭრობის სფეროში. ამჟამად 45 მაღაზია აქვთ ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ ბოლო დროს მან პოზიციები ბაზარზე დაკარგა. პრობლემებს კომპანიაში არ უარყოფენ, თუმცა დანებებას არ აპირებენ. მენეჯმენტი რეორგანიზაციას არაორგანიზებული საცალო ვაჭრობის ბაზრის წილის დაპატრონებით ცდილობს. “აქცენტს უფრო მცირე ფორმატის მაღაზიებზე გავაკეთებთ, ხოლო XLფორმატის მაღაზიების ოპტიმიზაცია მოხდება. ჩვენთვის უდავოდ უმთავრესია ე.წ. უბნის მაღაზიები. გვინდა მომხმარებელმა აღგვიქვას, როგორც მაღაზია მისი სახლის სიახლოვეს. ბუნებრივია, ახლა ჩვენი კონკურენტები არიან პატარა მაღაზიები და არა “გუდვილი”, “სმარტი” და სხვ” – აცხადებენ კომპანიაში.
მომხმარებელთა მხრიდან არსებული მოთხოვნა მთავრობამაც გაითვალისწინა. ქვეყანაში მომრავლდა სოციალური დატვირთვის მქონე პროექტებად მონათლული და ხელისუფლების მიერ ინიცირებული ისეთ ბიზნესები, როგორიცაა “ნუგეშის” ჯიხურები და საკვირაო ბაზრობები. დაახლოებით წელიწად-ნახევარში “ნუგეშმა” თბილისის მასშტაბით 63 სავაჭრო ობიექტი გახსნა. აქედან ორი მარკეტი, დანარჩენი კი ჯიხურებია. სადაც ასზე მეტი დასახელების, პირველადი მოხმარების საგნებსა და საკვებ პროდუქტს 10-20%-ით უფრო იაფად სთავაზობენ მომხმარებელს.
ადგილობრივი, კონკრეტული უბნების მოსახლეობაზეა გათვლილი იაფი პროდუქტის საკვირაო ბაზრობებიც. თბილისის მერიის ინიციატივით, ბაზრობები თბილისის ყველა უბანში ყოველ კვირა დღეს იმართება, სადაც ჩვეულებისამებრ, პროდუქციის შესაძენად დილიდანვე ხალხმრავალი რიგია. დღის მეორე ნახევარში კი კარვებში თითქმის მთელი პროდუქცია გაყიდული აქვთ.
“პოპულისაგან” განსხვავებული სტრატეგია აქვს “გულვილს”. კომპანიის წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ წლის დასაწყისში განაცხადეს, რომ სტრატეგიას რამდენიმე მიმართულებით ცვლიან. კომპანია ოპერირებას გაუწევს ჰიპერ და სუპერმარკეტების ქსელს მთელი ქვეყნის მასშტაბით. შარშან “გუდვილი” და “ჯიმარტი” გაერთიანდა. რაც შეეხება სუპერმარკეტებს “გუდვილის” ბრენდით, ახლო მომავალში მათი გახსნა თბილისში ვაკესა და გლდანში იგეგმება, რეგიონებში კი აჭარაში, კერძოდ ბათუმში. კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, 2012 წლიდან “გუდვილი” თავის მომხმარებელს შეს-თავაზებს ყველაზე მასშტაბურ და ამბიციურ პროექტს – “მარშეს”. ეს იქნება ერთ სივრცეში გაერთიანებული ცენტრალიზებული საწარმოო ხაზი, საბითუმო სავაჭრო ცენტრი და დასაფასოებელი საამქრო. ამ პროექტის ღირებულება 30 მილიონი ევროა.
სუპერმარკეტების სეგმენტში “გუდვილს” კონკურენტი “სმარტის” სახით ეყოლება. “ვისოლის” შვილობილი კომპანია ორი წლის არის და სულ ხუთ სუპერმარკეტს ფლობს – ორს თბილისში და თითოს გორში, მარნეულსა და ყვარელში. ახალი ობიექტის მშენებლობას “სმარტი” გლდანში იწყებს. იგეგმება სუპერმარკეტების მშენებლობა ფოთში, წყნეთში, ბათუმში, ქუთაისში, სამტრედიასა და ზუგდიდში.
სუპერმარკეტების ბაზარზე ახალი მოთაშაზე “დეჰაგეც” შემოდის, რომელიც, როგორც მენეჯმენტში აცხადებენ, მომხმარებელს დაბალ ფასსა და ევროპულ ხარისხს სთავაზობს. მენეჯმენტის განცხადებით, ამ მომენტისთვის სუპერმარკეტების ქსელი თბილისში მხოლოდ ორი ფილიალითაა წარმოდგენილი და წლის ბოლომდე თბილისის კიდევ რამდენიმე უბანში ახალი ობიექტების დამატებას გეგმავენ. “დეჰაგე” მომხმარებელს 650-მდე პროდუქციას სთავაზობს. ქსელში ძირითადად გერმანული პროდუქციაა წარმოდგენილი.
თებერვალში, “ილიაუნი ბიზნეს რევიუმ” წარადგინა თბილისის სუპერმარკეტების შესახებ კვლევის ანალიზი. კვლევა მიზნად ისახავდა თბილისში მოქმედ სუპერმარკეტებში სხვადასხვა პროდუქტზე ფასების დადგენას და შედარებით ანალიზს. გამოვლინდა ყველაზე დაბალი და მაღალი ფასების მქონე სუპერმარკეტები.
კვლევის ობიექტად შერჩეულ იქნა როგორც ქსელური, ისე სხვა მსხვილი სუპერმარკეტები. მათ შორის: “გუდვილი”, “იოლი გასტრონომია”, “პოპული”, “ბიგ-ბენი”, “ზემელი”, “იბისი”, “კონტინენტალი”, “Express Group”. გამოსაკვლევად შეირჩა სამომხმარებლო კალათაში შემავალი 20 დასახელების პროდუქტი.
მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე “ილიაუნი ბიზნეს რევიუმ” ეგრეთ წოდებული “ყველაზე იაფიანი” და “ყველაზე ძვირიანი” სუპერმარკეტები გამოავლინა. პირველ ადგილზე ყველაზე იაფი სუპერმარკეტი “გუდვილი” დაფიქსირდა, მეორე ადგილზე – “Express Group” და მესამე ადგილზე “პოპული”. ყველაზე ძვირიან სუპერმარკეტად დასახელდა “ზემელი”, მეორე ადგილზე სიძვირით “კონტინენტალი”, მესამეზე კი – “ბიგ-ბენია”.
კვლევის შედეგების განზოგადებით ვიღებთ შემდეგ სურათს: “თუ ე.წ. “იაფიან სუპერმარკეტებში” საშუალო შემოსავლების მქონე ოჯახი, ერთი თვის განმავლობაში, 20 დასახელების პროდუქტს გარკვეული რაოდენობით შეიძენს, იგივე პროდუქციის იგივე რაოდენობით შესაძენად ე.წ. “ყველაზე ძვირიან” სუპერმარკეტებში ოჯახს 33,3%-ით უძვირდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ სუპერმარკეტებში ასეთ ოჯახს თვეში საშუალოდ 60 დასახელების პროდუქტის შეძენა უწევს. შესაბამისად, აბსოლუტურ მოცულობაში, ძვირ პროდუქციაში “ძვირიან სუპერმარკეტებში” ზედმეტად გადახდილი თანხის მოცულობა სამმაგდება.
საინეტერესოა, რაში უფრო ხედავენ მსხვილი სუპერმარკეტების წარმომადგენლები კონკურენტს – ერთმანეთში თუ ბაზრობებსა და პატარა ჯიხურებში? ფაქტია, რომ ქართველ მომხმარებლებს ჯერ ისევ ადგილობრივ მაღაზიებში ან ბაზრებზე ურჩევნიათ ვაჭრობა. მაგრამ ეს ტენდენციაც ნელ-ნელა იცვლება. მაგალითისათვის, საქართველოს საცალო ბაზრის ლიდერის “გუდვილის” რეალიზაციის ზრდამ 2010 წელს თითქმის 50%-ს მიაღწია. “გუდვილში” წარმოდგენილია 55.000 დასახელების პროდუქცია, “გუდვილი” ვაკეში 20.000, ხოლო “გუდვილი” ბათუმში 12.000 დასახელების. წარმოდგენილი პროდუქტის 30% იმპორტირებულია. ძირითად პროდუქტებზე კომპანიას აქვს ექსკლუზივი. ქართული წარმოების პროდუქცია ქსელში დახლოებით 7500-ია. 2010 წელს “გუდვილის” ბრუნვამ 95 მლნ ლარს მიაღწია. 2008 წელს კომპანიის წლიური ბრუნვა იყო 52 მილიონი ლარი, 2009 წელს კი – 65 მილიონი. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, 2011 წლისთვის კომპანია ინარჩუნებს გასული წლის ზრდის ტემპებს. რეალიზაცია 37%-ით გაიზარდა. ამასთანავე, მათი განცხადებით, რეალიზაციის ზრდა მოხდა არა ფასების აწევის, არამედ დაბალშემოსავლიან მომხმარებელთა ახალი სეგმენტის ათვისების ხარჯზე.
“გუდვილის” ქსელის მენეჯმენტი ოპტიმისტურადაა განწყობილი, კომპანიაში მიიჩნევენ, რომ მალე საქართველოში არაორგანიზებული ბაზრების ხანა დასრულდება. “5-10 წელიწადში თანამედროვე ქსელური ტიპის სუპერმარკეტები თითქმის მთლიანად ჩაანაცვლებს არაორგანიზებულ ბაზრებს. ბაზარზე მზარდი მოთხოვნაა მაღალი ხარისხის პროდუქტების მიწოდებაზე, კომფორტულ გარემოზე და დაბალანსებულ ფასებზე, ამ ყველაფრის უზრუნველყოფა შესაძლებებელია თუ მრავლად იქნება ორგანიზებული ქსელური მარკეტები” – აცხადებენ გუდვილში. ჯერჯერობით კი იგივე “გუდვილი”, კვლავ რჩება ბრენდად, რომელიც გათვლილია საშუალო, საშუალოზე მაღალ და მაღალშემოსავლიან მომხმარებელზე. საქართველოში არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით კი, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კვლავაც დაბალშემოსავლიანია.
რაც შეეხება მსოფლიო ტენდენციებს, კომპანია “Alpen Capital”-ის მიერ, 2011 წლის ბოლოსთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, საცალო გაყიდვების ბაზარი მსოფლიო მასშტაბით 2008 წლიდან სტაბილურად მზარდია. 2010 წელს, 2009 წელთან შედარებით ბაზრის მთლიანი მოცულობა 10,9%-ით გაიზარდა და 14.5 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ამ მაჩვენებელში საკვებ პროდუქტებზე მოდის 43.4%. 2011 წელს გლობალური საცალო ვაჭრობის მოცულობა 16 ტრილიონს შეადგენდა. კვლევის ავტორები მომავალ წლებში ამ მაჩვენებლის სტაბილურ ზრდას ელოდებიან. მათი პროგოზით, 2015 წლისათვის საცალო ვაჭრობა მსოფლიოში 21.8 ტრიონ დოლარს მიაღწევს.