მორიგი სეზონი ახალი, ძველი და კიდევ უფრო ძველი პრობლემებით

ალექსანდრა ლალიაშვილი

ექვს აპრილს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრმა, ვერა ქობალიამ გამოფენების ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” ტურისტული გამოფენა გახსნა. წელს პირველად, ტურისტულ გამოფენას, საქმიანი ტურიზმის, შეხვედრებისა და კონფერენციების საერთაშორისო გამოფენის სახე ჰქონდა. “გამოფენაზე დღეს ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ სამუშაო და საკონფერენციო ტურიზმის განვითარებაზე. ეს არის კონკრეტული მიმართულება ტურიზმის სფეროში, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია საქართველოში ჩამოვიყვანოთ საერთაშორისო და უცხოური კომპანიები, იმისთვის, რომ მათ აქ ჩაატარონ თავიანთი გამოფენები, კონფერენციები და ფორუმები. შედეგად კი ადგილზე დაასაქმონ ჩვენი მოსახლეობა. ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ტურიზმში იქმნება ასობით და ათასობით სამუშაო ადგილი. ჩვენი მიზანია, რომ რეგიონებსა და ქალაქებში შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და დღევანდელი გამოფენის მთავარი მიმართულებაც, სწორედ ეს არის”, – განაცხადა ვერა ქობალიამ.

მე-11 პავილიონის 45 საგამოფენო სტენდზე წარმოდგენილი იყო 90 ორგანიზაცია: ტურისტული კომპანიები და დასასვენებელი კომპლექსები, ასევე ტუროპერატორები. გამოფენაზე ადგილობრივი კომპანიების გვერდით წარმოდგენილნი იყვნენ უცხოური კომპანიებინ უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, გერმანიიდან და ტაილანდიდან. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ წარსული წლების ტენდენცია კვლავ გაგრძლდა და ტურისტულ გამოფენაზე ამჯერადაც ტურისტული კომპანიების სიხალვათე იყო თვალში საცემი. როგორც ჩანს, მათ კვლავ რთული დრო უდგათ და გამოფენებისთვის არ სცალიათ. როგორც ჩვენთან ტურისტული კომპანიის წარმომადგენლებმა საუბრისას აღნიშნეს, დღეს დარგი ძალიან ბევრი პრობლემის წინაშეა და თუ ამჟამად ბაზარზე დაახლოებით 250 ტურისტული სააგენტოა, მალე მათი რაოდენობის 20-25-მდე შემცირებაა მოსალოდნელი.
საინტერესოა, რატომ არ ინტერესდებიან საერთაშორისო გამოფენებით ქართული ტუროპერატორები?
მარინა სუხიტაშვილი, კომპანია “ინტერტური”: “დაინტერესება ქართული ტუროპერატორების მხრიდან ამ გამოფენის მიმართ ნაკლებია, პირველ რიგში იმიტომ, რომ ის არ არის წარმომადგენლობითი, მასში ძალიან ცოტა უცხოურო ორგანიზაცია იღებს მონაწილეობას. ეს კი იმით არის გამოწვეული, რომ ამ გამოფენაში მონაწილეობის მიღება დიდ დანახარჯებთან არის და-კავშირებული. საქართველოში არსებული ბაზარი კი იმდენად მცირეა, რომ ამხელა თანხების გადახდა უცხოურ კომპანიებს მონაწილეობის მისაღებად არ უღირთ. ჩვენთვის კიდევ მთავარი მოტივაცია გა-მოფენაში მონაწილეობის მიღების დროს უცხოელ კოლეგებთან ურთიერთობის დამყარებაა”.
ტუროპერატორები სხვა პრობლემებზეც საუბრობენ. ერთ-ერთი მათგანი უკავშირდება საქართველოში BSP სისტემის დანერგვას. სიახლე უკავშირდება ავიაკომპანიებისა და ტუროპერატორების ურთიერთობის საკითხებს. BშP დანერგვის შემდეგ, სისტემაში მოხდება ნეიტრალური ბლანკების ჩატვირთვა, რომელთა საშუალებითაც ტურისტულ კომპანიებს შეეძლებათ ნებისმიერი ავიაკომპანიის (და არა მხოლოდ მათი, რომელთანაც აქვთ ხელშეკრულება გაფორმებული) ბილეთების გამოწერა. მაგრამ ამ სისტემაში გაწევრიანება დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული.
ირინა მანჯგალაძე, “ინტერტურის” დირექტორი: “საქართველოში არის IATA-ს ბევრი ტურისტული კომპანია, ყველას გვაქვს დადებული ხელშეკრულებები ავიაკომპანიებთან და ყველა ვწერთ იმ კონკრეტული ავიაკომპანიის ელექტრონულ ბილეთებს. BSP აკეთებს იმას, რომ სისტემაში იტვირთება ნეიტრალური ბლანკები და ამ ნეიტრალური ბლანკების მეშვეობით ჩვენ შევძლებთ ყველა ავიაკომპოანიის ბილეთების გამოწერა-გაყიდვას. ანგარიშსწორება ტურისტულ კომპანიას ექნება ბანკთან, რაც ბევრ პროცედურას გაამარტივებს და დროსაც დაზოგავს. მაგრამ ამ ეტაპზე, ვინაიდან ეს პროგრამა ჯერ არ არის ჩატვირთული, არ ვიცით ზუსტად რა პრობლემებს შეიძლება წავაწყდეთ. ახლა მოუგვარებელია პრობლემები, რომელიც ავიაკომპანიებისა და ტუროპერატორების ურთიერთობას ეხება. ზოგადად, IAთA დაარსებულია ავიაკომპანიებისათვის, რომელშიც გაერთიანებულნი არიან სააგენტოებიც, თუმცა ეს გაერთიანება ძირითადად იცავს ავიაკომპოანიების ინტერესებს. ამ სისტემაში ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ავიაკომპანიას არ ჰქონდეს პრობლემები. ჯერჯერობით ჩვენთვის პრობლემაა ისიც, რომ სანამ ყველაფერი დალაგდება, BSP და ავიაკომპანიაც ორმაგ გარანტიას ითხოვენ. ანუ საბანკო გარანტია უნდა წარვადგინოთ, როგორც ავიაკომპანიასთან, ისე BSP-ში. შესაბამისად, ეს ფინანსურად ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. ასეთ პირობებში ბევრმა ტურისტულმა კომპანიამ შეიძლება აკრედიტაცია ვერ შეინარჩუნოს. კარგად არის გასათვლელი ის თანხები, რაც ამ ორმხრივი გარანტიების მიღებასთან არის დაკავშირებული. ყველაზე ნაკლები რაც შეიძლება წარსადგენი იყოს გარანტიის სახით 60 000 ლარია პატარა კომპანიებისათვის, როგორც BSP-ში, ისე ბანკში. მაგრამ ეს თანხა უფრო დიდი იქნება, რა თქმა უნდა, მსხვილი ბრუნვის მქონე ტუროპერატორებისთვის. დასაფიქრებელია ისიც, შემდეგ როგორც შევძლებთ 5-დღიანი გადახდის რეჟიმში ტურისტული კომპანიები მუშაობას”.
მარინა სუხიტაშვილი: “დიდი პრობლემებია სასტუმროს მომსახურე პერსონალის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით. მომსახურების დონე ძალიან დაბალია, იგივე მიმტანების, ნომრის მომსახურე პერონალის და სხვა. ფასები მომსახურების სერვისს არ შესსაბამება. საკმაოდ მაღალია ფასები იმასთან შედარებით, რასაც ქართული სასტუმრობი მომხმარებელს სთავაზობენ. საზღვარგარეთ იმავე ფასად გაცილებით მაღალი დონის სასტუმროებია, ვიდრე ჩვენთან. 40 ევროდ თუ საზღვარგარეთ ძალიან ნორმალური სასტუმრო შეიძლება ნახოთ თითქმის ნებისმიერ ქვეყანაში, ჩვენთან ეს ფასი არ არსებობს. აქ ძალიან გაბერილი ფასებია სასტუმროზე”.
კადრების კვალიფიკაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს უსვამს ხაზს საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციიის თავმჯდომარე, ია თაბაგარი: “შარშან საქართველოში 2010 წელთან შედარებით 17%-ით მეტი ტურისტი შემოვიდა, მაგრამ პრობლემები საქართველოს ტურისტულ სექტორში კვლავ ძალიან ბევრია, იგივე კვალიფიციური კადრების პრო-ბლემა, ტრანსპორტის პრობლემა. კარგი ავტობუსების ყიდვა, საქართველოში შემოყვანა და მერე მათი შენახვა ძალინ ძვირია. არადა, ეს ტურისტული სერვისის განუყოფელი ნაწილია. დასახვეწია სასტუმროებისა და კვების ობიექტების მომსახურების დონე. ტურისტებს ერთნაირად აინტერესებთ როგორც ზამთრის, ისე საზღვაო კურორტები. თუმცა ის ტუროპერატორები, რომლებიც ჩვენი ორგანიზაციის წევრები არიან, უფრო იმ ხალხისთვის მუშაობენ, ვინც ქვეყნის სანახავად არის ჩამოსული. ანუ საუბარია, კულტურულ, სათავგადასავლო, ბოტანიკურ და მსგავს ტურებზე. სწორედ ამ სეგმენტის მომსახურებასთან დაკავშირებით არის ქვეყანაში დიდი პრობლემები, იმიტომ, რომ ისინი განუწყვეტლივ გადაადგილდებიან, სხვადასხვა ადგილას ჩერდებიან, ამიტომ აუცილებელია გამართული ინფრასტრუქტურის არსებობ? მთელი ქვეყნის მასშტაბით”.
განათლებასთან დაკავშირებული პრობლემის სიმწვავემ სახელმწიფო სტრუქტურებიც დააფიქრა. ტურიზმის პროფესიული განათლების სფეროში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო ერთვება. განათლებისა და მეცნიერების სა-მინისტრომ პარლამენტს “პროფესიული განათლების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი წარუდგინა, რომლის თანახმად, ეკონომიკის სამინისტრო უფლებამოსილი ხდება ტურიზმის პროფესიული განათლების სფეროში პროფესიული საგანმანათლებლო სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი დააფუძნოს, დაამტკიცოს მისი წესდება, განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია, ასევე თანამდებობაზე დანიშნოს და გაათავისუფლოს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი. ამასთან, კანონის ამოქმედების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უფლებამოსილი იქნება პროფესიული საგანმანათლებლო სტატუსის მოპოვების მიზნით კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირი დააფუძნოს. რაც შეეხება ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს, ინიცირებული პროექტის გათვალისწინებით, ის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო კონტროლს განახორციელებს.
სასტუმროებზე “გაბერილ” ფასებს ავიაბილეთების მაღალი ფასებიც ემატება, რაც, საბოლოო ჯამში, ძალიან აძვირებს საქართველოში ჩამომსვლელი ტურისტებისათვის მომსახურების პაკეტს. მართალია, ბოლო პერიოდში საქართველოში მომრავლდა ე.წ. Low Cost კომპანიები, მაგრამ მათი გავლენა ფასებზე ჯერ დიდად არ ასახულა.
მარინა სუხიტაშვილი: “Low Cost კომპანიების გავლენა ჯერ ისე არ იგრძნობა ავიაბილეთების ფასზე, რადგან ახალი შემოსულები არიან და ჯერ ბაზარზე დამკვიდრებას ცდილობენ. მაგრამ ხაზი უნდა გავუსვათ ერთ ტენდენციას – მართალია, ზოგიერთი კომპანია დაბალი ფასით შემოდის ბაზარ-ზე, მაგრამ მერე ფასს ნელ-ნელა უმატებს და იმ კომპანიების ფასებს არ ჩამოუვარდება, რომელიც აქამდე ფუნქციონირებდა საქართველოში. ასეთ პირობებში, რა თქმა, უნდა შეუძლებელია ფასების შემცირებას ველოდოთ. მაგრამ არის დადებითი ტენდენციებიც, მაგალითად, fly Dubai-მ იმდენად გააიაფა დუბაის მიმართულებით ფრენები, რომ ეს მიმართულება სრულიად “წაართვა” აირზენას. ზოგიერთ Low Cost კომპანიას აქვს ძალიან კარგი აქცია, ვნახოთ, იმედია, მათი გავლენა ფასებზე მომავალში უფრო დადებითი ეფექტის მომტანი იქნება”.
რაც შეეხება საქართველოში ჩამომსვლელი ტურისტების დინამიკას, ტუროპერატორები აღნიშნავენ, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ჩამომსვლელთა რაოდენობა 15-20%-ით არის გაზრდილი. ტუროპერატორების ტურისტების ზრდას ზაფხულის სეზონის დროსაც ვარაუდობენ.