საექსპორტო შესაძლებლობების ზღვარს ქვემოთ

მაკა ღანიაშვილი

12 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3124 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 18%-ით მეტია; აქედან ექსპორტი 726 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო იმპორტი – 2397 მლნ აშშ დოლარი. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2012 წლის იანვარ-აპრილში 1671 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53% შეადგინა.

2009 წლიდან მოყოლებული ესპორტი 139%-ითაა გაზრდილი. სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა და 154 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ეს მთელი ექსპორტის 21%-ია. ფეროშენადნობების ექსპორტი უდრიდა 72 მლნ აშშ დოლარს, ხოლო მისი წილი მთლიან ექსპორტში 10%-ს. მესამე ადგილზე თხილის ჯგუფი დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 46 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 6% შეადგინა.
როგორც ვხედავთ, საქართველოს საექსპორტო პროდუქციის კალათა ნელ-ნელა იცვლება. შედარებისათვის, 1995 წლის უმსხვილესი საექსპორტო პოზიციები იყო: ფეროშენადნობები; მილები და მილაკები; ნავთობი და ნავთობპროდუქტები; ჩაი და სასუქები. 2000 წელს საექსპორტო პროდუქციის პირველი ხუთეული შედგებოდა შავი ლითონის ჯართის; ღვინის; მინერალური სასუქების; ფეროშენადნობებისა და ალუმინისაგან. 2005 წლის უმსხვილესი სარქსპორტო პროდუქციის ხუთეული ასე გამოიყურება: შავი ლითონების ნარჩენები და ჯართი; ყურძნის ნატურალური ღვინოები; ფეროშენადნობები; კაკალი და საფრენი აპარატები. საექსპორტო კალათის ხუთეულის პირველი ადგილი მხოლოდ 2006 წელს შეიცვალა და ჯართი ფეროშენადნობებმა ჩაანაცვლა. მას მოჰყვებოდნენ: სპილენძის მადნები და კონცენტრატები შავი ლითონების ნარჩენები და ჯართი; კაკალი, სხვა, ახალი ან გამხმარი; და მსუბუქი ავტომობილები. თითქმის ანალოგიური სურათი იყო 2007-2008 წლებში იმ განსხვავებით, რომ პირველ ხუთეულში თხილმა ადგილი ოქროს დაუთმო. 2009 წელს სურათი მცირედით შეიცვალა. პირველ ხუთეულს ფეროშენადნობები; ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული; მსუბუქი ავტომობილები; თხილი; შავი ლითონების ნარჩენები და ჯართი შეადგენდა.
რა ფაქტორები განაპირობებს საქართველოს საექსპორტო კალათის სტრუქტურის ცვლილებას? მოგეხსენებათ, რამდენიმე წლის განმავლობაში პირველ ადგილს საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალში ჯართი იკავებდა. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, საქართველოს ექსპორტის ლიდერად მსუბუქი ავტომობილების ბიზნესი, საიმპორტო პროცედურების გამარტივებამ აქცია. როგ-ორც ცნობილია, საქართველო მსუბუქ ავტომობილებს არ აწარმოებს, თუმცა ბოლო 2 წელია ეს სფერო უსწრებს ფეროშენადნობების საექსპორტო მოცულობას. ეს უკანასკნელი ბოლო დრომდე საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქცია იყო აზოტოვან სასუქებთან, შავ ლითონებთან, ოქროსა და სპილენძთან ერთად. თუმცა საიმპორტო პროცედურებში ცვლილებების შეტანით ისარგებლეს ადგილობრივი ავტოდილერებმა. დღეს ავტომობილის მთავარი მწარმოებლები საქარ-თველოს იყენებენ, როგორც რეგიონალურ ჰაბს.
ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, ავტომობილების ანალოგიურად, საქართველო სხვა პროდუქციის განმანაწილებელ რეგიონალურ ცენტრად იქცეს. თუმცა რას მოუტანს ეს საქართველოს ეკონომიკას რეალურად? ეკონომიკის ექსპერტი ალექსა-ნდრე თვალჭრელიძე: “არ მიმაჩნია, რომ ეს რეალურად რამის მომტანია ქართული ეკო-ნომიკისათვის. რეექსპორტის დროს შენ ხარ შუამავალი და იღებ შენ მარჟას. ახლა ავტომობილების რეექსპორტი მუშაობს იმიტომ, რომ ჩვენთან დაბალია საიმპორტო განაკვეთები და აზერბაიჯანში მაღალი. ერთ მშვენიერ დღეს ილჰამ ალიევიც მიხვდება ამას და დაწევს დრამატულად საიმპორტო განაკვეთებს, საბაჟო გადასახადს. რა იქნება მაშინ? ეს არც სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს. ეს არის ჰაერიდან წამოსული ფული, რომელიც ადვილად შეიძლება გაქრეს. შენ უნდა შექმნა ნაწარმი, პროდუქცია. ამ შემთხვევაში, დამატებული ღირებულება თავისთავად გაიზრდება. თუ პროდუქცია არ იქმნება, მარტო შუამავლობით, მარტო მომსახურების სფეროების გაზრდით, საბანკო და ფინანსური ოპერაციების ზრდით, ეკონომიკის რეალური ზრდა არ მოხდება””.
გარდა ავტომობილებისა, ბოლო პერიოდში საექსპორტო პროდუქციას შორის, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თხილიც დაწინაურდა. ქართულმა თხილმა 2012 წელს საექსპორტო ათეულში მეშვიდედან მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ექსპორტზე 46 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილი გავიდა. მისი წილი მთლიან ექსპორტში 6%-ია. ექსპერტები საექსპორტო ათეულში თხილის დაწინაურებას მსოფლიო ბაზარზე გაჩენილ მოთხოვნას უკავშირებენ. დღეისათვის ბაზარზე 40-50 კომპანია ოპერირებს. ქართული თხილის გასაღების ბაზარი, ძირითადად, ევროკავშირის ქვეყნებია. პროდუქტი გადის აზიის და რუსეთის ბაზრებზეც. ევროპაში ყველაზე დიდი რაოდენობით ქართული თხილი გერმანიაში იყიდება, აზიის ბაზარზე კი – ერაყსა და ავღანეთში.
რაც შეეხება თხილის საერთაშორისო ბაზარს, თხილის კულტურას ყველაზე დიდი ფართობი თურქეთში უკავია. ეს ქვეყანა მსოფლიო ბაზრის მოთხოვნის 75%-ს აკმაყოფილებს. თურქეთს მოსდევენ: იტალია, ესპანეთი, აზერბაიჯანი, ირანი, ჩინეთი და აშშ. საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში თხილის ნარგავების ფართობების მოცულობის მხრივ მეშვიდე ადგილი ეჭირა.
ლოგიკურია, რომ საერთაშორისო ბაზრებზე გაჩენილმა მოთხოვნამ, ქართველ მეწარმეებს სტიმული მისცა. ბოლო წლების განმავლობაში თხილის წარმოება საქართველოში გაიზარდა. დღეს თხილს საქართველოში სახნავ-სათესი ფართობის დაახლოებით 42% უკავია. საქართველო თხილის კულტურით დაკავებული ფართობის მიხედვით ძირითად მწარმოებელ ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზეა თურქეთის, იტალიის და აზერბაიჯანის შემდეგ. მოსახლეობისაგან თხილის შესყიდვის ფასი, ბოლო მონაცემებით, 4 ლარია. ევროპის ბაზარზე კი ქართული გარჩეული თხილის ფასი 7 დოლარია.
სურსათის და აგროკულტურის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, თხილის კულტურის ფართობები ძირითად მწარმოებელ ქვეყნებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: თურქეთი – 345 ათასი ჰა; იტალია – 69 ათასი ჰა; აზერბაიჯანი – 19.5 ათასი ჰა; ესპანეთი – 12.1 ათასი ჰა; აშშ – 11.8 ათასი ჰა; ირანი – 11 ათასი ჰა; საქართველო და ჩინეთი – 8-8 ათასი ჰა. მიღებული მოსავლის მიხედვით ასევე თურქეთი ლიდერობს – 501.6 ათასი ტონა, შემდეგ მოდიან: იტალია – 112.3 ათასი ტონა; ესპანეთი – 18.3 ათასი ტონა; აზერბაიჯანი – 18.6 ათასი ტონა; აშშ – 28.5 ათ. ტონა; ირანი, საქართველო და ჩინეთი – 12-12 ათასი ტონა. საქართველოში თხილის ბაზრის სტრუქტურა სამი მიმართულებით ვითარდება. წამყვანი პოზიციები უკავიათ სადისტრიბუცო კომპანიებს, შემდეგ თხილის გადამამუშავებელ ქარხნებს და ბოლოს კი – ფერმერებს, რომელთაც თხილის კულტურა მოჰყავთ. თხილს დისტრიბუტორებს ძირითადად წვრილი ფერმერები აბარებენ, მსხვილი მურნეობები კი ამ მიმართულებით ახლა იდგამენ ფეხს.
ექსპერტთა შეფასებით, საქართველოს პოტენციალი არა მარტო თხილის შემთხვევაში აქვს, არამედ სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციისაც. განსაკუთრებით კი მეხილეობის. მსოფლიოში შემცირებული მოსავლიანობის გამო, გლობალურ ბაზარზე დიდი მოთხოვნაა ისეთ პროდუქციაზე, როგორიცაა ალუბალი, ბროწეული, მაყვალი, მოცვი და ჟოლო. თუმცა ექსპერტთა შეფასებით, ქვეყანაში გავრცელებული ამ ხილის ჯიშები უვარგისია და მათი გაუმჯობესებაა საჭირო. ეგზოტიკური ხილის კარგი ჯიშების მოშენების შემთხვევაში, ნაყოფს სასაქონლო სახეც კარგი ექნება, შაქრიანობაც და მოსავალიც სტაბილურად მოვა. “”ასეთ შემთხვევაში კი, საექსპორტო ბაზრის მოძიება რთული არაა”” – მიიჩნევენ დარგის სპეციალისტები.
საქართველომ ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი 2011 წელს 38%-ით გაზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს ღვინის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა ჯამში 54 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2011 წელს, 2010-თან შედარებით, საქართველოდან 5 მლნ ლიტრით მეტი ღვინის ექსპორტი განხორციელდა. ქართული ღვინის საექსპორტო ათეულში უკრაინა ლიდერობს, სადაც გასულ წელს 8211,9 ათასი ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, მეორე ადგილზეა ყაზახეთი – 2229,7 ათასი ლიტრი; მესამეზე ბელარუსი – 2038,3 ათასი ლიტრი; შემდეგ მოდის პოლონეთი – 652,1 ათასი ლიტრი; აზერბაიჯანი – 584,0 ათასი ლიტრი; ლატვია – 551,0 ათასი ლიტრი; ლიტვა – 506,7 ათასი ლიტრი; ჩინეთი – 451,6 ათასი ლიტრი; აშშ – 261,1 ათასი ლიტრი; ეს-ტონეთი – 230,8 ათასი ლიტრი და ა.შ. გასულ წელს ჯამში საქართველოდან 16 822,1 ათასი ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა. მართალია, ღვინის ექსპორტი ნელ-ნელა იზრდება 2006 წლის ემბარგოს შემდეგ, მაგრამ სახელმწიფოს მიერ ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო დარგად გამოცხადებული ღვინის მოცულობა მთლიან ექსპორტში იმდენად მცირეა, რომ ის საექსპორტო პროდუქციის პირველ ათეულშიც კი ვერ ხვდება.
1995-1999 წლებში ღვინის ექსპორტის მოცულობა 3 729 მილიონი აშშ დოლარიდან დაახლოებით 16 მილონამდე გაიზარდა. განსაკუთრებით ზრდა დაფიქსირდა 2000-2005 წლებში, როდესაც ღვინის ექსპორტის წლიური ღირებულება 29 მილიონიდან 82 მილიონამდე გაიზარდა. მომდევნო წელს ეს მაჩვენებელი განახევრდა და 41 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, 2007 წელს – 29 მილიონი, ხოლო 2008 წელს დაახლოებით 37 მილიონი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2011 წელს ღვინის ექსპორტმა 54 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, მართალია, ეს სარეკორდო (2005 წლის) მაჩვენებელს მკვეთრად ჩამოუვარდება, მაგრამ, ამავე დროს, აღემატება ყველა სხვა წლის მონაცემს 1995 წლიდან მოყოლებული. მიუხედავად ამისა, ღვინო უმსხვილეს საექსპორტი პრუდუქტების ნუსხაში ჯერ კიდევ ვერ ხვდება. რაც იმაზე მეტყველებს, რომ ღვინის ექსპორტის ზრდის პარალელურად, უფრო დიდი ტემპით იზრდება სხვა პროდუქტების ექსპორტი. შედარებისათვის, 2005 წელს ღვინო საექსპორტო კალათის პირველ ხუთეულში შედიოდა.
მაგრამ, მიუხედავად რამდენიმე პროდუქციის ექსპორტის ზრდისა, საქართველოს საერთო საგარეო სავაჭრო ბრუნვა კვლავ კატასტროფულ მდგომარეობაშია. უარყოფითი სავაჭრო სალდო დღითდღე იზრდება.
ექსპერტი, ალექსანდრე თვალჭრელიძე: არსებული მდგომარეობა არის ძალიან ცუდი. ჩვენი სავაჭრო სალდო დღითიდღე იზრდება და უკვე დაახლოებით 5 მილიარდ დოლარს აღწევს. ძალიან მძიმე სურათია. იმიტომ, რომ კვების პროდუქტებიდან დაწყებული, კვერცხი, ქათამი, პომიდორი, მწვანილი, მწვანე ხახვი, ყველაფერი შემოდის, რაც წარმოუდგენელია. ექსპორტზე ჩვენგან გადის ელექტროენერგია, ღვინო, მინერალური წყლები, ალკოჰოლური სასმელები მცირე რაოდენობით, მანგანუმი, მაგრამ მისი რაოდენობა დღითდღე კლებულობს. ფაქტობრივად, ეს არის საექსპორტო კალათა.
ს.ე. – თხილის პოტენციალზე რას იტყვით?
ა.თ. – თხილის ექსპორტი ადრეულ წლებში უფრო მეტი იყო. ახლა საგრძნობლადაა შე-მცირებული, იმიტომ, რომ თურქეთი მილიარდი დოლარის დოტაციას აძლევს თხილის სექტორს. ჩვენ მათ კონკურენციას ვერ გავუწევთ. რაც თხილი იყიდება იმასაც ძირითადად თურქები ყიდულობენ, შეაქვთ თურქეთში და მერე ასაღებენ თავისად.
არადა, საქართველოში თავის დროზე ძალიან დიდი პოტენციალი იყო. 85 დასახელების პროდუქტის გატანის საშუალება იყო ექსპორტზე. თანაც საუბარია მაღალტექნოლოგიურ პროდუქცია-ზე. დაწყებული რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მილებიდან, დამთავრებული მიკროძრავებით, ჩიპებით, ტელევიზორებით, უშვებდნენ მარგანეცს, სილიკუმმანგანუმს, ნახშირს, ბეტონიტებს და ასე შემდეგ. ჩვენ დღეს არსებული საესპორტო მაჩვენებლით ვაკმაყოფილებთ ჩვენი პოტენციალის მხოლოდ 2-3%-ს.
და გარდა ამისა, რასაც ვაგზავნით ექსპორტზე იმ პროდუქციის შემთხვევაშიც არასწორი სტრატეგ-ია გვაქვს და ვაწყდებით სირთულეებს. იმიტომ, რომ ფაქტობრივად არ ვიყენებთ იმ კვოტებს, რომელიც მომდინარეობს მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციიდან. მაგალითად, არ შეიძლება, რომ ჩვენი ღვინის სალონები იყოს ლონდონში, რადგან ეს არ არის ღვინის ტრადიციული ბაზარი. მსგავსი რაღაცეები ღვინის ქვეყნებში უნდა გაკეთდეს, მაგალითად, იტალიაში, საფრანგეთში, ამერიკაში, ჩილეში. ლონდონში ღვინის ბაზარი მცირეა.
განსაკუთრებით სავალალოა ის, რომ ვახორციელებთ იმ პროდუქციის იმპორტს, რისი ექსპორტიც თავისუფლად შეგვიძლია. არ შეიძლება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოხმარების სტრუქტურაში 50% იყოს იმპორტირებული. არ შეიძლება საქართველოში შემოდიოდეს თურქული კვერცხი, ქათამი, ინდოეთიდან ხორცი და ა.შ. უნდა მოხდეს ადგილობრივი პროდუქციის წარმოების განვითარების ხელ-შეწყობა.
ს.ე. – რა უნდა გაკეთდეს ამისათვის?
ა.თ. – პირველ რიგში, საექსპორტი სტრატეგიის პროდუქტების წარმოებისთვის უნდა შემცირდეს საპროცენტო განაკვეთები. დამერწმუნეთ, რომ არც ერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი ექსპორტზე თავის საბრუნავ საშუალებას არ აბანდებს. ყველა საბანკო კრედიტებით მუშაობს, ჩვენთანაც და საზღვარგარეთაც. მაგრამ ჩვენი განაკვეთი არის 15%, იმათი – 2%. ამიტომ იმათ აქვთ იაფი ფული და ქმნიან გაცილებით უფრო კონკურენტუნარიან პროდუქციას, ვიდრე ქართველი, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ბაზრებისთვის. ჩვენი პროდუქციის თვითღირებულება ძალიან დიდი გამოდის მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო. როდესაც პროდუქცია გაგაქვს საერთაშორისო ბაზარზე, ორ ფაქტორს ექცევა ყურადღება – ფასისა და ხარისხის ადექვატურობას.
ს.ე. – როდესაც საპროცენტო განაკვეთების შესახებ ვსაუბრობთ, რა შეიძლება გაკეთდეს სახელმწიფოს მხრიდან, იგივე – იაფი კრედიტების გაცემა ხომ კერძო, ამ შემთ-ხვევაში, საბანკო სექტორზეა დამოკიდებული?
ა.თ. – ამაზე იმ წიგნშიც (“საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა” – ავტ.შენ.) არის საუბარი, რომელიც გამოვეცით ავთანდილ სილაგაძესთან ერთად. ჩვენი აზრით, უნდა შეიქმნას ეკონომიკის განვითარების ფონდი, რომლის წლიური მოცულობა, ეკონომიკური გათვლებით, 350 მილიონი ლარი უნდა იყოს. ასეთი თანხების მობილიზაცია სავსებით შესაძლებელია. მისი საქმიანობა აბსოლუტურად გამჭვირვალე უნდა იყოს. ის არ მიანიჭებს გრანტებს, არამედ ტენდერის საფუძველზე ქართულ კომპანიებს გამოუყოფს, დავუშვათ, 15 ლარიან კრედიტებს 4%-იანი განაკვეთით, ანუ ქართულ კომპანიებს შეუქმნის ზუსტად იგივე პირობებს, რითაც სარგებლობენ უცხოელი ინევსტორები “”იაფი ფულის”” მოზიდვის პირობებში.
სოფლის მეურნეობის ნორმალურ განვითარებას წელწადში 600 მილიონი აშშ დოლარი სჭირდება. მრეწველობას დაახლოებით – მილიარდი.Dამით ეკონომიკის რეალური სექტორი ნელ-ნელა ფეხზე წამოდგება. დღეს კი რა ხდება? “”საქართველოს ბანკის”” ყველაზე დიდი პროექტი ახლა 200-ლარიანი კრედიტების გაცემაა და ეს საუბარია ბანკზე, რომელსაც ინგლისის საფონდო ბირჟაზე გააქვს აქციები. ჩვენმა საბანკო სექტორმა უნდა ჩადოს ფული რეალურ სექტორში. ამას სჭირდება სახელმწიფო დახმარება. აუცილებელია არ არის ფულადი დახმარება. სახელმწიფომ შეიძლება გასცეს გარანტია და თუკი, ვთქვათ, ის პროექტი, რომელიც ბანკიდან სახელმწიფოს თავდებობით დაფინანსდა, არ გამართლდა, სახელმწიფომ დაფაროს სესხი. ათასი მექანიზმი არსებობს ამისთვის. რეალური სექტორის არ არსებობა არის უდიდესი პრობლემა. მაგრამ საექსპორტო პოტენციალზე საუბრისას, პირველ რიგში, ჩემი აზრით, მოსაგვარებელია საიმპორტო საკითხები. დაუშვებელია იმ პროდუქციის იმპორტი, რისი წარმოებაც თავისუფლად შეგვიძლია ჩვენ. საქართველომ შეუძლია გამოუშვას წამალი და მოაგვაროს მისი ექსპორტი. შეუძლია საფილტრი მასალების გამოშვება, აუცილებელია ასკანის საბადოს აღდგენა, სირცხვილია საქართველოში იყოს ყველაზე კარგი სააგურე თიხები და ამ დროს აგურის ექსპორტის მაგივრად, დაბალი ხარისხის პორდუქცია შემოგვქონდეს თურქეთიდან. სირცხვლია ასეთი ნედლეული გქონდეს და შენ კაფელი შემოგქონდეს თურქეთიდან. სირცხვილია ქართული მერქნის პირობებში ავეჯი შემოგქონდეს. ან რატომ უნდა შემოვიტანოთ ტრაქტორები ჩინეთიდან, როდესაც ჩვენ ავტომობილების წარმოების უდიდესი ტრადიცია გვაქვს და გვყავს კვალიფიციური ინჟინრები მიკროძრავების შექმნის საქმეში. მაგრამ ამ ყველაფრის მიღწევას სჭირდება სტრუქტურული ცვლილებები. ამ დროს კი ქვეყანაში არ არსებობს ეკონომიკის სტრა-ტეგიული დაგეგმარების არც ერთი ინსტიტუტი.
ს.ე. – თუ კეთდება ქვეყანაში რამე სტრუქტურული ცვლილებებისთვის?
ა.თ. – ახლა შეიქმნა მდგრადი სტრატეგიული განვითარების სააგენტო, რომელიც მთლიანად ტუ-რიზმზეა გადართული. ეს არის დიდი ბლეფი. ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ტურიზმზე აქცენტის გაკეთება, არასწორია – სად არიან ის ქვეყნები, რომელთაც აქცენტი ტურიზმის სექტორზე გააკეთეს? სად არიან დღეს საბერძნეთი, პორტუგალია და ესპანეთი? ყველაზე მეტი ტურისტი დღეს ჩადის საფრანგეთში და აშშ-ში. მაგრამ მათთვის ტურიზმი სტრატეგიული დარგი არაა. ისინი ტურიზმით არ ირჩენენ თავს. ისინი ტურიზმს იყენებენ საკუთარი პროდუქციის მარკეტინგისათვის. უფასო პიარისთვის. ასე გავრცელდა ფრანგული ღვინო, ყველი, ამერიკული მაკდონალდსი და ა.შ. რა თქმა უნდა, მათ აქვთ კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა, რესტორნები და სასტუმროები, მაგრამ ეს არის ეკონომიკის 3-4%, მეტი არაფერი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წარმოების და ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარების გარეშე წინ ვერ წავალთ.”