განახლებადი ენერგიის ქართული პოტენციალი

აკაკი როგავა

თანამედროვე ეპოქაში აქტიურად დაიწყო არატრადიციული, განახლებადი ენერგიის ეფექტურად გამოყენების საშუალებების ძიება, რათა ტრადიციული ენერგეტიკული რესურსები შეიცვალოს განახლებადი წყაროებით. ენერგიის განახლებადი წყაროები, ეს არის ბუნებაში მუდმივად არსებული ან პერიოდულად შევსებადი ენერგიის ნაკადებზე დაფუძნებული ენერგიის წყაროები. საინტერესოა, რა გახდა ამ ცვლილებების მიზეზი?

პირველ რიგში, აღსანიშნავია ტრადიციული ენერგორესურსების შეზღუდული მარაგი. მეცნიერული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ტრადიციული ენერგირესურსების ამოწურვის ვადები, მოხმარების ზრდის დღევანდელი ტემპების პირობებში, თითოეული წიაღისეული რესურსისათვის შემდეგია: ქვანახშირის მარაგი საკმარისი იქნება დაახლოებით 270 წელი, ურანის – 100 წელი, ნავთობისა – 35-40 წელი, გაზის – 50 წელი.
უმნიშვნელოვანესია ეკოლოგიურ ფაქტორები. მზის ენერგია ათბობს დედამიწის ზედაპირს და ატმოსფეროს. ამ სითბოს დაახლოებით 70% უკან, კოსმოსში ბრუნდება. წიაღისეული საწვავის წვა ატმოსფეროში სითბური გაზების რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას იწვევს, რაც ხელს უწყობს ამ სითბოს ატმოსფეროში დაკავებას, ანუ ქმნის “სათბურის ეფექტს” და აჩქარებს გლობალური დათბობის პროცესს.
გაეროს ექსპერტთა აზრით, XXI საუკუნის ბოლოსთვის კაცობრიობის რიცხვი გაორმაგდება და 10-12 მილიარდს მიაღწევს. მოსახლეობის რაოდენობის ზრდა კაცობრიობის წინაშე აყენებს მათი ენერგო მომარაგების პრობლემას, რომლის გადაჭრაც მხოლოდ ენერგიის განახლებადი რესურსების გამოყენების ხარჯზეა შესაძლებელი.
მსოფლიოს ყველა განვითარებულ და პროგრესულ ქვეყნებში მაქსიმალურად არის ათვისებული მცირე ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი. ევროპაში 174 400 მცირე ჰესი მუშაობს და თითქმის ნახევარი მათგანი 60 წლის წინ აშენდა. ინდოეთში მცირე ჰესებით უკვე რეალიზებულია ქვეყნის ჯამური ჰიდროპოტენციალის 10%. ჩინეთში აშენებულია 45000-ზე მეტი სადგური, კანადაში – 60000, იაპონიაში – 2000.
მცირე ჰიდროელექტროსადგურს ბევრი უპირატესობა გააჩნია, რომელთა შორის აღსანიშნავია საკუთარი ენერგიის განახლებადი წყაროს გამოყენებით სოფლის განვითარება, ადგილობრივი მუშახელის დასაქმება და ახალი საწარმოების შექმნა.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მცირე ჰესებს მიეკუთვნებიან სადგურები, რომელთა სიმძლავრეც არ აღემატება 13 მგვტ-ს. ექსპერტთა შეფასებით, ჰიდროენერგეტიკული რესურსებით მდიდარ საქართველოში შესაძლებელია აშენდეს 1200-ზე მეტი მცირე ჰიდროელექტროსადგური, 3700 მგვტ ჯამური სიმძლავრით, რომელთა საშუალო წლიური გამომუშავება იქნებოდა 16 მილიარდი კვტ. საათი (ელექტროენერგიის დღევანდელი გამომუშავება შეადგენს დაახლოებით 8 მილიარდ კვტ.სთ-ს). ექსპერტთა გათვლებით, საქართველოს პირობებში 1 კვტ. დადგმული სიმძლავრის მცირე ჰესის აშენება 1500-2000 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს.
მზის ენერგეტიკის დიდი ბუმი აღინიშნება უკანასკნელ წლებში აშშ-ში, იაპონიასა და გერმანიაში. ამ ქვეყნებში არსებობს ამ დარგის განვითარების ხელშემწყობი სპეციალური სახელმწი-ფო პროგრამები. ამ ქვეყნებში არსებობს ამ დარგის განვითარების ხელშემწყობი სპეციალური სახელმ-წიფო პროგრამები. პირველმა წარმატებულმა პროგრამამ – “1000 მზის სახურავი” გერმანიაში – წარმოშვა პროექტები: “70 000 მზის სახურავი” იაპონიაში, “100 000 მზის სახურავი” კვლავ გერმანიაში, “1 000 000 მზის სახურავი აშშ-ში” და აგრეთვე “1 000 000 მზის სახურავი” ევროკავშირში.
საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე მზის გამოსხივება ხანგრძლივი და საკმად ეფექტურია. ქვეყნის უმეტეს რაიონებში მზიანი დღეების რაოდენობა მერყეობს 250-280-ის ფარგლებში, რაც დღის ხანგრძლივობის მიხედვით შეადგენს დაახლოებით 1900-2200 საათს.
ენერგიის განახლებად წყაროებს შორის თავისი მრავალფეროვნებისა და რაოდენობის მიხედვით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ბიომასას, რომლის მნიშვნელოვანი წყაროებია: სატყეო და ხის გადამამუშავებელი მრეწველობის ნარჩენები; ქაღალდის წარმოების ნარჩენები; სოფლის მეურნეობის ტექნიკური კულტურები; ორგანული, საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნარჩენები და ჩამდინარე წყლები. ბიომასის ენერგიის მოხმარების საერთ ზრდა მსოფლიოში წელიწადში მოხმარების 15%-ს შეადგენს.
აშშ-ში უკვე 2002 წლიდან არსებობს ნაგავსაყრელის გაზის მწარმოებელი დაახლოებით 350 ქარხანა, ევროპაში – 750, მთელ მსოფლიოში კი დაახლოებით 1200. წარმოებული ენერგიის საერთო რაოდენობა 4000 მგვტ-ზე მეტია, გადამუშავებული ნარჩენების მოცულობა კი 5 000 მლნ. ტონა.
ამ სფეროში ყველაზე მსხვილი პროექტები ხორციელდება ბრაზილიასა და აშშ-ში. ბრაზილიაში ბიომასიდან (შაქრის ლერწმისაგან) მიიღება ეთილის სპირტი, რომელიც გამოიყენება როგორც ავტომობილების საწვავისთვის, რაც გაცილებით ამცირეს გამონაბოლქვს და დადებითად მოქმედებს გარემოზე.
ექსპერტთა გათვლებით, ყოველწლიურად საქართველოში 20 მლნ.მ3-ზე მეტი ნარჩენი ბიომასა გროვდება, რაც მნიშვნელოვანი რესურსია ქვეყნისათვის, როგორც ენერგეტიკისა და ეკონომიკის, ისე გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. საქართველოში არსებული სხვადასხვა სახის ბიომასის თბური ენერგოპოტენციალი 3,2-4,7 მილიარდი კვტ.სთ-ით შეიძლება შეფასდეს.
გარდა ამისა, ქარის ენერგიის ტექნიკური პოტენციალი საქართველოში დაახლოებით 5 მლრდ კვტ.სთ-ით არის შეფასებული. მაშინ, როცა დღემდე ამ პოტენციალის გამოყენება პრაქტიკულად ნულის ტოლია. როგორც ვხედავთ, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა საშუალებას იძლევა ჩვენს ქვეყანაში გამოყენებულ იქნას ენერგიის განახლებადი წყაროების სრული სპექტრი – მზე, ქარი, გეოთერმული წყლები, ბიომასა და სხვა.
ამ პრობლემების ნაწილობრივ გადაჭრას ემსახურებოდა ის გამოფენა, რომელიც თბილისში ენერგეტიკული კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. გამოფენაზე წარმოდგენილი კომპანიები მომხმარე-ბელს სთავაზობდნენ ბრტყელ და ვაკუმურ კოლექტორებს; მზის ენერგიაზე მომუშავე პასიურ და აქტიურ სისტემებს; სახლის, სასტუმროების, სპორტული კომპლექსების, აბანოების და საწარმოების ცხელი წყლით უზრუნველმყოფელ სისტემებს; მზის ფოტოელექტრო პანელებს; ქარის გენერატორებს; ჰიბრიდულ სისტემებს; ელექტროეფექტურ ნათურებს და ასე შემდეგ.
რაც შეეხება აღნიშულ კვირეულს, იგი მიმდინარე წლის 18-22 ივნისს ევროპაში ჩატარდა მდგრადი ენერგეტიკის ყოველწლიური კვირეულის ფარგლებში, რომლის მიზანია შეახსენოს საზოგადოების სხვადასხვა ფენას განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის როგორც გლობალური, ასევე ლოკალური ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური პრობლემების შერბილების პოტენციალი.
ენერგეტიკის კვირეული ჩატარდა საქართველოშიც. კავშირი “ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს”, BP-სა და მისი პარტნიორი “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის კომპანიის” ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის: “განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტური პროექტების განხორციელება” ფარგლებში. კვირეულის მსვლელობისას ჩატარდა სხვადასხვა ღონისძიებები თბილისის მერიისა და ჰიპერმარკეტ “გუდვილის” მხარდაჭერით.
18-22 ივნისს მოეწყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის გრაფიკის მიმართულების სახელოსნოს სტუდენტთა საკონკურსო ნამუშევრების გამოფენა თემაზე – “განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტურობის გამოყენება”.
20 ივნისს BP-ს და მისი პარტნიორების ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის” ნავთობსადენის პროექტის: “განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტური პროექტების განხორციელება” ფარგლებში, კავშირი “ენერგოეფექტურობის ცენტრის” მიერ #203 საჯარო სკოლაში დამონტაჟებული მზის წყლის გამაცხელებელი სისტემის ექსპლუატაციაში ჩაბარების ცერემონიალი გაიმართა. ამავე პროექტის ფარგლებში, 21 ივნისს ექსპლუატაციაში ჩაბარდა კავშირი “ენერგოეფექტურობის ცენტრის” მიერ განხორციელებული “თბილისის შOშ ბავშვთა სოფელში წყლის გამაცხელებელი სისტემა”.
ამ ღონისძიებებს წინ უსწრებდა განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო განახლებადი და ენერგოდამზოგი ტექნოლოგიები და აღნიშნული ტექნოლოგიების შემომტანი და მწარმოებელი კომპანიები. გამოფენაზე დაახლოებით 30 კომპანია მონაწილეობდა, მათ შორის, დანიური კონცერნის “დანფოსისა” და მისი შვილობილი კო-მპანია “დევის” ოფიციალური წარმომადგელობა საქართველოში, კომპანია “კაუკასუს სოლარი”, “სოლარ ენერჯი ჯორჯია” და სხვა კომპანიები.
გიორგი აბულაშვილი, ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორი: “კომპანიების მხრიდან დაინტერესება ამ გამოფენის მიმართ შარშანდელთან შედარებით წელს მეტია. მონაწილეთა რაოდენობა თითქმის 50%-ით არის გაზრდილი. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ბაზარი ჯერ კიდევ არ გამოირჩევა ენერგოეფექტურ პროდუქციაზე მოთხოვნილების დიდი დონით, მონაწილეთა წლევანდელი რაოდენობა დადებითად შეიძლება შეფასდეს. რაც შეეხება მომხმარებელთა მხრიდან დამოკიდებულებას, შეიძლება ითქვას, რომ მათი გათვითცნობიერების დონე მსგავსი პროდუქციის მიმართ წინა წლებთან შედარებით გაზრდილია. მნიშვნელოვანი განსხვავება წინა წლებისა და ახლანდელ სიტუაციას შორის ისაა, რომ იაფიან და უხარისხო ტექნოლოგიების შეძენას, მომხმარებელი არჩევს, ცოტა მოიცადონ, დანაზოგი გააკეთონ, მეტი გადაიხადონ და ხარისხიანი პროდუქცია იყიდონ.
ს.ე. – ევროპაში ძალიან დიდი ყურადღება და მნიშვნელობა ენიჭება “მწვანე მშე-ნებლობის” ნორმების დაცვას. საქართველოში რა ხდება ამ მიმართულებით?
გ.ა. – რაღაც ნაბიჯები იდგმება, მაგრამ ჯერ ადრეა იმაზე ლაარაკი, რომ ეს ყველაფერი გახდეს სავალდებულო საკანონმდებლო ბაზის მიხედვით. რაც შეეხება ნებაყოფლობით სტანდარტებს, მათი ადაპტაცია უკვე მოახდინა ეკონომიკის სამინისტრომ. მე ნაწილობრივ ვიზიარებ ამ ტენდენციას, მაგრამ არის რაღაც მუხლები, რომელიც, ჩემი აზრით, სავალდებულო უნდა იყოს. მაგალითად, შენობების ენერგომახასიათებლების შესახებ მოთხოვნები უნდა იყოს კატეგორიული და სასწრაფოდ მიღებული. მით უმეტეს, ახალ მშენებლობებში. რაც შეეხება თვითონ მენაშენეების დამოკიდებულებას, “ნელ-ნელა ისინი უფრო მეტად ინტერესდებიან და საწყის ეტაპზევე პროექტებში მაქსიმალურად ცდილობენ ენერგიოეფექტური ღონისძიებების გათვალისწინებას”.
დიანა სიბაშვილი, კომპანია “რეჰაუს” მენეჯერი: “ჩვენ შემოგვაქვს გერანული მასალები, ფანჯრები, გათბობის ეკოლოგიური სისტემები, მილები და ა.შ. თითქმის 6 წელია საქართველოს ბაზარზე ვართ და არც არის შედარება, იმდენად მზარდია მოთხოვნა ხარისხის მიმართ. მიუხედავდ იმისა, რომ ფასები 30-40%-ით მეტია იგივე თურქული წამოების პროდუქციასთან შედარებით, ბოლო წლებში მომხმარებელი საგრძნობლად იზრდება. ეს შეიძლება რეკლამის გამოა, შეიძლება მომხმარებელი გაიზარდა და ცნობს პროდუქციას. ურჩევნია გადაიხადოს დღეს მეტი და მომავალში დაზოგოს გაცილებით ბევრი.”
ფაქტია, რომ არატრადიციული ენერგიის ხარჯზე შეუძლებელია ახლო მომავალში ქვეყნის ენერ-გეტიკული პრობლემების სრული გადაწყვეტა, მაგრამ მისი უგულვებელყოფაც არ იქნება სწორი, რადგან მათი სათანადო განვითარების შემთხვევაში, ენერგიის განახლებად წყაროებს შეუძლიათ საკმაო წვლილის შეტანა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში. არსებული ენერგეტიკული კრიზისისა და იმპორტულ ენერგომატარებლებზე გაზრდილი ფასების გამო კი, ენერგიის განახლებადი წყაროების გა-მოყენების ხელშეწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება.