“ჩენელ ენერჯიმ” პირობა შეასრულა

რუსუდან უშიკიშვილი

საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებაში საკმაოდ დიდი როლი ფოთმა ითამაშა. ამ ქალაქის ნავსადგურს იმთავითვე უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ამაჟამად იგი ამიერკავკასიის საზღვაო კარიბჭედ არის ქცეული და ამ კარიბჭეს უამრავი ქვეყნის გემები სტუმრობენ.

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ქალაქ ფოთს ეწვია. მისი ვიზიტის მიზეზი იყო ფოთში საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის, დახურული ტიპის სპორტკომპლექსის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნავთობპროდუქტების ტერმინალის გახსნა.

ტერმინალის მშენებლობის ინვესტირება თურქულმა კომპანია CHANNEL ENERGY CORPORATION-მა აწარმოა, რომელიც პარტნიორობას უწევს ფოთის საზღვაო ნავსადგურს (ეს არის 20 მილიონიანი ინვესტიცია), როგორც “ჩენელ ენერჯის” და ფოთის ნავსადგურის მესვეურები აღნიშნავენ, ამ ტერმინალის ექსპლუატაციაში გაშვება ერთობლივი პროექტის მხოლოდ პირველი ფაზა იყო. მეორე ფაზის ამოქმედება კი მომავალი წლის ივნისისთვის არის დაგეგმილი. ამასთანავე ეს არ არის ერთჯერადი ინვესტიცია. ინვესტირება გრძელდება და იგეგმება ტერმინალის განვითარების მესამე ფაზაც.

აღსანიშნავია ერთი ფაქტიც: წლების განმავლობაში ფოთის პორტში აკვატორიის დასუფთავების სამუშაოებს აწარმოებდა სპეციალური გემი, რომელსაც საკუთარის არ ქონის გამო ქართული მხარე რუსეთისაგან ქირაობდა. ეს კი ჩვენს ქვეყანას წელიწადში 1,5 მლნ. დოლარი უჯდებოდა. ამჟამად კი იგივე სამუშაოებს ფოთის ნავსადგურში აწარმოებს უცხოური კომპანია “დამენ შიპიარდის” მიერ აშენებული გემი “ნიკო ნიკოლაძე”, რომელიც საქართველომ განვადებით შეიძინა. ამ გემის შეძენა საქართველოსათვის უდიდესი მოვლენაა, ვინაიდან მილიონ-ნახევრიანი ქირის გადახდის ნაცვლად, ჩვენი ქვეყანა თანდათანობით დაფარავს გემის ღირებულებას და “ნიკო ნიკოლაძე” სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება. ეს კი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ თუ საქართველოს ნავმისადგომებში აღარ იქნება საჭირო “ნიკო ნიკოლაძის” მიერ ჩატარებული სამუშაოები, შესაძლებელი იქნება მისი გაქირავება, რაც აგრეთვე მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს საქართველოსათვის.

ტერმინალის გახსნას ქართველ მაღალჩინოსნებთან ერთად უამრავი უცხოელი სტუმარიც დაესწრო. მათ შორის იყვნენ CHANNEL ENERGY-ის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და ჰოლდინგური კომპანია TEBODIN-ის წარმომადგენლები. აღნიშნული კომპანია მეთვალყურეობას აწარმოებს ტერმინალის მშენებლობაზე, თუ რამდენად დაცულია ტექნოლოგიური, უსაფრთხოების, გარემოს დაცვითი და ა.შ. ნორმები.

ვილემ ხაუტი (TEBODIN-is warmomadgeneli): “მე ძალიან განვიცდიდი და ვფიქრობდი, რომ შეუძლებელი იქნებოდა ამ მშენებლობის დამთავრება განსაზღვრულ ვადებში, მაგრამ ახლა ძალიან მიხარია, რომ ყველაფერი შესრულებული იქნა საკმაოდ მაღალ დონეზე და ზუსტად დათქმულ ვადებში. ფაქტობრივად, იანვრის დასაწყისში გაკეთდა ყველა ძალების მობილიზაცია, რათა ამ გახსნის მომენტამდე მისულიყო საქმე. კომპანია ჩაეტია ყველა ვადაში და უკვე ორი კვირაა, რაც ტერმინალი ფუნქციონირებს.

ტერმინალის მშენებლობა შესრულებულია ძალიან მაღალ დონეზე, თანამედროვე სტანდარტების დაცვით. მე ნამდვილად მოხიბლული ვარ შესრულების მანერით, პასუხისმგებლობით და ხარისხით. აგრეთვე, ადგილობრივი პარტნიორების და უცხოელი ინვესტორების ერთობლივი მუშაობით. ამდენად, ჩვენ ნამდვილად დადებით შეფასებას ვაძლევთ შესრულებულ სამუშაოს. შედეგი სახეზეა, რაც თქვენ თვითონაც შეგიძლიათ ნახოთ”.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ დაიწყო პარტნიორობა ქართველებსა და უცხოელებს შორის, ფოთის საზღვაო ნავსადგურის უფროსი, ჯემალ ინაიშვილი აცხადებს:

“ყველაფერი დაიწყო 1998 წელს, როდესაც ჩვენ შევხვდით კომპანია “ჩენელ ენერჯის” წარმომადგენლებს. ისინი ეწვივნენ ფოთის საზღვაო ნავსადგურს. მათ გავაცანით ჩვენი ბიზნეს-გეგმა და ასე ჩაეყარა საფუძველი პარტნიორობას “ჩენელ ენერჯისთან”. პრაქტიკულად ბევრი დრო წაიღო მოსამზადებელმა პერიოდმა, მაგრამ იმის შემდეგ, რაც მშენებლობა დაიწყო, მოვლენები უფრო სწრაფად განვითარდა და ტერმინალი ერთ წელიწადში მზად იყო.

ვიტყოდი, რომ ქვეყნისთვის აღნიშნულ პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც. ამ პროექტის რეალიზაციის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახლავთ ის, რომ პრეზიდენტმა პირველივე დღიდან კონტროლზე აიყვანა მისი განხორციელება.

დღეს ჩვენ მოწმენი გავხდით ტერმინალის პირველი ფაზის მწყობრში გაშვებისა, მომავალი წლის ივნისში კი დაგეგმილია მეორე ფაზის ექსპლუატაციაში შეყვანა, რაც ჯამში მოგვცემს 120 ათასი ტონა ნავთობპროდუქტების ერთჯერადი შენახვისა და 4 მლნ. ტონა ტვირთის გადამუშავების შესაძლებლობას.

აღსანიშნავია ისიც, რომ ნავსადგურში მუშაობს საძიებო გემი, რომელიც აწარმოებს სამუშაოებს 40 მეტრის სიღრმემდე. ეს მონაცემები საჭიროა იმისთვის, რომ დაიწყოს ახალი ნავმისადგომის დაპროექტება. საცავების მშენებლობის პარალელურად ჩვენ ვზრდით ნავმისადგომების რაოდენობასაც, რაც საჭიროა ნავთობპორდუქტების და ტანკერების გადასატვირთად.

პირველ ეტაპზე მოდერნიზაცია ჩაუტარდა ნავმისადგომს, რომელიც შეძლებს 60 ათასი ტონის ტვირთამწეობის გემების მიღებას. ხოლო მეორე ეტაპზე დაგეგმილია იგივე სიმძლავრის ახალი ნავმისადგომის მშენებლობა”.

ჯემალ ინაიშვილის თქმით, რეალურად უკვე არიან ფოთის ნავმისადგომით დაინტერესებული მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობკომპანიები. ესენია: “გლენკორი”, “ტრაფიგურა”, “ტოტალი”, “ბურენი” და სხვა შედარებით წვრილი კომპანიები.

თურქული კომპანია “ჩენელ ენერჯის” პრეზიდენტი, მეჰმედ ჰაბაბი საქართველოსთან პარტნიორობით ძალიან კმაყოფილია და აღნიშნავს, რომ კომპანიის მხრიდან ინვესტირება გაგრძელდება.

მეჰმედ ჰაბაბი: “უკვე ოთხი წელია, რაც ჩვენ საქართველოში ვმუშაობთ. თანამშრომლობა საქართველოსთან და ჩვენი მხრიდან ინვესტირება გრძელდება. ძალიან კმაყოფილი ვართ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტით ფოთში, ვინაიდან, ნახევარი წლის წინ, როდესაც ის აქ იყო ჩამოსული, თითქმის არაფერი არსებობდა, რასაც დღეს ვხედავთ: იმ დროს ჩვენ მას ვუთხარით, რომ სექტემბრისთვის ყველაფერი მზად იქნებოდა, მაგრამ, ჩვენი აზრით, მან ეს არ დაიჯერა. რაც იმით არის გამოწვეული, რომ ბევრი უცხოელი ინვესტორი ჩამოდის საქართველოში, მაგრამ მათ მიერ დაწყებული საქმიანობა დაუმთავრებელი რჩება. ჩვენ კი როგორც ხედავთ, შევასრულეთ დაპირება.

გვაქვს ერთობლივი კომპანია ფოთის ნავსადგურთან, რომელიც ჩვენი პარტნიორია ამ პროექტის განხორციელებაში. ნავსადგურმა მფლობელობაში გადმოგვცა მიწის რესურსები, ჩვენ კი უნდა დავაფინანსოთ პროექტის სრული ღირებულება. ფოთის პორტი ამ პროექტის თანამონაწილეა 25%-ით და მისი წყალობით პორტს ხანგრძლივი დროის განმავლობაში საკმაოდ დიდი შემოსავალი ექნება. 2010 წლამდე ფოთის ნავსადგურის პარტნიორებად ითვლებიან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და შავი ზღვის ბიზნესის და განვითარების ბანკები”.

ელინ ანუნდსკოოსი (EBRD-ის წარმომადგენელი): “ჩვენ ნამდვილად მოხარული ვართ ქართველ პარტნიორებსა და უცხოელ ინვესტორებს შორის ურთიერთობით. ეს არის უცხოური გამოცდილებისა და ადგილობრივი ცოდნის კომბინაცია. ფოთის ტერმინალის არსებობას საქართველოში უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ხელს უწყობს კავკასიის რეგიონში ვაჭრობის განვითარებას. საქართველოში საინვესტიციო კლიმატი არცთუ ისე ხელსაყრელია და სწორედ ამიტომ ყოველთვის საჭიროა ადგილობრივი ძალების ჩართვა უცხოური ინვესტიციების განხორციელებაში.

მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროექტის დაფინანსებით საქართველოში საფუძველი ჩაეყარა ახალ ურთიერთობას და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი კიდევ აპირებს ინვესტიციების განხორციელებას საქართველოში”.