თამაში ეკონომიკური პოლიტიკის თანხლებით

ალექსანდრა ლალიაშვილი

უშველის თუ არა რეცესიის ფაზაში მყოფ ბრიტანულ ეკონომიკას ლონდონის ოლიმპიადა – ამაზე პა-სუხი რამდენიმე თვეში გვეცოდინება. თუმცა ის კვლევები, რომელიც აქამდე ჩატარებული ოლ-იმპიადების ეკონომიკურ ეფექტიანობას უკავშირდება, ბრიტანეთის მთავრობისათვის დიდად დამაი-მედებელ მონაცემებს არ შეიცავს.

დიდი ბრიტანეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 2012 წლის პირველ კვარტალში 0,2%-ით შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა ტექნიკური რეცესიის ფაზაში შევიდა. ტექნიკური რეცესია ნიშნავს, ზედიზედ ორი კვარტლის განმავლობაში მშპ-ის დაცემას. შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ბოლო კვარტალში დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა 0,3%-ით შემცირდა.
ამჟამად ქვეყანაში მრეწველობის ვარდნა, სამშენებლო სექტორში აქტივობის შემცირება და მომსახურების სფეროს სუსტი ზრდა შეინიშნება. ეკონომიკური ტემპის ვარდნის მიზეზებად, დაკრედიტების მკაცრი პირობები, უმუშევართა რაოდენობისა და სამომხმარებლო ფასების ზრდა, ხელფასების უმნიშვნელო მატება და ევროპის ვალის კრიზისის ეკონომიკაზე უარყოფითი ზეგავლენა სახელდება.
ნისლიანი ალბიონის მთავარი იმედი მიმდინარე ოლიმპიადაა. დიდი ბრიტანეთის მთავრობა ეკონომიკის განვითარების მიზნით, სავაჭრო კანონსაც კი ცვლის – ოლიმპიადის დროს, ლონდონის მსხვილი სავაჭრო ცენტრები და დიდი მაღაზიები კვირა დღეს სრული დატვირთვით, 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ. დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ოლიმპიადის დროს, დიდ ბრიტანეთში ჩასული ტურისტები მაღაზიებით ისარგებლებენ და სპეციალისტთა გათვლებით, მხოლოდ ლონდონის ცენტრში მდებარე მაღაზიებს საშუალოდ 12,5 მილიონ დოლარი ექნებათ მოგება.
მთავრობის ოპტიმიზმს ნაკლებად იზიარებენ კვლევითი ორგანიზაციები და ექსპერტები. მაგალითისათვის, სარეიტინგო სააგენტო Mოოდყ’ს-ის სპეციალისტთა აზრით, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადა ბრიტანეთის ეკონომიკის აღმასვლას ხელს ფაქტობრივად ვერ შეუწყობს. გარკვეული ეფექტი, ცხადია, იქნება, მაგრამ ის ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდება. სააგენტოს პროგნოზმა მძიმე დარტყმა მიაყენა ქვეყნის მთავრობას, რომელიც ოლიმპიურ თამაშებს მიმდინარე წლის მესამე კვარტალში სამომხმარებლო დანახარჯების ზრდის მთავარ კატალიზატორად მიიჩნევს. ბრიტანეთის ხელისუფლების აზრით, ოლიმპიადას შეუძლია ქვეყანა რეცესიიდან გამოიყვანოს. სხვა რომ არაფერი, ოლიმპიური თამაშებისათვის მოსამზადებლად მილიარდობით ფუნტის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა, რაც, წესით, ქვეყნის ეკონომიკისათვის უდიდესი მასტიმულირებელი ეფექტი უნდა იყოს.
მაგრამ Mოოდყ’ს-ის ექსპერტები თვლიან, რომ სამომხმარებლო დანახარჯების ზრდა ხანმოკლე იქნება და დადებით გავლენას მხოლოდ ბრენდების შემოსავლებზე მოახდენს. ერთადერთი სფერო, რომელიც ყოველ მიზეზ გარეშე მოიგებს, ტურისტული, კერძოდ კი სასტუმროების ბიზნესი იქნება. თუმცა, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ტურისტული სფეროს გავლენა ქვეყნის შიდა პროდუქტზე ძალიან მცირე იქნება. თავისთავად ცხადია, ოლიმპიადა დამატებით შემოსავალს მოუტანს სატრანსპორტო კომპანიებს. თუმცა, ამჯერადაც დიდ და მნიშვნელოვან ხეირზე საუბარი არ არის. აღსანიშნავია, რომ ბიზნესის გარკვეული სფეროები ოლიმპიადისაგან შეიძლება დაზარალდნენ კიდეც. მაგალითად, სამშენებლო სფერო, რომელიც ოლიმპიადის გამო დაგეგმილი დასვენებების გამო გვარიანად მოცდება.
ლონდონის ოლიმპიადისათვის მზადებას ბრიტანეთის ეკონომიკის მომავლისათვის მნიშვნელოვანი დადებითი მომენტი მაინც ახლავს. ინფრასტრუქტურული პროექტებით სარგებლობა შემდეგ კარგა ხნის მანძილზე იქნება შესაძლებელი. თუმცა, ცხადია, ეს არ ნიშნავს, იმას, რომ ოლიმპიადა კრიზისიდან გამოსასვლელად გამოსადეგ ტრამპლინად შეიძლება განვიხილოთ, რადგან ბრიტანეთის ეკონომიკა ძალიან არის დამოკიდებული ევროპაში მიმდინარე პროცესებზე. ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ სანამ ევროპაში კრიზისი იმძვინვარებს, იქამდე ძნელი წარმოსადგენია ბრიტანეთის ეკონომიკა რეცესიიდან გამოვიდეს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს მასშტაბური სპორტული ღონისძიებები ნაკლებად ხდება ეკონომიკური ზრდის გრძელვადიანი ფაქტორი. პირიქით, ისინი ხელს უწყობენ სახელმწიფო ვალის ზრდას და კრიზისის პროვოცირებას. ეს იმიტომ ხდება, რომ დიდ სპორტულ ობიექტებში ჩადებული ინვესტიციების ამოღება ძალიან გვიან ხდება. ამის ნათელი მაგალითია საბერძნეთი, რომლის ვალების ზრდის ტემპმა 2004 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ საგრძნობლად მოიმატა.
როდესაც მსგავსი მასშტაბური ღონისძიებების მასპინძლობაზე ვლაპარაკობთ, უარყოფითი ფა-ქტორებს შორის, პირველ რიგში, აღსანიშნავია ის კოლოსალური თანხები, რომელიც ოლიმპიადის ორგანიზებისთვისაა აუცილებელი. ექსპერტთა შეფასებით, ოლიმპიური სამზადისი ბრიტანეთს დაახლოებით 10 მილიარდი ფუნტი სტერლინგი დაუჯდა. მართალია, ამის პარალელურად, არის მოლოდინი იმისა, რომ ქვეყანა ოლიმპიადის მსვლელობის დროს ტურისტებისაგან დიდ შემოსავალს მიიღებს, ამ დანახარჯების ჯეროვანი კომპენსირება მაინც საეჭვოა.
ამავე დროს, მართალია, ოლიმპიადის ჩატარების დროს იქმნება ბევრი ახალი სამუშაო ადგილი, მაგრამ პრობლემაა ის, რომ ეს სამუშაო ადგილები ქმნის უმუშევრობის პრობლემის შერბილების ილუზიას, რადგან ის სამუშაო ადგილები, რომელიც ოლიმპიადის წინამოსამზადებელი პერიოდის ან ოლიმპიადის მსვლელობისას იქმნება, დროებითია და წლის ბოლოსათვის ქვეყანაში ისევ მძაფრად იჩენს თავს უმუშევრობა. თუმცა, ლონდონში ჩასული მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ ხელფასები შთამბეჭდავია. მაგალითად, მოხალისეთა ჯგუფს დღეში 300 გირვანქა სტერლინგს უხდიან იმისთვის, რომ ჩასულ ტურისტებს სასურველი გეზი უჩვენონ და ლონდონის რუკა გადასცენ.
ოლიმპიადას მართლაც შეუძლია ქვეყნის ეკონომიკა რეცესიიდან გამოიყვანოს, მაგრამ როგორც სპეციალისტები წინასწარმეტყველებენ და ამას ისტორიული ფაქტებიც მოწმობენ, ეს მხოლოდ დროებითი ეფექტი იქნება და ეკონომიკა რეალურ სახეს წლის ბოლოს დაიბრუნებს. მით უმეტეს, რომ ბრიტანეთის ეკონომიკა ოლიმპიადას საკმაოდ ცუდი მაჩვენებლებით ხვდება. ცუდი ამინდისა და მრავალრიცხოვანი დასვენების დღეების შედეგად, 2012 წლის მეორე კვარტალში ბრიტანეთის მშპ 0.7%-ით შემცირდა. ექსპერტთა შეეფასებით, იმ დანახარჯების წყალობით, რომელსაც სპორტის მოყვარული სტუმრები სასტუმროებში, სუვენირებში, სპორტულ ეკიპირებებსა და ა.შ. დახარჯავენ, უახლოეს კვირებში მშპ-ს 0.3%-ით გაზრდის, რაც, საბოლოო ჯამში, ბრიტანული მშპ-ის 0.8%-იანი ზრდის წინაპირობა უნდა გახდეს მიმდინარე წლის მესამე კვარტლის ბოლოს. მეოთხე კვარტალში კი კვლავ მოსალოდენლია მშპ-ის 0.4%-იანი კლება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბრიტანული ეკონომიკა მიმდინარე წელს მთლიანობაში 0.5%-ით შემცირდება, რაც ახალი თავის ტკივილი იქნება ჯორჯ ოსბორნისთვის, რომლის საბიუჯეტო პროექტიც დამყარებული იყო ბრიტანეთის ეკონომიკის 0.8%-იან ზრდაზე.
ჩიტიგროუპ-ის პერიოდული ანგარიშის მიხედვით, რომელიც სხვადასხვა ოლიმპიური თამაშების ეკონომიკური ეფექტიანობის კვლევას ითვალიწინებს, ძირითად შემთხვევებში, ეკონომიკის ზრდა ფიქსირდება უშუალოდ თამაშების მსვლელობისას და რამდენიმე თვე გრძელდება, თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ეკონომიკის მცირედი ზრდა თამაშების დაწყებამდე შეინიშნებოდა, შემდეგ კი ვარდნა დაიწყო.
1980 წლიდან მოყოლებული თითქმის ყველა მასპინძელ ქვეყანაში თამაშებამდე ორი კვარტალი უფრო მყარი იყო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ვიდრე თამაშების მომდევნო 2 კვარტალი. ყველაზე დიდი ვარდნა ეკონომიკისა მოჰყვა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებს, ასევე 1992 წელს ესპანეთსა და 2008 წელს ჩინეთში გამართულ ოლიმპიადებს. ერთადერთი გამონაკლისი, როდესაც ეკონომიკამ ზრდა გააგრძელა ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალის შემდეგ, იყო 1996 წელს ატლანტის ოლიმპიადა. მსგავსი ტენდენციის მიზეზი მარტივია: ყველაზე დიდ ეკონომიკურ სარგებელს ქმნის სამუშაო ადგილები, რომელიც საოლიმპიადე მშენებლობების დროს იქმნება. ოლიმპიადის დაწ-ყება-დასრულების შემდეგ კი მშენებლობებიც სრულდება და სამუშაო ადგილებიც უქმდება. გასათვა-ლისწინებელია ისიც, რომ ოლიმპიადის მსვლელობისას ადგილობრივი მოსახლეობის შრომის ნაყოფიერება მკვეთრად მცირდება, ვინაიდან ბევრი მათგანი მუშაობას ამჯობინებს ტელევიზორის ეკრანებთან მოკალათებასა და სპორტული თამაშებისათვის თვალყურის დევნებას.
მართალია, ზაფხულის 1 თვის განმავლობაში ლონდონი სავსე იქნება ტურისტებით (უცხოელი მაყურებლისათვის 1 მილიონი ბილეთია ხელმისაწვდომი), სამაგიეროდ მესამე კვარტალში ტურისტების რაოდენობის ვარდნა მკვეთრი იქნება. ბრიტანეთის ტურიზმის ასოციაციის მონაცემების მიხედვით, 2012 წლის მესამე კვარტალში ტურისტების მიერ წინასწარ განხორციელებული შეკვეთები ბილეთებსა და სასტუმროებზე ჩვეულებრივთან შედარებით ქვეყანაში 50%-ით შემცირდება. მაგალითად, 2000 წლის სექტემბერში, ავსტრალიაში, ტურისტების რაოდენობა, ოლიმპიადის მსვლელობის დროს 16%-ით გაიზარდა. თუმცა, ამის შემდეგ 3 წლის განმავლობაში ტურისტების რაოდენობა კლებულობდა. ამის მიზეზი ისაა, რომ ბევრი ტურისტი, რომელიც იმ ქვეყანაში ჩასვლას გეგმავს, სადაც უახლოეს წლებში ოლიმპიადა უნდა გაიმართოს, ამ მოვლენას ამთხვევს ვიზიტს, რაც შესაბამისად მომდევნო წლებში იწვევს ტურისტების ნაკადის შემცირებას.
როგორც წარსული გამოცდილება აჩვენებს, ბრიტანეთის ხელისუფლებას ოლიმპიადის იმედად ყოფნა არაფერს მოუტანს. ექსპერტების შეფასებით, დიდი ბრიტანეთის ეკონომიკის ზრდა 2012 წლის მეორე ნახევარში იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ ევროპაში ვალის კრიზისის პრობლემებს წარმატებულად გადაჭრიან და, ამასთანავე, ხელისუფლება ქვეყნის შიგნითაც გაატარებს საჭირო ღონისძიებებს. ამ შემთხვევაში, 2013 წელს, სავარაუდოდ, დიდი ბრიტანეთის მშპ 2,3%-ით გაიზრდება. ბრიტანეთის მთავრობას ექსპერტები ურჩევენ, რომ ბიზნესის წახალისების მოკლევადიანი სტიმულირების ისეთი პროგრამა მოიფიქროს, რომელიც ეკონომიკურ აქტიურობას ხელს შეუწყობს. ქვეყნაში ფულის მასის მიწოდება სავალუტო ბაზარზე დეკემბერში 1.4%-ით შემციდა. ეს არის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი, ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე.