ვინ ეხმარება მცირე ბიზნესს საქართველოში

მაკა ღანიაშვილი

მცირე ბიზნესის განვითარება სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკის განვითარების ოპტიმალური და უმოკლესი გზაა. იგი მნიშვნელოვანი ელემენტია ეკონომიკურ-პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებაში და სოციალური პრობლემების დაძლევაში. ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები ქმნიან ქვეყანაში საშუალო ფენას. შეიძლება ითქვას, რომ მცირე ბიზნესი დიდი ბიზნესის საწარმოების გამოსაცდელი პოლიგონია. მცირე მეწარმეობიდან იწყება ის ინტერესები, რომელიც შემდგომ უკვე საშუალო და მსხვილ ბიზნესს უჩნდება. გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც საქართვე-ლოა. უცხო არც ისაა არავისთვის, რომ საქართველოში არსებულ სამეწარმეო გარემო რიგი პრობლემებით ხასიათდება.

საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID), საქართველოში განხორციელებული პროექტების ფარგლებში, მცირე და საშუალო საწარმოების ბიზნესგარემო გამოიკვლიეს. მეწარმეებმა ძირითად პრობლემად კანონმდებლობის ხშირი ცვლილება დაასახელეს. გამოკითხულთა უმრავლესობის (73 პროცენტი) აზრით, ბიზნესგარემო საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუარესდა. საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების დაახლოებით 70%-მა განაცხადა, რომ მთავარი პრობლემა ბიზნესის წარმართვისას ინვესტიციების მოძიება იყო. მათგან, ვინც კაპიტალური ინვესტიციები განახორციელა, 77%-მა აღნიშნა, რომ ეს მათ გაუნაწილებელი მოგებიდან და საკუთარი დანაზოგებიდან სახსრების მობილიზებით მოახერხეს. მაღალი საგირავნო მოთხოვნა და საპროცენტო განაკვეთები იმ ძირითად პრობლემად დასახელდა, რის გამოც საწარმოები საბანკო სესხებით არ სარგებლობენ.
კახა კოხრეიძე, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი: “მცირე და საშუალო ბზინესი საქართველოში დღეს ძალიან რეთულ მდგომარეობაშია. ამას განაპირობებს ძალიან ბევრი ფაქტორი. მცირე ბიზნესს არ აქვს ხელმისაწვდომობა კაპიტალზე. ეს არის ფუნდამენტური პრობლემა, რაც დღეს ქვეყანაშია. ამის გარდა, არის ბევრი სხვა პრობლემაც. მაგალითად, კვალიფიციური კადრების ნაკლებობა. ასევე, პრობლემაა კერძო საკუთრების დაცვის გარანტიების არ არსებობა, მისი ხელყოფის ბევრი ფაქტი. სამწუხაროდ არ არის განვითარებული ინდუსტრიული პარკები, რომლის საშუალებითაც მოხდებოდა კლასტერების შექმნა და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუკავშირდებოდნენ და ერთან ქსელში შექმნიდნენ ისეთ პროდუქციას, რომელიც საერთაშორისო ბაზრებისთვისაც იქნებოდა განკუთვნილი, ვგულისხმობ, ხარისხს და ფასს. მცირე კომპანიები კი ინდივიდუალურად ვერ ახერხებენ ექსპორტზე ორიენტაციას. პრობლემაა ისიც, რომ არ ვიცით ჩვენ რა სფეროებში შეიძლება ინვესტიციები განვახორციელოთ, არ ხდება სათანადო კვლევების ჩატარება. უნდა გამოიკვეთოს საქართველოსთვის ის დარგები, სადაც ჩვენს ქვეყანას შეფარდებითი კონკურენტული უპირადესობები აქვს და განვავითაროთ შემდეგ ეს მიმართულებები”.
პირველად მსოფლიოში მცირე ბიზნესის დახმარების გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო. 1932 წელს ეკონომიკური კრიზისის დროს ამერიკამ შეიმუშავა სესხების გაცემის ფე-დერალური პროგრამა. თანამედროვე ამერიკაში ეს პროგრამა უფრო დახვეწილია. სახელმწიფო კერძო საფინანსო სამსახურს აძლევს სესხის ნაწილის დაფარვის გარანტიას. კერძოთ თუ მცირე მეწარმის აღებული სესხი არ აღემატება 750 ათას ამერიკულ დოლარს, მეწარმის გადახდისუუნაროდ შექმნის შემთხვევაში სახელმწიფო ფარავს კრედიტის 75%-ს, ხოლო თუ კრედიტი 100 ათას დოლარს არ აღემა-ტება, გარანტია 80-%-ზე გაიცემა.
ანალოგიური პროგრამა მოქმედებს დიდ ბრიტანეთშიც, მცირე მეწარმის სესხის აღების გამარტივების მიზნით სახელმწიფო აქაც აზღვევს სესხის 75%. ამასთან ბანკი კრედიტის გაცემის პირობებს სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად ყოველგვარი ჩარევის გარეშე აყენებს. ამ პროგრამისთვის გაერთიანებულ სამეფოს ბიუჟეტიდან ყოველწლიურად 50 000 000 ფუნტი სტერლინგი გამოიყოფა.
გერმანიაში მცირე საწარმოების ინვესტირებისთვის სახელმწიფო გასცემს უსასყიდლო სუბსიდიებს, რომელიც მთლიანი კაპიტალის ძალიან მცირე ნაწილს წარმოადგენს. ძირითადი დაფინანსება კი ხდება შეღავათიანი კრედიტების გაცემით, რომლის დაფარვაც შესაძლებელია 10 წლის მერე, მეწარმე კრედიტის დაფარვას იწყებს მე-11 წელს დაფარვის ვადა კი მაქსიმუმ 20 წელია. კრედიტის წლიური პროცენტი 5-ს არ აღემატება. შეღავათიანი კრედიტის ასაღებად აუცილებელია საერთო კაპიტალში კრედიტის წილი არ აღემატებოდეს 50 პროცენტს, ხოლო კრედიტის ოდენობა ერთ მილიონ ევროს.
საფრანგეთში მცირე ბიზნესის დაკრედიტებაზე მოქმედებს 50-მდე ორგანიზაცია. მათ შორის “მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ბანკი” 1996 წლიდან არსებობს. დღეისათვის ეს ბანკი გასცემს სრულიად უპროცენტო სესხებს. ხოლო 30 000 ევროს ფარგლებში კი გაიცემა სუბსიდიები. ბანკს ერთის მხრივ აფინანსებს სახელმწიფო, ხოლო დარჩენილ ნახევარს თავის თავზე იღებს ნახევრად სახელმწიფოებრივ დეპოზიტებისა და აქტივების მართვის სალარო. 2003 წლიდან საფრანგეთში ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვითაც ანაბრის 25% თავისუფლდება გადასახადისგან დივიდენდზე თუ იგი წარმოებაში ჩაიდება.
დაფინანსების მოპოვების შემდეგ მცირე მეწარმის პრობლემას წარმოადგენს არსებული კაპიტალის რაციონალურად გამოყენება. გამოცდილების არ არსებობის და სხვადასხვა პრობლემების გაუთვალისწინებლობის გამო აშშ-ში ყოველწლიურად ახალი გახსნილი მცირე საწარმოების 85% კოტრდება. ამ პრობლემის გადასაჭრელად მუშაობს “აშშ მცირე ბიზნესის ადმინისტრაცია” რომელიც ამერიკის კონგრესმა 1953 წელს დააარსა. მის ხელმძღვანელს ნიშნავს პრეზიდენტი და ამტკიცებს სენატი. ქვეყანაში ფუნქციონირებს ამ ორგანიზაციის 1000-მდე ფილიალი, სადაც 50-მდე სახის პროგრამა ფუნქციონირებს. ერთ-ერთ მთავარ საქმიანობად ითვლება საიმფორმაციო მხარდაჭერა და გადამზადება. სხვადასხვა ფილიალებში მიმდინარეობს ტრეინინგები და კონსულტაციები რომლებიც აერთიანებენ 10 000-ზე მეტ ყოფილ და ახლად დაარსებულ საწარმოს. ასევე არსებობს ინდივიდუალური მიდგომის კონსულტაციის და დახმარების პროგრამებიც.
დიდ ბრიტანეთში ამ პრობლემებს ებრძვის “მცირე ბიზნესის სამსახური”, რომელიც ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს სპეციალიზირებული სააგენტოა. ზემო აღნიშნული სააგენტოს ფარგლებში მიმდინარეობს შემდეგი სახის პროგრამები: ახალი და მოქმედი ფირმების საკონსულტაციო პროგრამები; მცირე საწარმოს საექსპორტო საქმიანობის წახალისების პროგრამები; მცირე საწარმოს დახმარების რეგიონალური დახმარების პროგრამები; კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები.
შედეგად, განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყნებში მცირე ბიზნესში დასაქმებულთა 60-70% მუშაობს. მთელს მსოფლიოში მცირე საწარმოებში უფრო მეტია დასაქმებული, ვიდრე ყველა სხვა საწარმოში ერთად აღებული. გარდა ამისა, მცირე საწარმოები, ერთ მუშაკზე გაანგარიშებით, მეტ სიახლეებს და ცვლილებებს ნერგავენ, ვიდრე მსხვილი ფირმები. საერთაშორისო თუ ადგილობრივმა ფონდებმა საქართველოში მცირე მეწარმეების დასახმარებლად ათეულობით მილიონი ლარი დახარჯეს, თუმცა ბიზნესის ეს სექტორი, განვითარების ნაცვლად, ყოველწლიურად მცირდება. მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ქართული ბიზნესის მთლიან მოცულობაში, დაახლოებით 15%-ია. შემცირებულია საშუალო ზომის საწარმოების რიცხვი, ამ საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობა და საშუალო ხელფასი. საქართველოს ეკონომიკაში როგორც ბრუნვის, ასევე დასაქმებულთა რაოდენობის მაჩვენებლების 60%-ზე მეტი მსხვილ საწარმოებზე მოდის, მიუხედავად იმისა, რომ მსხვილი საწარმოების წილი რეგისტრირებულ სუბიექტებში 7-8%-ს არ აღემატება.
სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მცირე ბიზნესის განსავითარებლად ქართველი ექსპერტები აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ბევრი ნაბიჯი ამ მიმართულებით არასწორად გადაიდგა. მათ შორის, ყველაზე აშკარა შეცდომად სახელდება იაფი კრედიტების პროგრამა, რომელმაც, ეკონომისტების შეფასებით, ვერ გაამართლა. ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, არასწორია, როდესაც კრედიტს იძლევა სახელმწიფო. უმჯობესი იქნება, სახელმწიფო ნაკლებად ჩაერიოს ეკონომიკის ფუნქციონირებაში. “მცირე ბიზნესს არ სჭირდება ფულის გამოყოფა. მას სჭირდება ისეთი გარემოს შექმნა, სადაც არ დაჩაგრავენ, სადაც საგადასახადო სამსახური ჩასაფრებულის პოლიტიკას არგანახორციელებს, სადაც ბანკები შედარებით ლოიალურები იქნებიან” – აცხადებენ ექსპერტები.
მცირე ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი უცხოური პროგრამები საქართველოში
სახელმწიფო პროგრამების გარდა, განსაკუთრებით განვითარებადი ეკონომიკების მქონე ქვეყნებში, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშესაწყობად სხვადასხვა პროგრამებს საერთაშორისო ორგანიზაციებიც ინტენსიურად ახორციელებენ. საქართველოში ფუნქციონირებს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უშუალოდ მცირე ბიზნესის ხელშეწყობით არიან დაკავებულები: “მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი”, “საქართველოს ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი”, “საქართველოს საწარმოთა ხელშე-წყობის პროექტი”, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარების ფონდის FINKA Internacional საქართველოს ფილიალი, ღია საზოგადოება-საქართველოს ფონდი, USAID-ის პროექტი “ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა” და სხვ.
კახა კოხრეიძე: “დღეს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშესაწყობად ბევრი უცხოური პროექტი ხორციელდება. შეიძლება ასე პირდაპირ არ ერქვას, რომ ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი პროგრამა, მაგრამ ესა თუ ის პროექტი ცალსახად ხელს უწყობდეს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას საქართველოში. რომ დავაკვირდეთ, დასავლეთის მაღალგანვითარებული ქვეყნების, ძირითადი კეთილდღეობის შექმნის საფუძველი, რა თქმა უნდა სხვა ფაქტორებთან ერთად, იყო კანონის უზენაესობა. არ აქვს არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას, გადასახადი ოდნავ მაღალი იქნება თუ დაბალი იმ ქვეყნებში, სადაც კანონის უზენაესობის პრობლემა დგას. თუ მეწარმეები ჩათვლიან, რომ ქვეყანაში არ არის სამართლიანობა დაცული და მოქმედებს შერჩევითი სამართალი, ეს ძალიან უშლის ხელს ბიზნესის განვითარებას, ამიტომ მე ვიტყოდი, რომ მართლმსაჯულების გამჭვირვალობა-დამოუკიდებლობაზე და უშუალოდ სასამრთლოს რეფორმებზე რა პროგრამებიც ხორციელდება, უწყობს ხელს ბიზნესის განვითარებას. UშAID-ის პროგრამების ფარგლებში ამ მიმართულებით ძალიან ბევრი გაკეთდა და კეთდება. არის კიდევ UშAID-ის მეორე მიმართულება, “ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა”, რომლის ფარგლებშიც ძალიან კარგი კვლევები ჩაატარდა იმ დარგებისა, რომელიც საქართველოში მეტნაკლებად კონკურენტუნარიანია.
ასევე საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას აქვს მცირე ბიზნესის დაკრედიტების პროგრამები. მაგრამ თავი რომ დავანებოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახელმწიფო თუ არ გადადგამს იმ ნაბიჯებს რაც საჭიროა, ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისათვის, ნებისმიერი ასეთი პროექტი 10-20-30 მილიონიანიც რომ იყოს, არის მხოლოდ კარგი მოდელი. ანუ ინდიკატორი იმისა თუ როგორ შეიძლება სახელმწიფომ კონკრეტული პროგრამები დანერგოს. დღეს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგში საქართველოს არცთუ სახარბიელო 77-ე ადგილი უკავია. ამავე დროს, ამ რეიტინგში არის 2 ასეთი ქვეკომპონენტი, ადგილობრივი მწარმოებლების რაოდენობა და ადგილობრივი მწარმოებლების ხარისხი. ამ 2 კომპონენტში საქართველო ასეულის მიღმაა. ასე რომ ქვეყანამ უნდა იფიქროს იმაზე თუ რა რეფორმები არის გასატარებელი ქვეყანაში, მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით შორს ვერ წავალთ” – დასძენს კახა კოხრეიძე.
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მხარს უჭერს საქართველოში ეკონომიკური რეფორმების გატარებას და მდგრადი ეკონომიკური წინსვლისათვის ახალი სტრატეგიის შემუშავებას. პროგრამის პრიორიტეტებია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, პროფესიული განათლება და რეგიონული და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება. 2006 წლიდან UNDP ხელს უწყობს საქართველოში პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის რეფორმის გატარებას, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დასაქმების ზრდას, ადგილობრივი წარმოების მატებას და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული რეგიონების უფრო სწრაფ აღდგენას. 2010-2011 წლებში UNDP-ის ხელშეწყობით 9 პროფესიულ კოლეჯში დაინერგა სწავლებისა და გადამზადების 25 ახალი პროგრამა. სამი ათასზე მეტმა მსმენელმა გაიარა პროფესიული სასწავლო კურსი. მათგან 70 პროცენტი ადგილობრივ საწარმოებსა და ბიზნესში დასაქმდა.
2011 წლის მანძილზე UNDP უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას საქართველოში. ბათუმის ბიზნეს ინკუბატორმა განაგრძო თანამშრომლობა ადგილობრივ მცირე და დამწყებ კომპანიებთან. 2011 წლის მიწურულს 17 მცირე ბიზნესმა მიიღო ინკუბატორის მომსახურების სრული პაკეტი საოფისე სივრცისა და საკონსულტაციო მომსახურების ჩათვლით. ხოლო 75 მცირე მეწარმემ გაიარა კონსულტაცია ბიზნესის მართვისა და განვითარების საკითხებში.
UNDP-ის მეშვეობით ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში გაიხსნა ვაჭრობისა და ბიზნესის ხელშეწყობის ცენტრები, რომელთა მიზანია ადგილობრივი ბიზნესის კონსულტირება და სხვადასხვა ბაზარზე გასვლის მხარდაჭერა. სასოფლო-სამეურნეო ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი ხელსაწყო ფერმერებისათვის საინფომაციო-საკონსულტაციო ანუ ექსტენციის ცენტრების გახსნაა. UNDP-ის და-ხმარებით ასეთი ცენტრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში – შიდა ქართლში, კახეთსა და სამეგრელოში გაიხსნა. 2010 და 2011 წლებში ექსტენციის ცენტრების მომსახურებით 2 ათასზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა.
რამდენიმე თვის წინ დაიწყო კიდევ ერთი საერთაშორისო პროექტის განხორციელება საქართვე-ლოში. საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD), ნიდერლანდების განვითარების ბანკმა (FMO) და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითა-რების ბანკმა (BSTDB) სპეციალურად მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად კაპიტალდა-ბანდებების ახალი ფონდი შექმნეს. ეს არის მცირე საწარმოების მხარდაჭერის ფონდი (SEAF) კავკასია. SEAF-ი პირველი პროფესიული დონის სტრუქტურის მქონე ფონდია კავკასიაში, რომელიც გასცემს სესხებს და ახდენს კაპიტალდაბანდებებს მცირე და საშუალო საწარმოებში სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში. ახალი ფონდის მართვას მცირე საწარმოების მხარდაჭერის ფონდი განახორციელებს, რომელიც, თავის მხრივ, საერთაშორისო ფონდების მმართველ სტრუქტურას წარმოადგენს. ფონდი კერძო ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით 42 მილიონ დოლარს მოიზიდავს. თავდაპირველად ოთხივე საერთაშორისო ინსტიტუტი ფონდში 40 მილიონი დოლარის ინვესტირებას განახორციელებს, ხოლო SEAF-ი დამატებით 2 მილიონ დოლარს გამოყოფს. შემდგომში კი ფონდის გაზრდა 70 მილიონ დოლარამდე იგეგმება.
ოთხივე საერთაშორისო საფინანსო ინსიტუტის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ისინი ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობით ხელს უწყობენ კერძო კაპიტალდაბანდებებს მცირე და საშუალო საწარმოების სექტორში, რომელიც, თავის მხრივ, კავკასიის ეკონომიკის ხერხემალს წარმოადგენს და უდიდეს როლს ასრულებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით. ფონდი ინვესტირებას განახორციელებს წარმოების სხვადასხვა სექტორში. კერძოდ, აგრობიზნესში, სადისტრიბუციო ქსელში, ენერგოსექტორში და საცალო სექტორში.
SEAF-ის წარმომადგენლის, ესბენ ემბორგის განცხადებით, აღნიშნული ფონდის საქმიანობა ბანკის საქმიანობისგან განსხვავებულია, რადგანაც ბანკი მხოლოდ სესხებს გასცემს, ხოლო ფონდი ორიენტირებულია კაპიტალდაბანდების გაზრდაზე. ამასთან, ფონდი ინვესტირებას არ განახორციელებს ისეთ საწარმოებში, რომელთა ბრუნვაც 15 მილიონ ლარზე ნაკლები იქნება ან 250-ზე ნაკლები პირი ეყოლება დასაქმებული. IBRD-ის დირექტორის კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში, პოლ ჰენრის განმარტებით, IBRD-ი ფონდში 10 მილიონი დოლარის ინვესტირებას მოახდენს.
IFC-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის თომაშ ტელმას განცხადებით: “საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) ფონდში 10 მილიონი დოლარის ინვესტირებას მოახდენს. კაპიტალის ნაკლებობა სამხრეთ კავკასიაში მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ყველაზე რთული საკითხია. კავკასიის განვითარების ფონდ SEAF-ში ინვესტირებით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მცირე და საშუალო საწარმოებს ამ მნიშვნელოვანი დაბრკოლების გადალახვაში დაეხმარებიან, ეს კი საწარმოების ეკონომიკის დივერსიფიცირებისა და სამუშაო ადგილების შექმნის მთავარ ძალას წარმოადგენს.”
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც საქართველოში მცირე ბიზნესის განვითარების ხელშესაწყობად ხორციელდება არის USAID-ის პროგრამა “ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა” (EPI), რომელიც 2010 წელს დაიწყო და 4 წლის მანძილზე გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში გამო-ყოფილია 40 მილიონი აშშ დოლარი. პროექტის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ქვეყნის და მისი გარკვეული სექტორების კონკურენტუნარიანობის ამაღლება.
“ვინაიდან პროექტი არის მხოლოდ 4-წლიანი და რესურსებიც გარკვეულწილად შეზღუდულია, საწყის ეტაპზე ჩვენ ჩავატარეთ ფართომასშტაბიანი დეტალური კვლევა სადაც მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები. იმისათვის, რომ შეგვერჩია ის ძირითადი სექტორები, რომლებიც თავის პოტენციალით გამოირჩევიან, კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით. ესენია სოფლის მე-ურნეობის, მომსახურებისა და სერვისის სექტორები, რომელთა მისამართითაც ჩვენ ვახორციელებთ გარკვეულ ტექნიკურ დახმარებას იმისათვის, რომ ეს სექტორების გაძლიერდეს. კონ-კურენტუნარიანობის გაღრმავება, უპირველეს ყოვლისა, არის იმპორტის სუბსტიტუცია, ექსპორტის გაზრდა, მეტი სამუშაო ადგილები და ეკონომიკური დოვლათის ზრდა” – აღნიშნავს EPI-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თამარ რაზმაძე.
პროექტის ფარგლებში მუშაობენ, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები. პროექტის ფოკუსი არის შეზღუდული: სოფლის მეურნეობა (მანდარინი, თხილი, სასათბურე ბოსტნეული, კიტრი-პომიდორი და ა.შ.); მომსახურებისა და სერვისის მიმართულებით ღვინის ტურიზმი, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა; ტელეკომუნიკაციები და საინფორმაციო ტექნოლოგიები; ასევე შეფუთვა და ტანსაცმლის სამკერვალო სექტორი.
EPI მოიცავს 2 ძირითად მიმართულებას – ბიზნეს გარემოს გაუმჯობესდების მიმართულება, იგულისხმება საკანონმდებლო და ეკონომიკური მმართველობის გაძლიერება, კონკრეტული რეგულაციების დახვეწა და ა.შ. და მეორე სამუშაო ძალის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, ეკონომიკური ცოდნის გაღრმავება- გავრცელება და ფინანსურ სახსრებთან ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. როგორც პროექტის მინაწილეები განმარტავენ, შერჩეულ სექტორებში ხდება მთლიანად ღირებულებათა ჯაჭვზე დაკვირვება. ყველა იმ ეტაპზე, სადაც იქმნება მომსახურებისა და პროდუქციის ღირებული ელემენტი, ხდება პრობლემების იდენტიფიცირება და შემდეგ სხვადასხვა ღონისძიებებით მათი აღმოფხვრა.
თამარ რაზმაძე: “ხარჯებს რაც შეეხება, არ არის აუცილებელი რომ ძალიან დიდი ინვესტიციები განახორციელონ ბიზნესმენებმა იმისათვის, რომ გააუმჯობესონ საკუთარი კონკურენტუნარიანობა. მაგალითად, ის ყუთები, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ფერმერებს მოსავლის გადასატანად, გაცილებით იაფია, ვიდრე ის ხის ყუთები, რომელსაც ახლა იყენებენ გლეხები. გარდა ამისა, ტრანსპორტსა და ლოჯისტიკაზე გავაკეთეთ სერიოზული კვლევა, რომელიც პირდაპირ დაეხმარება ამ ბიზნესში ჩართულებს, შეამცირონ თავიანთი ხარჯები და გაზარდონ კონ-კურენტუნარიანობა. ტრანსპორტის შემთხვევაში დანახარჯები იზრდება ინფორმაციის ნაკლებობის გამო. მაგალითად, საქართველოდან გერმანიაში მიდიდს კონტეინერი გარკვეული ტვირთით და აბსოლუტურად თავისუფალი ბრუნდება იქიდან, რაც აორმაგებს ტრანსპორტირების ხარჯებს. ჩვენ შევისწავლეთ დეტალურად, ვის რა ტვირთი მოაქვს აქეთ, ვის რა მიაქვს იქით, რომ მოხდეს ამ ტვირთების დაკავშირება და ცარიელმა კონტეინერმა არ იაროს. ასეთი ტიპის მეთოდებით ვუწევთ ჩვენ დახმარებას ბიზნესმენებს. ანუ აქ არ არის ლაპარაკი მაინცდამაინც იმაზე, რომ აუცილებელია დამატებითი დიდი ხარჯები იმისათვის, რომ გაძლიერდეს კონკურენტუნარიანობა. თუმცა, არის შემთხვევები სადაც ეს გარდაუვალია. ბევრ ფერმერს იმის გამო, რომ არ აქვს საკმარისი ფინანსები არ შეჰყავს სასუქები და არ წამლავს ბაღებს. ამიტომ გვაქვს ასეთი პროგრამაც, რომელიც ფინანსურ სახსრებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად”.
საქართველოში მცირე მეწარმეებისთვის, განსაკუთრებით რეგიონში დიდი პრობლემაა ბიზნეს იდეების ქაღალდზე სათანადო ფორმით გადატანა და მისით ფინანსური ინსტიტუტების დაინტერესება. შეიძლება არსებობდეს კარგი გეგმა, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენთან არ არის განვითარებული კარგად ფინანსური მართვის მექანიზმები კომპანიებში, მათ არ აქვთ იმის უნარი, რომ ბანკს ჯეროვნად წარუდგინონ ეს გეგმა, ვერ აყალიბებენ მას შესაბამისი დოკუმენტაციით, გათვლებით და ა.შ. ამიტომაც EPI-ის ფარგლებში მოქმედებს “ფინანსურ-საკონსუკლტაციო მომსახურების პროგრამა”. პროგრამის მიერ შერჩეული პარტნიორები ეხმარებიან ბიზნესებს დაამუშაონ თავიანთი ბიზნეს გეგმა და მიიტანონ ბანკამდე. საუბარია, კვალიფიციურ ფინანსურ-საკონსულტაციო მომსახურების ფირმებზე, რომელთაც აქვთ გრძელვადიანი გამოცდილება ამ სფეროში მუშაობის, ისინი ამუშავებენ ბიზნეს გეგმას, აწესრიგებენ ფინანსურ დოკუმენტაციას. იმ შემთხვევაში, თუ ბანკი დაიწუნებს ბიზნეს გეგმას, მაშინ საკონსულტაციო ფირმა არ იღებს ანაზღაურებას ამაში, ხოლო თუ ეს პროექტი აღმოჩნდა წარმატებული, მომსახურების თანხის ნახევარს იხდის ბიზნესი და ნახევარს EPI-ის პროექტი.
საინტერესოა, რა უშლის ხელს მსგავსი ორგანიზაციების მუშაობას ქვეყანაში. როგორც იმავე EPI-ს წარმომადგენლები აღნიშნავენ, “არის პრობლემები რომელსაც არაფერი არ ეშველება, მაგალითად შეზღუდული ბაზარი. ვართ პატარა ქვეყანა. რაც არ უნდა ვქნათ, ეს პრობლემა იქნება. პრობლემაა სამუშაო ძალის არაკვალიფიციურობა. ის კვალიფიციური კადრები, რომლებიც დღეს არსებობს, არის ძალიან შეზღუდული და რიგ შემთხვევებში არ აქვთ თანამედროვე ცოდნა. ამის გამო ჩვენ გვაქვს ცალკე მიმართულება, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით პროფესიულ სასწავლებლებს. მაგალითად, სამკერვალო დარგში ჩვენ აღვჭურვეთ რამდენიმე კოლეჯი თანამედროვე აპარატურით და იქ ჩვენ მიერ შეყვანილი უცხოელი ტრენერები ახორციელებენ ტრენერების ტრეინინგს, რათა ეს პროგრამა იყოს მდგრადი. იმისათვის, რომ შემდეგ მათ ბევრ მსურველს ჩაუტარონ კვალიფიციური ტრეინინგები”.
ადმინისტრაციული ხარვეზებიდან ექსპერტები გამოყოფენ, სახელმწიფო შესყიდვების თემას, რომელიც ბოლო პერიოდში, ელექტრონული სისტემის დანერგვის შემდეგ მოწესრიგდა. იგივე EPI-ს ფარგლებში შემუშავდა სახელმძღვანელო, თუ როგორ უნდა მიიღოს სუბიექტმა სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობა და ასზე მეტ ბიზნესს ჩაუტარდა ეს ტრეინინგი. საკანონმდებლო კუთხით მო-ხდა ლიზინგის კანონის მიღება. რომლის არ არსებობაც, როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ექ-სპერტების შეფასებით, ძალიან უშლიდა ხელს ბიზნესის განვითარებას.
მიუხედავად ზემოთ განხილული პროგრამებისა, რომლის ფარგლებშიც ბევრი გაკეთდა, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში არსებული მცირე ბიზნესის მდგომარეობა ნამდვილად ტოვებს უკეთესის სურვილს. ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, 2012 წლის II კვარტალში საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ 5 197,5 მილიონი ლარი შეადგინა. საიდანაც მცირე და საშუალო ბიზნესზე შესაბამისად, მხოლოდ 678,1 და 380,4 მილიონი ლარი მოდის, მსხვილ ბიზნესზე კი 4 138,9 მილიონი.