ემბარგოთი გაუმჯობესებული ქართული ღვინო რუსეთში ბრუნდება?

მაკა ღანიაშვილი

საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო 4 წლის განმავლობაში ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციისთვის 3.6 მილიონი ლარი დახარჯა. აქედან 2 მილიონ 262 ათასი ბოლო ორ წელს დაიხარჯა. თუმცა საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებში მონაწილეობის მიუხედავად, რუსეთის მიერ ქართული ღვინის ემბარგოს შემდეგ, ექსპორტის მაჩვენებელი კვლავაც დაბალია იმის გათვალისწინებით, რომ ემბარგომდე რუსულ ბაზარზე ექსპორტირებული ღვინის დაახლოებით, 75% გადიოდა. თუ 2005 წელს ექსპორტზე 80 მილონი დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, 2007 წელს ეს მაჩვენებელი 29 მილიონ დოლარამდე დაეცა.

საქართველოს ხელისუფლებამ 2008 წლიდან ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე ცნობადობის გასაზრდელად, გარკვეული პროექტების განხორციელება დაიწყო, რაც ღვინის ექსპორტის გაზრდაზე იყო ორიენტირებული. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2008 წელს მეღვინეობის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებებისათვის სახელმწიფომ 600 ათასი ლარი დახარჯა. აქედან 27 ათასი ლარი ფრანგულ ჟურნალ “Sommelier International”-ის საახალწლო ნომერში, ქართული ღვინის შესახებ სტატიის გამოქვეყნებას მოხმარდა. ლონდონის ღვინის მუზეუმთან ურთიერთობის აწყობა სახელმწიფოს 104 ათასი ლარი დაუჯდა. აშშ-ში მოეწყო ღონისძიებები სახელწოდებით “Discover Georgian Wines”, რისთვისაც 252 ათასი ლარი დაიხარჯა.
2009 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სხვადასხვა ღონისძიებებისათვის 750 ათასი ლარი გამოყო. ეს თანხა სხვადასხვა გამოფენებში მონაწილეობას მოხმარდა, გარდა ამისა, 40 ათასი ლარი დაიხარჯა ლონდონში ქართული ღვინის შესახებ ჟურნალის გამოცემაზე. 2010 წელს ღვინის საერთაშორისო ბაზარზე რეკლამირებისათვის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ყველაზე მეტი ფული დახარჯა. ღვინის კომპანიებმა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს ლონდონისა და ტორონტოს ღვინის საერთაშორისო გამოფენებზე. ლონდონის ღვინის მუზეუმში ფართის საქირავებლად სახე-ლმწიფომ 36 ათასი ლარი გადარიცხა, ჯამში, ამ ყველაფრისათვის 203 ათასი ლარი დაიხარჯა.
2010 წლის ივლისში საქართველომ “მსოფლიო ღვინის კონგრესს” უმასპინძლა. ღონისძიებისათვის 1 მილიონ 406 ათასი ლარი გამოიყო. თბილისის მერია იყო მიმდინარე წლის 22-24 სექტემბერს საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” ჩატარებული “ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-5 საერთაშორისო გამოფენის” თანაორგანიზატორი, გამოფენების ცენტრ “ექსპო ჯორჯიასთან” ერთად. როგორ აფასებენ მეღვინეები სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებებს და მათ ეფექტიანობას?
ბექა ხერგიანი, მეღვინეობა “ხარებას” ექსპორტის მენეჯერი: “2004 წელს დაარსდა ჩვენი კომპანია, ჩვენი ძირითადი მიზანი იყო, რომ რუსეთის ბაზარზე მოგვეხდინა ექსპორტი, მაგრამ სამწუხარო ფაქტების გამო, ჩვენი რუსეთში ექსპორტი შეჩერებული იქნა. შემდეგ მოვახდინეთ ახალი ბაზრების მოძიება, პირველი იყო ჩინეთი და ლიტვა. ამჟამად ჩინეთში 4 იმპორტიორი გვყავს. ამას გარდა ღვინო გაგვაქვს ლიტვაში, პოლონეთში და ახლა უნგრეთსა და ჩეხეთშიც. ჩინეთის ბაზარზე ვართ მესამე წელია. სადაც გაგვქვს დაახლოებით 70 000 ბოთლი. მთლიანი ექსპორტი კი შეადგენს 100 000 ბოთლს. შარშანდელ წელს თუ შევადარებთ, წელს გვაქვს ექსპორტის 200%-იანი ზრდა. თუმცა, ბოლო რამდენიმე წელი ვითარება ძალიან მძიმე იყო, ძირითადად, ადგილობრივ ბაზარზე ვოპერირებდით. გავდიოდით მხოლოდ ლიტვაში.
ს.ე. – უცხოურ ბარებზე გასვლა კომპანიის ძალისხმევით ხდება თუ სახელმწიფოს ხელშეწყობით?
ბ.ხ. – “ალბათ თანაბარი გავლენა აქვს ორივე ამ ფაქტორს. ჩვენი ნომერ პირველი პარტნიორი ვინც არის ჩინეთში ის ჩვენი კომპანიის მოძიებულია, თუმცა სხვა პარტნიორებთან დაკავშირება მოვახერხეთ იმ გამოფენებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებით, რომელიც სახელმწიფოს მიერ იყო ორგანიზებული. მე ვფიქრობ რომ სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ამ მიმართულებით აუცილებელი და რაც მთავარია ეფექტიანია.”
2012 წლის I ნახევარში 11,1%-ით გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი. ოფიციალური სტატისტი-კით, პირველ 6 თვეში უცხოეთის ბაზრებზე 25,561 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ყურძნის ნატურალური ღვინო გავიდა, 2011 წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 23,004 მლნ აშშ დოლარისა. “სა-ქსტატის” მონაცემებით, რომელიც ქართული ღვინის ექსპორტის 2011 წლის მაჩვენებელს ასახავს, 37.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა 2010 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. შარშან ქვეყნის ფა-რგლებს გარეთ 54.1 მილიონი აშშ დოლარის ღვინო გავიდა. ეს ყველაზე მაღალი მონაცემია ბოლო 5 წლის განმავლობაში. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2005 წელს აღინიშნა, როდესაც ექსპორტი-რებული ღვინის საერთო ღირებულებამ 81 მილიონი აშშ დოლარს შეადგინა. ქართული ღვინის საექსპორტო ათეულში უკრაინა ლიდერობს, სადაც გასულ წელს 8211,9 ათასი ლიტრი ღვინის ექს-პორტი განხორციელდა. გასულ წელს, ჯამში, საქართველოდან 16 822,1 ათასი ლიტრი ღვინის ექს-პორტი განხორციელდა (იხ. ცხრილი #1). 2011 წელს ქართული ღვინის ექსპორტი პირველად განხორციელდა ეგვიპტეში, ავსტრიაში, ერაყში, ხორვატიაში, კოსტა რიკაში და იორდანიაში.
მაგრამ მეღვინეთა უმრავლესობის შეფასებით, დაკარგული საექსპორტო პოზიციების ბოლომდე აღსადგენად ქართულ ღვინოს რუსულ ბაზარზე დაბრუნება ჭირდება. კოალიცია “ქართულ ოცნებაში” ქართული პროდუქტის რუსულ ბაზარზე დაბრუნების ერთ-ერთ საშუალებად ღვინის ხარისხზე მონიტორინგის გამკაცრებას ასახელებენ. თუმცა ქართული ღვინის კომპანიების ნაწილი ღვინის ხა-რისხზე მონიტორინგის გამკაცრების საჭიროებას ვერ ხედავს. “თელავის ღვინის მარანის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ქართული ღვინის ხარისხს მსოფლიო ბაზარზე ექსპანსიის მაჩვენებელი და კონკურსებზე მოპოვებული ჯილდოები ამტკიცებს. ზურაბ რამაზაშვილის თქმით, ქართულ ღვინოზე რუსული ემბარგოს მოსახსნელად სხვა ტიპის პოლიტიკ-ური აქტივობებია საჭირო, რადგან საკითხი პოლიტიზირებულია და რუსული ბაზრის ჩაკეტვის რეალური მიზეზი ღვინის უხარისხობა არ არის.
მონიტორინგის გამკაცრების აუცილებლობას ვერც “ქინძმარაულის მარანში” ხედავენ. კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, დღეს არსებული მონიტორინგის მექანიზმები სავსებით საკმარისია ღვინის ხარისხის გასაკონტროლებლად. თუმცა, დიმიტრი ლებანიძის თქმით, რუსული მხა-რისთვის ყოველგვარი არგუმენტის ხელიდან გამოსაცლელად მისასალმებელი იდეაა სოფლის მეურნე-ობის სამინისტროს ინიციატივა, შესთავაზოს მეზობელ ქვეყანას ქართულ ღვინოზე თავად ჩაატაროს მონიტორინგი.
ბექა ხერგიანი, მეღვინეობა “ხარება”: “რუსეთის ბაზარს განვიხილავთ რა თქმა უნდა, სტრატეგიულად, თუმცა ჯერ არავითარი ძვრა არ არის ამ მიმართულებით. მაგრამ ჩვენ გვყავს უკვე რამდენიმე პარტნიორი და თუ მოხდება ქართული ღვინოების ბაზარზე შესვლა, ჩვენც შევალთ აქტიურად. რუსეთს ჭთO-ში შესვლის შემდეგ 2013 წლამდე აქვს ვადა ქართულ პროდუქციაზე სანქცი-ების მოსახსნელად, ჩვენც ამას ველოდებით”.
პაატა შარაშენიძე, “უსახელაურის ვენახების” დირექტორი: “საუკეთესო, შეიძლება ითქვას უალტერნატივო ნიშა ჩვენი ღვინისთვის არის რუსეთის ბაზარი, რადგან იქ კარგად ცნობილია ჩვენი ნახევრად ტკბილი ღვინოები და საერთოდ ქართული ღვინო. ევროპაში არ ცნობენ ნახევრად ტკბილ ღვინოს. რუსეთი და საბჭოთა კავშირის ქვეყნები კი პირიქით. ემბარგოს შემდეგ დღეს ყველაზე რეალურია რუსულ ბაზარზე დაბრუნება და ვფიქრობ, რომ ეს ე.წ. მეორე ეტაპი რუსეთის ბაზარზე გასვლის ქართული ღვინისთვის უფრო წარმატებული იქნება, იმიტომ რომ ეს ხდება გარკვეული რებრენდიგის შემდეგ. საქართველომ მოახდინა სერიოზული რებრენდინგი და შეცვალა თავის იმიჯი, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ისე მთელ მსოფლიოში. მთავარია ახლა რუსულ ბაზარზე მაღალი ხარისხის ღვინით შევიდეთ, რომ ქართული ღვინის ტრადიციულმა მომხმარებელმა არ იგრძნოს იმედგაცრუება. 2006 წლის შემდეგ ჩვენ მივიღეთ ხარისხიანი ღვინო. ეს მოიტანა ემბარგომ დადებითი. უკვე კომპანიებიც ხვდებიან რომ რაღაც წყალწყალა სითხის გაკეთებას აზრი დაეკარგა. ყველა მიხვდა რომ შეიძლება ღვინო გაყიდო, წყალი ვერა, როგორც ამას აკეთებდა ბევრი წვრილ-წვრილი და რამდენიმე მსხვილი კომპანიაც რამდენიმე წლის წინ. სწორი მიმართულებით განვითარების შემთხვევაში, დიდი შანსია, რომ საქართველომ რუსეთის ბაზარზე დაიბრუნოს თავისი ნიშა და ქართული ღვინო იყოს ხარისხიანი ღვინის სიმბოლო”.
საექსპორტო პოტენციალზე საუბრის გარდა, მეორე საკითხია თუ რამდენად არის კონკურენტული გარემო საქართველოში მეღვინეობის დარგში და რამდენად დინამიურად ხდება დარგის განვითარება. სფერო დღეს სპეციფიურ ფაზაში იმყოფება, რადგან სუბსიდირებულია, არსებობს ყურძნის ჭარბწარმოება და სახელმწიფო იძულებულია ყურძნის შესყიდვის პროცესში მიიღოს მონაწილეობა. ხომ არ აყენებს ეს მეღვინეებს არათანაბარ მდგომარეობაში? ამასთან დაკავშირებით მეღვინეებს განსხვავებული პოზიცია აქვთ. კომპანია ქიმერიონის მთავარი ტექნოლოგი, ივანე ნა-რეკლიშვილი: “ჩვენი კომპანია ახალდაარსებულია, 2011 წელს ჩამოყალიბდა. ამ დროისთვის გვქავს 1 წლის ღვინოები და ახლა ვდგამთ ნაბიჯებს ამ სფეროში. ვგეგმავთ მსოფლიო ბაზრებზე გასვლასაც. ჩვენთვის პრიორიტეტი, ალბათ, უფრო ყოფილი საბჭოთა კავშირის, ევროპის ქვეყნები და აშშ იქნება. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, კონკურენცია ამ ბაზარზე დღეს დიდია და ძალიან კარგია, რაც უფრო ბევრი კომპანია იქნება ღვინის მწარმოებელ-რეალიზატორი მით უფრო მაღალი იქნება ხარისხი. ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ხელის შეწყობაც მაქსიმალურად არის და უფრო მეტიც რომ გაკეთდეს, უკეთესი იქნება. ჩემი შეფასებით, სახელმწიფოს დღევანდელი პოლიტიკა გლეხური მეურნეობის განვითარებას უწყობს ხელს, რაც ძალიან კარგია. რაც უფრო მეტად ჩაერევა სახელმწიფო და უფრო მეტად შეუწყობს ხელს დარგის განვითარებას, ჩვენთვის უკეთესი იქნება”.
პაატა შარაშენიძე, “უსახელაურის ვენახების” დირექტორი: “ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა დარგის მიმართ საერთოდ არ გააჩნია. არ მინდა იმაზე ვიუსაუბრო, თუ რა ხდება სხვა დარგებში, მაგრამ კონკრეტულად ღვინის საკითხზე სახელმწიფოს რაიმე მიდგომა, კონცეფცია ან სტრატეგია არ აქვს. არის მხოლოდ ეპიზოდური ჩარევები, ხშირად დადებითი, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ეს ჩარევები აბსოლუტურად უარყოფითად მოქმედებს სფეროს განვითარებაზე. მაგალითად, არის წახალისებები გარკვეული კომპანიების, კონკრეტულად ახლა მათ ვერ დავასახელებ, მაგრამ არიან კომპანიები, რომლებიც არიან პრივილეგირებულ მდგომარეობაში სახელმწიფოს მხრიდან, რაც არაკონკურენტულ გარემოს ქმნის სხვა კომპანიებისათვის ბაზარზე. ძალიან ცუდი ფაქტია ისიც, რომ გარკვეული კომპანიები დღეს რუსულ ბაზარზე გადიან. რაც არ უნდა უცხო იყოს ეს, თქვენთვის, არის სახელმწიფოს ნება და ეს კომპანიები რუსეთში გადიან, აღა-რაფერს ვამბობ ლუდზე, ზედაზენი, რომელიც ერთ-ერთი გუბერნატორის საკუთრებაა, გადის რუსულ ბაზარზე. როგორ, რანაირად – კაცმა არ იცის, მაგრამ გადის. არა ამხელა მასშტაბებით, მაგრამ იგივეა ღვინის შემთხვევაშიც.
რაც შეეხება ყურძნის სუბსიდირების თემას, სუბსიდირების ფორმა ყველა ქვეყანაში არსებობს, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში, ეს ევროპელების მოგონილია, მაგრამ იმ ფორმით სუბსიდირება, რაც დღეს საქართველოში ხდება, არ მიმაჩნია სწორ ნაბიჯად. იმიტომ, რომ თუ შენ ქარხანაში აბარებ ყურძენს, იღებ სუბსიდიას, მაგრამ თუ ვერ ჩააბარე? არიან გლეხები, რომელთაც ქარხანაში ვერ ჩააბარეს ყურძენი, მათთვის ეს სუბსიდია არაფრისმომცემია, ანუ ამ შემთხვევაში, უკვე გლეხების არათანაბარ პირობებში ჩაყენება ხდება. ეს უსამართლობაა. ანუ სუბსიდირების ეს ფორმა არასწორია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთიანი სტრატეგია დარგის განვითარების მიმართ, არ არსებობს ქვეყანაში. სუბსიდირება კარგია მაგრამ არა ამ ფორმით, მაგალითად უნდა იყოს სუბსიდირება შხამქიმიკატებზე, უნდა იყოს გაზაფხულზე და არა შემოდგომაზე, იმიტომ, რომ გლეხს გაზაფხულზე უჭირს და ა.შ.”
კახეთში 58 ღვინის ქარხანა მუშაობს და სახლმწიფო სუბსიდირების გამო წელს ყურძნის ფასი გასული წლებისგან განსხვავებით მაღალია. თუ შარშან 1 კგ ყურძნის ფასი 25-26 თეთრი იყო, წელს ამ ფასმა, მაგალითად, საფერავზე 65 თეთრს მიაღწია.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial