სოფლის მეურნეობა: მშპ-ის 9%, დასაქმებულთა რაოდენობა – 50%, შედეგი – სიღარიბე

ალექსანდრა ლალიაშვილი

საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების პრობლემატიკა პოლიტიკური თუ ეკონომიკური დისკუსიების ერთ-ერთი მთავარი თემაა.

საქართველოს აგრარულ სექტორში შექმნილი უმწვავესი კრიზისის დაძლევის აუცილებლობა მოითხოვს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებას, რისთვისაც შესამუშავებელია ქვეყნის სოფლის მეურნეობის გადარჩენის სტრატეგია. მაგრამ მიუხედავად პოლიტიკოსთა თუ საზოგადოების ფართო ფენების ყურადღებისა სოფლის მეურნეობის მიმართ, მისი წილი ქვეყნის ეკონომიკაში ჯერ ისევ უმნიშვნელოა. რა პერსპექტივა აქვს საქართველ-ოში აგრობიზნესის განვითარებას?
საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მეზობელ ქვეყნებს შორის, სადაც სოფლის მეურნეობის პროდუქცია შემცირდა ბოლო წლების განმავლობაში. ამ კუთხით წარმოება 20-25 პროცენტამდე შემცირდა, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს, როგორც საქართველოს ეკონომიკას, ასევე სოფლის მეურნეობას და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი 9 პროცენტზე ოდნავ მეტს შეადგენს. მაშინ როცა ქვეყანაში დასაქმებულთა 50 პროცენტი სოფლის მეურნეობაშია. მათი 17-18 პროცენტი დღეში იღებს 1 დოლარზე ნაკლებ შემოსავალს.
ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ხელისუფლებაში მოსული კოლიცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობაა. 2013 წლის ბიუჯეტში სოფლის მეურნეობის დაფინანსება 182,280 მლნ ლარს უტოლდება. თუმცა, ეს წინა მთავრობის გათვლებით, რას შეცვლის ბიუჯეტში ახალი მთავრობა და რა მიმართულებით, რამდენიმე კვირაში ზუსტად გახდება ცნობილი. მაგრამ სოფლის მეურნეობის დასაფინანსებლად მხოლოდ საბიუჯეტო სახსრები არ იქნება საკმარისი.
“ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით, უნდა შეიქმნას ერთმილიარდიანი ფო-ნდი. როგორც “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, სწორედ სოფლის მეურნეობაა ის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი, რომლის მიმართულებითაც ახალი პოლიტიკის გატარება მყისიერად დაიწყება. მათი შეფასებით, გლეხებს და ფერმერებს მიეცემათ ისეთი შესაძლებლობა, რაც მათ დღეს არ გააჩნიათ. საუბარია დაბალპროცენტიან სესხებზე. მათთვის ხელმისაწვდომი გახდება სეზონური, ერთწლიანი თუ ორწლიანი კრედიტები იმისათვის, რომ განავითარონ თავისი ფერმა თუ მიწის ნაკვეთი.
კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით ონოფრიშვილი: “ფონდში თანხა წავა როგორც სბიუჯეტო სახსრებიდან, ისე დონორების და საერთაშორისო ორგანიზაციების რესურსებიდან. ფონდში ჩაირიცხება კერძო პირების შემონატანი. თანხები მიზანმიმართულად დაიხარჯება ამ სფეროს გაჯანსაღებაზე”.
თუმცა, ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ერთი ფონდი საკმარისი არ არის. მათი აზრით, უნდა გაკეთდეს სამეწარმეო მობილიზაციის ფონდი, შეიქმნას საგირავნო და საგარანტიო ფონდები. მაგრამ ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ მოძლიერდება სახელმწიფო და რაოდენ პრიორიტეტულად გამოაცხადებს ის სოფლის მეურნეობას.
სპეციალისტთა შეფასებით, იმისათვის, რომ თავისუფალმა ბაზარმა შექმნას პროდუქციის სიუხვე, აუცილებელია სახელმწიფოს მხრივ აქტიური პოლიტიკის განხორციელება აგრობიზნესის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. ეს, პირველ ყოვლისა, გამოიხატება სპეციალიზირებული აგროსაკრედიტო სისტემის შექმნაში, რაც კრედიტს ხელმისაწვდომს გახდის და უზრუნველყოფს მოსავლის დაზღვევის სისტემის ჩამოყალიბებას.
დემურ გიორხელიძე, ეკონომიკის ექსპერტი, “ქართული ოცნების” წევრი: “სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი იქნება, ალბათ, საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ფონდში, საწყის ეტაპზე, თანხის ნაწილი წავა ბიუჯეტიდან, ნაწილი დონორი ქვეყნების მიერ, ცოტა კერძო ინვესტორებიდან. შეიქმნება იმ თანხების ფონდი, რომელიც საშუალებას მისცემს სოფლის მეურნეობის სექტორს დადგეს ფეხზე. ფონდიდან გაიცემა სესხები, ნაწილი ინფრასტრუქტურაში, ნაწილი სხვა მიმართულებებით. მაგრამ ეს ერთადერთი არ იქნება. იქნება სახელმწო პროგრამებიც. პლუს ამას, ხელისუფლება ხელს შეუწყობს კერძო ინვესტორების, ვენჩურული კაპიტალის ბაზრის შექმნას. ჩვენ დიდი რესურები გვაქვს გამოსაყენებელი. ჩვენი მთავარი იდეა სოფლის მეურნეობაში არის ინოვაციური ბიოსოფლის მეურნეობა”.
უმწვავესი პრობლემაა დარგში დღეისთვის არსებული შრომითი რესურსების კვალიფიკაციის დონეც. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება ადასტურებს, რომ შრომითი რესურსების სამეწარმეო გააქტიურება ყველაზე კარგად სოფლად კოოპერაციული მოძრაობის განვითარებითაა შესაძლებელი. მაგალითისათვის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საფუძვლად კოოპერაციულ საწყისებზე დამყარებული სოლიდარობისა და ურთიერთდახმარების გზა აირჩიეს თავის დროზე ევროკავშირის ქვეყნებმა, აშშ-მა, ისრაელმა და განვითარებული ეკონომიკის მქონე ბევრმა სხვა ქვეყანამ, მათ შორის ბალტიის ქვეყნებმაც. ეს პროცესი ყველგან სახელმწიფოს აქტიური მაორიენტირებელი, მაორგანიზებელი როლითა და ხელშეწყობით წარიმართა.
ამ პრობლემის არსებობას “ქართულ ოცნებაშიც” უსვამენ ხაზს და აღნიშნავენ, რომ ხელი შეეწყობა მიწების კონსოლიდირებას, კოოპერირებას ნებაყოფილობის საფუძველზე, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს მიწის ეფექტურად გამოყენებას. შეიქმნება საკონსულტაციო ცენტრები, რომლებიც გაუწევენ სოფლად მცხოვრებ ფერმერებს სხვადასხვა სახის კონსულტაციებს. გლეხებს ხელი შეეწყობათ თავიანთი პროდუქციის გასაღებაში და მოწესრიგდება სასოფლო ინფრასტრუქტურა.
ექსპერტთა რეკომენდაციით კი, ინფრასტრუქტურის აუცილებელი ნაწილი უნდა გახდეს აგროტექნიკის, ქიმიური საშუალებების, საწვავის და ა.შ. უზრუნველყოფის ორგანიზება, უნდა წახალისდეს ერთგვაროვანი პროდუქციის სფეროში კოოპერირების გამოყენება, მარკეტინგული დახმარება. მათი შეფასებით, საქართველოს მრავალდარგოვანი სოფლის მეურნეობა გადაუდებლად მოითხოვს დაქუცმაცებული საწარმოო ბაზის გამსხვილება-გამასივებას, მიწის წვრილ მესაკუთრეთა ნებაყოფლობითი კოოპერაციული გაერთიანებების შექმნას და მათ გადამმუშავებელ საწარმოებთან თანამშრომლობას.
გარდა ამისა, უცხოეთში არსებობს მოსავლის დაზღვევის ინსტიტუტი, რაც, ერთი მხრივ, ბანკების მოტივაციას ზრდის სოფლის მეურნეობაში კრედიტების გასაცემად და, მეორე მხრივ, გლეხებსა და ფერმერებს დამატებით გარანტიებს აძლევს, რომ სტიქიური უბედურებების შემთხვევაში ვალებში არ დარჩებიან. მაგრამ ეს ინსტიტუტი საქართველოში არ არის გავრცელებული, რაც ასევე პრობლემატურია. პრობლემაა ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთების არსებობაც. სპეციალისტთა შეფასებით, წარმოუდგენელია, ასეთი მაღალი საპროცენტო განაკვეთებით რაც დღეს სოფლის მეუ-რნეობაშია, დარგის განვითარებაზე ფიქრი.
ამის საპასუხოდ, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები აპირებენ, შეიქმნას მცირე და საშუალო საოჯახო ბიზნესის განვითარების ფონდი, რომელიც ასევე, მეორე წყარო იქნება დაფინანსების. ფონდი საბაზრო, მაგრამ შედარებით დაბალ პროცენტში გასცემს სესხებს. “ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი ორი წყაროს არსებობა აიძულებს კომერციულ ბანკებს, არარეალურად მაღალი საპროცენტო განაკვეთები კონკურენციის საფუძველზე დაწიონ. ეს სერიოზული სტიმული იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის, როდესაც შესაძლებლობა იქნება, ბიზნესი რეალურად მომგებიანი გახდეს” – მიიჩნევენ “ქართულ ოცნებაში”.
ახალი მთავრობის კიდევ ერთი პრიორიტეტი, რომელმაც სოფლის მეურნეობის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი არის რუსული ბაზარის გახსნა ქართული პროდუქციისათვის. უკვე რამდენიმე წელია ქართული პროდუქტების რუსულ ბაზრებზე გატანა ვერ ხერხდება. ახალი სახელისუფლებო გუნდის შეფასებით, ეს პრობლემები წინა ხელისუფლების უყურადღებობამ და სოფლის მეურნეობის დაუფინანსებლობამ წარმოქმნა.
საქართველოს აგრარული პოტენციალის ამოქმედება უნდა გახდეს სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის ძირითადი მიზანი, რისთვისაც აგრომეურნეებმა წარმოებული პროდუქციისთვის უნდა მიიღონ ისეთი ფასი, რომელიც უზრუნველყოფს მათი ოჯახების შენახვას ცხოვრების მისაღები დონით და პროდუქციის გაფართოებული აღწარმოებისთვის საჭირო რესურსებით. ამისთვის, გლეხებს უნდა მოეხსნათ ის პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით მომარაგების, მელიორაციისა და აგროტექზოოვეტმომსახურების, ბაზარზე ფასების ტენდენციების განსაზღვრის, კრედიტების ხელმისაწვდომობისა და წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის საკითხებთან. სოფლად მოსახლეობის რეალური დასაქმებისა და შედარებით მოკლე დროში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სათანადო დონის მიღწევა კი მხოლოდ სისტემური ცვლილებებითა და კომპლექსური ღონისძიებების განხორციელებითაა შესაძლებელი.