პუტინს “გაზპრომში” კორუფციის ეჭვი აქვს, მისი მონოპოლიტობისა კი არ სჯერა

სოფიკო სიჭინავა

2011 წლის სექტემბერში, ევროკომისიის ინიციატივით, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რუსული კომპანიის “გაზპრომის” შვილობილ, ასევე რუსული გაზის შემსყიდველი ევროპული კომპანიების ოფისებში მოულოდნელი ინსპექცია დაიწყო ევროკავშირის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შესრულების საკითხებზე.

ევროპის ბიუროკრატიულმა აპარატმა ამოღებული დოკუმენტების დეტალური შესწავლა ზუსტად ერთი წლის შემდეგ დაიწყო (2012 წლის 4 სექტემბერი) და ოფიციალურად განაცხადა “გაზპრომის” წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური გამოძიების დაწყება. ევროკომისია რუსული გაზის მონოპოლისტს დომინირებული საბაზრო პოზიციების არამართლზომიერი ზემოქმედებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს ევროკავშირის ქვეყნებს შორის ვაჭრობაში. გარდა ამისა, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში კონკურენციის დარღვევის სამი კონკრეტული საქმის გამოძიება დაიწყება. პირველ რიგში, “გაზპრომს” გაზის ბაზრების დაყოფასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გაზის თავისუფალი მიწოდების შეფერხებაში ადანაშაულებენ. გარდა ამისა, კომპანიას ბრალად ედება გაზის მიწოდების დივერსიფიკაციის შესაძლო ხელის შეშლა და თავისი კლიენტებისთვის არასამართლიანი ტარიფების დაწესება ნავთობის ფასებთან მიბმის გზით. ამ გამოძებას ევროპის ანტიმონოპოლიურ სამსახურებში პროირიტეტი მიენიჭა.
ექსპერტები ასეთ დონეზე გამოძიების დაწყებას ნიშანდობლივად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ამან საკმაოდ შორს მიმავალი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს. გარდა იმისა, რომ “გაზპრომი” ბრალეულობის დადასტურების შემთხვევაში, სოლიდურ ჯარიმას გადაიხდის, მას მოუწევს ასევე ბიზნესის სტრუქტურული დაყოფა მომპოვებელ და ტრანსპორტირების სექტორებად. როგორც ცნობილია, ეს არის ევროკავშირის მოთხოვნა, 2009 წლის გაზის მესამე დირექტივის სახელით ცნობილი. ამ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა ისიც, რომ “გაზპრომმა” გარკვეულწილად უკვე დაიწყო თავისი ჰოლდინგის ევროპული განყოფილებების რეკონსტრუქცია მიწოდების ინფრასტრუქტურისგან გამოყოფით.
რუსეთის პრეზიდენტი აღიარებს, რომ ბოლოს წლებში ენერგეტიკული ბაზრის კონფიგურაცია შეიცვალა. რომ ევროპული ქვეყნები გაზის საერთო ბაზრის ფორმირებას, წყაროებისა და მიმწოდებლების დივერსიცფიცირებას თანამიმდევრულად ახდენენ. “ისინი იღებენ შიდა გადაწყვეტი-ლებებს, მართალია, ხშირად თავიანთ პარტნიორებთან შეუთანხმებელს და საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით არც თუ ყოველთვის კორექტულს”, – განაცხადა პუტინმა და კონსესუსის მიღწევის მზადყოფნა გამოთქვა.
ვლადიმერ პუტინი არ ეთანხმება ევროკავშირის მოთხოვნას “გაზპრომის” აქტივების გაყოფის თაობაზე ტრანსპორტირების და გაზის მოპოვების შემადგენლებად, თუმცა, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ რუსეთს მაინც მოუწევს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება.
პუტინის განმარტებით, ტრანსპორტირება მოპოვებით სუბსიდირდება და თუ იგი ცალკე დარგად გამოიყოფა, სატრანსპორტო შემადგენელი მოკვდება, რადგანაც იგი არ წარმოადგენს ბიზნესის ინტერესს. დღეს “გაზპრომი” ვერტიკალურად ინტეგრირებული კომპანიაა, რომელიც როგორც გაზს მოიპოვებს, ისე ტრანსპორტირებას და რეალიზაციას ეწევა.
რუსი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დღეს ბიზნესის მოპოვებისა და ტრანსპორტირების შემადგენლებად დაყოფა, სავსებით შესაძლებელია, რადგან ქვეყანაში უკვე არსებობს საკმაოდ მომგებიანი კომპანია “ტრანსნეფტი”, რომლის მომსახურებით მსხვილი ნავთობის კომპანიები სარგებლობენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს “გაზპრომის” თვალსაზრისით არამომგებიანია, რომელიც ბოლო დროს გაზსადენების ისეთ არარენტაბელურ და ძვირადღირებულ პროექტებს ამუშავებს, როგორიცაა სახალინი-ხაბაროვსკი-ვლადივოსტოკი. კომპანია East European Gas Analysis-ში აცხადებენ, რომ ევროკავშირის მოთხოვნების გასაჩივრებას აზრი არ აქვს თუ “გაზპრომს” ამ ბაზარზე მუშაობის გაგრძელების სურვილი კვლავინდებურად აქვს. “გაზპრომს” მოუწევს გარკვეულ დათმობებზე წასვლა, რადგანაც დღეს მხოლოდ ევროპა კი არ არის რუსულ გაზზე დამოკიდებული, არამედ რუსეთიც დამოკიდებულია იმაზე, გაგრძელდება თუ არა ევროპაში რუსული გაზის მიწოდება. ჩრდილოეთ ამერიკაში რუსული გაზის მიწოდების შესაძლებლობა დაიხურა, ხოლო ჩინეთს რუსული გაზი არაფერში სჭირდება. ისე გამოვიდა, რომ რუსულ გაზს გასასვლელი მხოლოდ ევროპის ბაზარზე დარჩა. რუსი ექსპერტები ამ რეალობას კარგად აცნობიერებენ და ფიქრობენ, რომ ევროპელებთან უნდა მოილაპარაკონ. მით უფრო, ზოგიერთი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ აქტივების გაყოფა მილსადენების ქსელის ღირებულებას გაზრდის და “გაზპრომის” აქციონერებს მოგებას მოუტანს.
ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შეშფოთებულნი არიან იმით, რომ, შესაძლოა, “გაზპრომი” ბოროტად სარგებლობდეს ბაზარზე თავისი დომინირებული პოზიციებით. პუტინის განცხადებით კი, ევროკომისიას ეჭვის საფუძველი არ აქვს, რადგან “გაზპრომს” ევროპის ბაზარზე მხოლოდ 27% უჭირავს, მაშინ როცა ნორვეგიულ კომპანიებს – 29%. რუსეთის პრეზიდენტი ასევე არ ეთანხმება ევროკავშირის მოთხოვნებს საბოლოო მომხმარებლისთვის ფასების დაწევასთან დაკავშირებით. მისი აზრით, საბოლოო მომხმარებელი, საბოლოო ჯამში, იხდის ფასს, რომელშიც შეტანილია გადასახადების დაახლოებით 60%. “რატომ სურთ პარტნიორებს, რომ ჩვენ ჩვენი კომპანიების შემოსავლები შევამციროთ მაშინ, როცა მათ ეს საგადასახადო შემადგენელი დატოვეს? ევროპის ქვეყნებში გაზი რამდენიმე კომპანია-გადამყიდველთან გადის. იქნებ ისინი მოვაშოროთ იქიდან?”, – განაცხადა პუტინმა. ამასთან, პრეზიდენტმა აღიარა, რომ “გაზპრომში” შესაძლებელია მართლაც არის კორუფციული შემადგენლები. “ამისთვის პოლიციამ დამნაშავეები უნდა დაიჭიროს და ციხეში ჩასვას, რაც, მიმაჩნია, რომ სწორი იქნებოდა, მე ამის შესახებ ვიცი და სამართალდამცავი ორგანოებისთვის არა ერთხელ გამიცია განკარგულება”, – განაცხადა პუტინმა.