უუფლებო შესყიდვების სააგენტო

მაკა ღანიაშვილი

ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, წინა ხელისუფლების დროს შექმნილი სტრუქტურების დიდი ნაწილი, რეორგანიზაციას დაექვემდებარა. მათ შორის შესაძლებელია აღმოჩდეს სახელმწიფო შესყიდვებისა და კონკურენციის სააგენტოც. სჭირდება თუ არა შესყიდვების სააგენტო ქვეყანას და თუ სჭირდება, რა ფორმით? რა დადებითი მომენტები ახლავს თან ამ უწყების მუშაობას და რა ხარვეზები?
ქვეყანაში საჯარო ფინანსების რაციონალური და ყაირათიანი ხარჯვის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია სახელმწიფოში არსებობდეს ინსტიტუციურად და სისტემურად ჩამოყალიბებული სახელმწიფო შესყიდვების სისტემა, რამდენადაც ქვეყანაში წლიდან წლამდე შექმნილი მთლიანი შიდა პროდუქტის შემადგენელ კომპონენტებს შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სახელმწიფო შესყიდვების წილი.

სახელმწიფო შესყიდვები შინაარსობრივად წარმოადგენს სახელმწიფო დაწესებულებების მიერ საქონლისა და მომსახურების შეძენას. სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას ძირითადი პრინციპია, შესყიდვების საჯაროობა და გამჭვირვალობა.

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც სრულიად გაუქმდა ქაღალდის ტენდერები და დაახლოებით 1 წლის ვადაში 100%-იანი ელექტრონული ტენდერების სისტემა დაინერგა. სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა საქართველოში ფუნქციონირებს 2010 წლის პირველი აგვისტოდან, ამ პერიოდისთვის მისი გამოყენება შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის ნებაყოფლობით ხასიათს ატარებდა, ხოლო 2010 წლის 1 დეკემბრიდან იგი სავალდებულო გახდა საქართველოში არსებული ყველა სახემწიფო (საჯარო) დაწესებულებისთვის.

სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემისათვის დამახასიათებელმა სამართლიანმა სატენდერო პროცედურამ, ხელი შეუწყო ინფორმაციის ღიაობას და ბიუროკრატიის მოსპობას. ქაღალდის ტენდერებში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი იყო უამრავი დოკუმენტის შეგროვება, მიმწოდებლების მრავალჯერადი ვიზიტები შემსყიდველ ორგანიზაციაში და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში. სავალდებულო იყო სხვადასხვა სახის ისეთი დოკუმენტების წარდგენა, რაც დამატებით ადმინისტრაციულ ბარიერებს ქმნიდა. ამისთვის დრო და მატერიალური რესურსები ფუჭად იხარჯებოდა.

სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის დანერგვამ, არა ერთი დადებითი შედეგი გამოიღო: გამჭვირვალობა _ შესყიდვების ელექტრონული სისტემის უმნიშვნელოვანესი მხარეა გამოცხადებული თუ ჩატარებული ტენდერების შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა აბსოლუტურად ყველა დაინტერესებული პირისთვის; საჯარო ფინანსების დაზოგვა _ სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ფორმატი იძლევა საშუალებას ელექტრონული ვაჭრობის დროს შეიქმნას ჯანსაღი კონკურენცია და ფასის მიხედვით ყველაზე კონკურენტუნარიანი პრედენდენტი გახდეს გამარჯვების კანდიდატი, ამ პროცესში კი ხდება საჯარო ფინანსების სოლიდური მოცულობით დაზოგვა: კონფიდენციალობა _ სანამ არ დასრულდება ელექტრონული ვაჭრობა (როგორც ძირითად დრო, ასევე დამატებითი რაუნდები) არავის არ აქვს საშუალება, იცოდეს ტენდერში მონაწილე პრეტენდენტთა ვინაობა, გაეცნოს მათ ტექნიკურ დოკუმენტაციას. მხოლოდ ვაჭრობის დასრულების შემდეგ არის ხელმისაწვდომი პრეტენდენტთა მონაცემების შესახებ ინფორმაცია; ელექტრონული მთავრობის განვითარების ხელშეწყობა _ სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის დანერგვით, საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა საჯარო სტრუქტურებს მიეცათ ვალდებულება, თავიანთ დაწესებულებებში მოეხდინათ ელექტრონული სისტემების სრულყოფა. შედეგად, დღეს, აღნიშნულ დაწესებულებებში, როგორც მინიმუმ, არ დგას ინტერნეტის ქსელის პრობლემა, რაც ელექტრონული ტენდერების სრულყოფილად ჩატარების გარდა, ბუნებრივია, ხელს შეუწყობს რეგიონებში სხვა სფეროებისა თუ მიმართულებების განვითარებას;

ელექტრონული ტენდერების ერთ-ერთი უპირატესობაა გეოგრაფიული დისბალანსის აღმოფხვრა. წინა პერიოდში, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო დანერგილი შესყიდვების ელექტრონული სისტემა, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მყოფ მიმწოდებლებს ძალიან უჭირდათ მიეღოთ ინფორმაცია, მაგალითად, დედაქალაქში ამა თუ იმ ტენდერის გამოცხადების შესახებ, შესაბამისად, ის კომპანიები, რომლებსაც პიროვნული ურთიერთობები ჰქონდათ შემსყიდველ ორგანიზაციებთან, კვლავ ისინი იღებდნენ მონაწილეობას ტენდერებში. დღესდღეობით აღნიშნული გარემოება კარდინალურად არის შეცვლილი და არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ საზღვარგარეთ მყოფ კომპანიებსაც აქვთ საშუალება მონაწილეობა მიიღონ საქართველოში განხორციელებულ ტენდერში.სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ფორმატი, ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს უზრდის მოტივაციას, სულ უფრო მეტ ელექტრონულ ტენდერში მიიღონ მონაწილეობა, რაც დასტურდება შესაბამის ვებ-გვერდზე კერძო კომპანიების რეგისტრაციის მზარდი მაჩვენებლით. მაგალითად, 2012 წლის 30 ნოემბერს ორ ელექტრონულ ტენდერში მიმწოდებელთა აქტიურობის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. ტენდერი, რომელიც ითვალისწინებს სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვას, გამოცხადებულ იქნა 2012 წლის 9 ნოემბერს მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ. აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო 27-მა მიმწოდებელმა. მეორე ტენდერი, რომელიც შეეხება სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვას, გამოცხადებულ იქნა 2012 წლის 9 ნოემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ და მასში მონაწილეობა მიიღო 24-მა მიმწოდებელმა.

ელექტრონული ტენდერები ასევე იძლევა მარკეტინგული კვლევის საშუალებას. განსაკუთრებით კერძო სექტორის წარმომადგენლებს და ასევე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს საშუალება შევიდეს სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის ვებ-გვერდზე, სადაც მათ შეეძლებათ სპეციალური (ევროკავშირის) კლასიფიკატორით განსაზღვრული მთელი რიგი საქონლისა თუ მომსახურების შესყიდვა-მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება, კონკრეტულად კი სისტემა იძლევა საშუალებას მოძიებულ იქნეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ არიან ძირითადი მოთამაშეები აღნიშნულ სეგმენტში, რომელ კომპანიებს აქვთ ყველაზე ხშირად მონაწილეობა მიღებული ამა თუ იმ ტენდერში და აქვთ თუ არა მოგებული ტენდერები, რა მოცულობის ფინანსური სახსრები აქვთ მათ მიღებული კონკრეტული ტენდერის ფარგლებში შესრულებული სამუშაოსთვის, რა ტექნოლოგიას იყენებენ ისინი სამუშაოს შესრულებისას, რომელი ქვეყნის ნედლეულის თუ საქონლის მიმწოდებლები არიან ისინი, როგორია მათი გამოცდილება აღნიშნულ სფეროში, რამდენად აქვთ მათ საშუალება ფასისმიერი კონკურენცია გაუწიონ კონკურენტებს, არიან თუ არა ისინი მოხვედრილი ეგრეთ წოდებულ ,,შავ სიაში”. ასევე, შესაძლებელია მოძიებულ იქნეს ინფორმაცია ახალი კომპანიების შესახებ, რომლებიც აპირებენ ბაზარზე შემოსვლას და ტენდერებში მონაწილეობის მიღებას და ა.შ.

და ბოლოს, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ფორმატი მიმწოდებლებს აძლევს საშუალებას ადგილზე მოამზადონ სატენდერო შეთავაზება და მომზადებული სატენდერო დოკუმენტაცია იქვე ატვირთონ შესაბამის ვებ-გვერდზე, გამომდინარე აქედან, მათ არ ეკარგებათ შემსყიდველ ორგანიზაციაში გადაადგილებისთვის საჭირო დრო (განსაკუთრებით, რეგიონებში არსებულ კომპანიებს). ასევე, მნიშვნელოვანია დაზოგილი ფინანსები, რომელიც მიმწოდებელ სუბიექტს წინა სისტემის დროს სჭირდებოდა, როგორც საკანცელარიო ნივთების შესაძენად (ქაღალდი, კონვერტი და სხვა), ასევე ტრანსპორტირებისთვის.

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო შეიქმნა პრეზიდენტის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანებულების საფუძველზე. ის შეიქმნა სახელმწიფო შესყიდვების სააგენოტსა და თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს რეორგანიზაციის საფუძველზე.

სააგენტოს მიზნებია სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა და სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; ასევე, შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა; სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება; საქართველოში ბაზრის ლიბერალიზაციის, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის ხელშეწყობა. თუმცა, რამდენად უწყობს ხელს ყველა ამ მიზნის განხორციელებას სააგენტოს იმ ფორმით არსებობა, რა ფორმითაც დღეს არსებობს, სხვა თემაა. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმ წინსვლისა, რომელიც სახელწიფო შესყიდვების სფეროში საქართველოში ბოლო წლებში დაინერგა, ხარვეზები მაინც არის, რომლის გამოსწორებასაც ინსტიტუციონალური ცვლილებები სჭირდება.

სპეცილისტთა ნაწილის რეკომენდაციით, შესყიდვების სააგენტო არ უნდა იყოს მხოლოდ ინფორმაციის მიმღები და სტატისტიკური ორგანოს ფუნქციებით აღჭურვილი. ”ის რაც გაკეთდა ელექტრონული ტენდერების კუთხით, ძალიან კარგია, გაიზრდა გამჭვირვალობა, არის კორუფციის ნაკლები დონე, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა უკეთესია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ეს არის მხოლოდ ერთი ნაწილი. მაგრამ ის, რომ ტენდერის პირობები იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი, ის, რომ მონაწილეობაზე არ იყოს რაიმე შეზღუდვები, თუნდაც ფარული, ეს უკვე კონკურენციის სამსახურის მოვალეობაა. იმ შემთხვევაში, თუკი ვინმე ტენდერის დროს, არაკონკურენტულ პირობებში იქნება ჩაყენებული, ამას უნდა არკვევდეს კონკურენციის სამსახური თუ რატომ ხდება ასე”, _ მიიჩნევენ ექსპერტები.

კონკურენციის სამსახურისთვის სულ ერთია, ნავთობპროდუქტების ბაზარს ავიღებთ, კვების პროდუქტების თუ სახელმწიფო შესყიდვების, ეს ისეთივე ბაზარია, როგორც ყველა სხვა და საჭიროებს კონკურენტული პოლიტიკის გატარებას. შესაბამისად, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სფეროც კონკურენციის გარკვეული სამსახურის კონტროლის და დაკვირვების ქვეშ უნდა იყოს.

მხოლოდ ის, რომ შესყიდვების სამსახური სტატისტიკურ მონაცემებს აგროვებს და ვამბობთ, რომ, მაგალითად, შარშან 2000 კომპანიამ მიიღო ტენდერებში მონაწილეობა, წელს კი, 3000-მა, არაფერს ნიშნავს, თუნდაც მაჩვენებლის ასეთი ზრდა იყოს. მთავარი ის კი არ არის, რამდენით მეტმა სუბიექტმა მიიღო მონაწილეობა ან რამდენით მეტი ან ნაკლები თანხის გარიგება განხორციელდა, მთავარია იმის კვლევა, თუ რამდენად ღიაა ბაზარი და რამდენად შედიან ახალი სუბიექტები ბაზარზე, რამდენად თავისუფალია ბაზარზე შეღწევადობა; ხომ არ ხდება ისე, რომ ერთი და იგივე კომპანიები იმარჯვებენ ტენდერებში? დღეს სახელმწიფო შესყიდვებისა და კონკურენციის სააგენტოს კომპეტენციაში ამის კვლევა არ შედის, რაც, სპეციალისტების შეფასებით, დიდი პრობლემაა.

შესყიდვების სამსახურს უნდა ჰქონდეს კონტროლის უფრო მეტი მექანიზმი. მას უნდა ჰქონდეს იმის შეფასების უფლება, რამდენად გამართლებულია ამის შესყიდვა, რასაც ესა თუ ის სახელმწიფო ორგანო სააგანეტოს ავალებს. როცა ამა თუ იმ ორგანიზაციას უნდა რამის ყიდვა, ამას შესყიდვების სააგენტო, როგორც ცნობას ისე იღებს და ახორციელებს შესყიდვებს კანონის შესამაბმისად.

მართალია, კონტროლის პალატა ამოწმებს, რამდენად ეფექტიანად იხარჯება სახელმწიფოს სახსრები და თუ რაიმე დარღვევაა იქნება სახელმწიფო შესყიდვების დროს, გამოვლინდება, მაგრამ დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, კარგი იქნება, კონტროლის პალატამდე შესყიდვების სამსახურსაც ჰქონდეს იმის შემოწმების კომპეტენცია, თუ რამდენად გამართლებულ ტენდერს ახორციელებს საჯარო დაწესებულება.

ვინაიდან, კონტროლის პალატა აფასებს ბიუჯეტის ეფექტურად ხარჯვის მექანიზმებს, სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ შეიძლება უფლებაგაზრდილი შესყიდვების სააგენტო დაექვემდებაროს კონტროლის პალატას, შეიძლება ფინანსთა სამინისტროს ან იყოს დამოუკიდებელი.

უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს შესყიდვების სააგენტომ თავის თავზე და სახელმწიფო ორგანოების სწორ ფუნქციონირებას შეუწყოს ხელი _ მიიჩნევენ ექსპერტები _ ეს ინსტიტუტი უფრო კომპეტენტურია შესყიდვებში და ჯობს რაღაც ფორმით ამ ნაწილზე ვიფიქროთ. საჭიროა ამ ინსტიტუტის ფუნქციური გაძლიერება. მაგრამ ეს უნდა იყოს ქმედითი ორგანო და არ უნდა იყოს მხოლოდ გაზრდილი ბიუროკრატია.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial